მსოფლიოს აგრარული უნივერსიტეტები სადაც მომავლის სოფლის მეურნეობა იქმნება
თანამედროვე სოფლის მეურნეობა სრულიად ახალ ეპოქაში შედის, რომელსაც ინოვაციები, მდგრადი განვითარება, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგია და კლიმატგონივრული წარმოების სისტემები მართავს.
მსოფლიოს წამყვანი აგრარული უნივერსიტეტები დღეს მხოლოდ მეცნიერებს კი არ ზრდიან, არამედ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების, ეკოლოგიური მედეგობისა და აგრარული ტრანსფორმაციის მომავალს აყალიბებენ.
გლობალურად აღიარებული საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტები სამეცნიერო მიღწევების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებებით უზრუნველყოფენ:
- მდგრადი და აღდგენითი (რეგენერაციული) სოფლის მეურნეობა;
- ჭკვიანი ფერმერობა ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით და ციფრული აგრონომია;
- წყალდამზოგავი და ეფექტიანი საირიგაციო სისტემები;
- კლიმატმედეგი მოსავლის წარმოების სისტემები;
- აგრარული ბიოტექნოლოგია, გენეტიკა და ნიადაგმცოდნეობა;
- ზუსტი სოფლის მეურნეობა (Precision Agriculture) და ფერმების ავტომატიზაცია;
- ნახშირბადის მართვა, ეკოსისტემების აღდგენა და „მწვანე“ განვითარება.
ვაგენინგენის უნივერსიტეტიდან (ნიდერლანდები) და დეივისის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (აშშ), შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტამდე, ჩინეთის აგრარულ უნივერსიტეტამდე, ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტამდე (ETH Zurich) და მელბურნის უნივერსიტეტამდე (ავსტრალია), ეს სასწავლებლები თვალსაჩინოდ ავლენენ, თუ როგორ ქმნის მეცნიერება და ტექნოლოგია თანამედროვე აგროსექტორის თანამედროვე მოდერნიზებულ სისტემას.
საერთაშორისო აგრარული მეცნიერების გამოცდილება უმნიშვნელოვანესი გზამკვლევია ისეთი ქვეყნებისთვის, რომელთაც აქვთ უზარმაზარი პოტენციალი, გახდნენ რეგიონული ლიდერები მდგრად სოფლის მეურნეობაში, კლიმატურ ადაპტაციაში, სათესლე სისტემებსა და ბიოტექნოლოგიებში.
ეს ინსტიტუტები ფოკუსირდებიან შემდეგ პრიორიტეტებზე:
- კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა;
- სათესლე მასალისა და გენეტიკური ინოვაციები;
- ორგანული და მდგრადი სასურსათო სისტემები;
- ციფრული და ზუსტი ფერმერობა;
- ნახშირბადის სეკვესტრაცია (შებოჭვა) და ეკოლოგიური რესტავრაცია;
- აგრარული მეწარმეობა და ახალგაზრდული ინოვაციები.
მსოფლიოს წამყვანი აგრარული უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაკვირვება განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს კონტექსტში. ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური ისტორიული და სამეცნიერო ფუნდამენტი, სულ რამდენიმე ათწლეულის წინ საქართველო მთელი რეგიონის აგრარული განათლებისა და მეცნიერების აღიარებული ცენტრი და მთავარი ჰაბი იყო.
ქართული აგრარული სკოლა გამოირჩეოდა მძლავრი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებით, რომელთა მიღწევებიც სცდებოდა ქვეყნის საზღვრებს:
- უნიკალური გენოფონდის დაცვა და სელექცია _ მევენახეობა-მეღვინეობის, მეხილეობისა და მემცენარეობის მიმართულებით ქართველმა მეცნიერებმა შექმნეს და შეინარჩუნეს ენდემური ჯიშების უმდიდრესი ბაზა;
- ფუნდამენტური მეცნიერება _ ნიადაგმცოდნეობის, მცენარეთა დაცვისა და სუბტროპიკულ კულტურათა ინსტიტუტების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიები დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას.
რა არის საქართველოს პერსპექტივა მომდევნო წლის რეალობაში?
დღეს, როდესაც მსოფლიო აღდგენით (რეგენერაციულ) სოფლის მეურნეობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებაზე გადადის, საქართველოს აქვს შანსი, თავისი ისტორიული გამოცდილება მომავლის ტექნოლოგიებს დაუკავშიროს. ჩვენი პერსპექტივები რამდენიმე მთავარ ღერძს ეფუძნება:
- მსოფლიო იღლება მონოკულტურებისგან და ეძებს მდგრად, კლიმატმედეგ ადგილობრივ ჯიშებს. საქართველოს ენდემური ხორბლის სახეობები, ვაზისა და ხილის უნიკალური ჯიშები ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული რესურსია. ქართული აგრარული განათლების მიზანი ამ ჯიშების თანამედროვე გენეტიკურ და ბიოტექნოლოგიურ დონეზე შესწავლა უნდა გახდეს.
- საერთაშორისო სტანდარტების (თანამედროვე ლაბორატორიები, ციფრული აგრონომიის პროგრამები) დანერგვით, საქართველოს კვლავ შეუძლია მიიზიდოს სტუდენტები და მკვლევრები მეზობელი ქვეყნებიდან, როგორც ეს გასულ საუკუნეში ხდებოდა.
- ქართული ნიადაგების მრავალფეროვნება (თითქმის ყველა ნიადაგობრივ-კლიმატური ზონის არსებობა მცირე ტერიტორიაზე) იდეალურ პლატფორმას ქმნის ზუსტი სოფლის მეურნეობისა და ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოსაცდელად. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ არა უბრალოდ ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ „ჭკვიანი ფერმერობის“ რეგიონული სატესტო პოლიგონი.
თანამედროვე აგრარული მეცნიერების ფილოსოფია მარტივია: სოფლის მეურნეობამ მსოფლიო არა მხოლოდ უნდა გამოკვებოს, არამედ უნდა უზრუნველყოს იგი ენერგიით, სამოსით, სამკურნალო ნედლეულითა და პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებით.
სოფლის მეურნეობის მომავალი ეკუთვნის ჯანსაღ ნიადაგებს, მედეგ კულტურებს, მონაცემებზე დაფუძნებულ ფერმერობას, სუფთა გარემოსა და მოსავლიანობის ზრდას.
ყოველმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც, თავისი აგრარული პოტენციალითა და ტრადიციებით, სწორედ ამ ტრანსფორმაციის რიგში უნდა დაიკავოს ღირსეული ადგილი.
მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა

