დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვენახის საყრდენი სისტემა

ცნობილია რომ ვენახის საყრდენი სისტემა წარმოადგენს მწკრივში 5-7 მეტრის დაშორებით, ნიადაგში 50 -სმ სიღრმეზე ჩასობილ 5სმ. დიამეტრის წრიულ ან 5x 5x 01,5სმ კვადრატის ან სხვა ფორმის 2მ. სიგრძის ბოძებს, ბოძებზე სამ დონეზე დამაგრებული კავებით, რომლებზეც განთავსებულია განაპირა ბოძებზე გაჭიმული 3მმ-ანი მავთულები, მათზე მიმაგრებული ვაზით (ბოძებზე კავები განლაგებულია მწკრივის პარალელურ ზედაპირზე).
მცენარეზე მოსული ყველა სახის დატვირთვა (მტევნების წონა, ქარი) მავთულების მეშვეობით გადაეცემა ბოძებს კავების დამაგრების ადგილებზე.

მოსავლიანობის გაზრდის მიზნით უკანასკნელ პერიოდში საყრდენი სისტემის ბოძების სიგრძე 2,3 (230სმ.) მეტრამდე გაიზარდა, დაემატა მეოთხე მავთულიც.

საყრდენი სისტემის დანიშნულება, მავთულებზე მიმაგრებული ვაზის შპალერის, ქარისა თუ სხვა დატვირთვების პირობებში, ვერტიკალურ მდგომარეობაში შეუნარჩუნდება.

ნიადაგში მყარად ჩასობილი ბოძებისა და მავთულ-კავების მეშვეობით. კიდურა ბოძებზე ხისტად დამაგრებული და რიგითი ბოძების კავებზე განთავსებული მავთულების ფუნქცია არ არის მხოლოდ მცენარის დაჭერა, იგი იმავდროულად მონაწილეობს ვენახის საყრდენი სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფაშიც. ამისთვის კი აუცილებელი პირობაა:

1. ბოძების ერთ ხაზზე განლაგება და კიდურა ბოძებზე მოჭიმული და კავებზე განთავსებული მავთულების დაჭიმულობის (სწორხაზოვნების) რთვლის ბოლომდე შენარჩუნება;

2. კიდურა ბოძების მდგრადობა.

პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მავთულებზე მოსული ქარით და მტევნების წონით გამოწვეული დატვირთვები შეიძლება თანაბრად და ერთდროულად არ გადაეცეს ყველა ბოძს. აღნიშნულის შედეგად კი შესაძლებელია ნიადაგის არაერთგვაროვნების გამო რომელიმე ნაკლებად მდგრადმა ბოძმა დაძლიოს მავთულის წინააღმდეგაა და გადაიხაროს მწკრივის მართებულად. შედეგად კიდურა ბოძებს შორის გაჭიმული მავთული დაგრძელდება. მაგალითად 100მ. მწკრივის შემთხვევაში ბოძის წვეროს 30სმ-ით გადახრის დროს მავთული 1,8სმ ანუ 0,018%-ით გრძელდება, რაც იმდენად უმნიშვნელოა მწკრივის სიგრძესთან შედარებით, რომ ნებისმიერი მცირე დატვირთვა საკმარისია ასეთი შედეგის მისაღებად ნიადაგის, ბოძის თუ მავთულების დეფორმაციების ხარჯზე (1,8სმ გრძელდება ბოძის წვეროებზე განთავსებული მავთულები, ხოლო ქვედა მავთულები შესაბამისად 0,8 და 0,18სმ-ით. იხილეთ ნახ.).

ვენახის ბოძები

სწორედ ამან განაპირობა ბოლო პერიოდში საყრდენი სისტემების აღჭურვა მავთულების დამჭიმი მოწყობილობებით, თუმცა დამჭიმის მოქმედი კონსტრუქციაც ვერ უზრუნველყოფს მავთულების დაჭიმვას საჭირო ხანგრძლივობით, რადგან დამჭიმი ძალა არ არის მუდმივი. აგრეთვე მავთულების გაჭიმვა შეიძლება მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე, მავთულის და კიდურა ბოძების სიმტკიცის პირობების გათვალისწინებით.

მწკრივის სიგრძე 100მ. და მეტიცაა, 100მ. სიგრძის მწკრივის სამ რიგად გაჭიმულ მავთულებზე მოდის ყურძნის მტევნების დაახლოებით 200კგ.წონით და ქარით გამოწვეული დატვირთვები (ჰექტარზე 50 მწკრივია, მოსავალი საშუალოდ 10 ტონას შეადგენს) მწკრივის სიგრძის ზრდასთან ერთად მატულობს ჯამური დატვირთვები მავთულებსა და ბოძებზე.

მავთულების დაჭიმვის მოქმედი მეთოდების გამოყენებისას შპალერზე ქარით გამოწვეული დინამიკური დატვირთვის პირობებში დროთა განმავლობაში ხდება კიდურა ბოძებს შორის გაჭიმული მავთულების დაგრძელება, რის გამოც რთვლის წინა პერიოდში ყურძნის მტევნების სიმძიმით მავთულები ჩაიღუნება ვერტიკალურ სიბრტყეში, ხოლო შპალერზე ქარის მოქმედებით მავთულები იღუნება ჰორიზონტალურ სიბრტყეში და ირღვევა მავთულების სწორხაზოვნება. ამ დროს შესაძლოა შპალერზე ქარით გამოწვეული დატვირთვა მავთულების მეშვეობით ერთ ან მიმდებარე რამდენიმე ბოძს გადაეცეს და გამოიწვიოს მისი (მათი) გადახრა. ბოძების გადახრა გრძელდება მავთულების ხელახლა დაჭიმვამდე, რის შემდეგაც აღდგება საყრდენი სისტემის მდგრადობა დეფორმირებული შპალერით. რთვლის შემდეგ ზვარში ხშირად შეხვდებით მსგავს სურათს. აღნიშნულის გამო ყოველწლიურად გაზაფხულზე აუცილებელია ბოძების ვერტიკალურ მდგომარეობაში დაბრუნება, გამაგრება და მავთულების ხელახლა დაჭიმვა. ეს კი ნიშნავს რომ მოქმედი საყრდენი სისტემის კონსტრუქცია არ არის სრულყოფილი, იგი ვერ იძლევა მდგრადობის მყარ გარანტიას.

მდგომარეობა მნიშვნელოვნად იცვლება თუ საყრდენი სისტემის ყოველ მავთულზე კიდურა ბოძებიდან ერთ-ერთზე მავთულის შემოხვევის ნაცვლად შემოხვევის ადგილზე ბოძის მწკრივის მართობულ გარე წახნაგზე ხისტად მიმაგრებულ ელემენტზე (ან ტვირთგამძლე კავზე) განთავსებულ მავთულზე ჩამოვკიდებთ გარკვეული წონის ტვირთს. მის დასაჭიმად (იხილეთ ნახაზი) ტვირთის წონა უნდა შეირჩეს ბოძის მდგრადობის (ნიადაგის კატეგორიის), მწკრივის სიგრძის (შპალერზე მოსული დატვირთვის) და მავთულის ზომის-დიამეტრის გათვალისწინებით. საყრდენი სისტემის სამ დონეზე განთავსებული მავთულებიდან ბოძის გადახრით გამოწვეული მაქსიმალური დატვირთვა მოდის პირველ ზედა მავთულზე. მეორე და მესამე მავთულებზე დატვირთვები შედარებით მცირდება. საყრდენი სისტემის მეორე კიდურა და შუალედურ ბიძებზე მავთულების დამაგრების არსებული წესი უცვლელადაა შენარჩუნებული.

ამ პირობებში ქარით გამოწვეული დინამიკური დატვირთვების გამო ბოძის გადახრას ეწინააღმდეგება როგორც ბოძის მდგრადობა ნიადაგში, ასევე მავთულების დაჭიმულობის მუდმივობა მავთულზე ჩამოკიდებული ტვირთის მოქმედებით. აღნიშნული კი საშუალებას იძლევა გავზარდოთ ბოძებს შორის მანძილი. მისი სიდიდე დამოკიდებულია ტვირთის წონაზე. წონის ზრდის პარალელურად გაიზრდება ბოძებს შორის მანძილი. მისი სიდიდე ცდებით უნდა დადგინდეს.

საყრდენი სისტემის მდგრადობა იზრდება, რადგან ბოძებთან ერთად მას უზრუნველყოფს გარკვეული ტვირთების გავლენით მუდმივად დაჭიმული მავთულები.

ზაურ კაჭარავა, 
ირაკლი კაჭარავა