უსაფრთხოების მოთხოვნები სატრაქტორო აგრეგატების ექსპლუატაციისას
სამანქანო-სატრაქტორო აგრეგატების გამოყენების უსაფრთხოება დამოკიდებულია მათი ექსპლუატაციისათვის მომზადების ხარისხზე. ტექნიკური მომსახურებისას პირველ რიგში მოწმდება ტრაქტორის (კომბაინის) მართვის მექანიზმის წესივრულობა, სავალი ნაწილის სამაგრების საიმედოობა, დამცავი და სასიგნალო მოწყობილობების წესივრულობა, დამცავი შემოღობვების მდგომარეობა, მაბლოკირებელი მოწყობილობების წესივრულობა, ქუროს მუშაობა.
მართვის მექანიზმის თავისუფალი სვლა, სამუხრუჭე მანძილი,მობრუნების ბერკეტების სვლა სრულად უნდა პასუხობდეს ინსტრუქციას, ან სხვა ტექნიკურ დოკუმენტაციას. ქურო უნდა ირთვებოდეს მდოვრედ და ბიძგების გარეშე და ჩართვის შემდეგ მდოვრედ (თანდათანობით) უნდა დაიტვირთოს ტრანსმისიის მექანიზმი, ხოლო მუშაობისას არ უნდა ჰქონდეს ადგილი წაბუქსავებას. საჭის თვალი და მობრუნების მექანიზმი უნდა ტრიალებდეს თავისუფლად, ჩაჭექის გარეშე, ვინაიდან უწესივროდ და არასწორად დარეგულირებული საჭის თვლის შემთხვევაში ტრაქტორის მართვა გაძნელებულია.
მისაბმელ სათესებზე, კულტივატორებზე და სხვა მანქანებზე და იარაღებზე, სადაც მომსახურე პერსონალი იმყოფება მანქანაზე, საჭიროა არა ნაკლებ 350 მმ სიმაღლის სახელურებისა და 100 მმ სიმაღლის ბაქნების არსებობა დამცავი ქიმის წინა ნაწიბურზე. მანქანის შუა ნაწილში უნდა იყოს 1000 მმ სიმაღლის საყრდენ-დამცავი საზურგე, ან 900 მმ სიმაღლეზე მოაჯირი, რომლის სიგრძე არ უნდა იყოს ბაქნის სიგრძის 1/3-ზე ნაკლები. საკიდი სათესები და კულტივატორები თესლით და სასუქებით გაწყობისათვის აღჭურვილი უნდა იყოს საფეხურიანი ბაქნებით. აგრეგატის გასვლის წინ მექანიკოსი ვალდებულია შეამოწმოს მომზადებული აგრეგატის შესაბამისობა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნასთან.
ტრაქტორის მანქანასთან, ან იარაღთან გადაბმისას, აგრეთვე მათი დაკიდებისას საჭიროა დაცული იქნას უსაფრთხოების ზომები. ტრაქტორის დასააგრეგატირებელ მანქანასთან მისვლისას საჭიროა მისი უკანა სვლა დაბალ სიჩქარეზე და მექანიზატორი მზად უნდა იყოს ნებისმიერ მომენტში ტრაქტორის გასაჩერებლად. მიმბმელი, ან მექანიზატორი მოვალეა იდგეს დასაკიდებელი მანქანის გვერდით ტრაქტორის გაჩერებამდე და დაიწყოს დაკიდება (გადაბმა) მხოლოდ ტრაქტორისტის სიგნალის შემდეგ.
მოძრაობის მარშრუტებისადმი წაყენებული უსაფრთხოების მოთხოვნები
იმისათვის, რომ მოძრაობის მარშრუტების ტერიტორიები (მინდვრები, საძოვრები და სხვა) პასუხობდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს, მათ შესაბამისად ამზადებენ.
აგრეგატების მუშაობის დაწყების წინ ხდება მინდვრების დათვალიერება, იწმინდება ნამჯისაგან, ქვებისაგან, ივსება ორმოები და ა. შ. მუშაობის დროს ადგენენ მოსაბრუნებელ ადგილებს, საზღვრავენ მის ზოლებს, ხოლო ციცაბო ფერდობებთან და ხრამების გასწვრივ, ატარებენ საკონტროლო კვალს. ხრამთან სიახლოვეს მოსაბრუნებელი ზოლის მინიმალურ სიგანედ ადგენენ აგრეგატის ორმაგი სიგრძის ტოლს. სამუშაო ადგილამდე გზები და მინდვრების ნაკვეთები, სადაც უნდა ჩატარდეს სამუშაოები, უნდა იყოს კარგად დათვალიერებული. მისაბმელი მანქანებითა და იარაღებით ტრაქტორის მოძრაობისას ამოწმებენ გზების მდგომარეობას და მხედველობაში ღებულობენ მიმბმელის სიგნალებს (განსაკუთრებით გზების გვერდზე გავლისას, მოსახვევებში და სხვა). უნდა ვერიდოთ გზის გარეთ, აგრეთვე მაღალ ბალახებში და ბუჩქნარებში მოძრაობას. აგრეგატის მუშაობის ზონაში არ შეიძლება იყოს გარეშე პირები. აკრძალულია აგრეთვე ტრაქტორის საფეხურზე დგომა და მისგან გადასვლა მისაბმელ იარაღზე, ტრაქტორის ფრთაზე, მისაბმელ მოწყობილობაზე, საკიდ მანქანაზე ჯდომა. თხრილებზე და სხვა წინააღმდეგობებზე საკიდი მანქანებით გადადიან სწორი კუთხით, დაბალ სიჩქარეზე, მკვეთრი ბიძგებისა და ტრაქტორის დაუხრელად. ფერდობის განივად მუშაობა დასაშვებია მხოლოდ დაბალ სიჩქარეებზე, ფერდობმზომის გამოყენებით და 120-მდე. ციცაბო ფერდობზე სამუშაოდ იყენებენ სპეციალურ მანქანებს.
მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგი ტრაქტორების ფერდობებზე მოძრაობისას
გამოიყოფა დასასვენებელი ადგილები, რომლებიც აღინიშნება კარგად ხილვადი გოჯებით, ხოლო ღამის საათებში – ისინი უნდა იყოს განათებული. იქ, სადაც მუშაობენ აგრეგატები, ბალახებში, გზის გვერდებთან, კვალში, ბუჩქნარებში, აგრეთვე სადგომებზე და მინდორში მანქანების ქვეშ დასვენება და ძილი აკრძალულია. მექანიზატორთა დასვენების ადგილები უნდა პასუხობდეს სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს, შრომის დაცვის ინსტრუქციებს, უზრუნველყოფილი უნდა იყონ პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით, სასმელი წყლით, დაცული იყოს სისუფთავე და არ იქნან გადატვირთული გარეშე საგნებით.
ჯაგნარიანი მიწების დამუშავებისას, ამოძირკვითი სამუშაოების წინ, ათვალიერებენ რელიეფს, ავლენენ ხრამებს, თხრილებს, მეწყერიან ადგილებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს აგრეგატის მანევრირების დროს. პირდაპირი წევით 30 სმ-დე დიამეტრის ძირკვებისა და ხეების ამოძირკვისას 200-ზე მეტი ფერდობის შემთხვევაში გვარლის დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 25 მმ-ის, ხოლო მათი სიგრძე – არანაკლებ 25 მეტრისა; 50 სმ და მეტი დიამეტრის ხეების ამოძირკვისას გვარლს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 35 მეტრის სიგრძე. ამოძირკვული ხეების გადაადგილებას ახორციელებენ მხოლოდ წინ დახრილი სატრაქტორო ამომძირკველებით. ამოძირკვას და მოხვეტას ახორციელებენ ტრაქტორის კაბინის დახურული კარებითა და ფანჯრებით.
ჯაგნარიდან მინდვრის გაწმენდისას სამუშაოს დაწყების წინ ამოწმებენ მანქანის კაბინისა და ტრაქტორის დამცავ შემოღობვას, დაუშვებელია ჯაგნარის თრევა, თვალს ადევნებენ ადგილმდებარეობას და გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნავენ მოსახვევებს, წყვეტენ მუშაობას ციცაბო ფერდობებზე აღმართზე 250-ზე ზევით, დაღმართზე 350-ზე ზევით და განივი 300 დახრის შემთხვევაში. ნიადაგის ზედა ფენის ფრეზირებისას (40 სმ სიღრმეზე ჯაგნართან, ფესვებთან, ბალახიან ხავსთან ერთად) ითვალისწინებენ ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებებსა და ამ ფენის მიმართულებას.
ნიადაგის ქვებისაგან მექანიზებული გაწმენდისას გამორიცხული უნდა იყოს მოქმედებისა და მანქანების გადაადგილების ზონაში გარეშე პირების ყოფნა, მკვეთრი მოხვევები, სწორად უნდა იყოს ორგანიზებული ქვების დატვირთვა, დაცლა და ტრანსპორტირება.
საველე სამუშაოების შემსრულებელი აგრეგატი უნდა იყოს წესივრულ მდგომარეობაში და პასუხობდეს ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს.
აგრეგატზე უფროსია მექანიზატორი. აგრეგატზე სამუშაოდ დაიშვებიან პირნი, რომლებმაც იციან ტექნოლოგია და უსაფრთხოების ზომები. აკრძალულია დგომა სატრანსპორტო მდგომარეობაში აწეული მანქანების ქვეშ, ან აგრეგატის ახლოს, მისი მობრუნების დროს, ოპერაციის შესრულებისა და მოძრაობისას ჩარჩოზე ჯდომა, ტექნიკური, ან ტექნოლოგიური მომსახურება სვლის დროს, აგრეგატირების წესების დარღვევა, აგრეგატის წინ ყოფნა, საბალასტო ყუთზე ჯდომა.
მინდვრების გაფხვიერება და გასწორება, ბელტების დაშლა, სარეველების მოსპობა, აღმონაცენების დაფარცხვა, ნიადაგის მოტკეპნა, ნიადაგის ქერქის დაშლა, სასუქების შეტანა, თესვა, დარგვა, მცენარეების მიწით შემოყრა, მრავალწლოვანი ნარგავების დარგვა და მოვლა ტარდება მემცენარეობის პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების უსაფრთხოების წესებთან სრულ შესაბამისობაში. თესლის შეწამვლის წინ ყველა მომუშავე ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების წესების ტექნიკური მინიმუმი.
ოთარ ქარჩავა, ტექნიკის მეცნიერების დოქტორი