მექანიზაციარუბრიკებისტატიები

საქართველოს სოფლის მეურნეობის საინჟინრო სფეროს თანამედროვე  მდგომარეობა და პერსპექტივები

საქართველოს სოფლის მეურნეობის საინჟინრო სფეროში,  დღეს  არსებული მდგომარეობიდან მიხედვით, საჭიროა რადიკალური ღონისძიებების გატარება  და  არსებული სისტემის სრული მოდერნიზაცია.
სოფლის მეურნეობის  განვითარებისათვის, კერძოდ, მექანიზაციის დონის ასამაღლებლად  გატარებული, მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური  და სხვა ხელშემწყობი  ღონისძიებები, ჯერ-ჯერობით საბოლოო შედეგებს ვერ იძლევა  (მოსავლიანობის და ხარისხის ზრდას, პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და სხვა),  რაც აამაღლებს სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების  რენტაბელობას, საერთაშორისო ბაზარზე გაზრდს პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, შესაბამისად  გააუმჯობესს ფერმერების და  სოფლის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას.

გასულ წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის აგრო-საინჟინრო სფეროს ძირითადად შპს „მექანიზატორი“ ემსახურებოდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 13 სერვის ცენტრს აერთიანებდ, სადაც მობილიზებული იყო თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. დღეს აღნიშნული საწარმოო პრაქტიკულად ლიკვიდირებულია; ტრაქტორები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გაიყიდა კერძო პირებზე, რომლებიც მათი დანახარჯებიდან გამომდინარე (ტრაქტორის ფასი, საწვავის ღირებულება, შრომითი დანახარჯები და სხვ.), ფერმერებისათვის ხელმიუწვდომელ ფასებში ასრულებენ ძირითად სასოფლო-სამეურნეო ოპერაციებს (ხვნა, ფარცხვა, თესვა, კულტივაცია, შეწამვლა და სხვ.). ამას გარდა შპს „მექანიზატორის“ მიერ გაყიდული ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მოითხოვს კაპიტალურ რემონტს, ხოლო ნაწილი, ადგილობრივ პირობებთან და შესასრულებელ ოპერაციებთან შეუთავსებლობის გამო, დაუტვირთავია.

სოფლად შექმნილი მდგომარეობის მიხედვით, მწვავედ დგას სასოფლო-სამეურნეო საწარმოების (ფერმერული, კერძო,  გლეხური  მეურნეობები, კოოპერატივები და სხვა), აგროსაინჟინრო მომსახურების და ტექნიკით  უზრუნველყოფის ოპტიმიზაციის  საკითხი, ამიტომ, არსებულ პირობებში  საჭიროა გამოიძებნოს სოფლის მეურნეობის  ტექნიკური სერვისის  ისეთი  ორგანიზაციული ფორმა, რომელიც შედარებით იაფ და ხარისხიან მომსახურებას გაუწევს სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს. ამ მიმართულებით მიზანშეწონილია  ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიქმნას მანქანა-ტრაქტორთა პარკი (მტპ), სადაც თავმოყრილი იქნება ამა თუ იმ რეგიონის ბუნებრივ-კლიმატური  პირობებისათვის ადაპტირებული და პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო  კულტურების მოვლა-მოყვანისათვის საჭირო აუცილებელი ტექნიკური საშუალებები: ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღები,  მოტობლოკები, სტაციონარული დანადგარები და სხვ.

მტპ-ს ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დიაგნოსტიკის ტექნიკური მომსახურების და მიმდინარე  რემონტისათვის საჭირო საშუალო სიმძლავრის მექანიკური სახელოსნოები. ე.წ. ტექნიკური სერვისის ობიექტები, სადაც შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დიაგნოსტიკური კვლევა, მარტივი სათადარიგო ნაწილების და სამაგრი დეტალების დამზადება, ტექნიკური მომსახურება და გეგმური  რემონტის ჩატარება, ვინაიდან დღეისათვის არსებული სისტემით, ტექნიკის  მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მომხმარებელი დამოკიდებულია  სადილერო ორგანიზაციებზე, რომლებიც სათადარიგო ნაწილს, დეტალს,  კვანძს და სხვა მოწყობილობას უკვეთენ მწარმოებელს და შემდეგ ხდება მათი შესყიდვა. ასეთი ოპერაციების შესრულება მოითხოვს დიდ დროს და ფინანსურ დანახარჯებს. შესაბამისად ირღვევა სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების  შესრულების კალენდარული ვადები, რაც ნეგატიურად მოქმედებს ამა თუ  იმ კულტურის წარმოების რენტაბელობაზე.

დღეისათვის საგანგაშო მდგომარეობაა სოფლის მეურნეობის აგროსაინჟინრო  დარგის კვალიფიცირებული სპეციალისტებით  უზრუნველყოფის  მიმართულებით. ქვეყანაში არსებულ უმაღლეს  სასწავლებლებში არ  ფუნქციონირებს, ან შეზღუდულია სოფლის მეურნეობის  წარმოების  მექანიზაციის  ფაკულტეტები, რომლებშიც ადრე კვალიფიცირებული  ინჟინერ-მექანიკოსები მზადდებოდა; ასევე გაუქმებულია  სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტები, რომლებშიც მუშაობდნენ დარგის მეცნიერები და  სპეციალისტები მიმდინარეობდა კვლევები და იქმნებოდა მანქანები სოფლის  მეურნეობის მექანიზაციისათვის.

ქართველი მეცნიერების და მანქანათმშენებლების ერთ-ერთი მტკივნეული  საკითხია გასული საუკუნის 70-90-იან წლებში შექმნილი სას.სამ. მანქანების, მათ შორის ჩაის მოვლა-მოყვანის მანქანათა კომპლექსის  კონსტრუქციების განახლების და მათი წარმოებაში გამოყენების საკითხი. დღეისათვის მეჩაიეობის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში (ქობულეთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა) სარგებლობენ ჯერ კიდევ 1970-80-ან წლებში გამოშვებული ჩაის საკრეფი და სასხლავი მანქანებით. საჭიროა მათი კონსტრუქციების დახვეწა და  ახალი მანქანების შექმნა. პარალელურად საჭიროა საზღვარგარეთიდან შემოტანილ და ადაპტირებულ იქნას თანამედროვე ტექნიკა.

2014 წელს ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრი, რომლის სტრუქტურაში ფუნქციონირებს აგროსაინჟინრო-კვლევის სამსახური 5 სპეციალისტის შემადგენლობით.  ცხადია ამ კონტინგენტით  იმ პრობლემის და ამოცანების გადაწყვეტა, რაც  დღეისათვის სოფლის  მეურნეობის  აგროსაინჟინრო სფეროში არსებობს, შეუძლებელია. მაგრამ,  მიუხედავად სპეციალისტთა სიმცირისა, აგროსაინჟინრო სამსახურის  თანამშრომლების მიერ 2015-2023 წლებში დამუშავდა და დამზადდა მარტივი კონსტრუქციის 12 სხვადასხვა დანიშნულების მანქანა-  მოწყობილობების საცდელი ნიმუშები. ასევე დამუშავებულია ერთწლოვანი და  მრავალწლოვანი კულტურების მანქანური ტექნოლოგიები, ოპერაციათა  ბიოენერგეტიკული შეფასებით. დამუშავებული მანქანები და მოწყობილობები გამოიცადა ლაბორატორიულ და საველე პირობებში. მიღებულია დამაკმაყოფილებელი შედეგები. შემდგომ ეტაპზე საჭიროა ცალკეული მანქანის 3-5 ეგზემპლარის ქარხნული წესით დამზადება და გამოცდა საწარმოო პირობებში. ასეთი მოცულობის სამუშაოების შესრულება აგროსაინჟინრო კვლევის  სამსახურის ძალებით შეუძლებელია. საჭიროა ამ სამსახურის გაძლიერება მინიმუმ 10 სპეციალისტით: კონსტრუქტორი, მანქანათმშენებელი, ინჟინერ გამომცდელი და ინჟინერ  მექანიკოსი), რომლებიც ითანამშრომლებენ ქარხანა დამამზადებლებთან, მარტივი კონსტრუქციის ს.ს. მანქანა-იარაღების  შექმნაზე და წარმოებაში  დანერგვაზე.

დღეისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ძირითადად შემოაქვთ  დილერებს  საზღვარგარეთიდან და ქართველი  ფერმერებისათვის სიძვირის გამო უმეტესად ხელმიუწვდომელია.

აგროსაინჟინრო სფეროს მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში

–   ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებული ტექნიკა მოძველებულია  მათი რესურსი ამოწურულია,  თანამედროვე ტექნიკა კი სიძვირის გამო მექანიზატორთა უმრავლესობისათვის ხელმიუწვდომელია.

–   სასოფლო – სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელია, ხოლო ნაწილი დამუშავებულია აგრო ვადების დარღვევით. ეს კი თავისთავად იწვევს  მოსავლიანობის შემცირებას და პროდუქციის ხარისხის გაუარესებას.

–   დღემდე არსებული პროგრამები, რომელთა მიზანიც სასოფლო-სამეურნეო წარმოების სტიმულირება და ხელშეწყობაა, ფერმერთა უმრავლესობისათვის  მიუწვდომელია.

–   მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობის ტრადიციულ დარგებს მისდევს, არ იცნობს და არ იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვერ რისკავს ახალი დარგების ათვისებას, შებმისად მუშაობა უწევთ მოძველებული ტექნოლოგიებით და მათი მეურნეობებიც არარენტაბელურია.

–  დიდია გვალვებით და ჭარბტენიანებით გამოწვეული ზარალი, უმეტეს ადგილებში არ არსებობს ან გაუმართავია საირიგაციო სისტემები, ამას გარდა ძალიან დიდია მავნებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ზარალი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირებულია აზიური ფაროსანას მავნებლობა.

–   ტექნიკური სერვისის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულდება კერძო სექტორის მიერ მოძველებული ტექნიკით, მათი ასაკიდან გამომდინარე  ხშირად სჭირდებათ რემონტი, რაც დიდ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული.

–  ფერმერთა უმეტესობა მცირემიწიანია, ისინი წლების განმავლობაში აწარმოებენ ერთი და იგივე კულტურას, არ იყენებენ თესლბრუნვა, შესაბამისად ნიადაგი გამოფიტულია და მოსავლიანობა დაბალია.

მძიმე ფინანსური თუ სათანადო ცოდნა-გამოცდილების უქონლობის გამო,   ფერმერები ვერ ატარებენ ამა თუ იმ კულტურის მოვლა მოყვანის აუცილებენ ტექნოლოგიურ ოპერაციებს, რაც უარყოფითად მოქმედებს აგროწარმოების ეფექტიანობაზე.

რეკომენდაციები:

  1. სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში მკვეთრად უნდა გამოისახოს სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის, ელექტროფიკაციის და ავტომატიზაციის (აგროსაინჟინრო სფეროს) განვითარების ღონისძიებები.
  2. შემუშავდეს სოფლის მეურნეობის აგროსაინჟინრო სფეროს განვითარების კონცეფცია, მოხდეს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და რისკის ფაქტორების გათვალისწინება. ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიქმნას მანქანა-ტრაქტორთა პარკის (მტპ) და ტექნიკური სერვისის, კერძო ან სახელმწიფო საწარმოები.
  3. გაძლიერდეს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახური:  მეცნიერებით, კონსტრუქტორებით,  მანქანათმშენებელიდა გამომცდელი ინჟინრებით.
  4. მეტი ყურადღება მიექცეს ქართველი მეცნიერების გამოგონებების დანერგვას და მათ სტიმულირებას.
  5. შეიქმნას ექსპერიმენტული მექანიკური ქარხანა, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი ტექნიკის დამზადება და მცირე სერიის გამოშვება.
  6. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, სოფლის მეურნეობის საინჟინრო სფეროსათვის, კვალიფიციური სპეციალისტების (ინჟინრების, მექანიკოსების, ელექტრიკოსების, ოპერატორების) მომზადებას, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე კოლეჯებში და სხვა სასწავლებში. აღნიშნული სასწავლებლები უნდა აღიჭურვოს თანამედროვე ტექნიკით, ლაბორატორიებით და ტექნიკური სერვისის დანადგარ-მოწყობილობებით. პერიოდულად უნდა ჩატარდეს ფერმერების და სოფლის მოსახლეობის ცოდნის ამაღლება (ექსტენცია).
  7. სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულ დარგებში (მევენახეობა,  მეჩაიეობა,  მეთხილეობა, მეციტრუსეობა და სხვა), დაინერგოს თანამედროვე  ენერგორესურსდამზოგიტექნოლოგიები. მოხდეს ძველი პლანტაციების რეკონსტრუქცია და შეიქმნას სამექანიზაციო აგროფონი. გაშენდეს ახალი პლანტაციები მაღალმოსავლიანი კულტურებით.
  8. გაფართოვდეს ნედლეულის მიმღები, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოები. შემუშავდეს მზა პროდუქციის რეალიზაციის ეფექტური სისტემები.

ნუგზარ ებანოიძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

სსიპ  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის  უფროსი