ფოსფორის (P) ციკლი ნიადაგში: მცენარეთა კვებისა და მართვის საფუძვლები
ფოსფორი მცენარის ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვები ელემენტია. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ენერგიის გადატანაში, ფესვთა სისტემის განვითარებაში, ყვავილობაში, ნაყოფის მსხმოიარობაში, თესლის წარმოქმნასა და მცენარის მთლიან მეტაბოლიზმში.
აზოტისგან განსხვავებით, ფოსფორი ნიადაგში ბევრად ნაკლებად მობილურია და მისი დიდი წილი ხშირად ისეთ ფორმებშია (იკვრება), რომელთა ათვისებაც მცენარეებს მარტივად არ შეუძლიათ.
როგორ მოძრაობს ფოსფორი ნიადაგში?
ფოსფორის ციკლი ნიადაგში კომპლექსური პროცესია, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად ფონდს (პულს) და გარდაქმნას:
- პირველადი ფოსფორის მინერალები: ფოსფორი ბუნებრივად გვხვდება ისეთ მინერალებში, როგორიცაა აპატიტი. გამოფიტვის პროცესი ნელ-ნელა ათავისუფლებს ფოსფორს ამ მინერალებიდან ნიადაგში.
- მეორეული ფოსფორის მინერალები: გამოთავისუფლებული ფოსფორი შეიძლება დაუკავშირდეს კალციუმის, რკინისა და ალუმინის ნაერთებს და წარმოქმნას მეორეული ფოსფატური მინერალები. დროთა განმავლობაში, ეს ფორმები თანდათან იხსნება და ამარაგებს ნიადაგს ხელმისაწვდომი ფოსფორით.
- ნიადაგის ხსნარის ფოსფორი (მცენარისთვის ხელმისაწვდომი ფონდი): ნიადაგის ფოსფორის მცირე ფრაქცია არსებობს ნიადაგის ხსნარში, ძირითადად H₂PO₄ და HPO₄ იონების სახით. ეს არის ის უშუალო წყარო, საიდანაც მცენარის ფესვები ფოსფორს შეიწოვს.
- სორბცია და დესორბცია: ფოსფატი შეიძლება მიმაგრდეს თიხის მინერალებსა და რკინის/ალუმინის ოქსიდებს. ამ პროცესს სორბცია ეწოდება. თავის მხრივ, დესორბციის გზით ამ ფოსფორის გარკვეული ნაწილი ისევ ნიადაგი უბრუნდება.
- ორგანული ფოსფორი: მოსავლის ნარჩენები, ნაკელი, კომპოსტი და ნიადაგის ორგანული ნივთიერებები შეიცავს ფოსფორის ორგანულ ფორმებს. მინერალიზაციის პროცესით მიკროორგანიზმები ნაწილობრივ გარდაქმნიან ორგანულ ფოსფორს არაორგანულ, მცენარისთვის ხელმისაწვდომ ფორმებად.
- იმობილიზაცია: მიკროორგანიზმებმა შეიძლება დროებით შთანთქან ხელმისაწვდომი ფოსფორი და საკუთარ ბიომასაში გადაიტანონ (პროცესი ცნობილია როგორც იმობილიზაცია). მოგვიანებით, მიკროორგანიზმების დაშლის შედეგად, ეს ფოსფორი ისევ გამოიყოფა.
- მცენარის მიერ ათვისება და ამოღება: ფესვები ნიადაგის ხსნარიდან შეიწოვენ ფოსფატებს. როდესაც მოსავალი, ნაყოფი ან მცენარის სხვა ნაწილები ნიადაგიდან გააქვთ, ფოსფორიც ტოვებს ნაკვეთს, თუკი ის ნარჩენების ან ორგანული სასუქების სახით უკან არ დაბრუნდება.
სად იკარგება ფოსფორი? (ფოსფორის დანაკარგები)
ფოსფორი აგრარული ნიადაგებიდან შესაძლებელია დაიკარგოს შემდეგი გზებით:
- ეროზია: ნიადაგის ნაწილაკებზე მიმაგრებული ფოსფორი ნალექებთან ერთად გადაიადგილება;
- ზედაპირული ჩამონადენი: გახსნილი და ნაწილაკებთან დაკავშირებული ფოსფორი ხვდება მდინარეებში, ტბებსა და სხვა ზედაპირულ წყლებში;
- გამოტუტვა (მორეცხვა): მრავალ ნიადაგზე ის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროზია ან ჩამონადენი, თუმცა გახსნილი ფოსფორი მაინც შეიძლება გადაირეცხოს გარკვეულ პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფოსფორი დაგროვილია ან ნიადაგს ახასიათებს წყლის უპირატესი ნაკადები (preferential flow);
- მოსავლით გამოტანა: მოსავლის აღება მუდმივად ამცირებს ფოსფორის მარაგს ველიდან.
რატომ არის მნიშვნელოვანი ნიადაგის სწორი მართვა?
ფოსფორის ეფექტიანი მართვა მხოლოდ დამატებითი სასუქის შეტანას არ გულისხმობს. მთავარი მიზანი მცენარისთვის ხელმისაწვდომი ფოსფორის ადეკვატური მარაგის შენარჩუნებაა ისე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მისი ფიქსაცია (შეკავშირება), ზედმეტი დაგროვება, ჩამორეცხვა და გარემოსთვის მიყენებული ზიანი.
ფერმერებისთვის რეკომენდებულია შემდეგი პრაქტიკების გამოყენება:
- ნიადაგის ანალიზის რეგულარული ჩატარება;
- დაბალანსებული განოყიერება;
- მოსავლის შესაბამისი ნარჩენების ნიადაგში დაბრუნება;
- ორგანული ნივთიერებების შენარჩუნება;
- ეროზიის კონტროლი;
- ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობის გაუმჯობესება.
გახსოვდეთ: ნიადაგში არსებული ფოსფორის უდიდესი ნაწილი მცენარისთვის მყისიერად ხელმისაწვდომი არ არის. ნიადაგის ფოსფორი მუდმივად მოძრაობს მინერალურ, სორბციულ, ორგანულ, მიკროორგანიზმებისა და ნიადაგის ხსნარის ფონდებს შორის.
შენიშვნა: მასალა განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

