აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ხბოებში გავრცელებული დაავადებები და მათი მართვა

ხბოს ჯანმრთელობა ფასდება მათი სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას და როდის მივაქციოთ ყურადღება და როგორ შევაფასოთ მათი ჯანმრთელობა სწორად.
ჯანმრთელი მოზარდი ხბო შემდეგი ნიშნებით ამოიცნობა:

კანის და ბეწვის კონდიცია ჯანმრთელ მოზარდს კანი აქვს ელასტიკური. თუ მოზარდს, კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე აღენიშნება, ეს ანემიის ნიშანია, კანის სილურჯე ახასიათებს ჰიპოქსიას, ასფიქსიას, ფილტვის დაავადებასა და გულის უკმარისობას. ჯანმრთელი ცხოველის ბეწვი არის გლუვი, მბზინავი, კანში მჭიდროდ ფიქსირებული, ხოლო ალოპელაცია (ბეწვის ცვენა), ბეწვის საფარის გაუფერულება არის ჰიპოვიტამინოზების, ცილის, მაკრო და მიკრო ელემენტების უკმარისობის ნიშნები. შეგვიძლია მივიტანოთ ეჭვი კანის პარაზიტულ დაავადებებზეც.

 სუნთქვის რიტმულობამოზარდეულის სუნთქვა უფრო ხშირია ვიდრე ზრდასრული ცხოველების. ტრაქეის პირველი რგოლების მოჭერის გზით განსაზღვრავენ ხორხის მგრძნობელობას. მისი ანთებისას თავს იჩენს მომატებული მგრძნობელობა და იწყება ხველა, რომელიც შესაძლოა რომელიმე რესპირატორული დაავადების ნიშანი იყოს.

ნორმალური წონაჯანმრთელ ხბოს უნდა ჰქონდეს საშუალო ნაკვებობა. დაავადებათა უმეტესობას თან სდევს ნაკვებობის დაქვეითება. ახალშობილი ხბოების სხეულის მასა შეადგენს 20-45 კგ-ს. ხბოებს ის უორმაგდებათ საშუალოდ სიცოცხლის 47-50-ე დღისათვის. ზრდის შეფერხება მოწმობს მოზარდეულის დაავადებას ან კვების ნაკლებობას.

ნორმალური წონამატი

ძუძუდან, ხბოების მოცილების შემდგომ ყურადღება უნდა გადავიტანოთ ზრდის რეკომენდებულ მაჩვენებლებისთვის საჭირო რაციონზე. რადგანაც, ძუძუდან ხბოს მოცილებისას კიდევ ერთი საყურადღებო საკითხია მათი წონა. იგი შესაბამისი ჯიშის ზრდასრული ძროხის წონის 12-15% უნდა იყოს. მაგალითად ჰოლშტეინის ჯიშის ხბოს იდეალური წონა ძუძუდან მოსაცილებლად დაახლოებით 70-80 კგ-ია.

ხბოს წონის მატება დამოკიდებულია ჯიშზე, კვებასა და მოვლაზე, საშუალოდ 40 კგ წონით 34 დაბადებული ხბო, 6 თვის ასაკში აღწევს 140-160 კგ-ს, აღნიშნულზე დაბალწონიანი ხბო არასწორი კვების ნიშანია. ხბომ უნდა მიაღწიოს ზრდასრული ძროხის წონის არანაკლებ 55%-ს 13-15 თვის ასაკამდე. ძროხის ცოცხალი მასით 500-550 კგ-მდე გამოსაზრდელად ოპტიმალური წონის მატებად ითვლება 6 თვემდე დღეში 700-750 გრ, 6-12 თვემდე 600-700 გრ. შემდგომ პერიოდებში 500-550 გრ. 1 წლის ასაკიდან რეკომენდებულია ვაკონტროლოთ წონა, რათა თავიდან ავირიდოთ დეკეულის გადასუქება. ზედმეტად მაღალი წონამატი არასასურველია, რადგანაც უხვი კვების გავლენით ხბოები იძენენ მეხორცულის ფორმებს, უარესდება მათი რეპროდუქციული სისტემაც (ცხრილი).

ზრდის პერიოდები ზრდასრული წონის (%) ცოცხალი წონა (კგ) დღიური წონამატი (გრ) წონა პერიოდის ბოლოს
დაბადება 6 41 X X
ძუძუდან მოცილება 12 80 550-600 74-77
6 თვე 26.5 180 800-850 170-180
12 თვე 50 340 700-750 300-315
1 განაყოფიერება 55-60 375-400 750-700 435-450
18 თვე 68 460 X X
პირველი მშობიარობის შემდეგ 85 580 X X
ზრდასრული ძროხა 100 680 X X

ჰოლშტეინების ხბოს ზრდის ოპტიმალური მაჩვენებელი

წონამატის მონიტორინგისათვის სასწორით აწონვის გარდა, წონამატის შემოწმება შესაძლებელია სპეციალური საზომი ლენტის მეშვეობით გულ – მკერდის გარშემოწირულობის გაზომვით და გულმკერდის გარშემოწირულობის და წონის თანაფარდობის ცხრილის მეშვეობით სხეულის წონის განსაზღვრა (ცხრილი).

გულმკერდის გარშემოწირულობა (სმ) წონა (კგ)
70 34
80 49
90 68
100 90
110 117
120 149
130 186
140 228
150 275
160 329
170 389
180 455
190 528
200 609

გულმკერდის გარშემოწირულობის და წონის თანაფარდობა

ხბოების დაავადებების იდენტიფიკაციას და მკურნალობას ყურადღება უნდა მიექცეს მათი სიცოცხლის პირველი დღეებიდან. მოზარდი ავადდება სხვადასხვა წარმოშობის (ეტიოლოგიის) გადამდები და არაგადამდები დაავადებებით. გადამდები დაავადებებისგან განსხვავებით, არაგადამდები დაავადებები არ საჭიროებს საკარანტინო ზომებს, განსხვავებით გადამდებისაგან, რომლის გავრცელების მასშტაბი საშიშია.

ხბოსთან ასოცირებული დაავადებები შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს:

✔ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (მათ შორის პარაზიტული);

✔ სასუნთქი სისტემის (რესპირატორული) დაავადებები;

✔ გარეგანი დაავადებები (მათ შორის პარაზიტული);

✔ თვალის დაავადებები;

✔ ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებები.

მერძეული ძროხის ხბოების სიკვდილის 75% მოდის გამოზრდის პირველ თვეზე, ხოლო 24 საათსა და 3 თვეს შორის 75% ხბოების ლეტალობა გამოწვეულია დიარეით (გრაფიკი).

კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები (მათ შორის პარაზიტული)

დიარეა – ახალდაბადებული ხბოს სიკვდილის ძირითადი ფაქტორია. პირველი კვირების (8 კვირა) განმავლობაში შესაძლებელია ხბოებს განუვითარდეთ დიარეა, რომლის მაქსიმალური რისკი დგება პირველ ორ კვირაში, ხოლო სიკვდილიანობა მაღალია დაბადებიდან პირველ კვირაში. იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ ფერმაში ამ დროს, თავდაპირველად, ავღწეროთ მისი სხვადასხვა სახეები:

კვებითი დიარეა

 კვებითი (ან კვებისმიერი) დიარეა დაავადების ფორმაა რომელიც ხშირად ხბოების კვების მეთოდითაა გამოწვეული. ფაქტორები რომლებიც კვებით დიარეას იწვევენ:

✔ საკვების ტემპერატურა (რძის და ხსენის);

✔ რძის რაოდენობა;

✔ კვების სიხშირე/ინტერვალი;

✔ კვების მეთოდი;

✔ რძის შემცვლელის არასწორი მომზადება;

✔ ნატურალური რძის დაბალი ხარისხი;

✔ მიღებული რძის რაოდენობის სწრაფი ცვლილება;

✔ ძუძუთი კვების შეცდომები.

რძის შემცვლელის გამოყენება, მისი რაოდენობის არასწორი გათვლა, დაბალი ხარისხი, ასევე ხბოს არარეგულარული კვება, ცივი რძის მიცემა, რძის შემცვლელის არასრული გახსნა წყალში, ღია სათლიდან სწავლების გარეშე დალევა, ასევე სტრესი ითვლება კვებითი (ანუ არაინფექციური) დიარეის ძირითად მიზეზებად. იმის გამო, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებებით რძე ხვდება სუსტად განვითარებულ ფაშვში, რომელიც იწვევს ფაშვის აციდოზს, ჰიპერკერატოზს, მაჭიკის ანთებას, ენტერიტს, ხბოს აქვს შებერილი და ჩამოკიდებული მუცელი, წოვითი რეფლექსი შესუსტებულია, ვითარდება მეტაბოლური აციდოზი, საბოლოოდ კი დიარეა.

ინფექციური დიარეა

კვებითი დიარეისგან განსხვავებით, ინფექციური დიარეა გამოწვეულია ბაქტერიებით, ვირუსებით და უმარტივესებით. იმისთვის, რომ დიარეა სწრაფად და სათანადოდ განიკურნოს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია გაირკევს თუ რომელ დაავადების აღმძვრელთან გვაქვს საქმე (ცხრილი #8). ინფექციური დიარეისთვის, აუცილებელია ვეტერინართან კონსულტაცია. ხშირად, ექსკრემენტებისა და სისხლის ანალიზზე დაყრდნობით ვეტერინარს შეუძლია დაადგინოს დიარეის სახეობა. თუმცა, ამ მონაცემებითაც დიარეის მკურნალობა ყოველთვის მარტივი არ არის.

     აღმძვრელი ასაკი
 

ბაქტერია

ეშერიხია კოლი 1-5 დღე
სალმონელა 4-28 დღე და მეტი
კლოსტრიდიოზები C. perfringens A, B და С ტიპები 1-15 დღე და მეტი
 

ვირუსი

როტავირუსი 5-14 დღე
კორონავირუსი 5-30 დღე
 

უმარტივესები

კრიპტოსპორიდიოზი დღე
კოქციდიოზი >3 კვირა
გიარდიოზი Giardia spp. (G. lamblia და G. instestinalis) (აერობული უმარტივესები) >15 დღე

ახალდაბადებული ხბოების დიარეის ძირითადი მიზეზები

ეშერიხია კოლის ბაქტერიები

ეშერიხია კოლის ბაქტერიები ინფექციური დიარეის გამომწვევია ახალშობილი ხბოს სიცოცხლის პირველ კვირაში, რა დროსაც მოზარდის განავალი თხელი და მოთეთრო-მოყვითალო ფერისაა.

ეშერიხია კოლის აღმძვრელი, რომელიც ხვდება ცხოველის ნაწლავში, პათოგენურ ეფექტს იძენს მხოლოდ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე მოზარდში, რომელთაც არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ დაავადების აღმძვრელს. ის ორგანიზმში აღწევს დაბინძურებული ინვენტარიდან ან ხბოს მიერ სადგომის კედლების ლოკვისას.

დაავადებისას ხბოები სუსტდება, უქვეითდებათ მადა, წონაში სწრა – ფად იკლებენ, ახასიათებთ ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა),   ტემპერატურა ეცემა  340 С-მდე, ხბოს სიკვდილიანობა მაღალია. გამოჯანმრთელებულ ცხოველებს შეენიშნებათ ზრდაში ჩამორჩენა.

როტა ან კორონა ვირუსი

როტა ან კორონა ვირუსი ინფექციური დიარეის ძირითადი გამომწვევია ხბოს მეორე და მესამე კვირების განმავლობაში.

დაავადებები გავლენას ახდენენ ხბოების კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. კორონავირუსული ენტერიტი ვლინდება ძლიერი ფაღარათით, ლორწოვან-სისხლიანი ფეკალით. ნაწლავებში გროვდება დიდი რაოდენობით აირები, რაც იწვევს შებერილობას.

ორონავირუსული ენტერიტი ხშირად აღინიშნება ერთი კვირის ახალშობილ ხბოებში. დაავადების გავრცელების წყაროდ ითვლება დაბინძურებული წყალი, საკვები, ქვეშსაფენი, მოვლის საშუალებები. დაავადებისას ხბოებს აღენიშნებათ მოყვითალო-მომწვანო ფერის ფაღარათი, ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია.

პირის ღრუდან გამოიყოფა ქაფიანი ნერწყვი. სპეციფიკური პროფილაქტიკისთვის იყენებენ ცოცხალ ან ინაქტივირებულ ვაქცინას.

კრიპტოსპორიდიოზი

კრიპტოსპორიდიოზი ხბოს გადაეცემა დაინფიცირებული საკვების, წყლის ან დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტით. არის უაღრესად გადამდები ნაწლავური ინფექცია. გამოწვეულია კრიპტოსპორიდიუმის პარაზიტების ზემოქმედებით, რომლებიც ხბოს (ძროხის) ნაწლავიდან გარემოში ფეკალიებით ვრცელდებიან. ამ დაავადების დროს ზიანდება არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, არამედ სასუნთქი და იმუნური სისტემა. დაავადების ამთვისებელია ახალშობილი ხბოები 4 დან-12 დღემდე. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-4 დღე. ხბოების დაინფიცირებიდან 3 დღის შემდეგ აღინიშნება მადის დაკარგვა, კბილების კრაჭუნი, დიარეა, ორგანიზმის გაუწყლოვნება და სიკვდილი. ხბოებში კრიპტოსპორიდიოზის პროფილაქტიკა აუცილებელია, რადგან სპეციფიკური მკურნალობა დიდ სირთულეს წარმოადგენს.

კოკციდიოზი

კოკციდიოზი პროტოზოული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მწვავე მიმდინარეობით. თავს იჩენს ზაფხულობით და შემოდგომით.

დაავადების აღმძვრელი პარაზიტები გარემოში თვეობით ცოცხლობენ. კოკციდიებით ხშირად ავადდებიან 3-6 თვის ასაკის ხბოები.

დაავადებისას ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-3 დღეს. ხბოებს აღენიშნებათ სისუსტე, უმადობა, კბილების კრაჭუნი, ტემპერატურის მატება, ფაღარათი, ზოგჯერ სისხლისა და ლორწოს მინარევებით. ლეტალობა დგება 10-15 დღეში.

დიარეის ზოგადი მკურნალობა

ვინაიდან რთულია იმის დადგენა, თუ რომელი ტიპის დიარეა ზემოქმედებს ხბოებზე სწორი იქნება თუ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი და იმავე პროტოკოლს მივყვებით. დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია რაც შეიძლება ხბოების სიკვდილიანობის მიზეზი გახდეს. ჯანმრთელ ხბოს ყოველდღიურად სულ მცირე თავისი წონის 10%-ის ოდენობის სითხე სჭირდება. თუ თქვენს ფერმაში დიარეის შემთხვევა დაფიქსირდება მიჰყევით შემდეგ მოქმედების გეგმას:

დღე I

✔ შეწყვიტეთ რძით კვება;

✔ მიეცით დღეში სამჯერ 2 ლიტრი ნელთბილი წყალი ელექტროლიტებით*;

✔ როცა ხბოს დალევა არ შეუძლია გამოიყენეთ ზონდი.

დღე II

✔ მიეცით 2 ლიტრი ნელთბილი წყალი 2-ჯერ დღეში ელექტროლიტებით*;

✔ 2 ლ რძე-დღეში ერთხელ .

დღე III

✔ ერთჯერ დღეში 2 ლიტრი ნელთბილი წყალი ელექტროლიტებით*.

✔ 2ლიტრი რძე, 2-ჯერ დღეში.

✔ მე-3 დღის შემდეგ ხელახლა დაიწყეთ ნორმალური კვების პროცესი.

* როდესაც დიაგნოზირებულია ეშერიხია კოლი, ელექტროლირებთან ერთად წყალს შეგიძლიათ ანტიბიოტიკიც დაუმატოთ. კოკციდიოზის დროს ელექტროლიტურ საშუალებებთან ერთად ეძლევათ კოკციდიების საწინააღმდეგო სპეციფიკური სულფანილამიდური საშუალებები (მაგ. ტოლტრაზურილი, სულფაქინოქსალინი, სულფადიმეტოქსინი და სხვა).

ხბოს ნაწლავების გაუვალობა – პათოლოგია, რომელიც ხასიათდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტში საკვები მასების მოძრაობის დარღვევით ან სრული გაუვალობით. თუ დაავადება მწვავე სტადიაში გადადის ის სიცოცხლისათვის საშიში ხდება. გაუვალობის კლინიკური ნიშნებია:

✔ მუცლის ტკივილი;

✔ ხბო მოდუნებულია;

✔ დასაწყისში ფეკალი არის მკვრივი, მშრალი,მცირე რაოდენობით;

✔ ძუძუს არ წოვს,ეკარგება მადა;

✔ დეფეკაციას ვერ ახერხებს;

✔ ანალური ხვრელის მიდამო მშრალია.

✔ ხბოს მუცელი ებერება;

✔ ნაწლავები გადავსებულია;

✔ ცხოველი იწყებს გახდომას;

✔ გულის მუშაობა დარღვეულია;

✔ ტემპერატურა მაღლა იწევს;

✔ დეჰიტრატაცია.

დაავადების მიზეზები:

✔ დაბინძურებული საკვების მიცემა;

✔ დაბალი ხარისხის საკვები;

✔ გაუკუღმართებული მადა (ხბო ეტანება უცხო საგნებს);

✔ ქვიშით და მიწით დასვრილი საკვების მიღება;

✔ დასვრილი საკვების დაგროვება კუჭსა და ნაწლავებში;

✔ კვებასა და მოვლაში დაშვებული შეცდომები (ცუდად დაჭრილი, უხეში საკვებით ხანგრძლივი მიღება,ფქვილის მდგომარეობამდე დაფქვილი

✔ ხბოს არ აქვს თავისუფალი წვდომა წყალთან;

✔ კვების რეჟიმის დარღვევა (როდესაც ხბოები დიდიხნის განმავლობაშ არ იღებენ საკვებს და მაშინვე აძლევენკონცენტრატებს);

✔ ჰელმითოზები.

მკურნალობა: აუცილებელია კუჭისა და ნაწლავების გამორეცხვა, ნაწლავების შიგთავსის დარბილების საშუალებების მიცემა, საფაღარათო საშუალებები. ზოგჯერ აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა. მდგომარეობის არ გამოსწორების შემთხვევაში ხბო კვდება.

პროფილაქტიკა: ცხოველები არ უნდა ვკვებოთ დაბინძრებული საკვებით. ძალიან მნიშვნელოვანია ხბოს თანდათანობით შეგუება კონცენტრატებზე. დროულად წყლის მიწოდება, სასმელი წყალი უნდა იყოს სუფთა, უცხო მინარევების გარეშე. ჰელმითებზე დროული დამუშავება.

ტიმპანია

პერიოდული ტიმპანია არის ხშირად განმეორებადი დაავადება 20-60 დღისა და მეტი ასაკის ერთსა და იმავე ხბოებში, რომელსაც ახასიათებს წინა კუჭების აირებით გაბერვა.

დაავადების განვითარების მექანიზმი დაკავშირებულია ფაშვის ფუნქციის შესუსტებასთან და ფაშვში დუღილის გაძლიერებული პროცესების შედეგად აირების წარმოქმნასთან.

ტიმპანიის ძირითადი მიზეზია მოზარდი სულადობის კვებისა და შენახვის პირობების დარღვევით გამოწვეული სტრეს-ფაქტორები, როგორიცაა რძის კვებიდან უეცარი გადასვლა უხეშ საკვებზე, შეუსაბამო საკვების მიცემა (დამპალი და დაობებული საკვები, დიდი რაოდენობით წვნიანი ან კონცენტრირებული საკვები, დაბალი ხარისხის საკვები, ზედმეტი თხევადი საკვები), ჭარბი კვება, ცხოველის გაციება, ანტისანიტარული პირობები და სხვა.

დაავადებულ ხბოს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

✔ არ იღებს საკვებს;

✔ მარცხენა საშიმშილე ფოსოს არე სწრაფად იბერება და მისი ზედაპირი უტოლდება წელის მალების დონეზე;

✔ ფაშვის პერკუსიისას დოლის მაღალი ხმა;

✔ ხბო მოუსვენარია, ტკივილისგან ხშირად ამოძრავებს უკანა ფეხებს და იყურება მუცლისკენ;

✔ ხბოს პულსი და სუნთქვა გახშირებული აქვს;

✔ შეწყვეტილი აქვს ფაშვის პერისტალტიკა, ბოყინი და ცოხნა;

✔ ტიმპანიის მძიმე შემთხვევებში, ხბოს პირის ღრუ გაღებული აქვს და კვნესის;

✔ პირის ღრუდან ქაფი გადმოსდის;

✔ ახასიათებს ფაშვის პერიოდული შებერვა და ფაღარათი, რომელიც ჩვეულებრივ ჩნდება კვებიდან 40-60 წუთის შემდეგ. დასაწყისში ფაშვის შებერვა არ აღწევს მკვეთრ ხარისხს და უმეტესწილად მალე ქრება, მაგრამ მეორდება შემდეგი კვებისას. განმეორებისას ფაშვის შებერვა ძლიერდება და დიდხანს გრძელდება. შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში მოვლენები- ქოშინი, გულის აქტივობის მკვეთრი შემცირება, ნაწლავების შეკუმშვა;

✔ ახასიათებს თხიერი დიარეა, ჰაერის ბუშტუკების მინარევით.

მკურნალობა და პროფილაქტიკა:

✔ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, ზომების მიღება ფაშვის აირებისაგან გასათავისუფლებლად, ასევე მათი შემდგომი წარმოქმნის შესაჩერებლად;

✔ აირებისგან გათავისუფლების მიზნით ფაშვში შეგვყავს საყლაპავი ზონდი;

✔ ხდება ფაშვის გამორეცხვა (შეგვიძლია გამოვიყენოთ ნატრიუმის ბიკარბონატის 1-2%-იანი ხსნარი).

✔ გამოვიყენოთ მედიკამენტები, რომლითაც შევძლებთ ფაშვის მოტოროლური ფუნქციის გაძლიერებას;

✔ ვიყენებთ ფაშვში დუღლის საწინააღმდეგო საშუალებებს.

შინაგან პარაზიტები – ცხოველის ორგანიზმსა და ზოგად ჯანმრთელობაზე მძიმედ მოქმედებენ, აუძლურებენ მას. ჰელმინთები (ჭიები) მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ განსაკუთრებით მზარდ ორგანიზმს, ისინი ცხოველებს საკვები ნივთიერების ნაწილს ართმევენ, ხელს უშლიან სისხლში ვიტამინების შეწოვას. მათი მეტაბოლიტები ტოქსიკურია ორგანიზმისათვის, ჭიები ასუსტებს „მასპინძელს“ (ხბოს), რომელიც შემდგომ ადვილად ავადდება. ყველაზე ხშირად ხბოების დაინვაზირება ხდება ძოვების დროს ან დაინვაზირებული საძოვრებიდან მოტანილი ბალახით კვებისას. თუ ხბო წყალს სვავს გუბეებიდან, ტბორებიდან, აუზებიდან, სადაც წყალი არა არის გამდინარე, არსებობს დაინვაზირების დიდი რისკი. დაინვაზირებულ ხბოებს შეუძლიათ ჰელმინთის კვერცხები და ლარვები გადასცენ ერთმანეთს კონტაქტის დროს.

კლინიკური ნიშნები – ხბოებში ჰელმინთოზური დაავადებები უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ზრდასრულ ძროხებში, ამიტომ სიმპტომები უფრო გამოხატულია. სპეციფიკური ნიშნები შეიძლება განსხვავდებოდეს პათოგენის მიხედვით, მაგრამ ზოგადი დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

✔ მადის დაქვეითება;

✔ სისუსტე;

✔ ზრდაში ჩამორჩენა;

✔ დიარეა;

✔ ხველა ან ქოშინი;

✔ სასუნთქი სისტემის დაზიანება;

✔ ცხვირიდან გამონადენი;

✔ ტემპერატურის მატება;

✔ ინტოქსიკაცია.

პროფილაქტიკა – ჰელმინთოზური დაავადებების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შედეგების მკურნალობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გეგმიური პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება:

✔ წელიწადში გეგმიური დეჰელმინთიზაციების ჩატარება.

✔ პრევენციული მკურნალობა ჩაატარეთ გაზაფხულზე, სანამ ისინი საძოვარზე გავლენ;

✔ გამოიყენეთ როტაციული ძოვება. სასურველია ხბოებისთვის ძოვება მდელოზე, რომელზეც სხვა პირუტყვს 4 თვის განმავლობაში არ უძოვიათ;

✔ დაუშვებელია ხბოების დაწყურება წყალსაცავებიდან, გუბეებიდან და აუზებიდან;

✔ მოერიდეთ ხბოების ძოვებას ჭაობიან ადგილებში და მათ ცხვრებთან ერთობლივი ძოვებას;

✔ თავი შეიკავეთ საძოვრებზე მოზარდის ძროხებთან ერთად განთავსებისგან.

მკურნალობა – დღეისათვის ბაზარზე მოწოდებულია მთელი რიგი ანტიჰელმინთური პრეპარატები, რომლებიიც გამოიყენება როგორც მკურნალობისთვის ასევე პროფილაქტიკის მიზნით მოზარდ და ზრდასრულ ცხოველებში.

✔ ალბენდაზოლზე დაფუძნებული პრეპარატი ეფექტურია ნემატოდების და ცეტოდების წინააღმდეგ განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე ზრდასრული ტრემატოდების წინააღმდეგ. მას აქვს მოქმედების ფართო სპექტრი სხვადასხვა ტიპის ინვაზიების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ხბოებს ტაბლეტები ეძლევათ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, საკვების მცირე ულუფაში შერევით ან სასმელ წყალთან ერთად. ფარმაკოლოგიური დოზა: 7,5-15 მგ/კგ. ცოცხალ წონაზე.

✔ ოქსიკლოზანიდზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტრემატოდებით გამოწვეული ჰელმინთების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ. ტაბლეტებისა და გრანულების სახით. ეძლევა ერთი გამოყენებისთვის და ანადგურებს ტრემატოდებს განვითარების ყველა ეტაპზე. ფარმაკოლოგიური დოზა: 10-15 მგ/კგ. ცოცხალ წონააზე.

✔ ფენბენდაზოლი აქვს მოქმედების ფართო სპექტრი და შესაფერისია ეფექტურია ნემატოდების წინააღმდეგ, ასევე ცესტოდების წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად, საკვებთან ან წყალთან შერევით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ფარმაკოლოგიური დოზა: 10-15 მგ/კგ. ცოცხალ წონააზე.

✔ივერმექტინს გააჩნია ფართო სპექტრის მოქმედება ენდო და ექტო (შიდა და გარე) პარაზიტების საწინააღმდეგო მოქმედება, კერძოდ კუჭნაწლავის ტრაქტის ნემატოდების ზრდასრული და განვითარების მე-4 სტადიაში მყოფი ჰელმინთების საწინააღმდეგოდ. ასევე ტკიპების ტილების კანქვეშა პარაზიტების საწინააღმდეგო მოქმედება. ფარმაკოლოგიური დოზა: 0,2 მგ/კგ. ცოცხალ წონააზე.

ადგილმდებარეობის (ლოკალიზაციის) მიხედვით ჰელმინთები შეიძლება დავყოთ ნაწლავის ჭიებად, ღვიძლის ჭიებად და ფილტვის ჭიებად.

ნაწლავის ჭიები

ნაწლავურ ჭიებიდან   ძირითადად გავრცელებულია მონეზიოზი, რომლითაც ავადდება მოზარდები 1-8 თვემდე. ხბოები აღნიშნული ჭიებით ავადდებიან საძოვარზე, სადაც ბალახთან ერთად ყლაპავენ ნიადაგის ტკიპებს, რომელთა ორგანიზმშიც მრავლადაა მონეზიოზის ჩანასახები.

დაავადება საძოვრული შენახვის დაწყებიდან ვლინდება 1-1.5 თვეში და გრძელდება 2-3 თვე. მონეზიოზი ნაწლავებში იზრდება 5 მეტრამდე.

გამოჯანმრთელებული ხბო ზრდაში ჩამორჩებიან ჯანმრთელებს.

დაავადებისათვის დამახასიათებელია ფაღარათი, ნერვული მოვლენები.

ხბოები განიცდიან წყურვილს, კვდებიან ძლიერი კახექსიით ან ჭიებისგან ნაწლავების დაცობით.

მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტების გამოყენებით. დაავადების არიდების მიზნით ხბოები უნდა იყვნენ განცალკევებულები ძროხებისაგან.

 სასურველია, გამოვიყენოთ კულტურული საძოვრები, სადაც ნათესი ბალახებია.

საძოვრის სეზონის დაწყებიდან 40 დღის შემდეგ ხბოებს უტარდებათ დეჰელმენიზაცია. გამეორება ისევ 40 დღის შემდეგ.

ღვიძლის ჭიაფასციოლოზი

 ფასციოლები ბრტყელი, 2-3 სმ სიგრძის პარაზიტული ჭიებით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ღვიძლს, ნაღვლის სადინარებს. ხბოები ავადდებიან ტენიან ადგილებში, ჭაობიან საძოვრებზე, წყალსაცავების ნაპირებთან ძოვებისას. პარაზიტების შუალედური მასპინძლები არიან მოლუსკები.

კლინიკური ნიშნები: ფასციოლოზის დროს ხბოებს უქვეითდებათ მადა, ვითარდება ღვიძლის ანთება.

პროფილაქტიკა: საჭიროა ხბოების გეგმიური დეჰელმითიზაცია, კეთილსაიმედო საძოვარზე ძოვება და სადგომებში ნორმალური ზოოჰიგიენური პირობების დაცვა.

მკურნალობა: გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიჰელმითური საშუალებები, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ოქსიკლოზანიდი, ოქსფენდაზონი, კლოზანტელი, კლორსულონი და სხვა მოქმედი ნივთიერებები.

ფაშვის ჭიაპარამფისტომატოზი

 პარამფისტომები მიეკუთვნებიან ტრემატოდებს, რომლებიც წარმოადგენენ ბრტყელ ჭიებს, აღნიშნული პარაზიტები ბინადრობენ ფაშვში, წვრილ ნაწლავებში, იშვიათად ბადურაში. მათი სიგრძე 5-20 მმია.

 კლინიკური ნიშნები: დაავადებულ მოზარდს აღენიშნება სისუსტე, უმადობა, წყურვილის შეგრძნება, ტემპერატურა მომატებულია, შეიძლება ჰქონდეს სისხლიანი დიარეა და გრძელდებოდეს 2-3 კვირა. დროული ვეტერინარული დახმარების არ არსებობის შემთხვევაში მსხვილფეხა პირუტყვში, განსაკუთრებით მოზარდში, დაავადების მწვავე ფორმის პირველი ნიშნების გამოვლენიდან ორი-ოთხი კვირის შემდეგ შესაძლოა დადგეს ლეტალური შედეგი.

პროფილაქტიკა: საჭიროა ხბოების გეგმიური დეჰელმითიზაცია, კეთილსაიმედო საძოვარზე ძოვება და სადგომებში ნორმალური ზოოჰიგიენური პირობების დაცვა.

მკურნალობა: გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიჰელმითური საშუალებები, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ოქსიკლოზანიდი, ოქსფენდაზონი, კლოზანტელი, კლორსულონი და სხვა მოქმედი ნივთიერებები.

ფილტვის ჭიები ხბოს სხეულში პერორალური (გადაყლაპვით) გზით ხვდება, ძირითადად საძოვრებზე. დაინფიცირებას ხელს უწყობს ზრდასრულ პირუტყვთან ერთობლივი ყოფნა, ძოვება. ფილტვის ჭიები იწვევს სპეციფიკურ ხველას, სუნთქვის გახშირებას და სხეულის მასის კლებას. ამ პარაზიტების მოსაშორებლად არსებობს ბევრი ხელმისაწვდომი მედიკამენტი.

ფილტვის ჭიების პრევენციისათვის მედიკამენტების გარდა, საჭიროა დაავადების მართვის სწორი მენეჯმენტი.

მიხეილ ჭიჭაყუა – ექიმი ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი;

ნიკოლოზ ზაზაშვილი -ვეტერინარიის დოქტორი;

დავით ბოსტაშვილი – ექიმი ვეტერინარი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;

ლიანა ჭიჭაყუა – დოქტორანტი;

ლაშა  ავალიანი – USDA Food for Progress SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე, ექიმი ვეტერინარი (DVM), აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (PhD);

თამარ  ჩხიკვიშვილი – USDA Food for Progress SQIL პროექტის მეცხოველეობის სპეციალისტი, ექიმი ვეტერინარი, დოქტორანტი