ხორბლის მოსავლის აღება და გამოყენების პერსპექტივები
ხორბლის კულტურა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია და პირველ ადგილზეა დაკავებული ფართობებით.იგი ყველა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსია და შეუცვლელი კვებითი ღირებულებით ხასიათდება.
ყველა ქვეყანა ცდილობს მარცვლეულზე მინიმალური ოდენობით მაინც დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება.
საქართველო ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან ხორბლის წარმოშობის პირველადი კერაა. რბილი ხორბალი, რომლითაც მთელი მსოფლიო იკვებება, წარმოშობილია ქართული ენდემური სახეობა მახასგან.
მთავრობის გადაწყვეტილებების მიუხედავად საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობები თანდათან მცირდება.
ეს ერთ მხრივ გამოწვეულია ტექნიკური მომსახურების გაძვირებით და მეორე მხრივ კლიმატური ცვლილებების შედეგად მოსავლიანობის შემცირების გამო, რადგან ფერმერთა უმრავლესობა დანახარჯების ანაზღაურებასაც ვერ ახერხებს.
ხორბლის წარმოებას საქართველოში გააჩნია ძლიერი მხარეები, როგორიცაა:
1. კლიმატური პირობები;
2. ბაზრის არსებობა / მოთხოვნილება;
3. თავისუფალი ფართობები;
4. მოვლა-მოყვანის ტრადიციები.
ხორბლის სწორი სტრატეგია უზრუნველყოფს:
იმპორტის ნაწილობრივ ჩანაცვლებას;
მოსავლიანობის გაზრდას;
ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას;
ნათესი ფართობების გაზრდას;
ფერმერთა ცოდნის დონის და ცნობიერების ამაღლებას.
სამწუხაროდ ხორბლის წარმოებას გააჩნია სუსტი მხარეებიც:
1. ხარისხიანი სათესლე მასალის დეფიციტი;
2. ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება;
3. დანაწევრებული ფართობები;
4. თანამედროვე ტექნოლოგიების არცოდნა;
5. აგროვადების დარღვევა;
6. მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობა;
7. ფერმერებსა და მყიდველებს შორის წინასწარი საკონტრაქტო სისტემის მ ოუწესრიგებლობა;
8. კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.
ხორბლის მოყვანაში ყველა პროცესი ურთულესი და საპასუხისმგებლოა. თესვა, ზრდა-განვითარება, ხარისხობრივი მაჩვენებლები, მოსავალი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია მოსავლის აღება. მოსავლის აღებისას ძალზე მნიშვნელოვანია მისი დროულად და უდანაკარგოდ აღება _ მარცვლის მაღალი ხარისხის შენარჩუნება.
ხორბლის მოსავლის აღებას იწყებენ მარცვლის სრული სიმწიფის მიღწევისას (ტენიანობა 16-18%) და აღებული უნდა იქნეს 5-8 დღის განმავლობაში, რადგან ამ პერიოდში მარცვლის ხარისხი და მოსავალი არსებითად არ იცვლება. შემდეგ კი ხშირდება თავთავის მტვრევა, მარცვლის ცვენა, უარესდება მარცვლის ხარისხი და მცირდება მოსავლის ოდენობა.
ხორბლის ნათესების შემცირება ბოლო წლებში იმითაც არის გამოწვეული, რომ ხშირად მოსავლის ხარისხი არ აკმაყოფილებს სტანდარტულ მონაცემებს.
ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განვითარებულ ქვეყნებში მარცვლის სიმწიფის ფაზაში იყენებენ სასუქებს და ამით აღწევენ სასურველ ხარისხობრივ მაჩვენებლებს.
ადრე ჩვენთან ხარისხობრივი მაჩვენებლების შესანარჩუნებლად მოსავლის დაყოფით აღების მეთოდს იყენებდნენ.
დაყოფით აღება წარმოებს ორ ეტაპად: პირველად იჭრება ყანა სამკელებით, ეწყობა ღვარეულებად და 3-4 დღის შემდეგ ხდება მისი გამოლეწვა.
დაყოფით აღების უპირატესობა ის არის, რომ ყანის მომკა ერთი კვირით ადრე იწყება ვიდრე პირდაპირ აღებისას, ამ დროისათვის მთავრდება პლასტიკურ ნივთიერებათა შესვლა მარცვალში, მაგრამ კიდევ მიმდინარეობს ბიოქიმიური პროცესები, რომლებიც ხელს უწყობენ ფიზიოლოგიურ მომწიფებას.
დაყოფით აღება განსაკუთრებით მაშინ გამოიყენება, როდესაც მარცვლის მომწიფების დროს ღერო ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შემოსული, ან ნათესში მოსავლის აღების დროს ბევრია მწვანე სარეველები.
დაყოფით აღების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავლის აღების ვადის დადგენას, რადგან ადრე აღების შემთხვევაში მარცვალი გამოდის ბჟირი, უარესდება ხარისხი, დაგვიანების შემთხვევაში კი ეცემა ხარისხი და იზრდება დანაკარგი. ხარისხობრივი მონაცემების შესანარჩუნებლად აუცილებელია გამოლეწილი მარცვალი გადავიტანოთ კალოზე – ღია ფარდულის ქვეშ, სადაც მარცვალი გაიწმინდება სათანადო ტექნიკით და დახარისხდება.
მარცვლეული კულტურების თესლის შენახვის ძირითადი მოთხოვნებია:
აღების შემდეგ თესლის დაუყოვნებლივ გაწმენდა მინარევებისაგან;
თესლის გაშრობა ნორმალურ სინოტივემდე;
მარცვლეულის თესლის შენახვის დასაშვები ტენიანობაა 14%.
ფერმერთა შორის ხორბლის წარმოების დაინტერესებისათვის სასურველია ხორბლის კომერციალიზაციის საკითხის მოგვარება.
მნიშვნელოვანია უნარჩენო წარმოების დანერგვა.
ჩვენთან სამწუხაროდ ხშირად ხორბალი პირდაპირ ყანიდან იყიდება, რაც წამგებიანია. ამიტომ საჭიროა ფერმერმა უზრუნველყოს მოსავლის გაწმენდა დაბინავება და მაღალ ფასში გაყიდვა.
აუცილებელია სათესლე მასალის წარმოების ორგანიზება, სასაწყობე მეურნეობის განვითარება, წისქვილკომბინატის და საცხობის მოწყობა.
ეს მიგვიყვანს ფერმერთა გაერთიანებისაკენ, ხელს შეუწყობს კოოპერატიული ამხანაგობების ჩამოყალიბებას.
ცოტნე სამადაშვილი, პროფესორი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი