აგრარული განათლებადარგებიმებაღეობამედია ფერმერებისთვის TV

ორგანული მეხილეობა

 მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეინიშნება მოსახლეობის კვების რაციონალიზაციის გარკვეული ტენდენცია, მიმართული კვებით რაციონში ნაჯერი ცხიმების მოხმარების შემცირებისა და მათ ხარჯზე, ხეხილისა და კენკროვანი პროდუქციის წილის ზრდისკენ.
ეს განპირობებულია ხეხილისა და კენკრის არამარტო საუცხოო კვებითი და გემოვნური ხარისხობრივი მახასიათებლებით, არამედ მათში ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მაღალი შემცველობით (ვიტამინები, ფერმენტები, მიკროელემენტები, ანტიბიოტიკები და სხვ.), რომელთაც გააჩნიათ პროფილაქტიკური და სამკურნალო თვისებები მრავალი დაავადების წინააღმდეგ, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ, აქტიურ სიცოცხლეს.

ადამიანის ჯანსაღი კვების რაციონში გადამწყვეტი როლი გააჩნიათ და ვიტამინების შემცველ ბუნებრივ საკვებ პროდუქტებს, რომელთა წყაროც, პირველ რიგში, არის ხეხილოვანი კულტურები, მაშინ როცა, ბოსტნეულ კულტურებში, გარდა წიწაკისა, ამ ნაერთების შემცველობა, ძალიან უმნიშვნელოა. გამომდინარე აქედან, სოფლის მეურნეობის ეკოლოგიზაციის პროცესი, პირველ რიგში, უნდა შეეხოს მეხილეობის დარგს, რაც მომავალში წარმატებით გადაჭრის კაცობრიობის წინაშე მდგარი საკვანძო საკითხის – ადამიანის ჯანმრთელობისა და ნაყოფიერი ცხოვრებისათვის საჭირბოროტო, ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქციის წარმოების პრობლემას.

ამ მიზნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები მიწათმოქმედების ალტერნატიული სისტემების (ორგანული, ბიოდინამიკური და სხვ.)  ფართოდ დანერგვისათვის, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის წარმოება. ამასთან ერთად, მიღებული პროდუქცია უნდა იყოს ბიოლოგიურად სრულფასოვანი, მისი ქიმიური და ბიოლოგიური შედგენილობა უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალურად წარმართვას. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მეურნეობის მართვის კომპლექსური სისტემის დანერგვა, რომელიც გულისხმობს ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად,  მავნებლებთან, მცენარეთა დაავადებებთან და სარეველებთან საბრძოლველად აგროტექნოლოგიური,  ბიოლოგიური და ბიოწარმოებაში დაშვებული ქიმიური საშუალებების კომპლექსურ გამოყენებას, მცენარეთა და ცხოველთა გენმოდიფიცირებული სახეობებისა და ჯიშების გამოყენების დაუშვებლობას.

უნდა გავითვალისწინოთ მავნე ორგანიზმებისაგან დასაცავი კულტურების ბიოლოგიური თავისებურებები და მათთვის განსაზღვრული, ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო პირობების შექმნის შესაძლებლობები.

ჩვეულებრივი, კონვენციური მებაღეობიდან მართვის ორგანულ მეთოდებზე გადასვლა რთული პროცესია. მისი მიზანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებასთან ერთად, არის მეურნეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარების კვალდაკვალ. ცხადია, ყველა მეურნეობა თანაბრად ვერ იქნება მზად ორგანული წარმოების მეთოდებზე გადასასვლელად. ამიტომ საჭიროა,  თითოეულმა დამწყებმა ფერმერმა წინასწარ შეაფასოს თავისი მეურნეობის ორგანულ საწყისებზე გადაყვანის შესაძლებლობები, მოსალოდნელი რისკები და პირველ რიგში განსაზღვროს, თუ რამდენად არიან მზად ის და მისი ოჯახის წევრები სრულად გაიზიარონ და ცხოვრებაში გაატარონ  ორგანული სოფლის მეურნეობის ძირითადი იდეები, აქვს თუ არა ფერმერს გააზრებული, თუ როგორ შეაჯეროს მეურნეობის ინფრასტრუქტურა და სამანქანე პარკი წარმოების ახალ ტიპთან, განჭვრიტოს მოსალოდნელი ფინანსური შედეგები – საჭირო გახდება გაირკვეს წარმოებული ბიოპროდუქციის გასაღების სავარაუდო არხები და შემუშავებული უნდა იყოს გაყიდვების პირველი სტრატეგიები, შეფასდეს სრულად არის თუ არა ათვისებული სამუშაო ძალის პოტენციალი და არსებობს თუ არა  დამატებითი სამუშაო ძალების მოზიდვის შესაძლებლობა და ფინანსური რესურსები, ყურადღება მიექცეს, თუ რამდენად აბალანსებს ბაღებში გაშენებული მცენარეთა ჯიშები და სახეობები ორგანულ წარმოებაზე გადასვლის შემდეგ წარმოქმნილ რისკებს. (მაგ., თუ გაშენებულია ქეცისადმი მიმღები ვაშლის ბევრი ჯიში, საჭირო გახდება მათი წილის შემცირება) და ა.შ. ამასთან ერთად, ორგანული ფერმერები ვალდებულნი არიან აწარმოონ ყოველდღიური ჩანაწერები, სადაც ისინი აღწერენ ფერმაში განხორციელებულ ყველა საქმიანობას. ყოველ ორგანულ ფერმას წელიწადში ერთხელ მაინც ამოწმებს სერტიფიცირების სააგენტო. გარდა ამისა, შესაძლებელია, ფერმაში, ინსპექტორების მიერ ჩატარდეს დაუგეგმავი საინსპექციო ვიზიტები. ინსპექტორს უნდა მიეცეს წვდომა ყველა ნაკვეთსა და შენობაზე, ასევე შესაძლებლობა, გაეცნოს ჩანაწერებსა და დოკუმენტებს. შედეგად, დგება ანგარიში,  რომლის საფუძველზეც მასერტიფიცირებელი ორგანო  იღებს გადაწყვეტილებას ფერმის სტატუსისა და პროდუქციის ორგანული მეურნეობის ნიშნით ეტიკეტირების შესაძლებლობის შესახებ.

ორგანულ მეხილეობაში, მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში, კონვერსიის პერიოდი განისაზღვრება მოსავლის აღებამდე 3 წლის განმავლობაში, თუ მიწა იმართებოდა დადგენილი წესების შესაბამისად, მონიტორინგის საფუძველზე. კონვერსიის პერიოდის შემცირება დასაშვებია, თუ ბიზნესოპერატორი სერტიფიცირების ორგანოს წარუდგენს საკმარის დასაბუთებას, რომ კონვერსიაზე დადგომამდე მიწის ნაკვეთი არ მუშავდებოდა ქიმიური და სინთეზური საშუალებებით. მიწის დაბინძურების შემთხვევაში სერტიფიცირების ორგანო მოითხოვს კონვერსიის პერიოდი დაწყებას თავიდან.

   გასათვალისწინებელია, რომ ხილის ორგანული მეთოდით წარმოებისას იზრდება წარმოების ხარჯები (12-20 %-ით), მცირდება შრომის პროდუქტიულობა (20-45 %-ით) და მოსავლიანობა (20-40 %-ით), ვაშლის ორგანული ბაღი სრულ მსხმოიარობაში შედის ერთი წლით გვიან, მაგრამ მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 5-8 წლით მეტია მეურნეობის ტრადიციულ ფორმასთან შედარებით. საყურადღებოა, რომ ორგანული ბაღის მსხმოიარობის რესურსი საკმაოდ მაღალია და შეადგენს 480 /ჰა-ს.

ხეხილისა და კენკროვანების ბაღის ორგანული მოდელის შექმნის საბოლოო მიზანი არის ეკოსისტემის კომპონენტების თვითრეგულირების მექანიზმების მაქსიმალური განხორციელების უზრუნველყოფა, რომლის დროსაც, მაკორექტირებელი მექანიზმების საჭიროება მცირდება მინიმუმამდე. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ საშუალოდ, ეს პერიოდი დგება ხეხილის ბაღების ექსპლუატაციაში შესვლიდან ექვსი წლის შემდეგ. ამ ვადაში იქმნება ის ეკოლოგიური ბალანსი მავნე და სასარგებლო ორგანიზმებს შორის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, თანდათანობით, ბაღის სამრეწველო მოსავლიანობის დადგომის დასაწყისისთვის, არანაკლებ ორჯერ შემცირდეს (კონვენციურ ბაღებთან შედარებით) მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბიოპრეპარატების გამოყენების საჭიროება. ამავდროულად, ამ პერიოდისთვის ხდება  ნაყოფის დაზიანების მაჩვენებლის შემცირება ეკონომიკურად მისაღებ დონემდე (4%).

   ორგანული მებაღეობის პოპულარიზაციის იდეის მკვეთრი მოწინააღმდეგეების აზრით, სინთეზური ფუნგიციდების გამოყენების მკვეთრი შემცირება  ან მათი სრული უგულებელყოფა, ხელს უწყობს ნაყოფების დაზიანების ხარისხის ზრდას ლპობისა და ობის სოკოებით, მიკოტოქსინებს მხოლოდ სოკოები გამოყოფენ. ხეხილის დაავადებებიდან მხოლოდ თხილისა და კაკლის ნაყოფის ზოგიერთი სიდამპლეა ამ მხრივ საშიში, დანარჩენი დაავადებები არანაირ პრობლემას არ ქმნიან ამ მხრივ. რომლებიც გამოყოფენ ადამიანისა და ცხოველებისათვის მაღალტოქსიკურ მიკოტოქსინებსა და ანტიბიოტიკებს, რომლებიც არ იშლებიან პროდუქტების (მათ შორის წვენების) გაყინვისა და თერმული სტერილიზაციის დროს და რომლებიც წარმოადგენენ გაცილებით მეტ საშიშროებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ვიდრე პესტიციდები. მინერალური სასუქების შეცვლა არაკომპოსტირებული ნაკელით და ფრინველის სკორეთი, იწვევს, პირველ რიგში, კენკრის დაინფიცირებას ნაწლავური ინფექციების გამომწვევებითა და ჰელმინთებით. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას, რომ ორგანული მებაღეობის კონცეფცია გულისხმობს მთელი რიგი ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებას, რომლებიც გამორიცხავენ აღნიშნული ნეგატიური შედეგების დადგომის ალბათობას. კერძოდ, ორგანული მებაღეობის ფარგლებში რეკომენდებულია პათოგენური სოკოებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ აბსოლუტურად  მდგრადი ან მაღალი იმუნური თვისებების მქონე მცენარეთა ჯიშების გაშენება, მაღალეფექტური ბიოპრეპარატების რეგლამენტის შესაბამისად გამოყენება, რაც გამორიცხავს ან მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ორგანიზმების განვითარების რისკებს, საჭირო რაოდენობით მაღალხარისხოვანი ორგანული სასუქების გამოყენება და ა.შ. ასეთი აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში გარანტირებულია მოწეული ხილისა და კენკრის მაღალი ეკოლოგიური უსაფრთხოება. ამ შემთხვევაში, მიღებული მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებლები უპირობოდ გადაწონის მოსავლის რაოდენობრივ მაჩვენებლებს. ამასთან ერთად, ორგანული სოფლის მეურნეობა არ შეიძლება იყოს არაეფექტური, რადგანაც ბიომწარმოებელი მოქმედებს ბუნებრივი პრინციპებისა და კანონზომიერების შესაბამისად, რომლებიც, თავის მხრივ, დაბალხარჯიანია, რაც გულისხმობს მცირე ენერგეტიკულ დანახარჯებს, ნივთიერებათა რეცირკულაციასსინერგეტიკულ ეფექტებს და ა. შ.

ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ  ორგანული საბაღე ნაკვეთის შერჩევის, მომზადების, დარგვისა და მართვის ძირითად პრინციპებს.

ხეხილ-კენკროვანი მცენარეები მიეკუთვნებიან რამდენიმე ათეულ (40) ოჯახს, ორასამდე გვარს და ათასამდე სახეობას. ბოტანიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ყველა ხეხილ-კენკროვანი მცენარე მიეკუთვნება ფარულთესლოვნების (Angiospermae) ტიპს და ორლებნიანთა  (Dicotyiledonae) კლასს. მებაღეობაში არსებული მცენარეთა რამდენიმე კლასიფიკაციიდან, პრაქტიკულ მეხილეობაში ბიოლოგიური-საწარმოო და სასიცოცხლო (ბიოლოგიური) ფორმების მიხედვით დაჯგუფება გამოიყენება. ბიოლოგიური-საწარმოო კლასიფიკაცია ემყარება ხეხილ-კენკროვანი კულტურების, ნაყოფის მორფოლოგიურ აგებულებას და გამოყენების ხასიათს. ამ კლასიფიკაციის მიხედვით, გამოყოფენ ხეხილ-კენკროვანების შემდეგ ჯგუფებს: თესლოვანები, კურკოვანები, კაკლოვნები, კენკროვანები, სუბტროპიკული კულტურები.

ხეხილის ბაღის გაშენება ბიომეურნეობაში

   ხეხილის ბაღის გაშენებისას, მრავალწლიანი ნარგაობის პირობებში,  ტერიტორიის ორგანიზაციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. საბაღე ტერიტორიის ორგანიზაცია გულისხმობს: შესაბამისი ფართობის გამოყოფას, ჯიშებისა და ჯურების გაადგილებას, გამოყოფილი ფართობის დაყოფას ერთეულებად, ბუფერული ზონების მოწყობას, გზისა და სარწყავი სისტემების მოწყობას, გაშენების გარკვეულ წესს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სათანადო პირობების შექმნა მცენარეთა ზრდა-განვითარებისთვის, ასევე ფერმერის შრომის რაციონალური განაწილებისთვის. ორგანული საბაღე ნაკვეთის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საბაღე ფართობის ბუფერული ზონების დაცვას, ფართობის რელიეფს, ნიადაგისა და ქვენიადაგის მდგომარეობას, გრუნტის წყლის დგომის დონეს, ქარების სიძლიერეს და მიმართულებას, კლიმატური პირობების საფუძვლიანად შესწავლას. შემდგომში ეს საკითხები პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას მოახდენს ხეხილის ბაღის აღზრდაზე, მოსავლიანობის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე.

ხეხილის გაშენებისას ყველაზე უკეთესია ვაკე ადგილი 5-6 გრადუსის დაქანებით. აუცილებელია ნარგავების გარშემო სათანადოდ მოძრაობდეს ჰაერი, რომელიც მცენარეთა გარშემო ტენიანობას ამცირებს და ხელს უშლის ფოთლების დაავადების ხელშემწყობი პირობების შექმნას. ხეხილოვანი კულტურები მოითხოვს კარგად განათებულ, მზიან ადგილს. ცუდად იტანს ჭარბტენიანობას. არასათანადო დრენაჟის პირობებში, სასურველია, შემაღლებული კვლების გაკეთება. საქართველოს პირობებში ხეხილისთვის უკეთესია სამხრეთის, სამხრეთ-დასავლეთის დაქანებები, რადგან ჩრდილოეთის დაქანებებზე (განსაკუთრებით ცივ რაიონებში) იგი სიცივისგან ზიანდება. ასევე გასათვალისწინებელია ზონის ეკოკლიმატური პირობები: ტემპერატურის მაქსიმუმი და მინიმუმი, ნალექების რაოდენობა. ამ კულტურებისთვის კლასიკურად მიღებულია ზღვის დონიდან ბაღის გაშენება 200- დან 1000 მეტრამდე.

       იდეალური ნიადაგი ხეხილის ბაღისათვის:

ü  ერთგვაროვანი სტრუქტურა მაღალი სიმკვრივის ფენების გარეშერაც საშუალებას აძლევს ფესვებს გაიზარდოს 60-70 სმ სიღრმეზე;

ü  თიხნარი ნიადაგი;

ü  pH=6,0–6,5;

ü  სახნავ ფენაში ჰუმუსის შემცველობა – 2%-ზე მეტი;

ü  სახნავი ფენა 20–30 სმ სისქითერთგვაროვანი  სტრუქტურით;

ü  ქვენიადაგის  ფენა 30–40 სმ სისქისსაშუალო ქვიანი სტრუქტურით.

რაც შეეხება ქვე-ნიადაგებს, მათ ერთი მხრივ ხელი არ უნდა შეუშალონ ხემცენარეთა ფესვების თავისუფალ განვითარებას და უნდა წარმოადგენდნენ საკმაოდ წყალგამტარ ფენას, რომ არ გამოიწვიოს წყლის ზედმეტი დაგროვება ფესვთა სისტემის მასობრივი განვითარების სიღრმეზე.

საბაღე ნაკვეთის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს გრუნტის წყლის დგომის დონეს. იგი არ უნდა აღემატებოდეს 1,0–1,5 მეტრს კურკოვანი ხეხილისთვის. თესლოვანი ხეხილის შემთხვევაში, 1,5–2,0 მეტრს. გრუნტის წყლის უფრო მაღლა დგომის შემთხვევაში აუცილებელია დრენაჟების მოწყობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი აქვს ხემცენარეების ფესვთა სისტემის ხმობას და დაღუპვას. ორგანული ხეხილის ბაღები დაცული უნდა იყოს ბუფერული ზონებით, რაც ასევე იცავს ნარგაობას ქარების ზემოქმედებისაგან, ამცირებს ქარების მიერ გამოწვეულ ხის ჩონჩხის მექანიკურ დაზიანებებს, ნაყოფების ცვენას, ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას. უხვი მსხმოიარობის დროს ქარები დიდ ზიანს აყენებს ხეხილის ბაღებს, ადგილი აქვს მოსავლის დიდი ნაწილის ჩამოცვენას, ხის ნორჩი ნაწილები მთლიანად ზიანდება, განსაკუთრებით ზიანდება მაღალი შენების ვარჯის მქონე ხემცენარეები. ქარსაფარს დიდი მნიშვნელობა აქვს კლიმატური პირობების ცვლილებებში, დადგენილია რომ ძლიერ მშრალი ქარების დროს წყლის ხარჯვა, წყნარ ამინდთან შედარებით, 5–8 ჯერ დიდდება. ქარსაფარის გავლენით საგრძნობლად მცირდება ზამთრის ყინვებითა და შემოდგომა-გაზაფხულის წაყინვებით გამოწვეული დაზიანებები, მეტად დიდ გავლენას ახდენს ყვავილობისა და განაყოფიერების მიმდინარეობაზე, იცავს ნარგაობას მავნებელ-დაავადებების გავრცელებისაგან და სხვ. ქარსაფრების გასაშენებლად უნდა შეირჩეს ადგილობრივ პირობებს კარგად შეგუებული ხემცენარეები. ამ დროს გასათვალისწინებელია გაბატონებული ქარების ხასიათი და სიძლიერე, რის მიხედვითაც, შეირჩევა ოპტიმალური დაშორება ქარსაფრებს შორის. ძლიერი ქარების შემთხვევაში, ქარსაფარი მოეწყობა 100 მეტრის დაშორებით, ხოლო სუსტი ქარების არსებობის შემთხვევაში – 150 მეტრის დაშორებით. საჭიროების შემთხვევაში, მანძილი ქარსაფრებს შორის შეიძლება შემცირდეს 75 მეტრამდე. ქარსაფარი ზოლების დაშორება ძირითადი ნარგაობიდან ისე უნდა იყოს, რომ არ გამოიწვიოს დაჩრდილვა. ეს მანძილი საშუალოდ 10-12 მეტრით განისაზღვრება. გასაშენებლად გამოიყენება ძირითადი დამცავი ზოლებისათვის 4-6 რიგი (ზოგ შემთხვევაში 6-8 რიგი), ხოლო განივი ზოლებისათვის 2 რიგი. რიგებს შორის მანძილი უნდა იყოს 2-2.5 მეტრი, როლო რიგში მცენარეთა შორის, 1-1.5 მეტრი. გაშენების სქემად ირჩევა ჭადრაკული წესი.

ორგანული ბაღების გაშენებამდე გამორკვეული უნდა იქნას გასაშენებელი ფართობის 3–5 წლის  ისტორია, თუ რით იყო დაკავებული გასაშენებელი ფართობი. ფართობი წინასწარ უნდა მომზადდეს, მოსწორდეს უსწორმასწორო ადგილები, გაიწმინდოს ჯაგნარების, ძირკვების, ბუჩქების და სხვა ნარჩენებისაგან. იმისათვის, რომ დარგვის შემდეგ ნერგი ლაღად და ნორმალურად ვითარდებოდეს. ხეხილის ბაღის გაშენებამდე კარგ შედეგს იძლევა წინამორბედად შერჩეულ კულტურათა თესვა. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა მრავალწლიანი ბალახების ნარევი და პარკოსანი სათოხნი კულტურები ნაკელიანი ნიადაგით.  ასეთი ნაკვეთი ფხვიერია, სარეველებისაგან თავისუფალი და და ბუნებრივი აზოტითაც მდიდარი.

ორგანული ბაღების გაშენებისას ნიადაგის მომზადება გულისხმობს მის მოხვნასა და დარგვის წინ დაფარცხვას. ნიადაგი უნდა იხვნებოდეს ძირითადად 40-50 სმ სიღრმეზე, შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ბიომეურნეობაში ნაკვეთის სარეველებისაგან წინასწარ გასუფთავებას, რადგან გაშენების შემდეგ სარეველების სიჭარბე დიდ სირთულეებს ქმნის და მკვეთრად აქვეითებს მოსავლიანობას. ჩნდება მავნებელ-დაავადებები. ბაღებში ხეხილის გაადგილების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჯიშების მიხედვით  კვების არის დადგენას. კვების არის დადგენა დამოკიდებულია მთელ რიგ ურთიერთმოქმედ ფაქტორებზე: ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, საძირეებზე, გარემო ფაქტორთა კომპლექსზე, აგროტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელებაზე.

ხილ-კენკროვანი კულტურები მგრძნობიარეა გვალვისადმი, ამიტომ ბაღის გაშენების დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სარწყავი წყლის არსებობას. სარწყავი სისტემის მოწყობა აუცილებელია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, რადგანაც ნალექების წლიური განაწილება ვეგეტაციის პერიოდში იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ მორწყვის სისტემის არარსებობამ შესაძლოა, დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენოს ფერმერს.

ორგანულ მეხილეობაში ნიადაგის დამცავი საფარისთვის დაშვებულია სინთეზური მულჩი, პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის ან სხვა პოლიკარბონატების პროდუქტები. გამოყენების შემდეგ ეს მასალები უნდა მოსცილდეს ნიადაგს და გატანილი იქნას ბაღის ტერიტორიიდან. აკრძალულია პოლიქლორიდის პროდუქტების გამოყენება. მულჩად ასევე გამოიყენება დაქუცმაცებული ტორფი, გადამწვარი ორგანული მასალა, ნამჯა, სილოსი. როგორც ორგანული, ისე არაორგანული მულჩირება თრგუნავს სარეველებს, იცავს ნიადაგს ჭარბი ტენის აორთქლებისაგან, არეგულირებს სითბურ რეჟიმს, მცენარის ფესვებთან შექმნილი ტენიანი გარემო ხელს უწყობს მცენარის ზრდას, ზამთარში ნიადაგს უნარჩუნებს სითბოს.

   ბიომეურნეობაში ხეხილის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ხარისხოვანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია, ნიადაგში შეტანილი იქნას ორგანული სასუქების (ნაკელი, კომპოსტი, წუნწუხი, ქართული და უცხოური წარმოების ბიოსასუქები) ის რაოდენობა, რითაც შევსებული და დაცული იქნება ნიადაგში საკვები ნივთიერებათა საჭირო ბალანსი. ხეხილის ბაღში შესატანი ორგანული სასუქების დოზების დასადგენად კი მიზანშეწონილია ნიადაგის ანალიზის ჩატარება და ნიადაგის pH განსაზღვრა. სასურველია, სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ჩატარდეს ფოთლის ანალიზი და K შემცველობაზე. აუცილებელია ჩატარდეს მცენარეთა ბიოსასუქებით ფესვური გამოკვება წვეთოვანი სარწყავი სისტემის საშუალებით და ფოთლებზე შესხურებით – ორჯერ ან სამჯერ, პირველად ადრე გაზაფხულზე, როგორც კი ყლორტების ზრდა იწყება, მეორე – მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში, საბოლოო კი – ივლისის შუა რიცხვებში. ბაღის გაშენების დროს, სასურველია, კომპოსტის ან ნაკელის დამატება რიგში ან შემაღლებულ კვალში და შერევა ნიადაგის ზედა ფენებში.

ხეხილოვანი მცენარე მრავალწლიანი კულტურაა, მისი მოსავლიანობისა და ზრდა-განვითარების თავისებურებიდან გამომდინარე, მოვლის ყველა საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებებიდან ძალზე მნიშვნელოვანია გასხვლის შესაბამისი წესის დაცვა ანუ გასხვლა და გამოხშირვა, რაც ხელს უწყობს მცენარის შიგნით განვითარებულ ნაყოფებში მზის ფოტოსინთეტური აქტივობის მაქსიმალურ შეღწევადობას, ამცირებს დაავადებებისა და მავნებლების სავარაუდო გავრცელების შესაძლებლობას, და საშუალებას იძლევა მცენარეთა ოპტიმალური სიმჭიდროვისა, ბუჩქებისა და ხეების სწორხაზოვანი რიგების შენარჩუნებით მიღებული იქნეს მაღალი და ხარისხიანი მოსავალი.

საქართველოს პირობებისთვის, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ყველგან, გარდა მაღალმთიანი რაიონებისა (ახალქალაქი, ყაზბეგი, მესტია), ორგანული ბაღების გაშენების საუკეთესო პერიოდია შემოდგომა, ვეგეტაციის ბოლოს, ფოთოლცვენის დამთავრების შემდეგ, ყინვების დაწყებამდე. თუ ზამთარი თბილია და ნიადაგი გაყინული არ არის, დასაშვებია ზამთარშიც დარგვა. შემოდგომაზე ხეხილის დარგვა თუ ვერ მოხერხდა და ზამთარიც მკაცრი-ყინვიანია, ამ შემთხვევაში ნერგების დარგვა სასურველია ვაწარმოოთ ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის პერიოდის დაწყებამდე.

დარგვის დროს გულდასმით უნდა შემოწმდეს თითოეული ნამყენი ნერგი, მისი ფესვთა სისტემის საერთო მდგომარეობა, ბაღის მაკრატლით მოვაშოროთ დაავადებული და დაზიანებული ფესვის ნაწილები საღ ადგილამდე, ჭრილობა რაც შეიძლება მცირე რაოდენობის უნდა იყოს, რათა იოლად მოხდეს დაზიანებული ადგილების შეხორცება.

ნამყენი ნერგის ფესვების სიგრძე 30-35 სმ-ს უნდა აღწევდეს. ნერგების შენახვისა და გადატანისას, თუ ფესვთა სისტემა ნაწილობრივ გამოშრა, დარგვამდე ის ორი დღე-ღამე წყალში უნდა მოვათავსოთ და შემდგომ დავრგოთ. პრაქტიკაში ხშირად ნერგებს ფესვებს ძალიან მკაცრად აჭრიან, რაც არასასურველია, უნდა მოეჭრას მხოლოდ დაზიანებული ადგილები და წაეკვეცოს ბოლოები.

ნერგის დარგვის წინ სასურველია ფესვების ნაკელნარევ წუნწუხში ამოვლება, რაც გათხრილ ორმოებში კეთდება. ეს ხელს უწყობს ნამყენი ნერგის გახარებასა და მის შემდგომ კარგ განვითარებას.

   ორგანულ წარმოებაში დასაშვებია მხოლოდ ორგანული (ბიო) სათესლე და სარგავი მასალების გამოყენება. სათესლე და სარგავი მასალები სულ მცირე ერთი თაობის მანძილზე უნდა იწარმოებოდეს მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში – ორი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში; იმ შემთხვევაში, თუ მეურნეობაში გამოყენებული სათესლე და სარგავი მასალა კონვენციურია, მოსავალი მინიმუმ 12 თვის განმავლობაში არ უნდა გაიყიდოს როგორც ორგანული (ბიო) პროდუქტი.

ხეხილზე მრავალი მავნე ორგანიზმი აღინიშნება. გვხვდება როგორც მავნებლები (მავნე მწერები, ტკიპები, ნემატოდები, მოლუსკები და თაგვისებრი მღრღნელები), ისე დაავადებები (სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული, სტრესული ფაქტორებით გამოწვეული) და სარეველები. ხეხილის მავნე ორგანიზმებთან შეიძლება, გამოვიყენოთ მცენარეთა დაცვაში მიღებული სხვადასხვა მეთოდი: აგროტექნიკური (ყველა ის აგროტექნიკური ღონისძიება, რომელიც საჭიროა ხეხილის მოვლისათვის); მექანიკური (მავნე ორგანიზმების კერების მოსპობა, ფუღუროების ამოვსება, დაზიანებული, დაავადებული და გამხმარი ნაწილების შეგროვება, მწერების ხელით შეგროვება და განადგურება); სანიტარულ-ჰიგიენური (ფოთლების, მოჭრილი ყლორტებისა და სხვა ნარჩენების შეგროვება-გაუვნებლება); ბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური (ხეხილის მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების წინააღმდეგ მათი ბუნებრივი მტრების, აგრეთვე ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული პრეპარატებისა და პესტიციდური აქტივობის მქონე მცენარეების გამოყენება); ბიოტექნოლოგიური (ანტიბიოტიკები, სტიმულატორები, იმუნიზატორები, ზრდის რეგულატორები, ფერომონები, რეპელენტები და სხვ.); სელექციური (ხეხილის მავნე ორგანიზმების მიმართ მდგრადი ჯიშების გამოყვანა, შერჩევა და წარმოებაში დანერგვა); ქიმიური (ხეხილისათვის შერჩეული, ბიოწარმოებაში დაშვებული ქიმიური პრეპარატების გამოყენება მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დოზებით და შესაბამის ვადებში); ინტეგრირებული ( ხეხილის მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის რამდენიმე მეთოდის ინტეგრაცია). ორგანულ მეხილეობაში მიღებულია, აგრეთვე,  კანონმდებლობით დაშვებული ბიოდინამიკური და ჰომეოპათიური პრეპარატების  გამოყენება.

მოსავლის აღების, ტრანსპორტირების და საწყობში დაბინავების დროს, კულტურების მოსავლის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, უნდა გატარდეს ეფექტური ზომები და დაცული იქნას მოსავალი.

იმ შემთხვევაში თუ ორგანული (ბიო) ხეხილის ბაღი ესაზღვრება კონვენციურ მეურნეობას, უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

 

გოჩა წერეთელი, გივი წილოსანი, მზია ბერუაშვილი, 

მზეინაბ სარალიძე, ზურაბ ბილანიშვილი