ქართული მოცვის ექსპორტი იზრდება – 2026 წელს 10.2 ათასი ტონა უკვე უცხოეთის ბაზრებზე გავიდა
ქართული მოცვის საექსპორტო პოტენციალი კვლავ იზრდება. 2026 წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 10.2 ათასი ტონა მოცვი, რომლის საერთო ღირებულება 64.1 მლნ აშშ დოლარს შეადგინს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 52%-ით, ხოლო საექსპორტო ღირებულება 42%-ით არის გაზრდილი.
ქართული მოცვის მთავარი საექსპორტო მიმართულება კვლავ რუსეთის ბაზარია – 2026 წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე იქ 9 316 ტონა მოცვი გავიდა. სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებია გერმანია – 240 ტონა, სომხეთი – 195 ტონა, ნიდერლანდები – 167 ტონა, თურქეთი – 102 ტონა, პოლონეთი – 76 ტონა და არაბთა გაერთიანებული საამიროები – 70 ტონა.
მოცვის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა მიუთითებს, რომ საქართველოში ამ კულტურის წარმოება და საექსპორტო ჯაჭვი სწრაფად ვითარდება. ამავე დროს, მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული მოცვის ექსპორტი კვლავ ძლიერ არის დამოკიდებული ერთ ბაზარზე. სექტორის გრძელვადიანი მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის, ახლო აღმოსავლეთისა და სხვა მაღალღირებული ბაზრების წილის ზრდა. მსგავსი დივერსიფიკაცია მწარმოებლებს ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულების რისკს შეუმცირებს.
2026 წლის შედეგები ცხადყოფს, რომ მოცვი ქართული აგროსაექსპორტო სექტორის ერთ-ერთ მზარდ მიმართულებად ყალიბდება. ექსპორტის მოცულობისა და ღირებულების მნიშვნელოვანი მატება ახალი ბაღების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხარისხიანი სორტიმენტის განვითარების პერსპექტივას აძლიერებს. თუმცა, მომდევნო ეტაპზე სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, პროდუქციის ხარისხისა და სტანდარტების გაუმჯობესება და მაღალი დამატებული ღირებულების მქონე, პრემიუმ სეგმენტში პოზიციონირება.
ქართული მოცვის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან ერთად ფერმერებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ უხვი მოსავლის მიღება, არამედ ექსპორტისთვის საჭირო ხარისხის, ერთგვაროვნებისა და შენახვისუნარიანობის უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა:
- უპირატესობა მიენიჭოს იმ ჯიშებს, რომლებიც ადგილობრივ კლიმატურ პირობებს შეესაბამება, იძლევა ხარისხიან ნაყოფს და კარგად იტანს ტრანსპორტირებას;
- ნაყოფი მოიკრიფოს შესაბამის სიმწიფის ეტაპზე. გადამწიფებული ან დაუმწიფებელი ნაყოფი ამცირებს როგორც შენახვის ვადას, ისე საექსპორტო ღირებულებას;
- ხელით კრეფისას აუცილებელია ნაყოფის დაზიანების თავიდან აცილება. საექსპორტო პროდუქტი უნდა იყოს ერთგვაროვანი ზომის, ფერისა და ხარისხის;
- მოკრეფილი მოცვის ხარისხის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია მისი რაც შეიძლება სწრაფად გაგრილება და შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა მთელი ლოგისტიკური ჯაჭვის განმავლობაში;
- ფერმერმა უნდა აწარმოოს ჩანაწერები გამოყენებული სასუქების, მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმოთხოვნად საექსპორტო ბაზრებზე;
- მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული ეტიკეტზე მითითებული დოზები და მოსავლის აღებამდე მოცდის პერიოდი;
- მცირე ფერმერებისთვის კოოპერაცია ან მწარმოებელთა გაერთიანებაში მონაწილეობა შეიძლება მნიშვნელოვანი უპირატესობა იყოს, რადგან ერთიანი პარტიის ფორმირება ამარტივებს დახარისხებას, შეფუთვასა და ექსპორტზე გატანას.
საექსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას მხოლოდ მოცვის რაოდენობა არ განსაზღვრავს, გადამწყვეტია ხარისხი, ერთგვაროვნება, სურსათის უვნებლობა, მაცივრული ჯაჭვის გამართულობა და მიწოდების სტაბილურობა. სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერება მისცემს ქართულ მოცვს შესაძლებლობას, არსებული ბაზრების გარდა, უფრო მაღალღირებულ საერთაშორისო ბაზრებზეც დაიმკვიდროს ადგილი.

