აგროსიახლეები

17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 45 ათასი ტონა ყურძენი

ამ ეტაპზე, მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 3000-მდე მევენახემ ჩააბარა.
ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 20,5 ათას ტონამდე საფერავი, 18,4 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

თითქმის სრულად დაბინავდა 1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი, რომელსაც  სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“  1 კილოგრამს 1 ლარად   იბარებს. 12 სექტემბერს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, 300 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 400- მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან; აქედან 142 რთველის პროცესში უკვე ჩართულია.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.