საშემოდგომო კულტურების თესვისათვის ნიადაგის მომზადება
სასოფლო სამეურნეო წარმოებაში მარცვლოვანი კულტურების წარმოება მეტად მნიშვნელოვანია. მასზეა დამოკიდებული როგორც მემცენარეობის, ისე მეცხოველეობის მიმართულების განვითარება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხორბლის კულტურა, რომელიც მსოფლიოში ნათესი ფართობებით პირველ ადგილზეა და ადამიანისათვის შეუცვლელი საკვებია. ძირითადი მარცვლოვანი კულტურები – ხორბალი, ქერი, ტრიტიკალე, შვრია და ჭვავი ხასიათდებიან ზრდა-განვითარების ორი პერიოდით: საშემოდგომო და საგაზაფხულო. მცენარეთა განვითარების თავისებურება მკვეთრად ვლინდება მოსავლიანობაში. მათი სავეგეტაციო პერიოდი მკვეთრად განსხვავებულია.
საშემოდგომო ხორბლის სავეგეტაციო პერიოდი მერყეობს 250-დან 258 დღემდე, საგაზაფხულო ფორმების 145-დღიდან 155 დღემდე.
მწვანე რევოლუციის განვითარებამ აუცილებელი გახადა ისეთი ფორმების შექმნა, რომლებიც ადვილად შეძლებდნენ ყველა პირობებში განვითარებას და მათ ფაკულტატიურ, ან შუალედური თვისებები ექნებათ. ეს კი საშუალებას მოგვცემდა დაგვეახლოებინა საშემოდგომო და საგაზაფხულო ფორმების მოსავლიანობა. მაღალი ტემპერატურის ქვეყნებში კი მიგვეღო ორი ან ორნახევარი მოსავალი ერთ წელიწადში(მექსიკა, ბრაზილია და სხვ.).
საქართველოს პირობებში საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობა ხშირად 20-30%-ით მეტია, ვიდრე საგაზაფხულო ფორმების. უკანასკნელ პერიოდში, კლიმატური ცვლილებების გამო, გართულდა საშემოდგომო სამუშაოების დროული ჩატარება, ხშირად ირღვევა თესვის ვადები. ეს კი მკვეთრად ამცირებს მოსავლიანობას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თესლბრუნვას. საქართველოს ყველა ზონაში ირღვევა თესლბრუნვა და ერთი და იგივე ნაკვეთზე ერთი და იგივე კულტურის თესვამ გამოიწვია ნიადაგების ცალმხრივი გაღარიბება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მკაცრად უნდა დავიცვათ მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიური პროცესები.
ნიადაგის დამუშავება უნდა დაიწყოს მოსავლის აღებისთანავე. სამწუხაროდ ჩვენთან უსწორმასწორო ნიადაგის გამო კომბაინით აღება ხდება 15-20 სმ სიმაღლეზე. რაც თანამედროვე მოთხოვნებით დაუშვებელია. აღება უნდა მოხდეს 5სმ სიმაღლეზე. აღების შემდეგ უნდა ჩატარდეს ნიადაგის აჩეჩვა 7-12 სმ სიღრმეზე. ეს არის საუკეთესო ღონისძიება აღების შემდგომ ნიადაგში ტენიანობის შესანარჩუნებლად და სარეველების გამოსატყუებლად. ეს კიდევ უფრო ეფექტურია თუ აღება ხდება ისეთი კომბაინით, რომელიც ჩალას აქუცმაცებს. სამწუხაროდ ეს ტექნოლოგიაც ჩვენთან არ ხდება. მაინც განვმარტავთ რა მნიშვნელობა აქვს ამ ოპერაციას. მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ ხორბლის ჩალის და მარცვლის შეფარდება 4:1, 3:1 ან უკეთეს შემთხვევაში 2,5:1-თან არის. ეს ნიშნავს რომ მარცვალი ერთი წილია, ხოლო ნამჯა 3-4 მეტ ორგანულ მასას შეიცავს. გამოტანილი ნამჯა მთლიანად აღარიბებს ნიადაგს, ჩაკუწული ნამჯა კი უკან უბრუნებს ნიადაგს საკვებს. ეს მომგებიანია ფერმერისთვის, რადგან ნიადაგი ინარჩუნებს ნაყოფიერებას და მომდევნო კულტურას ნაკლები სასუქები ჭირდება. ამით ეკონომიასაც ვაკეთებთ და ეკოლოგიურ პირობებსაც ვიცავთ.
საშემოდგომო თესვისთვის ნიადაგი უნდა მოიხნას, ზონების მიხედვით, 20 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე. ნიადაგი უნდა იყოს მომწიფებული, 50-60% ტენიანობის დროს. ამ დრომდე, დროული აჩეჩვის გამო, ყველა სარეველას თესლი იწყებს გაღივებას და აღმოცენებას. ხვნის წინ უნდა მოხდეს ნაკვეთის შეფასება. თუ 1მ2-ზე, ამწვანებული სარეველების რაოდენობა 70-120-მდეა, სასურველია შევიტანოთ ტოტალური ჰერბიციდი. ეს კი თავიდან აგვაცილებს ნათესში გამოვიყენოთ მაღალი კონცენტრაციის ჰერბიციდი, რაც მოსავლიანობას 20%-ით გაზრდის. საშემოდგომო თესვამდე ხნული მოითხოვს 40-45 დღით მოსვენებას. გვალვის შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს აოშვა. ამ პერიოდში სასურველია შევიტანოთ ნაკელი, მხოლოდ გადამწვარი სახით. მინერალური სასუქების შეტანა თესვამდე სასურველი არ არის.
საშემოდგომო კულტურები, განსაკუთრებით ხორბალი მოთხოვნებს უყენებს წინამორბედი კულტურებისგან განთავისუფლებულ მინდორს. ეს მოთხოვნილება, უპირველეს ყოვლისა იმაში მდგომარეობს, რომ წინამორბედი უნდა იყოს მოკლე ვეგეტაციის, ე.ი. საადრეო. აქ მთავარია ის, რომ საადრეო წინამორბედის შემდეგ საშემოდგომო ხორბლის თესვამდე საკმარისი დრო რჩება იმისათვის, რომ ნიადაგი ნორმალურად მომზადდეს ხორბლის დასათესად და თესვა ჩატარდეს ოპტიმალურ ვადაში, რაც მნიშვნელოვან წილად განაპირობებს მაღალი მოსავლის მიღებას.
საშემოდგომო ხორბლის კარგი წინამორბედებია სათოხნი კულტურები (სიმინდი მწვანე საკვებად, აგრეთვე მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მქონე სიმინდის ჰიბრიდები სამარცვლედ, კარტოფილი, ჭარხალი), მრავალწლოვანი ბალახების კორდი, მოთესილი ანეული (ერთწლიანი პარკოსანი კულტურები) და შუალედური კულტურები. წინამორბედის რანგში ყურადღებას იმსახურებს ხორბლის ნაწვერალიც და მისი ორ წელიწადს ზედიზედ თესვა სავსებით დასაშვებად უნდა ჩაითვალოს (სასაქონლო მარცვლის წარმოების შემთხვევაში).
ნიადაგის დამუშავება უნდა ჩატარდეს წინამორბედი კულტურის თვისებებისა და ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის ღონისძიებების გათვალისწინებით.
ნასიმინდარი მინდორი მოხვნამდე უნდა დამუშავდეს მძიმე დისკოებიანი ფარცხით ჯვარედინად და მოიხნას 22-25 სმ სიღრმეზე, ხოლო ნაკარტოფილარი და ნაჭარხლარი, თუ იგი ფხვიერ მდგომარეობაშია და სუფთაა სარეველებისაგან მოიხნას ზერელედ – 12-14 სმ-ზე ან დამუშავდეს მინიმალური დამუშავების წესით – აიჩეჩოს მძიმე დისკოებიანი ფარცხით 8-10 სმ-ზე.
სარწყავებში ნაიონჯარი კორდი იხვნება არა უგვიანეს აგვისტოს პირველი დეკადისა, ხოლო ურწყავებში სადაც ძირითადად გვხვდება ესპარცეტის კორდი მწვანე მასის პირველი გათიბვისთანავე. ამ დროს მოხვნა იმიტომ არის საჭირო, რომ საშემოდგომო თესვამდე ხნულმა მოასწროს „დაჯდომა“ და რაც მთავარია, მაღალი ტემპერატურის ზეგავლენით ნორმალურად ჩატარდეს ნიადაგში ჩახნული ორგანული მასის მინერალიზაცია. ორივე შემთხვევაში კორდის ხვნა უნდა ჩატარდეს 25-27 სმ სიღრმეზე.
ერთწლოვანი პარკოსანი კულტურები და ხორბალი შუა ზაფხულში ათავისუფლებენ მინდორს, რაც საშუალებას იძლევა საშემოდგომო თესვამდე ნიადაგი დამუშავდეს ნახევრად ანეულად, ნიადაგი მოიხნას მოსავლის აღებისთანავე და ხორბლის თესვამდე ხნული დამუშავდეს თათებიანი კულტივატორით რამდენიმეჯერ, დასარევლიანების შესაბამისად.
ნასიმინდარი და ნაბალახარი ხნულის თესვისწინა დამუშავება ტარდება მხოლოდ დისკოებიანი იარაღით. ამ შემთხვევაში თათებიანი კულტივატორის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია, რადგან მას ნიადაგის ზედაპირზე ამოაქვს ჯერ კიდევ დაუშლელი ბელტები და მცენარეული ნარჩენები, რაც ხელს უშლის თესვის მაღალხარისხოვნად ჩატარებას.
ფერდობებზე წყლისმიერი ეროზიის შემცირების მიზნით ნიადაგის მოხვნა, თესვისწინა დამუშავება, თესვა და ნათესის მოვლის ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ფერდობის გარდიგარდმო მიმართულებით. 3-60 დახრილობის ფერდობებზე კარგ შედეგს იძლევა ყოველი 2-3 წლის შემდეგ ღრმად (30-32სმ) ხვნა, ან ყოველ 10-15 მეტრის შემდეგ 3-5 მეტრის სიგანის ზოლის ღრმად გაფხვიერება.
მოხვნიდან 40 დღის შემდეგ სასურველია ნიადაგი მოსწორდეს. თესვის წინ ხდება მძიმე საჩეხებით კულტივაცია 12-15 სმ სიღრმეზე. აუცილებელია კულტივაციის შემდგომ მოხდეს ნიადაგის მოტკეპნა. ეს პროცესი მოსავლიანობას გაზრდის 10-15%-ით. თესვა უნდა ჩატარდეს მეორე დღესვე, სასუქებთან ერთად. თესვის დამთავრებისთანავე ხდება ნათესის მოტკეპნა. თესვის წინა მოტკეპნა საშუალებას იძლევა დაითესოს თანაბარ სიღრმეზე, თესვის შემდგომი მოტკეპნით მივიღებთ თანაბარ აღმონაცენს. ორივე ერთად მოსავლიანობას ზრდის 20-30%-ით. ამ პროცესების განხორციელების აუცილებლობა დამტკიცებულია მრავალი მეცნიერის მიერ. ამიტომ წამყვან ქვეყნებში გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგია, როგორიცაა მინიმალური დამუშავება. ამ ტექნოლოგიით ხდება რამდენიმე ოპერაციის ერთდროული განხორციელება. კახეთში ამ მეთოდს წარმატებით იყენებს რამდენიმე ფერმერი.
ბოლო წლებში დიდი გამოხმაურება მოიპოვა ნიადაგის ნულოვანმა დამუშავებამ. ევროპის ქვეყნებში წარმატებით იყენებენ და კარგ შედეგებსაც იღებენ. ამას განაპირობებს ნიადაგის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები. წინასწარ ხდება ნიადაგის შეფასება მისი ფიზიკური მდგომარეობს შესახებ, დამუშავების სიღრმის შესახებ, დასარეველიანების შესახებ, დაავადებების და მავნებლების გავრცელების შესახებ და რაც მთავარია წინამორბედი კულტურის გათვალისწინებაზე. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნულოვანი ტექნოლოგია მოითხოვს შესაბამის ტექნიკას (სათესს, გამაფხვიერებელს, სატკეპნს). თუ ეს ყველაფერი იქნება შესწავლილი და გათვალისწინებული ნულოვანი ტექნოლოგია მისაღებია. ჩვენთან ამის შესაძლებლობები თითქმის არ არსებობს, ამიტომ ამ ტექნოლოგიით დამუშავებას არ ურჩევთ. ერთი შეგვიძლია გირჩიოთ, რომ ნულოვანი ტექნოლოგიის დროს წინასწარ გამოიყენეთ ჩიზელირება. რისკი შედარებით შემცირდება.
საშემოდგომო თესვის დროს გასათვალისწინებელია სასუქების შერჩევაც. შერჩევა უნდა მოხდეს ნიადაგის ანალიზის მიხედვით. მრავალი ფერმერი უარყოფს ან ვერ ახერხებს ანალიზის გაკეთებას. დამერწმუნეთ ანალიზის შემდგომ განსაზღვრული დოზები გაცილებით მეტ ეკონომიას მოგცემთ, ვიდრე ზეპირად შეტანილი სასუქის დოზები. უმჯობესია თესვის დროს გამოვიყენოთ კომპლექსური სასუქები. შემოდგომაზე უკეთესია აზოტის ნაკლები შემცველობის და ფოსფორის მაღალი შემცველობის მქონე სასუქის გამოყენება.
სარწყავ პირობებში საშემოდგომო ნათესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნათესის მორწყვას. იგი უზრუნველყოფს ნათესის გადარჩენას ზამთარში, ძლიერ ზრდა-განვითარებას და სასურველ ბარტყობას.
მაღალი მოსავლის მისაღებად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯიშის შერჩევას. ნიადაგური და კლიმატური პირობები მთლიანად განსაზღვრავს ჯიშის მოსავლიანობის მიღების შესაძლებლობას. მაღალმოსავლიანი ჯიშები მოითხოვენ მაღალ აგროფონს. თუ ფერმერს არ შეუძლია გაითვალისწინოს ზემოთ აღწერილი სამუშაოები, მაშინ ჯობია შეარჩიოს შედარებით დაბალმოსავლიანი ჯიში. ასეთ შემთხვევაში, პირობების გათვალისწინებით, შეიძლება ჯიშის მაქსიმალური პოტენციალით მივიღოთ უფრო მაღალი მოსავალი.
ფერმერების მიერ ყველა ამ პირობის გათვალისწინება და შესრულება საშუალებას მოგვცემს მივიღოთ, ჯიშის პოტენციალიდან გამომდინარე, გარანტირებული მაღალი მოსავალი.
ცოტნე სამადაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
გულნარ ჩხუტიაშვილი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,
ნუგზარ ბენდიანიშვილი – მთავარი სპეციალისტი
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ც. სამადაშვილი – მიწათმოქმედების საფუძვლები. თბილისი, 2020;
2. ლ. უჯმაჯურიძე, ც. სამადაშვილი, გ. ჩხუტიაშვილი, ნ. ბენდიანიშვილი – კლიმატური ცვლილებების პირობებში ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ცნობარი. თბილისი, 2020;
3. ხორბლის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია (მეთოდური მითითება). – ს/მ სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. თბილისი,2016;
4. ხორბლის მაღალი მოსავლის მისაღებად აგროტექნიკური ღონისძიებების რეკომენდაცია. ს/მ მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, 2023;
5. ქევხიშვილი – მიწათმოქმედების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია. თბილისი, 1998.