მევენახეობის განსაკუთრებული ადგილები საქართველოში
ეს მართლაც საინტერესო თემაა საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის ისტორიაში. არაერთ ადგილზე მაქვს გაგონილი, რომ აქა და აქ განსაკუთრებული ხარისხის ყურძენი მოჰყავდათ და ღვინოც რიგიანი დგებოდაო. ამგვარი ადგილები ნამდვილად მრავლად არის ჩვენს ქვეყანაში.
ბევრ სოფელსა თუ სოფლის უბანს, ფერდს, მინდორსა თუ სხვას, ისეთი სახელები ჰქვია, როგორიცაა: ნაზვრევი, ნავენახარი, ზვარი, ვაზიანი, ბერების ზვრები, ნავაზი, დედოფლის ზვრები და სხვ.
ჩვენი წინაპრები სოფლის მეურნეობის ყველა დარგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და აქ ნამდვილად ძნელია იმაზე საუბარი, თუ რომელი დარგი იყო სხვებზე უპირატესი.
რა თქმა უნდა ვაზსა და ღვინოს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა, მაგრამ არც ხორბალი, მესაქონლეობა თუ სხვა დარგები იყო უმნიშვნელო. ერთი კია, რომ ახალმოსახლე, სანამ სახლკარს გამართავდა, თავდაპირველად შეარჩევდა და დაახარისხებდა სამარნეს, სავენახეს, საბოსტნეს, საბძელს, ბეღელს, ბოსელსა და სხვას, ხოლო ყველაზე უნაყოფო ადგილას კი თავის სახლს გამართავდა.
მაღალხარისხიანი მევენახეობით ძველი დროიდანვე განთქმული ერთ–ერთი ამგვარი ადგილი გახლავთ „ბოტა“.
ეს არის მევენახეობის ძველი და ამასთან განსაკუთრებული ადგილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტთან.
„ბოტა“ მდებარეობს სოფელი ჭოპორტის მარცხნივ, სოფლის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 560 მეტრზე. ამ ადგილას ვაზის ძირითადი ნარგაობა ჩინურის ჯიში იყო. გაცილებით მცირე ადგილი ეკავა გორულ მწვანეს, ხოლო იშვიათად თვკვერს, რომელიც ჩინურის ზვრებში იყო გამორგული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სავენახე ფართობი მთლიანობაში მაინც მცირე იყო, რაც, თავდაპირველად მოსახლეობის კუთვნილება ყოფილა. უკვე შემდგომ ის კოლექტივის ხელში გადავიდა და ბოლოს, გასული საუკუნის 90-იანებში, ნაკვეთები კვლავ მოსახლეობას დაუბრუნდა.
„პრივატიზაციიდან“ მოყოლებული ბოტას ვენახებს მოსახლეობის მხრიდან უკვე ნაკლები ყურადღება ექცეოდა და მისი დიდი ავტორიტეტი ინერციითღა გრძელდებოდა, მანამ, სანამ მთლად არ მინავლდა. ამჟამად ბოტაში კვლავ ვხვდებით ვენახებს, რაც ადგილობრივი მოსახლოების კუთვნილებაა. ამ ადგილას ბოლო პერიოდში ბევრი ვენახი გაიჩეხა და ამრიგად გაჩნად ცარიელი სავენახე ადგილებიც.
ესეც ჩვენი ვაზისა და ღვინის ისტორიის კიდევ ერთი პატარა ფურცელი.
გიორგი ბარისაშვილი
მცხეთა, 2026 წ.

