აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

თხილის უეცარი ხმობა – რა უნდა იცოდეს ფერმერმა?

ბოლო წლებში თხილის წარმოება დასავლეთ საქართველოში ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. „თხილის უეცარი ხმობა“ ის გამოწვევაა, რაც ფერმერებს სერიოზული აშფოთებთ. აღნიშნული პრობლემის ეფექტურად მართვა და პრევენცია დიდწილად დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომების დროულ ამოცნობასა და კომპლექსური აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებაზე.

ბოლო წლებში დასავლეთ საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში სულ უფრო ხშირად ფიქსირდება თხილის უეცარი ხმობის შემთხვევები, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად იქცა ფერმერებისთვის.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაავადება კომპლექსური ხასიათისაა. მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბაქტერიული დაავადებები – ბაქტერიული კიბო (Pseudomonas avellanae) და ბაქტერიული სიდამწვრე (Xanthomonas arboricola), თუმცა დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს მცენარის დასუსტება, კლიმატური ცვლილებები, გვალვა, ჭარბტენიანობა, ნიადაგის მაღალი მჟავიანობა და სხვა ბიოტური თუ აბიოტური სტრესფაქტორები.

თხილის უეცარი ხმობის დამახასიათებელი სიმპტომებია: მცენარის ფოთლების გაყვითლება მუქი ნეკროზული ყავისფერი ლაქებით, ტოტებზე ვერტიკალური ნახეთქები, ჭკნობის და ხმობის ნიშნებით, ტოტის ჰორიზონტალურ გადანაჭერზე ღეროს გულის (ქსილემის) გამუქება, შტამბზე კორძებით შემოსაზღვრული ნახეთქები, სპეციფიკური ლაქები და სხვა.

როგორ შევამციროთ თხილის უეცარი ხმობის განვითარების რისკი?

თხილის ნარგაობაში მნიშვნელოვანია მაღალი აგროტექნიკური ფონის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს: ნიადაგის pH-ის კორექტირებას მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში, ნიადაგის ანალიზზე დაფუძნებულ დაბალანსებულ განოყიერებას, ორგანული და მინერალური სასუქების მიზნობრივ გამოყენებას, ფოთლოვან კვებას, მცენარეთა ინტეგრირებული (ფიტოსანიტარული, ბიოლოგიური და ქიმიური) დაცვის ღონისძიებების განხორციელებას და ყველა მოვლითი აგროღონისძიების აგროვადებში ჩატარებას.

სარეველების კონტროლი, როგორც რიგთაშორისებში, ისე მცენარეებს შორის. რეკომენდებულია მექანიკური გათიბვა განათიბის ადგილზე დატოვებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, კონტაქტური ჰერბიციდების გამოყენება.

აუცილებელია სადრენაჟო-წყალშემკრები სისტემის გამართვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ახალი სადრენაჟო არხების მოწყობა. გვალვიან პერიოდში რეკომენდებულია შესაძლებლობის ფარგლებში მცენარის მორწყვა.

დასუსტებული მცენარეები ზაფხულის განმავლობაში უნდა მოინიშნოს, რათა გასხვლისას ცალკე დამუშავდეს.

საშემოდგომო-საგაზაფხულო გასხვლის დროს სამუშაოები რეკომენდებულია დაიწყოს დაავადებული ბუჩქებიდან. დაზიანებული დედა-ტოტები უნდა ამოიჭრას, ბაღიდან გაიტანოს და განადგურდეს.

საბაღე ინსტრუმენტები ყოველი დაზიანებული მცენარის შემდეგ უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით, სხვა სადეზინფექციო ხსნარით ან სანთებელას ალზე გადატარებით. დეზინფექცია აუცილებელია ყოველ ახალ მცენარეზე გადასვლისას.

გასხვლის შემდეგ მცენარეები უნდა დამუშავდეს სპილენძის შემცველი პრეპარატებით, ეტიკეტზე მითითებული დოზირების შესაბამისად.

ფოთოლცვენის დაწყებისას (50-70%) აუცილებელია სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენება. რეკომენდებულია სპილენძის შემცველი პრეპარატების ორჯერადი შესხურება შემოდგომით და ორჯერადი შესხურება ადრე გაზაფხულზე, ეტიკეტზე მითითებული დოზირებით.

უნდა შეიზღუდოს რიგთაშორისებში ნიადაგის მოხვნა და კულტივაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება დაზიანებული ფესვების ნაწილებით.

იმ ბაღებში, სადაც დაავადების ძლიერი კერებია და ბუჩქები მთლიანად გამხმარია, ხოლო ახალი ამონაყრები აღარ ვითარდება, მცენარეები აუცილებელია მთლიანად ამოიძირკვოს და განადგურდეს.

აუცილებელია ამბროზიის ხოჭოს (Anisandrus dispar) და შავი ხარაბუზას (Oberea linearis) სისტემატიური კონტროლი, რათა შემცირდეს ბაქტერიის გავრცელების ალბათობა.

სავეგეტაციო პერიოდში უნდა შეიზღუდოს სისტემური ჰერბიციდების (გლიფოსატი) გამოყენება.

რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, თუ თხილის უეცარი ხმობის პირველი ნიშნები უკვე გამოვლინდა?

თხილის უეცარი ხმობით დაზიანებული მცენარეების სრულად განკურნება რთულია, რადგან პათოგენი სისტემურად ვრცელდება მცენარის ქსოვილებში, აზიანებს როგორც ქსილემას, ისე ფლოემას. გარდა ამისა, დასუსტებულ მცენარეებს ხშირად ემატება სხვა ტრაქეომიკოზური სოკოვანი დაავადებები, როგორიცაა ბოტრიოსფერია და ვერტიცილიოზი. თუმცა დროული ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია დაავადების გავრცელებისა და მიყენებული ზიანის მნიშვნელოვნად შემცირება.

თუ დაავადების პირველი ნიშნები უკვე გამოვლინდა, რეკომენდებულია:

მცენარის ზედა ნაწილში ფოთლების სწრაფი გაუფერულების, შეყვითლებისა და ჭკნობის შემთხვევაში რეკომენდებულია მცენარის გადაჭრა 90-110 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო გადაჭრილი ადგილის დამუშავება 2-3%-იანი სპილენძის შემცველი პრეპარატით.

მთლიანად დაზიანებული მცენარე და მისი ნაწილები უნდა გაიტანოთ ბაღიდან და გაანადგუროთ. თუ მცენარე უკვე სრულად გამხმარია, მისი ამოძირკვისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა ბაქტერია არ გავრცელდეს.

სეტყვის, წაყინვის ან სხვა მექანიკური დაზიანების შემდეგ რეკომენდებულია მცენარეების პროფილაქტიკური დამუშავება სპილენძის შემცველი პრეპარატებით. დამატებით შესაძლებელია ამინომჟავების შემცველი ბიოპრეპარატების გამოყენება, თუმცა მათი სპილენძის შემცველ პრეპარატებთან შერევა დაუშვებელია.

დაავადებულ მცენარეებზე მუშაობისას სეკატორები და სხვა საჭრელი იარაღები ყოველი გამოყენების შემდეგ დაამუშავეთ 70%-იანი ეთანოლის ხსნარით ან სანთებელას ალზე გადატარებით, რათა შემცირდეს ბაქტერიის გავრცელების რისკი.

რეკომენდებულია ნიადაგის მჟავიანობის განეიტრალება შესაბამისი საშუალებების -კირის, დოლომიტის, დეფეკატი ტალახისა და სხვ. გამოყენებით.

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა

დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენის შემდეგ რეკომენდებულია თხილის ბუჩქისა და ფესვთა სისტემის დამუშავება 710-დღიანი ინტერვალით, 34-ჯერ, ფართო სპექტრის ბაქტერიციდული მოქმედების სისტემური პრეპარატებით – უპირატესად სპილენძის შემცველი პრეპარატებით, ასევე ალუმინის ფოსეტილით, მეტალაქსილით და სხვა. პრეპარატები გამოიყენეთ ეტიკეტზე მითითებული დოზირების შესაბამისად (საორიენტაციოდ 50100 გ/10 ლ წყალზე).

სასურველია ფესვთა სისტემის 1-2-ჯერ დამუშავება სისტემური ფუნგიციდების კომბინირებული ნაზავით (დიფენოკონაზოლი, ტებუკონაზოლი, კარბენდაზიმი და სხვა), ეტიკეტზე მითითებული დოზირების შესაბამისად (საორიენტაციოდ 5–10 მლ/10 ლ წყალზე).

ბიოორგანული მეთოდებიდან რეკომენდებულია Bacillus amyloliquefaciens-ის (ყოფილი subtilis) შემცველი ბიოფუნგიციდების გამოყენება – 100 მლ/10 ლ წყალზე, 10-14-დღიანი ინტერვალით, 3-4-ჯერ.

პირველადი კვლევების მიხედვით, დაავადების მიმართ განსაკუთრებით მიმღებიანია ტონდა ჯიფონის და ანაკლიურის ჯიშები, განსაკუთრებით ტონდა ჯიფონი.

თხილის უეცარი ხმობის მართვა მოითხოვს ფერმერის მხრიდან მაქსიმალურ ყურადღებას და აგროტექნიკური რეგლამენტის ზედმიწევნით შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სრულად განკურნება რთულია, ინტეგრირებული დაცვის მეთოდების, სანიტარული წესების დაცვისა და დროული პრევენციული ქმედებების საშუალებით, ფერმერებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ მოსავლის დანაკარგი და შეინარჩუნონ თხილის ბაღები.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი