დღეს მთავარი კითხვა ის კი არ არის, რამდენი ტონა მარცვლეული მოვიწიეთ, არამედ – რამდენი ფერმერი დარჩება მარცვლეულის სექტორში მომავალ წელს?
მარცვლეულის წარმოება მხოლოდ ერთი აგრარული დარგის პრობლემა არ არის. მარცვლეული ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ერთ–ერთი მთავარი საყრდენია და მისი წარმოების შემცირება საბოლოოდ გავლენას ახდენს პურის, ხორცის, რძისა და კვერცხის ფასებზე.
საქართველოში მარცვლეულის სექტორში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ პრობლემა უკვე ცალკეული ფერმერების ფინანსურ სირთულეებს გასცდა და სისტემურ ხასიათს იძენს. თუ წარმოების ეკონომიკური საფუძველი კიდევ უფრო დასუსტდა, ქვეყანამ შეიძლება ერთდროულად ადგილობრივი წარმოების შემცირება, ფერმერული მეურნეობების გაკოტრება და იმპორტზე დამოკიდებულების კიდევ უფრო მეტად გაზრდა მიიღოს.
მარცვლეულის მწარმოებლის დღევანდელი მდგომარეობის მთავარი წინააღმდეგობა მარტივია: წარმოების ხარჯები მაღალია, ხოლო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ხშირად დანახარჯებს ვერ ფარავს.
ფერმერი სეზონის განმავლობაში იხდის მიწის, საწვავის, სასუქის, მცენარეთა დაცვის საშუალებების, ტექნიკის, მუშახელისა და სესხის ხარჯებს. მოსავლის აღების შემდეგ კი პროდუქციის შენახვა – რეალიზაცია, თითქმის გადაულახავ პორბლემად ექცა.
თუ ფერმერს მარცვლეულის დასაბინავებლად საწყობი არ აქვს და მოსავლის აღებისთანავე თანხა სჭირდება კომბაინის, ტექნიკის, ბანკის ან სხვა ვალდებულებების დასაფარად, იგი იძულებული ხდება მოსავალი იმ ფასად გაყიდოს, რასაც იმ მომენტში ბაზარი სთავაზობს.
თუ ფერმერს არ აქვს სათანადო საცავი, საშრობი, დასუფთავებისა და დახარისხების შესაძლებლობა, ის ფაქტობრივად კარგავს ბაზარზე დროის არჩევის შესაძლებლობას.
ამიტომ მარცვლეულის სექტორის გაძლიერება მხოლოდ სუბსიდირებას არ უნდა ნიშნავდეს. საჭიროა შენახვის ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის რეგიონული მარცვლეულის საწყობები, საშრობები და ფერმერთა კოოპერაციული მოძრაობის განვითარება.
განსაკუთრებით საყურადღებოა სახელმწიფო მიწების იჯარის საკითხი. თუ ფერმერისთვის მიწის გამოყენების ღირებულება მკვეთრად იზრდება მაშინ, როდესაც ერთდროულად ძვირდება საწვავი, სასუქი, ტექნიკა და ფინანსური რესურსი, საბოლოოდ შეიძლება წარმოების ეკონომიკური მოდელი აღარ მუშაობდეს.
მიწის დამუშავების შეწყვეტა მხოლოდ ერთი სეზონის დაკარგვას არ ნიშნავს.
თუ ფერმერი ვეღარ ახერხებს მიწის დამუშავებას, მიწა შეიძლება დაუმუშავებელი დარჩეს ან მისი გამოყენება სხვა ეკონომიკურ სუბიექტზე გადავიდეს. განსაკუთრებით სახიფათოა ის შემთხვევა, როდესაც ვალდებულებების გამო ფერმერი იძულებულია გაყიდოს ტექნიკა ან დაკარგოს საკუთრებაში არსებული მიწა.
აქ უკვე საქმე გვაქვს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმდინარე პრობლემასთან, არამედ მარცვლეულით დაკავებული სასოფლო–სამეურნეო მიწის შენარჩუნების სტრატეგიულ საკითხთან.
იმპორტირებული მარცვლეული ადგილობრივ ბაზარზე აუცილებელი კომპონენტია, როდესაც ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს. თუმცა იმპორტზე ზედმეტი დამოკიდებულება გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ რისკებს ქმნის.
მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის, ექსპორტიორ ქვეყნებში მოსავლის შემცირების, ლოგისტიკური პრობლემების ან სხვა გარე ფაქტორების შემთხვევაში, იმპორტირებული პროდუქტის გაძვირება პირდაპირ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.
თუ ამ დროს ადგილობრივი წარმოებაც შემცირებულია, ქვეყანას აღარ აქვს საკმარისი შიდა რესურსი, რომელიც ფასების შოკს ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებს.
ამიტომ საკითხი არ უნდა დადგეს ასე — „იმპორტი თუ ადგილობრივი წარმოება?“
სწორი მიდგომაა: იმპორტი საჭიროების დასაბალანსებლად და ძლიერი ადგილობრივი წარმოება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მარცვლეულის წარმოების შემცირება მხოლოდ პურის ფასის პრობლემა არ არის.
მარცვალი მნიშვნელოვანი ნედლეულია მეცხოველეობისა და მეფრინველეობისათვის. შესაბამისად, მისი გაძვირება ზრდის საკვების ღირებულებას, რაც საბოლოოდ აისახება ხორცის, კვერცხისა და რძის პროდუქტების თვითღირებულებაზეც.
ამიტომ მარცვლეულის სექტორის მხარდაჭერა უნდა განვიხილოთ როგორც სასურსათო უსაფრთხოების მრავალსექტორული პოლიტიკა.
რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?
ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთჯერადი დახმარება საკმარისი არ იქნება. საჭიროა გრძელვადიანი და პროგნოზირებადი პოლიტიკა.
უნდა შეიქმნას მარცვლეულის სექტორის გადარჩენისა და განვითარების პროგრამა
სახელმწიფომ, ფერმერთა წარმომადგენლებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, უნდა შეაფასოს წარმოების რეალური თვითღირებულება და დაადგინოს, რა ეკონომიკური პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ფერმერს მარცვლეულის წარმოების გაგრძელება უღირდეს.
უნდა გადაიხედოს სახელმწიფო მიწების საიჯარო პოლიტიკა
განსაკუთრებით მძიმე პერიოდში მკვეთრი საიჯარო ზრდა შესაძლოა წარმოების შემამცირებელ ფაქტორად იქცეს. შესაძლებელია დროებითი შეღავათების, ეტაპობრივი გადასახადების ან პროდუქტიულობასთან დაკავშირებული პირობების გამოყენება იმ ფერმერებისთვის, რომლებიც მიწას რეალურად ამუშავებენ.
უნდა განვითარდეს სასაწყობე ინფრასტრუქტურა
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით მარცვლეულის მწარმოებელ რეგიონებში უნდა შეიქმნას თანამედროვე საწყობები და საშრობები მეურნეობები.
სასურველია, ასეთი ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იყოს მცირე და საშუალო ფერმერებისთვისაც, მათ შორის კოოპერაციის მეშვეობით.
უნდა გაძლიერდეს ფინანსური მხარდაჭერა
ფერმერს სჭირდება არა მხოლოდ იაფი სესხი, არამედ ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც სეზონურობას ითვალისწინებს.
მოსავლის რეალიზაციამდე ფერმერს ხშირად სჭირდება საბრუნავი კაპიტალი. შესაბამისად, უნდა განვითარდეს შეღავათიანი სეზონური კრედიტები, გარანტიის მექანიზმები და მოსავლის შენახვასთან დაკავშირებული ფინანსური პროდუქტები.
უნდა გაძლიერდეს რისკების დაზღვევა
მარცვლეულის წარმოება ამინდისა და ბაზრის ცვლილებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. დაზღვევა ფერმერისთვის მხოლოდ მოსავლის დაკარგვისგან დაცვის საშუალება არ უნდა იყოს, საჭიროა ისეთი მოდელების განვითარებაც, რომლებიც წარმოების ფინანსურ მდგრადობას ზრდის.
საჭიროა ფერმერთა ინფორმირება
ფერმერს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ფასების, იმპორტის მოცულობების, მარაგებისა და ბაზრის პროგნოზების შესახებ.
სანდო მონაცემების ცოდნა ფერმერს საშუალებას მისცემს, უკეთ დაგეგმოს როგორც ნათესი, ისე მოსავლის რეალიზაცია.
რა უნდა გააკეთონ თავად ფერმერებმა?
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დიდია, თუმცა ფერმერთა სექტორსაც სჭირდება უფრო ძლიერი ორგანიზება.
ცალკეული ფერმერის ხმა ხშირად სუსტია. ათასობით ფერმერის საერთო, ორგანიზებული პოზიცია კი უკვე სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორია.
ფერმერებმა უნდა შექმნად გაერთიანებები: ასოციაციები, კოოპერატივები და დარგობრივი ორგანიზაციები მხოლოდ პრობლემების გახმოვანებით არ უნდა შემოიფარგლონ. მათ უნდა შეიმუშაონ კონკრეტული წინადადებები, გაანგარიშებები და ალტერნატივები.
მაგალითად:
- რა ღირს ერთი ჰექტარი მარცვლეულის წარმოება;
- რა არის ფერმერის რეალური თვითღირებულება;
- რა ფასი უზრუნველყოფს წარმოების სტიმულირებას;
- რა ფართობია საფრთხის ქვეშ;
- რამდენი ფერმერი შეიძლება გავიდეს სექტორიდან;
- რა მოცულობის მარცვლეული შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ;
- რა ეკონომიკური ზიანი მოჰყვება ადგილობრივი წარმოების შემცირებას და სხვ.
ასეთი მონაცემებით საუბარი გაცილებით უფრო დამაჯერებელი ხდება.
ფერმერთა სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შეიძლება სწორედ კომუნიკაციის ფორმა იყოს.
სახელმწიფოსთან დიალოგში მხოლოდ იმის თქმა, რომ „ფერმერი რთულ მდგომარეობაშია“, საკმარისი აღარ არის.
საჭიროა მკაფიო გზავნილი:
მაგალითად: „ეს არის პრობლემა, ეს არის მისი გამომწვევი მიზეზები, ეს არის მოსალოდნელი შედეგები და ეს არის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა განხორციელებასაც დარგი ითხოვს.“
ასეთი მიდგომა ფერმერთა ინტერესების წარმომადგენლობას უფრო პროფესიულ და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.
სახელმწიფოსა და ფერმერებს შორის მუდმივი დიალოგია საჭირო
მარცვლეულის სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საკონსულტაციო ფორმატის არსებობა, სადაც სახელმწიფო უწყებები, ფერმერთა ასოციაციები, აგრონომები, გადამმუშავებლები, შემსყიდველები, ბანკები და სხვა დაინტერესებული მხარეები რეგულარულად განიხილავენ სექტორის მდგომარეობას.
კრიზისის დროს შეხვედრის დაწყება უკვე დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს.
საჭიროა წინასწარი გაფრთხილების სისტემა, თუ მოსალოდნელია წარმოების მკვეთრი შემცირება, ფასების ზრდა ან ფერმერთა ნაწილის სექტორიდან გასვლა, რეაგირება უნდა დაიწყოს მანამდე, სანამ პრობლემა კრიტიკულ მასშტაბს მიაღწევს.
მთავარი ამოცანაა ფერმერის შენარჩუნება
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, რამდენი ტონა მარცვლეული ვაწარმოთ, არამედ უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, რამდენი ფერმერი დარჩება მარცვლეულის სექტორში?
თუ ფერმერი რამდენიმე სეზონის განმავლობაში ზარალზე მუშაობს, მისი ტექნიკური და ფინანსური რესურსები იწურება. საბოლოოდ ის შეიძლება იძულებული გახდეს, გაყიდოს ტექნიკა, შეამციროს ნათესი ან საერთოდ შეწყვიტოს მარცვლეულის მოყვნა.
ამ პროცესის შეჩერება გაცილებით იაფია, ვიდრე რამდენიმე წლის შემდეგ დაკარგული ნდობისა და წარმოების აღდგენა.
ავტორი: შოთა მაჭარაშვილი

