აგროსიახლეები

შავ ზღვაში სახიფათო ინვაზიური თევზი, ფუგუს ვერცხლისფერი მუცელეკლიანი ნათესავი, კვლავ გამოჩნდა

შავ ზღვაში კვლავ დაფიქსირდა სახიფათო ინვაზიური სახეობის, ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) თევზის გავრცელების შემთხვევები.
ეს თევზი მიეკუთვნება ფუგუსებრთა ოჯახს, რომლის წარმომადგენლისგან იაპონურ სამზარეულოში ცნობილ წვნიანს ამზადებენ.

მიუხედავად მისი კულინარიული სეგმენტით ცნობადობისა, ვერცხლისფერი მუცელეკლიანი თევზი ტოქსიკურობით ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სახეობად მიიჩნევა.

განსაკუთრებული  საფრთხე დაკავშირებულია ძლიერ ნეიროტოქსიკურ ნივთიერებასთან, ტეტროდოტოქსინთან, რომელიც თევზის ორგანიზმში ბუნებრივად არსებობს.

ტეტროდოტოქსინის შხამი ადამიანისთვის უკიდურესად მავნებელია და არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებამ შესაძლოა ძლიერი მოწამვლა და ფატალური შედეგი გამოიწვიოს.

იმის გარდა, რომ თევზი საფრთხეს უქმნის ადამიანებს, უკიდურესად ძლიერი ყბებით და ეკლებით, აზიანებს სათევზაო ბადეებს, თოკებს და დაჭერილ თევზს.

იგი იკვებება მოლუსკებით, სხვა თევზებითა და კიბოსნაირებით, რითაც ანაცვლებს ადგილობრივ სახეობებს და არღვევს ეკოლოგიურ ბალანსს.

ხმელთაშუა ზღვაში მისი გავრცელებამ უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მეთევზეთა სექტორში. შავი ზღვის ეკოსისტემაში მისი გავრცელების შემთხვევაში, მსგავსი შედეგები გარდაუვალი იქნება, მათ შორის, ადგილობრივი თევზჭერის და საზღვაო ბიომრავალფეროვნების შემცირება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატის ცვლილებასა და წყლის ტემპერატურის მატებას, რაც კიდევ უფრო ზრდის ვერცხლისფერი მუცელეკლიანის ფართოდ გავრცელების ალბათობას შავ ზღვაში. ასეთ პირობებში, ის კიდევ უფრო აქტიურად იწყებს ბინადრობას და საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას.

მოქალაქეებს მოუწოდებთ სიფრთხილისკენ: თუ შენიშნავთ უცნობი სახეობის თევზს, გადაუღეთ ფოტო ან ვიდეო, ჩაიწერეთ ადგილმდებარეობა და დაუკავშირდით შესაბამის უწყებებს ან მეზღვაურ-ბიოლოგების ჯგუფებს. ასეთი მონაცემები მნიშვნელოვნად დაეხმარება მეცნიერებს ინვაზიური სახეობების გავრცელების მონიტორინგში და პრევენციულ ღონისძიებებში.

წერს არჩილ გუჩმანიძე ფეისბუკ პოსტში

https://www.facebook.com/archil.guchmanidze