მე და ჩემი სოფელიმედია ფერმერებისთვის TVრუბრიკებისტატიები

ერთი სოფელი – ერთი პროდუქტი: იაპონური გამოცდილება და საქართველოს შესაძლებლობა

სოფლის განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა და JICA-ს საქართველოს ოფისის მუდმივმა წარმომადგენელმა მასაჰირო უეკიმ.

თანამშრომლობა „ერთი სოფელი, ერთი პროდუქტის“ (One Village, One Product – OVOP) მოძრაობის განვითარების მიზნით საპილოტე პროექტის ფარგლებში განხორციელდება. JICA-ს საქართველოს ოფისი პროექტში ექსპერტულ ჩართულობას უზრუნველყოფს, იაპონელი ექსპერტი კი სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებს შესაბამის პროცესებსა და სამუშაო შეხვედრებში.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ნედლეულისა და რესურსების საფუძველზე ტრადიციული, უნიკალური და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვების ხელშეწყობა. ამასთან, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ადგილობრივი ინიციატივების გაძლიერებას და „ერთი სოფელი, ერთი პროდუქტის“ მოძრაობის განვითარებას.

რას ნიშნავს „ერთი სოფელი – ერთი პროდუქტი“?

ამ მიდგომის არსი მარტივია: სოფელმა უნდა მოძებნოს ის პროდუქტი, რომელიც მის ბუნებრივ, ისტორიულ, კულტურულ და ადამიანურ რესურსებს ყველაზე მეტად შეესაბამება, შემდეგ კი ამ პროდუქტის ხარისხის, შეფუთვის, ბრენდისა და ბაზარზე გაყიდვის მიმართულებით ერთობლივად იმუშაოს.

აქ მნიშვნელოვანია ერთი პრინციპული განსხვავება: „ერთი სოფელი – ერთი პროდუქტი“ არ ნიშნავს იმას, რომ სოფელმა მხოლოდ ერთი პროდუქტი უნდა აწარმოოს და სხვა საქმიანობაზე უარი თქვას. ლაპარაკია იმაზე, რომ კონკრეტულმა პროდუქტმა შეიძლება მიიღოს სოფლის ეკონომიკური და მარკეტინგული „სახე“.

მაგალითად, თუ რომელიმე სოფელს აქვს განსაკუთრებული ტრადიცია ყველის წარმოებაში, პროექტის ფარგლებში შესაძლებელია არა უბრალოდ რამდენიმე ოჯახმა აწარმოოს ყველი, არამედ ჩამოყალიბდეს საერთო სტანდარტი, საერთო შეფუთვა, ადგილობრივი ბრენდი, გაყიდვის არხები და, საჭიროების შემთხვევაში, გადამუშავებისა და შენახვის საერთო ინფრასტრუქტურა.

ამგვარად, პროდუქტი ხდება არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქონელი, არამედ ტერიტორიის იდენტობის ნაწილი.

რატომ შეიძლება ეს მოდელი საქართველოსთვის საინტერესო იყოს?

საქართველოში ამის პოტენციალი საკმაოდ დიდია. ქვეყნის სხვადასხვა სოფელს აქვს განსხვავებული ბუნებრივი პირობები, აგრარული ტრადიციები, ადგილობრივი ჯიშები, საკვები პროდუქტების დამზადების მეთოდები და ხელოსნობის გამოცდილება.

ზოგიერთ სოფელს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული პოტენციალი მეღვინეობის, სხვას – ყველის, სიმინდის, ლობიოს, პომიდვრის, ბოსტნეულის, თაფლის, ჩირის, ჩაის, სანელებლების, კენკრის, თხილის, ხილის გადამუშავების, ხორცპროდუქტების ან სხვა ადგილობრივი პროდუქტის მიმართულებით.

მაგრამ აქ მთავარი კითხვა ის კი არ უნდა იყოს „რა პროდუქტი ვაწარმოოთ?“, არამედ, ის თუ „რომელი პროდუქტის გარშემო შეუძლია სოფელს ერთიანი ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზება?“

ეს უკვე კოოპერაციის საკითხია.

„ერთი პროდუქტი“ შეიძლება კოოპერაციის საფუძველი გახდეს 

საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოების ფრაგმენტაციაა. მცირე ფერმერი ხშირად მცირე მოცულობის პროდუქციას აწარმოებს და ცალკე მოქმედების პირობებში უჭირს როგორც სტაბილური ხარისხის უზრუნველყოფა, ისე პროდუქტის შეფუთვა, შენახვა, ტრანსპორტირება და მსხვილ ბაზარზე გასვლა.

ამიტომ „ერთი სოფელი _ ერთი პროდუქტის“ იდეა საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალური ფერმერების ერთმანეთის გვერდით არსებობიდან ერთობლივ ეკონომიკურ მოქმედებაზე გადადის.

მაგალითად: სოფელი; პროდუქტი; მწარმოებლები; კოოპერაცია; საერთო სტანდარტი; გადამუშავება; შეფუთვა; სახელდება (ბრენდირება) და ბაზარზე გატანა.

ასეთ მოდელში კოოპერატივი მხოლოდ იურიდიული ფორმა აღარ არის. იგი შეიძლება გახდეს ის მექანიზმი, რომელიც ცალკეული მცირე მწარმოებლების რესურსებს ერთ ეკონომიკურ სისტემად აერთიანებს.

საქართველოს გამოცდილებამ უკვე აჩვენა, რომ კოოპერატივის რეგისტრაცია თავისთავად არ ნიშნავს კოოპერაციის ამოქმედებას. თუ წევრებს არ აქვთ საერთო ეკონომიკური ინტერესი, პასუხისმგებლობა, გამჭვირვალე მართვა და კონკრეტული ბაზარი, ფორმალურად შექმნილი კოოპერატივი შესაძლოა რეალურად მხოლოდ რამდენიმე ფერმერის გაერთიანებად დარჩეს.

ამიტომ „ერთი სოფელი – ერთი პროდუქტის“ მოდელის შემთხვევაში კოოპერაცია პროდუქტიდან და ბაზრიდან უნდა დაიწყოს და არა მხოლოდ იურიდიული სტატუსიდან.

სოფლის მცხოვრებმა წინასწარ უნდა დაინახოს პასუხი რამდენიმე კითხვაზე:

  • რა პროდუქტზე ვთანხმდებით?
  • ვინ აწარმოებს?
  • რა ხარისხის სტანდარტს ვიცავთ?
  • როგორ ვადგენთ ფასს?
  • სად ვინახავთ და ვამუშავებთ პროდუქტს?
  • ვინ უზრუნველყოფს შეფუთვას?
  • ვის ეკუთვნის საერთო ბრენდი?
  • სად და როგორ გავყიდით პროდუქტს?
  • როგორ ნაწილდება შემოსავალი?
  • რა სარგებელს მიიღებს თითოეული მონაწილე?

თუ ამ კითხვებზე პრაქტიკული პასუხები არსებობს, კოოპერაციას უკვე რეალური ეკონომიკური საფუძველი აქვს.

ამ  პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია JICA-ს სპეციალისტების ჩართვა. იაპონური გამოცდილება საქართველოსთვის იმიტომ კი არ უნდა იყოს საინტერესო, რომ იქ გამოყენებული კონკრეტული მოდელი უცვლელად გადმოვიტანოთ, არამედ იმიტომ, რომ მის საფუძველზე საქართველოს პირობებზე მორგებული ქმედითი სისტემა შეიქმნას.

საქართველოს სოფელი იაპონიის სოფელს არ ჰგავს. განსხვავებულია მიწის სტრუქტურა, მეურნეობების ზომა, სოფლის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ბაზრის მოცულობა და კოოპერაციის წარსული გამოცდილება.

ამიტომ საპილოტე პროექტის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი რეალობის გათვალისწინება: ბაზრის მოთხოვნა, სოფლის შესაძლებლობა, ადგილობრივი ჯიშები, ტრადიციული პროდუქტები, ნედლეულის რაოდენობა, წარმოების სეზონურობა, ტურიზმი, რეგიონული ბაზრები და საექსპორტო შესაძლებლობები.

საქართველოს პირობებში შეიძლება რამდენიმე განსხვავებული ტიპის „ერთი სოფელი – ერთი პროდუქტის“ მოდელი შეიქმნას.

ტრადიციული პროდუქტის მოდელი.
სოფელი უკვე აწარმოებს ცნობილ ან ისტორიულ პროდუქტს, მაგრამ მას არ აქვს ერთიანი სტანდარტი, შეფუთვა და ბაზარზე ოგანიზებულად გასვლის გამოცდილება.

ნედლეულზე დაფუძნებული მოდელი.
სოფელს აქვს კონკრეტული აგრარული რესურსი, რომლის გადამუშავებითაც შესაძლებელია უფრო მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქტის შექმნა.

ტურიზმთან დაკავშირებული მოდელი.
ადგილობრივი პროდუქტი ხდება აგროტურიზმის ნაწილი – სტუმარი მარტო პროდუქტს კი არ ყიდულობს, არამედ ეცნობა მის წარმოების პროცესს და სოფლის კულტურას.

კოოპერაციული მოდელი.
რამდენიმე მცირე მწარმოებელი აერთიანებს ნედლეულს, შრომას, გადამუშავებას, შეფუთვასა და რეალიზაციას და საერთო ბრენდით გამოდის ბაზარზე.

თუ პროექტი მხოლოდ ახალი პროდუქტის წარმოებით შემოიფარგლა, მისი ეფექტი შეიძლება შეზღუდული აღმოჩნდეს.

უფრო საინტერესო შედეგი იქნება მაშინ, როდესაც კონკრეტული პროდუქტი სოფლის ტერიტორიულ ბრენდად იქცევა.

მაგალითად, მომხმარებელმა პროდუქტის სახელის გაგონებისას უნდა იცოდეს:

ეს პროდუქტი კონკრეტულ სოფელს უკავშირდება: „საზანოს ყველი“, „ხევის კარაქი“, „კორბოულის ლობიო“, „ხარაგაულის მჭადის ფქვილი“ და. ა.შ. რომელსაც აქვს თავისი ისტორია, მწარმოებლები, ხარისხის სტანდარტი და წარმოშობის იდენტობა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ბაზარზე, სადაც მომხმარებელი სულ უფრო მეტად ინტერესდება პროდუქტის წარმოშობით, ტრადიციული წარმოების მეთოდითა და ადგილობრივი ნედლეულით.

რა როლი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს?

სახელმწიფოს როლი ამ პროცესში, პირველ რიგში, უნდა იყოს გარემოს შექმნა და არა სოფლისთვის პროდუქტის ხელოვნურად არჩევა.

სახელმწიფოსა და დონორების მხარდაჭერა შეიძლება მიემართოს:

  • სოფლის პოტენციალის კვლევაზე;
  • მწარმოებლების გაერთიანებაზე;
  • ტექნოლოგიურ და ბიზნესკონსულტაციებზე;
  • ხარისხის სტანდარტების დანერგვაზე;
  • შეფუთვასა და ბრენდინგზე;
  • საერთო გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნაზე;
  • ბაზრის კვლევასა და გაყიდვების არხების მოძიებაზე;
  • ადგილობრივი პროდუქტის გამოფენებსა და სავაჭრო ქსელებთან დაკავშირებაზე;
  • კოოპერატივების მენეჯერული უნარების გაძლიერებაზე.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მხარდაჭერა მხოლოდ ინფრასტრუქტურის შეძენით არ შემოიფარგლოს. სოფელს შეიძლება ჰქონდეს შესანიშნავი საწარმო, მაგრამ თუ პროდუქტის გაყიდვის სისტემა არ არსებობს, ინვესტიცია სრულ ეკონომიკურ შედეგს ვერ მოიტანს.

მთავარი გამოწვევაა – რეალურად რამდენად ერთიანია „ერთი სოფელი“?

ჩემის აზრით ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი სწორედ ეს იქნება.

სოფელი ადმინისტრაციული ერთეულია, მაგრამ ეკონომიკურად ყოველთვის ერთიანი ორგანიზმი არ არის. შეიძლება ერთ სოფელში რამდენიმე ძლიერი მწარმოებელი არსებობდეს, რომლებიც ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ.

ამიტომ „ერთი სოფელი – ერთი პროდუქტის“ იდეის რეალური გამოცდა იქნება არა პროდუქტის შერჩევა, არამედ ნდობისა და თანამშრომლობის კულტურის შექმნა.

თუ პროექტი ამას შეძლებს, მისი შედეგი ერთი პროდუქტის წარმატებას ბევრად გასცდება.

„ერთი სოფელი – ერთი პროდუქტი“ საქართველოსთვის საინტერესოა არა მხოლოდ როგორც ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, იგი შეიძლება სოფლის ეკონომიკური სპეციალიზაციის, ადგილობრივი ბრენდინგისა და კოოპერაციული მოძრაობის განვითარების ერთ–ერთ პრაქტიკულ ინსტრუმენტად იქცეს.

ამ მიდგომის მთავარი ღირებულება ის არის, რომ ფერმერს ეუბნება არა მხოლოდ – „აწარმოე მეტი“, არამედ – „იპოვე შენი სოფლის ძლიერი მხარე, შექმენი ხარისხიანი პროდუქტი და სხვა მწარმოებლებთან ერთად მიიტანე იგი ბაზრამდე.“

სწორედ ამ ეტაპზე შეიძლება გადაიკვეთოს სამი მიმართულება – ადგილობრივი რესურსი, კოოპერაცია და ბაზარი. თუ საპილოტე პროექტი ამ სამ კომპონენტს ერთმანეთთან დააკავშირებს და იაპონური გამოცდილების საქართველოს პირობებზე ადაპტირებას შეძლებს, „ერთი სოფელი – ერთი პროდუქტი“ შეიძლება გაცილებით მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე ცალკეული სოფლებისთვის პროდუქტის პოპულარიზაციის პროგრამა, იგი შეიძლება ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისა და რეალური კოოპერაციული კულტურის ჩამოყალიბების ინსტრუმენტი გახდეს.

მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა