აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეფუტკრეობა

მეფუტკრეობა  საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველო მხოლოდ ღვინის კი არა, მეფუტკრეობის სამშობლოც არის, რასაც არქეოლოგიური არტეფაქტები ადასტურებს, რომელიც 2003 წელს საქართველოში, კერძოდ სამცხეჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გათხრილ ყორღანში აღმოაჩინეს.
არტეფაქტი ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება, ანუ დაახლოებით 5500 წლისაა.

არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ ორ თიხის ჭურჭელში, რომელშიც თავის დროზე თაფლი იყო ჩასხმული, დაახლოებით 20 საუკუნით ძველია, ვიდრე აქამდე ეგვიპტეში, ტუტანხამონის (მეფობდა ძვ. წ. 1347-1337 წწ.) სამარხში ნაპოვნი თაფლი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ყორღანის აღმოჩენა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანის სამუშაოების მიმდინარეობის დროს მოხდა.

5500 წლის წინანდელ ყორღანში აღმოჩენილ თაფლის ორივე ჭურჭელს პალინოლოგიური კვლევები თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში ჩაუტარდა და დადგინ, რომ ჭურჭელში ნამდვილად თაფლი ყოფილა ჩასხმული.

კვლევით ასევე დადგინდა, რომ ჭურჭელში აღმოჩენილი მრავალფეროვანი მცენარეული მტვერი ყორღანის შემოგარენში გავრცელებული მცენარეების მტვრის მსგავსია.

საქართველოში მეფუტკრეობის სიძველესა და ფუტკრის ოჯახის სიმრავლეზე მიუთითებს ძვ. წ. IV საუკუნის ბერძენი ისტორიკოსისა და მხედართმთავრის ქსენოფონტეს წერილობითი წყაროებიც.

საქართველოში ძირითადად არსებობდა მეფუტკრეობის 3 ფორმა: ტყიური, ნახევრად შინაური და შინაური.

ტყიური მეფუტკრეობის უმარტივესი წესი იყო „კლდის ფუტკრის“ ნაყოფის მოპოვება, რაც საქართველოს მრავალ კუთხეში წარმოადგენდა თაფლისა და ცვილის მიღების მნიშვნელოვან და მუდმივ წყაროს.

თაფლისა და ცვილის მოპოვების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი იყო „ხე-ფუტკარზე“ ნადირობა, რომელიც მიზნად ისახავდა ტყიური ფუტკრის ან მისი ნაყოფის მოპოვებას. ამ შემთხვევაში ფუტკრის ოჯახის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდნენ. მას სკის გატეხა, დაშრეტა ან გაქრობა-დანელება ეწოდებოდა.

ტყიური მეფუტკრეობის უფრო გაიშვიათებული სახე ფუტკრის ოჯახის შინ წამოყვანა იყო, რაც ფუტკრის პროდუქტების რეგულარულად მოხმარებას ისახავდა მიზნად.

გურიასა და აჭარაში არსებობდა მეფუტკრეობის ისეთი ფორმაც, როდესაც ფუტკრის სისტემატური ექსპლუატაცია ხდებოდა ტყეშივე, ხელოვნურ გეჯებში.

მეფუტკრეობის გაბატონებული ფორმა საქართველოში შინაური მეფუტკრეობა იყო, რომელიც გულისხმობდა ხელოვნურ გეჯას და საგანგებოდ გაწყობილ საფუტკრეს.

მეფუტკრეობის ისტორიაში განარჩევენ 3 პერიოდს:

  • ველურ ფუტკარზე ნადირობის;
  • პრომიტიული მეხეურგეჯური მეფუტკრეობის;
  • კულტურული მეფუტკრეობის.

ძველად საქართველოში წელიწადში ერთი დღე ფუტკარს ეძღვნებოდა.
ფუტკრის ოჯახთა რაოდენობის მიხედვით აცხობდნენ კვერებს და საფუტკრეში, ხეზე ჰკიდებდნენ, საღამოს კი ბავშვებს ურიგებდნენ.

წესად იყო ფუტკრის შელოცვა ავი თვალისგან. ამ დღეს კაცები სკებს ამზადებდნენ, საფუტკრეს ასუფთავებდნენ, მეურნეობას აწესრიგებდნენ.

დიდ დანაშაულად ითვლებოდა ფუტკრისადმი უდიერი მოპყრობა. შემდგომ საუკუნეებში ფუტკარს, როგორც ღვთაებრივ მწერს, ეკლესიასაც კი სწირავდნენ.

XIX საუკუნეში თაფლის წარმოება სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგი იყო, რომელიც მეფუტკრეებისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.

XX საუკუნის დასაწყისში კი ქვეყანაში საფუტკრე მეურნეობების შექმნა და საქართველოს რეგიონებში სტაბილურად გავრცელება დაიწყო.

დღეს სიამაყით უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული კავკასიური მთის რუხი ფუტკრის სამშობლო საქართველოა (Apis mellifera caucasica — Georgia).

საქართველოს კომპლექსურმა კლიმატურმა მახასიათებლებმა და ფლორის ბიომრავალფეროვნებამ ფუტკრის სახეობების ევოლუცია განაპირობა და შედეგად მას განსაკუთრებული მახასიათებლები შესძინა.

ქართული ფუტკარი გამოირჩევა გრძელი ხორთუმით, რომლის საშუალებითაც ღრმად აღწევს სანექტრე ქსოვილებში, სადაც სხვა სახეობის ფუტკარს შეღწევა არ შეუძლია.

თუმცა ეს არ არის მისი ერთადერთი უპირატესობა — კავკასიური ფუტკარი მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიან ჯიშად არის აღიარებული, რაც მისი არააგრესიული ხასიათით აიხსნება.

ქართული (კავკასიური) რუხი ფუტკრის შესწავლა XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

მეფუტკრეობის მეცნიერულ დარგად ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო რუსი მეფუტკრის პ. პროკოპოვიჩის მიერ ჩარჩოიანი სკისა (1814) და ჩეხი მეფუტკრის ფ. გრუშკას მიერ თაფლსაწურის გამოგონებამ (1865).

1897 წელს შვეიცარელი, ფრანგი და ინგლისელი მეფუტკრეების ინიციატივით შეიქმნა საერთაშორისო ფედერაცია „აპიმონდია“, რომელიც 2-3 წელიწადში ერთხელ აწყობს საერთაშორისო კონგრესსა და სიმპოზიუმს. აქვს ხუთენოვანი პერიოდული ჟურნალი „აპიაკტა“, რომელიც აშუქებს მეფუტკრეობის აქტუალურ საკითხებს და ავრცელებს სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციას.

XIX საუკუნეში საქართველოში მეფუტკრეთა კადრებს ამზადებდა ილია წინამძღვრიშვილის მიერ სოფელ წინამძღვრიანთკარში დაარსებული სასოფლო-სამეურნეო სკოლა. 90-იან წლებში თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის მეაბრეშუნეობისა და მეფუტკრეობის საცდელი სადგური.

1886 წელს საფუძველი ჩაეყარა სანაშენეების ჩამოყალიბებას სოხუმში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალ ათონში, გორში, ქუთაისში, გაგრაში და სხვაგან.

XX საუკუნე ქართულ მეფუტკრეობაში უდიდესი წინსვლით გამოირჩევა.
დაარსდა საცდელი სადგური, შეიქმნა სპეციალიზებული ბიბლიოთეკა, მეფუტკრეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, შემდგომ კი კავშირი და ასოციაცია, დაარსდა სპეციალიზებული ჟურნალი „საქართველოს მეფუტკრეობა“, სახალხო უნივერსიტეტი, საკონსულტაციო და ფუტკრის დაავადებათა დიაგნოსტიკის ლაბორატორია, ინსტიტუტი.

მეფუტკრეობის დარგში მოღვაწეობდა ქართველ მეცნიერთა და მკვლევართა შესანიშნავი პლეადა, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ დარგის განვითარებაში.

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ მეფუტკრეთა საერთაშორისო კონგრესებზე მოწყობილ გამოფენებზე ქართული ფუტკარი მრავალჯერ დაჯილდოვდა უმაღლესი სინჯის მედლებით.

დღეს საქართველოში, საქსტატის ბოლო მონაცემებით, ოფიციალურად რეგისტრირებულია დაახლოებით 250 000 ფუტკრის ოჯახი.
საშუალო წლიური თაფლის წარმოება შეადგენს 2 000–2 500 ტონას, თუმცა ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ბუნებრივი რესურსი და კლიმატური პირობები ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას იძლევა.
მისასალმებელია, რომ თაფლის ექსპორტი თანდათან იზრდება.

თუ 2020 წელს ექსპორტის შედეგად 29 053 დოლარის ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია მოხდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 402 098 დოლარამდე გაიზარდა.
საქართველოში რეგისტრირებულია თაფლის 3 გეოგრაფიული აღნიშვნა: მაჭახელას თაფლი, ნინოწმინდის თაფლი და მუხურის თაფლი.

ექსპორტი: ქართული თაფლი გადის გერმანიაში, არაბეთის ქვეყნებში, ბალტიისპირეთში.

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი თაფლის მწარმოებელი ქვეყნები

ქვეყანა ფუტკრის ოჯახები წლიური თაფლის წარმოება
ჩინეთი 9–10 მლნ 150,000 ტონა
აშშ 4 მლნ 80,000 ტონა
მექსიკა 2 მლნ 50,000 ტონა
კანადა 700 ათასი 35,000 ტონა
ეთიოპია 6 მლნ 45,000 ტონა
საქართველო 250 ათასი 2,500 ტონა

 

მეფუტკრეობა მხოლოდ აგრარული დარგი არ არის — ის ეკოსისტემების რეგენერაციის მძლავრი საშუალებაა.

დამამტვერიანებლების გარეშე, რაშიც ფუტკარს ლომის წვლილი შეაქვს, ბევრი კულტურის მოსავლიანობა 70%-ით შემცირდებოდა.

საქართველოში მეფუტკრეობის დარგს აქვს მდიდარი ისტორია და განვითარების მყარი საფუძველი.

ის მოითხოვს აუცილებელ მხარდაჭერას განათლების, ტექნოლოგიური გაძლიერების, აღჭურვის, კოოპერაციის სწორი მიდგომით და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.

მეფუტკრეობა უძველეს ცივილიზაციებში

ეგვიპტე
პაპირუსებზე დაფუძნებული წყაროები მოწმობს, რომ ეგვიპტეში მეფუტკრეობა დაახლოებით 4000 წლის წინათ არსებობდა.

ფუტკარი ქვემო ეგვიპტის სიმბოლო იყო. ბუდეებს გემებზე აწყობდნენ და ნილოსზე გადაადგილდებოდნენ, რაც გვახსენებს თანამედროვე მთაბარობის სისტემას.
ძველი ეგვიპტელები თაფლის გარდა ასევე იყენებდნენ ცვილს, დინდგელს, დედების რძეს, სამკურნალოდ, კოსმეტიკასა და რელიგიურ რიტუალებში.

ინდოეთი და საბერძნეთი
ძველ ინდოეთში ფუტკარი წმინდად მიიჩნეოდა. არსებობს მონეტები ფუტკრის გამოსახულებით, ხოლო ღმერთი ვიშნუ ხშირად სწორედ ფუტკრის სახით გამოისახებოდა.
საბერძნეთში არისტოტელე, ჰიპოკრატე და პორფირიუსი ფუტკარს სწავლობდნენ. ჰომეროსი თაფლს უმნიშვნელოვანეს საკვებად მოიხსენიებდა. მეფე ზევსის ლეგენდაც ფუტკრებს უკავშირდება: მითოლოგიით, ზევსი ფუტკრებმა აღზარდეს.

ფუტკარი _ ბუნების შრომისმოყვარე დარაჯი ჩვენგანაც ისეთივე ზრუნვას, დაფასებას და დაცვას იმსახურებს, როგორი რუდუნებითაც თვითონ გვემსახურება.

მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა