საქართველოს მთავრობამ თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა დაამტკიცა
თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში პრობლემური მავნე ნივთიერებებით გამოწვეული დაბინძურების შემცირება და სხვა მავნე ნივთიერებების დონეების ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაა.
დოკუმენტში წარმოდგენილია 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია განსახორციელებელი აქტივობები, განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები, შესრულების ინდიკატორები, ვადები და ბიუჯეტი.
სამოქმედო გეგმა 4 ძირითად ამოცანას მოიცავს – თბილისის აგლომერაციაში ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირებას, ასევე, აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევის შემცირებას, ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შეფასების გაუმჯობესებას და ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტია, რომლის მიზანიც, შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების გზით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით და ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა, რომელშიც ქართველი და ევროპელი ექსპერტები მონაწილეობდნენ; პროექტთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები და საჯარო განხილვა მოეწყო.
თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მომზადდა. გეგმა ასევე მოიცავს საქართველოს სხვა ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტებითა და საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარიხის მართვის გეგმების შემუშავება ევროკავშირის ქვეყნებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს.