აგრარული განათლებადარგებიმემარცვლეობა

დიკა – ენდემური ქართული ხორბალი

დიკა – უძველესი ქართული ხორბლის სახეობათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურაა, რომელიც ქვეყნის აგრარული ისტორიისა და მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად ითვლება.
რქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მისი მოყვანის ტრადიცია საქართველოში ათასწლეულებს ითვლის, ხოლო უნიკალური მორფოლოგიური და კვებითი თვისებები დიკას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

588571016 1169025192073573 5658102842522964433 n

დღეს, მისი კვლევა და პოპულარიზება სხვა ძირძველ კულტურებთან ერთად მნიშვნელოვანია აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და ახალი ჯიშების გამოყვანა-გაძლიერებისთვის.

დიკა (Triticum carthlicum Nevski) გავრცელებულია ძირითადად საქართველოში. მე-20 საუკუნეში, მისი ცალკეული ნათესები გამოავლინეს, დაღესტანში, ნახიჩევანში, სომხეთსა და თურქეთის საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე. თუმცა დიკას წმინდა ნათესი მხოლოდ საქართველოში არსებობდა და მოიხსენიებოდა V საუკუნის ქართულ წერილობით წყაროებში.

არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია, რომ დიკა საქართველოში ჯერ კიდევ 8000 წლის წინ მოყავდათ. ამ სახეობის განამარხებული მარცვლები აღმოჩენილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 ათასწლეულით დათარიღებულ ფენებში შულავერი-შომუს კულტურის არქეოლოგიური ძეგლების გათხრისას (არუხლო, დიდი გორა, შულავერი).

დიკა საგაზაფხულო ხორბალია. ის მთიან ზონაში იყო გავრცელებული და კარგად ეგუებოდა მკაცრ კლიმატს. მისი ნათესები ფართოდ ვრცელდებოდა ზღვის დონიდან 1000 -2000 მეტრ სიმაღლეზე, ზოგჯერ კი მიწათმოქმედების ზედა საზღვრამდე, 2200-2300 მეტრამდეც ადიოდა. მკაცრი კლიმატის პირობებში დიკა მოსავლიანობით აღემატებოდა რბილ ხორბალს. მთაში ზოგჯერ დიკას და ქერის ნარევი ითესებოდა, რომელსაც ქერდიკას, „ქერჭრელს“ უწოდებდნენ.

დიკა წარმოდგენილია 11 სახესხვაობით და ყველა სახესხვაობით წარმოდგენილია მხოლოდ საქართველოში. მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული იყო ოთხი: თეთრი, წითელი, შავი და ჯავახეთის დიკა.

მორფოლოგიურად დიკა ძალიან წააგავს რბილ ხორბალს, განსაკუთრებით თავთავით. თუმცა მისგან იოლად გამოირჩევა თავთავის წვრილი ღერაკით და თავთუნის კილებზე ფხებით. დიკას ღეროს და თავთავის ფუძე ამოვსებულია, რბილი ხორბლის კი – ხასიათდება ფუყე ღეროთი.

დიკა არამარტო მორფოლგიურად, არამედ პურცხობის ხარისხითაც ჰგავს რბილ ხორბალს. აღსანიშნავია, რომ რბილი ხორბლის A1 და B1 ქრომოსომაზე არსებული მაღალმოლეკულური გლუტენის გენები ზუსტად მეორდება დიკაშიც.

დიკასგან საუკეთესო პურს აცხობდნენ. მნიშვნელოვნად მაღალია მასში B3 ვიტამინის შემცველობა. ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს E ვიტამინს, რაც 14%-ით აკმაყოფილებს ზრდასრული ადამიანის დღიურ რეფერენტულ ნორმას, ბავშვებისთვის 7-დან 11 თვემდე კი აკმაყოფილებს 34%-ით.

დიკა ქართული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უნიკალური სიმდიდრეა, რომლის ისტორიული და ბიოლოგიური ღირებულება თანამედროვე აგრარული მეცნიერებისთვისაც დიდ ინტერესს წარმოადგენს. ამ კულტურის აღდგენა და პოპულარიზაცია არა მხოლოდ ტრადიციული სელექციის შენარჩუნებას ემსახურება, არამედ მაღალხარისხოვანი სასურსათო მნიშვნელობის მინერალებით მდიდარი პროდუქციის წარმოების ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის.

დიკას მიმართ მზარდი ყურადღება აგრობიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.