აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვასტატიები

ენტომოფაგების  გამოყენების ეფექტიანობა სათბურის ფრთათეთრას (Trialeurodes vaporariorum) და თამბაქოს ფრთათეთრას  (Bemisia Tabaci) წინააღმდეგ აჭარის სუბტროპიკული ზონის სასათბურე მეურნეობებში

დღეისათვის აჭარის შავიზღვისპირა სუბტროპიკული ზოლში არსებული სასათბურე  მეურნეობებში მცენარეთა დაცვის სისტემა შესდგება, მხოლოდ ქიმიური და აგროტექნიკური ბრძოლის ღონისძიებებისაგან. მესათბურეების სექტორში არსებული საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე შესაძლებელია ვიფიქროთ მცენარეთა დაცვის სქემაში მავნებლების წინააღმდეგ მათი ბუნებრივი მტრების ჩართვის შესახებ.
ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდიდან ენტომოფაგების შემოყვანა და გამრავლება შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც ალტერნატივა ქიმიური ნაერთების მოქმედების მასშტაბის და რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით. შესაბამისად აჭარის რეგიონის შავიზღვისპირა სუბტროპიკულ ზოლში მზარდი ტურიზმის ფონზე  ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების დანერგვას და  ქიმიური, მომწამლავი საშუალებების მოცულობის შემცირებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  დატვირთვა შეიძლება მიენიჭოს.

ენტომოფაგების გამოყენების პრაქტიკის, მათი  მოქმედების ხასიათისა და სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად შერჩევის საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილების მიღების მიზნით ვიმყოფებოდით ისრაელში. კერძოდ 2021 წლის 5 ივლისიდან 22 ივლისამდე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობით ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს, MASHAW –ის  პროგრამის (MATC -Mashav International Training Center). სასწავლო კურსის: ბოსტნეულის ინტენსიური წარმოება (Intensive Vegetable Production) ფარგლებში  კიბუც „შდე ელიაჰუ”-ში, სადაც გავეცანით კომპანია BIO BEE პრაქტიკას ენტომოფაგების გამოყვანის, ინტროდუქციის და მათი სათბურებში გაშვების საკითხებთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ შევძლოთ სათბურებში ენტომოფაგების გაშვება და შევქმნათ  ოპტიმალური ფიტოსანიტარიული მდგომარეობა არ არის რეკომენდებული თუნდაც  პროფილაქტიკური ხასიათის  ქიმიური ღონისძიებების გატარება. სათბურში უნდა შეიქმნას პირობები, სადაც მოვახდენთ მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის რეგულირებას ისეთნაირად, რომ არ გამოვიწვიოთ ქიმიური პესტიციდების მოქმედებით სასარგებლო მწერების განადგურება. აღნიშნული პროცესი მოითხოვს სასათბურე მეურნეობაში მავნებელთა გავრცელების პროგნოზის შესახებ არსებული სიტუაციის უმაღლეს დონეზე ფლობას, რაც თავისთავში გულისხმობს ასევე გასულ წლებში არსებული სიტუაციის სრულფასოვან ფლობასაც. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ აუცილებელია მავნებელთა განვითარების, მათი გამრავლების და მოქმედების თავისებურებების ზუსტი ცოდნა, ასვე მავნებელთა დროული და ეფექტური აღმოჩენა და მასზე რეაგირების უსწრაფესად განხორციელება. ფრთათეთრების წინააღმდეგ ენტომოფაგების გამოყენებისათვის საცდელად შეირჩა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში არსებული შპს „აგროგრინის“ 43 ერთეული 500 კვ.მ-იანი სათბურიდან 1 სასათბურე მეურნეობა, ასევე სოფელ გვარას სასათბურე მეურნეობა სადაც დარგული იყო ტკბილი წიწაკის, კიტრისა და მარწყვის კულტურა. აღნიშნულ სათბურებში გასულ წლებში ფიქსირდებოდა ფრთათეთრების მავნეობა. სწორედ აღნიშნული მავნებლების  მოქმედების თავისებურებების გათვალისწინების და ისრაელის გამოცდილებით  შევარჩიეთ ენტომოფაგებიც. კერძოდ ფრთათეთრების წინააღმდეგ შემოყვანილი იქნა კომპანია Biobest-ის გამრავლებული  (Eretmocerus-system) პარაზიტი მწერი  Eretmocerus eremicus, რომელიც  არის ძლიერ მოქმედი პარაზიტი, რომელიც დაახლოებით 1 მმ სიგრძისაა.  

ენტემოფაგები 1111111

სურათი №1  Eretmocerus eremicus ჭუპრი მარცხვნივ და ზრდასრული ფორმა (მარცხვნივ-ფოტო გადაღებულია   1200X მობილური ციფრული მიკროსკოპი Mustcam 5M) და ზრდასრული (მარჯვნივ). 

მდედრობითი სქესის Eretmocerus eremicus არის ღია ლიმონისფერი ყვითელი, მწვანე თვალებით და დაბურული ანტენებით. სახელწოდება Eretmocerus მომდინარეობს ლათინურიდან, რაც ნიშნავს “ნიჩბის მსგავსს”.  მამრ პარაზიტებს აქვთ გრძელი, იდაყვისებური ანტენები და მოყვითალო-ყავისფერი შეფერილობა. Eretmocerus eremicus არის ძალიან აგრესიული მაძიებელი და მდედრი პარაზიტის მოზრდილებს შეუძლიათ 150-მდე მავნებლის ლარვის პარაზიტიზაცია. (წყარო: www.biobestgroup.com). Eretmocerus eremicus – ტრანსპორტირება მოხდა მცირე ზომის ქაღალდის ყუთების საშუალებით, რომელშიც განთავსებულია ასევე ქაღალდის ფირფიტები მცენარეზე ჩამოსადები კაუჭებით. შემოტანილი იქნა  ერთი მუყაოს კოლოფი, რომელშიც განთავსებული იყო 100 ერთეული კაუჭიანი ქაღალდის ფირფიტა, თითოეულზე 100 ერთეული eretmocerus eremicus-ის  ინდივიდი, საერთო ჯამში სულ 10 000 პარაზიტის ჭუპრი. ტრანსპორტირებისას ენტომოფაგები მოთავსებულია სპეციალურ ყუთებში სადაც ტემპერატურა +20C-80C -ია.

ენტომოფაგები შემოვიყვანეთ მარტში, ხოლო 2022 წლის აპრილის თვის მესამე  დეკადიდან (29.04.2022), როდესაც საცდელ სათბურში გააქტიურდა ფრთათეთრების მოქმედება, რაც დაფიქსირდა სათბურში განთავსებულ ყვითელ წებოვან ხაფანგებზე (Bugscan-yellow  (10სმ x 25სმ).  სწორედ ამ დროს დავიწყეთ ფრთათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებაში  პარაზიტი ენტომოფაგი (eretmocerus eremicus) ჩართვა.

ენტემოფაგების შეტანა სათბურში

სურათი №2   ენტომოფაგების შეყვანა სასათბურე მეურნეობებში

სათბურებში სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით ენტომოფაგების აქტიურობის ზრდის დინამიკას, მავნებლების პოპულაციის შემცირების და მათი მავნეობის დარეგულირების ტენდენციას. რის შემდეგაც ჩვენს მიერ გამოთვლილი იქნა ენტომოფაგების მოქმედების ეფექტურობის მაჩვენებლები %-ში თვეების მიხედვით.

გრაფიკა

დიაგრამა №15 ენტომოფაგების მოქმედების დინამიკა %

ენტომოფაგების გამოყენებით განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებები ატარებდა სტაბილურ ხასიათს და იმყოფებოდა მავნეობის ეკონომიკურ ზღვარს ქვემოთ. ჩვენი შეფასებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ერთი 500 კვ.მ-იანი სათბურში გამოსაყენებლად საკმარისია 190 ლარის ღირებულების ენტომოფაგი, სულ 30 ერთეული ჭუპრებიანი ქაღალდის ფირფიტა, მაშინ როდესაც, მავნებლის მასიური გავრცელების შემთხვევაში პესტიციდებით ბრძოლისას ფერმერს შეიძლება დაეხარჯოს 2-3 ჯერ მეტი.

მამუკა თურმანიძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის – მოწვეული მასწავლებელი,  ქ. ბათუმი

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გ. ალექსიძე – მცენარეთა დაცვა, სახელმძღვანელო (მეორე გამოცემა). თბილისი 2017 წ.
  2. Cornell University/College of Agriculture and Life Sciences- Biological Control
  3. www.biobestgroup.com.
  4. MATC -Mashav International Training Center