აგრარული განათლებადარგებიმეთევზეობაფერმერი ფერმერს

სამეთევზეო წყალსატევების გათერძვა აუცილებელია!

სათევზე მეურნეობების ექსპლუატაციის პროცესში ტბორის ფსკერზე ლამის დაგროვება უფრო ხშირად მკვეთრ გამოხატულებას პოულობს იმ წყალსატევებში, რომელიც მთის მდინარეების წყალშემკრები აუზით მარაგდება.
პროცესი განსაკუთრებით გაზაფხულის წყალდიდობებისა და წვიმების პერიოდში აქტიურდება. იგი დამოკიდებულებაშია სატბორეების ფართსა და წყალშემკრები აუზის თავისებურებებზე.

აღნიშნული მოვლენა პირდაპირ კავშირშია დინებისათვის თანმხლებ და თვით წყალსატევში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებთან, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ აზრი, რომ წყალსატევის დალამვის შენელებისათვის სხვა ღონისძიებებთან ერთად აუცილებელია თავის შეკავება იმ მიწების მოხვნა-დამუშავებაზე რომელიც სანაპირო ზოლიდან 100 მეტრის გაყოლებით გასდევს მთელ წყალსატევს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ლამის მნიშვნელოვანი ნაწილი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის მასით წარმოიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით წყალსატევების ფსკერის შემადგენლობაში შემავალი ორგანული, ადვილად მინერალიზირებადი ფსკერი ხასიათდება რბილი და მსუბუქი ხასიათის გრუნტით. ასეთი ფსკერის აქტიური ფენა 30-40სმ სისქით, რომელშიც მიმდინარეობს სასარგებლო ბიოქიმიური პროცესები, განმსაზღვრელია თევზის ბუნებრივი პროდუქტიულობის. აზოტის დამაფიქსირებელი ბაქტერიები (ნიტრიფიკატორები) აღნიშნულ ფენას ანიჭებენ აქტიურ პროდუქტიულობას, რაც შეეხება ლამის ჭარბი რაოდენობით შემდგომ დალექვას (განსაკუთრებით უხეში უჯრედანას შემცველი ნარჩენებით) ნიადაგი მიჰყავს უარყოფით შედეგებამდე, რაც გამოიხატება მჟავიანობის გაზრდაში, ჰიდროქიმიური რეჟიმის გაუარესებასა და თევზ-პროდუქტიულობის დაქვეითებაში.

ტბორში ლამის უმნიშვნელო  არსებობისას განეიტრალება შეიძლება მოხდეს წყალსატევის დაშრობით, ხოლო იმ ტბორებში სადაც ლამის რაოდენობა მნიშვნელოვნად დიდია და უკვე გაზრდილია უხეში, ძლიერი ფესვების მქონე მცენარეები აუცილებელია რადიკალური ზომების მიღება: გამოშრობილი ტბორების ფსკერი უნდა მოიხნას. (ღრმად, უკეთესი იქნება თუ მოხდება ფსკერის გაფხვიერება კულტივატორის გამოყენებით) მცენარეული საფარის ფესვიანად მოსაცილებლად ხშირად გამოიყენება ნიადაგის ღრმა ფენაზე გადახვნა რაც კარგ შედეგს ყოველთვის არ იძლევა იმდენად რამდენადაც ნიადაგის დაბალპროდუქტიული ქვედა ფენა მოექცევა ზევით, ხოლო პროდუქტიული გადაინაცვლებს ქვევით. ნიადაგის ფენათა ასეთმა გადაადგილებამ შეიძლება გმოიწვიოს უარყოფითი შედეგები, რაც თევზპროდუქტიულობის დაქვეითებაში გამოიხატება. მიუხედავად აღნიშნულისა თუ ტბორში წარმოიქმნა და გაიზარდა ღრმად ფესვებ გადახლართული უხეში მცენარეები ტბორის ასეთი მონაკვეთების ღრმა გადახვნა ხდება აუცილებელი.

სამეთევზეო ტბორების ფსკერი, რომელთა ფართობი 500 ² და მეტს შეადგენს უნდა დამუშავდეს სათანადო მექანიკური ტექმიკის გამოყენებით. ძველი, დიდი ხნის დაუმუშავებელი ტბორის ფსკერი, რომელშიც ლამის სისქე 2,5 მ შეადგენს და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გამოყენება შეუძლებელია (იფლობა ლამში) უნდა განთავისუფლდეს ლამის შემსრუტავი მოწყობილობის გამოყენებით და მტელი ზამტრის განმავლობაში დარჩეს წყლის გარეშე, ხოლო ზამთარში ფსკერიდან ამოღებული ნიადაგის ფენა გამოყენებული იქნეს მცენარეთა სასუქად მოხმარებისათვის. ლამის დატოვება ფსკერზე უნდა მოხდეს 15-20 სმ სისქის ოდენობით. აღნიშნული საკითხები შესწავლილია ჩვენს მიერ და რეკომენდაციები სამეთევზეო წყალსატევში ჭარბი რაოდენობით დაგროვილი ლამის მემცენარეობაში გამოყენების შესახებ რეკომენდირებულია პრესის მეშვეობით. (ჟურნალი აგრარული საქართველო 2017 წელი N3 და N8)

აზოტის შემცველობა ლამში უტოლდება (და ხშირად აჭარბებს) ნაკელში არსებულ აზოტის რაოდენობას. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტყეში არსებული ტბორების წყალი ხშირად შეიძლება შეიცავდეს ორგანული მჟავების მავნე რაოდენობას, გოგირდის ნაერთებს, გარკვეული რაოდენობის რკინის ჟანგს და სხვა. ამიტომ ტბორის ლამი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მისი წინასწარი გამოკლვლევის შემდეგ.

თბილი ჭყლის თევზების გამოსაზრდელი საწარმოო პროცესები დაგეგმილია ისე, რომ მთელი წლის პერიოდში ყველა კატეგორიის ტბორების დაკავება წყლით აუცილებელობას არ წარმოადგენს და მათში სამელიორაციო საშაოების ჩატარება წარმატებითაა შესაძლებელი.

 ტბორის დაშრობა საკმაოდ საჭირო და სამუშაოების ეფექტურად ჩასატარებელი პერიოდია, რომელიც იცავს წყალსატევს დალამვისაგან. დამშრალ ტბორებში ხდება ჰაერის, სინათლისა და სითბოს გავლენით დანალექი ლამის მინერალიზაცია, იღუპება თევზის ზრდა განვითარებაზე  უარყოფითად მოქმედი არსებები-პარაზიტები და მათ შორის პლანქტონი. მართალია ეს უკანსკნელი თევზის საკვებს წარმოადგენს მაგრამ მისი აღდგენა ტბორის წყლით შევსების შემდეგ სწრაფად მიმდინარეობს. აღნიშნულისათვის 10-14 დღე საკმარისია. პლანქტონისა და ბენტოსის სახეობათა აღდგენა, რომელთაც თავისი  განვითარების დინამიკა აქვთ მოკლე პრეიოდში ხდება.  გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საზაფხულო ტბორები ზამთრის განმავლობაში უწყლოდაა ხოლო გამოსაზამთრებელი-გაზაფხულის პერიოდში. ამასთან სატოფე ტბორები 10,5-11, გამოსაზრდელი 6,5-8 სანასუქე 6-7, გამოსაზამთრებელი 5-6 თვის განმავლობაში დამშრალ მდგომარეობაში უნდა იყოს. წარმოების პროცესის შემადგენლობაში აუცილებელია შედიოდეს ტბორის ყოველწლიური გამოშრობა გარკვეული დროით.  სამელიორაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ყურადსაღებია მეცნიერთა აზრი იმის შესახებ, რომ აღნიშნული პერიოდი ითვლება დროის მოკლე ნაწილად და არ იძლევა საშუალებას გათერძვის სრულყოფილად ჩატარებისათვის, აუცილებელი ხდება ტბორების პერიოდული დაშრობა ვაწარმოოთ უფრო დიდი ხნის ვადით (ერთი წელია ან მეტი დროით)

აღნიშნულ პერიოდშიც სრულყოფილად მოხდება მისი გამოყენება სასოფლო სამეურნეო კულტურების დასათესად და მოსავლის მისაღებად. ტბორების მორიგეობით გამოყენება(თევზი-სასოფლო სამეურნეო კულტურები) უნდა შესრულდეს ყოველ 4 წელიწადში ერთჯერ. გათერძვის პერიოდში უნდა ჩატარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები: მოხვნა, დათესვა, დამშრობი არხების მთლიანი დაშრობა, ჰიდროტექნიკური მოწყობილობის რემონტი და მოკირიანება.

სამელიორაციო ღონისძიებათა შორის საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად    ძირითადად თვლიან ტბორების კირით დამუშავებას.  აღნიშნული განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს  იმ წყალსატევებისთვის, რომელთა ექსპლუატაცია წლების განმავლობაში მიმდინარეობს გათერძვის გარეშე, რასაც ხშირად ერთვის ნიადაგსა და წყალში კალციუმის მარილების ნაკლებობაც.

წყალსატევების ფსკერის დამუშავება ძირითადად უნდა მოხდეს მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების დათესვით, რომელიც იძლევა დიდი რაოდენობით მოსავალს და ერთდროულად ანადგურებს წყალმცენარეების ფლორას, აფხვიერებს, ავენტილირებს და ამდიდრებს ნიადაგს აზოტით და მომდევნო წლის პერიოდში იძლევა თევზის მოსავლის ორჯერადათ გადიდებულ პროდუქციას.

გათერძვის მიზნით წყალსატევის დაშრობა და სასოფლო სამეურნეო კულტურების დათესვა უზრუნველყოფს ორგანული ნივთიერების მინერალიზაციას, რის საფუძველზეც უმჯობესდება ნიადაგის არა მარტო ქიმიური არამედ ფიზიკური თვისებებიც.

ცნობილია, რომ წყალსატევის გათერძვა მეთევზეობაში მოსალოდნელი ეპიზოოტიების გაჩენის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მეთოდია, რომელიც ვეტერინარულ-სანიტარიულ ღონისძიებათა კომპლექსში ეფექტურობის მაჩვენებლად უნდა განიხილებოდეს.

თამაზი გავაშელი, ვეტერინარიის დეპარტამენტის ექსპერტი იხტიოლოგი,

გრიგოლ მამაცაშვილი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,

ირაკლი სამხარაძე, ვეტრეინარიის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი