აგრარული განათლებადარგებივეტერინარიამეცხოველეობა

ხბოს გამოზრდა _ თვალის დაავადებები

თვალები უკიდურესად მგრძნობიარე და დაუცველი ორგანოა, ამიტომ სხვადასხვა ნეგატიური გარეგანი და შინაგანი ფაქტორების გავლენით ხბოს ხშირად უვითარდება თვალის დაავადებები.
ხბოს თვალის დაავადებების ორი ძირითადი მიზეზი არსებობს – ინფექციური და ინვაზიური.

კონიუქტივიტი (თვალის შემაერთებელი გარსის ანთება) – ხბოებში თვალის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა კონიუქტივა ლორწოვანი გარსია, რომელიც ფარავს ქუთუთოების უკანა კედელს, ზედა და ქვეთა ღარსა და თვალის კაკალს რქოვანამდე. კონიუქტივიტმა შეიძლება დააზიანოს როგორც ერთ, ისე ორივე თვალი. მას იწვევს სხვადასხვა ფაქტორი: მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ინფექციური. დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც გარე ფაქტორები-მიკრობები (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი და სხვა.), ვირუსები, მექანიკური გაღიზიანება, ულტრაიისფერი სხივები, ქიმიური და სხვა, ასევე შინაგანი-ორგანიზმშივე არსებული საერთო ინფექცია.

კონიუქტივიტის სიმპტომებია:

✔ ტემპერატურის უმნიშვნელო მატება;

✔ თვალების სიწითლე;

✔ თვალის ქავილი;

 ✔ ცრემლდენა;

✔ ქუთუთოების შეშუპება, შესიება;

✔ გამონადენი, მათ შორის ჩირქოვანი, რაც იწვევს ქუთუთოების ერთმანეთზე შეწებებას და ხბოს თვალის გახელა უძნელდება;

✔ ფოტოფობია – სინათლის შიშის შეგრძნება, რომელსაც თან ახლავს ნახევრად დახუჭული თვალები.

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ძირითადად ახასიათებს მწვავე კონიუქტივიტს, რომელიც ხანმოკლეა. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკული ფორმითაც, ის გამაღიზიანებლის ხანგრძლივი ზემოქმედებითაა განპირობებული, როგორიცაა მტვერი. ქრონიკულ კონიუქტივიტს საფუძვლად შეიძლება დაედოს ავიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის დაღვევა. ამ დროს თვალის რქოვანი გარსი მოლურჯო შეფერილობისაა.

სამკურნალოდ აუცილებელია კონიუქტივალური ტომრების გამორეცხვა (ხელს უწყობ თვალის ჩირქოვანი გამონადენისა და სიწითლის მოშორებას), დასაშვებია ანტისეპტიკური ხსნარით (მაგ. ფურაცილინი). ჩირქოვან გართულებას მკურნალობენ ანტიბიოტიკების საცრემლე პარკებში შეყვანით, თვალში სხვადასხვა სამკურნალო ხსნარების ჩაწვეთებით, გამოიყენება თალის მალამოებიც. მიზანშეწონილია ცხოველის საერთო ტონუსის ასამაღლებელი საშუალებების მიცემა.

თელაზიოზი არის პარაზიტული (ჰელმინთური) დაავადება, რომელიც ძირითადად გვხვდება ზაფხულის პერიოდში. თელაზიები ბუდობენ კონიუქტივის ღრუში და მესამე ქუთუთოს ქვეშ, რა დროსაც ვითარდება კონიუქტივიტი, კერატიტი (რქოვანას ამღვრევა). დაავადება მძიმედ მიმდინარეობს ოთხი თვის ასაკის ხბოებში, შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა. აღნიშნული პათოლოგიები გავლენას ახდენენ ხბოს ზრდა-განვითარებაზე. თელაზიოზი ვითარდება შუალედური მასპინძლის (ბუზის) მონაწილეობით, როდესაც ბუზები თავს ესხმიან ცხოველებს. თელაზიები ბუზის ხორთუმიდან ხვდებიან თვალის კონიუქტივიტის პარკში, ორ კვირაში ისინი უკვე ზრდასრულ სტადიაზე იმყოფება. ხბოები ძირითადად ინვაზირდებიან საძოვარზე. საწყის ეტაპზე თელაზიოზი საკმაოდ ძნელი დასადგენია, ვინაიდან კლინიკური ნიშნები სუსტად არის გამოვლინებული.

დაავადების სიმპტომებია:

✔ ცრემლდენა;

✔ სინათლის შიში;

✔ კონიუქტივის სიწითლე და შეშუპება;

✔ ქუთუთოების შეშუპება;

✔ მადის დაქვეითება.

მკურნალობას ატარებენ კუნიუქტივის ღრუს გამორეცხვით, იოდის ან პოვიდონიოდის წყალხსნარით, შეიძლება გამოყენებულ იქნას ბორმჟავას 3%- იანი ხსნარები, მალამოები. სამკურნალო-პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება ივერმექტინისა და ლევამიზოლის ჯგუფის საინექციო საშუალებები.

მიხეილ ჭიჭაყუა – ექიმი ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი;

ნიკოლოზ ზაზაშვილი -ვეტერინარიის დოქტორი;

დავით ბოსტაშვილი – ექიმი ვეტერინარი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;

ლიანა ჭიჭაყუა – დოქტორანტი;

ლაშა  ავალიანი – USDA Food for Progress SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე, ექიმი ვეტერინარი (DVM), აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (PhD);

თამარ  ჩხიკვიშვილი – USDA Food for Progress SQIL პროექტის მეცხოველეობის სპეციალისტი, ექიმი ვეტერინარი, დოქტორანტი