რეკომენდაციები ინდაურის გამოსაზრდელად
ქათამთან შედარებით ინდაური უკეთეს, სპეციფიკურ პირობებს და გაძლიერებულ კვებას ითხოვს.
ინდაურს განვითარების საწყის ეტაპზე მძიმედ გადააქვს სიცივე და მაღალი ტენიანობა. მისი შენახვის რეჟიმი ასეთია: 1-დან 10 დღემდე ჭუკებისთვის განკუთვნილ სათავსოში ტემპერატურა უნდა იყოს +31-33 გრადუსი; 11-დან 30 დღემდე _ +27-28 გრადუსი. ტენიანობა _ 60-70%.
20-25 დღემდე ინდაურის ჭუკებს ამყოფებენ სპეციალურ ყუთში (გალიაში) ბადიანი იატაკით (წვრილნასვრეტებიანი ბადე). გალია იატაკიდან წამოწეული უნდა იყოს, რომ უზრუნველვყოთ დაავადებების პროფილაქტიკა (მაგ. ჰისტომონოზი).
20-25 დღის ასაკიდან ინდაურის ჭუკები შეიძლება გავზარდოთ თბილ შენობაში, ღრმა საფენზე. საფენად გამოვიყენოთ წვრილად დაჭრილი ნამჯა (სიღრმე არანაკლებ 15 სმ), რომელიც აუცილებლად უნდა შევინახოთ მშრალ მდგომარეობაში. ინდაურის ჭუკებისთვის აუცილებელია მზეზე ყოფნა და მწვანე ბალახი.
კვება
სიცოცხლის პირველ კვირაში ინდაური უნდა ვკვებოთ მაღალცილოვანი და ვიტამინებით დატვირთული საკვებით. ჭუკებს მივცეთ მოხარშული, დაქუცმაცებული კვერცხი ახალი ხაჭოთი, რასაც დავუმატებთ ვიტამინებს: A,D,B . ჭუკები კარგად ჭამენ დაქუცმაცებულ მწვანე ხახვს, გახეხილ სტაფილოს. წყალი ეძლევა შეუზღუდავად (წყლის ტემპერატურა +15-+22 გრადუსი). სასურველია საკვები გავშალოთ მშრალ, რბილი ქსოვილის ქვეშსაფენზე.
10-30 დღიდან საკვებში შეიძლება დავამატოთ სიმინდის ფქვილი, გაცრილი ქერი, ფეტვი, შროტი, სტაფილო, ხაჭო და რძის სხვა პროდუქტები. აუცილებელია ვიტამინებიც.
30 დღიდან 2 თვემდე რეკომენდებულია ვკვებოთ: ფრინველის კომბინირებული საკვებით, ხორბლის ნარჩენით, სტაფილოთი, ახალი მწვანილით, რძის პროდუქტებით.
მომდევნო თვეებში კომბინირებული საკვებისა და მწვანე მასის რაოდენობა უნდა გავზარდოთ. აუცილებელია საკვებს დავამატოთ საჭმელი მარილი და ნიჟარები.
თუ ინდაურის საძოვრული შენახვის საშუალება გვაქვს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რადგან ეს ფრინველი თავად მოიპოვებს მისთვის აუცილებელ საკვებს.
ინდაური კვერცხდებას 9-10 თვის ასაკში იწყებს. წელიწადში დებს 70-120 კვერცხს, მასა – 80-95 გრ. იზრდება სწრაფად. დიდტანიანი ჯიშების წონამ შეიძლება 25 კგ-მდეც მიაღწიოს, ხორცის გამოსავალი 80-85%. ინდაურის ჯიშებიდან საქართველოში გვხვდება მკერდფართო, ივანური, თეთრი ან ბრინჯაოსფერი. ზრდასრული მამლის წონა 18-22კგ, დედლის 8-9 კგ.
ბრინჯაოსფერი ინდაური აღწევს: მამალი -8-9 კგ-ს, დედალი – 6კგ-ს. დებს 70-მდე ცალ კვერცხს.
მოსკოვური გვხვდება ბრინჯაოსფერი ან თეთრი. აღწევს მამალი 13-14 კგ-მდე,
დედალი -8 კგ-მდე. კვერცხდება 100 ცალამდე.
ინდაურის ჭუკები ცუდად ხედავენ, ამიტომ საკვები მიზანშეწონილია პირველი სამი კვირა ხელით ვაჭამოთ, ან გვერდით მივუსვათ ქათმის წიწილები, რომლებიც მათ ჭამას ასწავლიან.
კვერცხდების პერიოდია აპრილი და მაისი.
აგრო ექსპერტთა ასოციაცია
მიხეილ ჭიჭაყუა-ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი