ნივრის ნემატოდა: როგორ დავიცვათ მეურნეობა „უხილავი მტრისგან“
ღეროსა და ბოლქვის ნემატოდა (Ditylenchus dipsaci) მიკროსკოპული ჭიაა, რომელიც მცენარის ქსოვილებში იჭრება და უჯრედებს შლის.
ჭია დაინფიცირებული სარგავი მასალით, წყლით, სამუშაო იარაღებით და თვით ფეხსაცმლის ძირითაც კი ვრცელდება.
როგორ ამოვიცნოთ ნემატოდა? (სიმპტომები)
მავნებლის არსებობის პირველი ნიშნები ვეგეტაციის პერიოდშივე ვლინდება:
- ფოთლების დეფორმაცია: ფოთლები იგრიხება, ყვითლდება და მცენარე ზრდაში ფერხდება.
- ბოლქვის რბილობი: ნიორი ხდება ფხვიერი, „ბამბისებრი“ და კარგავს სიმკვრივეს.
- ძირის დაზიანება: ბოლქვის ძირი ხშირად სცილდება ნაყოფს, ფესვები კი საერთოდ ქრება.
პრევენცია _ საუკეთესო თავდაცვა
ნემატოდასთან ბრძოლა მისი დამკვიდრების შემდეგ ძალიან რთულია, ამიტომ აქცენტი პრევენციაზე უნდა გაკეთდეს:
- ჯანსაღი სარგავი მასალა: გამოიყენეთ მხოლოდ სერტიფიცირებული, ლაბორატორიულად შემოწმებული ნიორი.
- თესლბრუნვა: ნიორი იმავე ნაკვეთზე მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ დააბრუნეთ. მოერიდეთ ხახვის, ლობიოსა და მარწყვის შემდეგ დარგვას, რადგან ისინიც ნემატოდას მასპინძლები არიან.
- ტექნიკის ჰიგიენა: დაინფიცირებულ ნაკვეთზე ნამუშევარი ტრაქტორი ან გუთანი სხვა ნაკვეთზე გადასვლამდე კარგად უნდა გაირეცხოს.
ბრძოლის თანამედროვე მეთოდები
თერმული დამუშავება
ეს არის ნერგის დეზინფექციის ძველი, მაგრამ ეფექტური მეთოდი. დარგვამდე ნივრის კბილებს ათავსებენ 44-45°C ტემპერატურის წყალში 2 საათის განმავლობაში.
ტემპერატურის სიზუსტე კრიტიკულია: 43°C-ზე დაბალი არ კლავს ნემატოდას, ხოლო 46°C-ზე მაღალი აზიანებს ჩანასახს.
ბიოლოგიური მეთოდი _ „მცენარე–ხაფანგები“
ნივრის დარგვამდე ნაკვეთზე ხავერდა (ყვითელი ყვავილი, იმერული ზაფრანა, Marigold) დათესვა ერთ-ერთი საუკეთესო ბიოლოგიური საშუალებაა.
ამ მცენარის ფესვები გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც ნემატოდასთვის მომაკვდინებელია.
ქიმიური და ბიო–ნემატიციდები
დღეს ბაზარზე არსებობს სპეციალური ნემატიციდები, თუმცა მათი გამოყენება ხარჯიანია. თანამედროვე აგრონომია სულ უფრო მეტად გადადის ბიოლოგიურ პრეპარატებზე, რომლებიც დაფუძნებულია მტაცებელ სოკოებზე (მაგ. Arthrobotrys), რომლებიც ფიზიკურად ანადგურებენ ნემატოდებს ნიადაგში.
მოსავლის აღების შემდგომი მოვლა
თუ ნაკვეთზე ნემატოდა აღმოაჩინეთ, მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენები (ღეროები, ფესვები) არ დატოვოთ ნაკვეთში და არ ჩახნათ ნიადაგში, ისინი აუცილებლად უნდა გაიტანოთ და დაიწვას. ნემატოდას შეუძლია მშრალ ნარჩენებში რამდენიმე წელი იცოცხლოს.
რჩევა ფერმერებს: ყოველთვის აწარმოეთ ჩანაწერები, რომელი სარგავი მასალა საიდან შემოიტანეთ. ეს დაგეხმარებათ დაავადების წყაროს იდენტიფიცირებაში და მეურნეობის სხვა ნაწილების დაცვაში.

