აგროსიახლეები

ადრე ზეთისხილს 100 ფერმერი თუ რგავდა, დღეს 1000 რგავს

„თუ ადრე ზეთისხილს რგავდა 100 ფერმერი, დღეს 1000 ფერმერი რგავს,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმპორტირებულ ზეითუნის ზეთს ქართული კონკურენციას უწევს და ამას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ახერხებს.

„პირველ რიგში ამისი მიზეზი ის გემოვნური თვისებებია, რომელიც ქართულ ზეთისხილში და ზეითუნის ზეთშია და არ არის უცხოურში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დეკემბრის ბოლოს ძალაში შეიყვანს კანონს იმის შესახებ, სადაც ქართველი მწარმოებლების ინტერესებს დაიცავენ. ადგილობრივი მაღალი ხარისხის ნაწარმისა და იმპორტირებული შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციის განმასხვავებელი ნიშა ამოქმედდება და ეს ორივე პროდუქცია ერთი ფასიც არ ეღირება,“ – აღნიშნა სვანიძემ.

მწარმოებლის თქმით, ხარისხობრივად მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა ქართული პროდუქტი, თუმცა მოსავლიანობით ჩამორჩება.

„ხარისხობრივად მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზე ვიმყოფებით, მაგრამ რაოდენობრივად ამ ეტაპზე, ჩამოვრჩებით წამყვან ქვეყნებს, მაგალითად ესპანეთს, სადაც მთელს მსოფლიოში მოსული მოსავლის ოდენობის 50% მოდის. დანარჩენ 50%-ს კი დარჩენილი 47 ქვეყანა ვიყოფთ. მაგრამ ტენდენცია მზარდია, რაც ძალიან კარგია. თუ ადრე ზეთისხილს რგავდა 100 ფერმერი, დღეს 1000 – რგავს. დარწმუნებული ვარ, ყველა ცდილობს მაქსიმალურად მაღალ ხარისხზე იმუშაოს,“ – აღნიშნა სვანიძემ.

ეკა დარჩიაშვილი

წყარო: https://www.bpn.ge/