პესტიციდების ძირითადი სახეობები და მათი დანიშნულება
მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში პესტიციდები მნიშვნელოვანი საშუალებაა, თუმცა მათი ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ვიცით, კონკრეტულად რომელ მავნე ორგანიზმთან გვაქვს საქმე და რა დანიშნულება აქვს პრეპარატს.
პესტიციდები არის ნივთიერებები ან პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების, შენახული პროდუქციის, პირუტყვისა და მეურნეობის სხვა კომპონენტების მავნებლებისგან დასაცავად. მათი მიზანი შეიძლება იყოს მავნე ორგანიზმის განადგურება, რაოდენობის შემცირება, გავრცელების შეჩერება ან მცენარის დაზიანების თავიდან აცილება.
პესტიციდების სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვა სამიზნე ორგანიზმზე მოქმედებს. ამიტომ პრეპარატის შერჩევამდე მავნებლის ან დაავადების სწორი დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია.
ინსექტიციდები მწერების წინააღმდეგ
ინსექტიციდები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის მავნე მწერების წინააღმდეგ.
მავნე მწერები მცენარეს შეიძლება აზიანებდნენ ფოთლების, ყლორტების, ნაყოფის ან ფესვების კვებით. ზოგიერთი მათგანი მცენარეთა ვირუსული და სხვა დაავადებების გადამტანიც არის.
ინსექტიციდების სამიზნე შეიძლება იყოს:
- ბუგრები;
- მუხლუხოები;
- ხოჭოები;
- ცრუფარიანები და ფარიანები;
- ფოთოლმხტუნავები;
- თრიფსები;
- სხვა მავნე მწერები.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი შეიძლება განსხვავებული იყოს. ზოგი ნივთიერება მავნებელზე უშუალო შეხებით მოქმედებს, ზოგი კვების დროს ორგანიზმში მოხვედრის შედეგად, ზოგი კი მცენარეში გადაადგილდება.
მნიშვნელოვანია: ინსექტიციდის გამოყენებამდე უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ მწერის სახეობა, არამედ მისი განვითარების ფაზაც. ერთი და იგივე პრეპარატი შეიძლება სხვადასხვა ასაკის მავნებელზე განსხვავებულად მოქმედებდეს.
ჰერბიციდები სარეველების წინააღმდეგ
ჰერბიციდები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურებთან კონკურენციაში მყოფი არასასურველი მცენარეების, ანუ სარეველების, გასაკონტროლებლად.
სარეველები კულტურას ართმევენ:
- წყალს;
- საკვებ ნივთიერებებს;
- სინათლეს;
- სასიცოცხლო სივრცეს.
მათი ძლიერი გავრცელება განსაკუთრებით პრობლემურია კულტურის განვითარების ადრეულ ეტაპზე.
ჰერბიციდები შეიძლება იყოს შერჩევითი მოქმედებდეს კონკრეტულ სარეველებზე და შედარებით ნაკლებად აზიანებდეს კულტურულ მცენარეს, ან არაშერჩევითი მოქმედებდეს მცენარეულ საფარზე ფართოდ.
გამოყენების დროის მიხედვით ზოგი ჰერბიციდი გამოიყენება სარეველების აღმოცენებამდე, ზოგი კი მათი აღმოცენების შემდეგ.
აქაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრეპარატის ეტიკეტზე მითითებულ კულტურას, სარეველას სახეობას, განვითარების ფაზას, დოზასა და გამოყენების ვადას.
ფუნგიციდები სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ
ფუნგიციდები გამოიყენება მცენარეთა სოკოვანი დაავადებების თავიდან ასაცილებლად, გავრცელების შესაკავებლად ან უკვე განვითარებული დაავადების გასაკონტროლებლად.
ფუნგიციდების სამიზნე დაავადებებს შორისაა:
- ჟანგა;
- ნაცარი;
- სხვადასხვა სახის სიდამპლე;
- ფიტოფტოროზი;
- ალტერნარიოზი;
- ფოთლის ლაქიანობები;
- სხვა სოკოვანი დაავადებები.
ფუნგიციდის სწორად შერჩევისთვის მხოლოდ დაავადების ზოგადი სიმპტომების ცოდნა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია დაავადების გამომწვევის, მცენარის განვითარების ფაზის, ამინდის პირობებისა და ინფექციის გავრცელების მასშტაბის გათვალისწინება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შესხურების სწორ დროსა და მცენარის ზედაპირის სათანადო დაფარვას.
ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა მოქმედების მექანიზმის მქონე ფუნგიციდების მონაცვლეობა. ერთი და იმავე მოქმედების მექანიზმის პრეპარატის განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს პათოგენის რეზისტენტობის, ანუ პრეპარატის მიმართ გამძლეობის, განვითარებას.
როდენტიციდები მღრღნელების წინააღმდეგ
როდენტიციდები გამოიყენება მავნე მღრღნელების, ძირითადად ვირთხებისა და თაგვების, გასაკონტროლებლად.
მღრღნელებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ:
- მარცვლეულსა და სხვა შენახულ პროდუქტებს;
- მცენარის ფესვებს;
- ნათესებს;
- სარწყავ სისტემებს;
- საწყობებსა და სხვა ფერმერულ ინფრასტრუქტურას.
როდენტიციდების გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზოგიერთი ასეთი საშუალება შეიძლება საშიში აღმოჩნდეს არასამიზნე ცხოველებისთვის, მათ შორის შინაური ცხოველებისა და გარეული ფაუნის წარმომადგენლებისთვის.
ამიტომ აუცილებელია ეტიკეტზე მითითებული წესების ზუსტად დაცვა და პრეპარატის ისეთი ფორმითა და ადგილას გამოყენება, რომელიც ამცირებს არასამიზნე ორგანიზმებთან მისი მოხვედრის რისკს.
ნემატოციდები ნემატოდების წინააღმდეგ
ნემატოციდები გამოიყენება მცენარეთა პარაზიტული ნემატოდების წინააღმდეგ.
ნემატოდები მიკროსკოპული ზომის მრგვალი ჭიებია, რომელთა ზოგიერთი სახეობა მცენარის ფესვებს აზიანებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- ფესვის გორგლის წარმომქმნელი ნემატოდები;
- ცისტური ნემატოდები;
- სხვა მცენარეპარაზიტული ნემატოდები.
ნემატოდებით დაზიანებული მცენარე ზოგჯერ გარეგნულად ისე გამოიყურება, თითქოს მას საკვები ელემენტები აკლია ან ნიადაგის სხვა პრობლემა აქვს. ამიტომ ნემატოდების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებამდე სასურველია პრობლემის ზუსტი დიაგნოსტიკა.
ფესვების დაზიანების შემთხვევაში მხოლოდ ზედა ნაწილის სიმპტომებზე დაკვირვება ხშირად საკმარისი არ არის — საჭიროა ფესვთა სისტემისა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ნიადაგის გამოკვლევაც.
რას ნიშნავს დაბოლოება – „ციდი“?
პესტიციდების დასახელებებში ხშირად გვხვდება დაბოლოება – „ციდი“, რომელიც ზოგადად განადგურებას ან კონტროლს უკავშირდება.
მარტივად დასამახსოვრებლად:
- ინსექტიციდი _ მწერები;
- ჰერბიციდი _ სარეველები;
- ფუნგიციდი _ სოკოვანი დაავადებების გამომწვევები;
- როდენტიციდი _ მღრღნელები;
- ნემატოციდი _ ნემატოდები.
თუმცა მხოლოდ დასახელების ცოდნა საკმარისი არ არის. ერთი ჯგუფის პრეპარატებსაც შეიძლება განსხვავებული მოქმედების მექანიზმი, გამოყენების პირობები, სამიზნე მავნებლები და შეზღუდვები ჰქონდეს.
პესტიციდი _ აუცილებელი საშუალება, მაგრამ არა ერთადერთი გამოსავალი
მცენარეთა დაცვის თანამედროვე მიდგომა პესტიციდების ავტომატურ და პროფილაქტიკურ გამოყენებას არ გულისხმობს.
სასურველია გამოყენებული იყოს მავნებელთა ინტეგრირებული მართვის სისტემა (IPM), რომელიც აერთიანებს მავნებლების მონიტორინგს, აგროტექნიკურ ღონისძიებებს, ბიოლოგიურ კონტროლს, გამძლე ჯიშების გამოყენებას და, საჭიროების შემთხვევაში, ქიმიურ დაცვას.
ფერმერმა პესტიციდის გამოყენებამდე უნდა გაითვალისწინოს:
პირველი _ სწორად დაადგინოს პრობლემა.
ფოთლის გაყვითლება, ჭკნობა, ლაქიანობა ან ზრდის შეფერხება ყოველთვის მავნებლის ან დაავადების შედეგი არ არის. მიზეზი შეიძლება იყოს საკვები ელემენტების დეფიციტი, წყლის ნაკლებობა ან სიჭარბე, ნიადაგის პრობლემა და სხვა ფაქტორი.
მეორე _ გამოიყენოს მხოლოდ რეგისტრირებული პრეპარატი.
პრეპარატი უნდა იყოს დაშვებული შესაბამის კულტურაზე და კონკრეტული მავნებლის ან დაავადების წინააღმდეგ.
მესამე _ დაიცვას ეტიკეტზე მითითებული დოზა და გამოყენების ვადა.
დოზის თვითნებური გაზრდა ეფექტიანობის გარანტია არ არის და შეიძლება მცენარის დაზიანება, ნარჩენების დაგროვება ან გარემოზე ზემოქმედება გამოიწვიოს.
მეოთხე _ დაიცვას მოცდის პერიოდი.
შესხურებიდან მოსავლის აღებამდე განსაზღვრული პერიოდის დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ პროდუქციაში პესტიციდის ნარჩენები დასაშვებ დონეზე იყოს.
მეხუთე _ გამოიყენოს შესაბამისი დამცავი საშუალებები.
პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია ეტიკეტით გათვალისწინებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება.
მეექვსე _ არ ჩაატაროს ზედმეტი შეწამვლა.
თუ მავნებლის რაოდენობა ეკონომიკური ზიანის ზღვარს არ აღწევს, ქიმიური ჩარევა შესაძლოა არც იყოს საჭირო.
მეშვიდე _ დაიცვას სასარგებლო ორგანიზმები.
პესტიციდის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფუტკრებსა და სხვა დამამტვერიანებლებს, მტაცებელ და პარაზიტულ სასარგებლო მწერებს, ნიადაგის ორგანიზმებსა და წყლის ეკოსისტემებს.
მერვე _ თავიდან აიცილოს რეზისტენტობის განვითარება.
ერთი და იმავე მოქმედების მექანიზმის პრეპარატის მუდმივად გამოყენება ზრდის მავნებლებისა და დაავადების გამომწვევების გამძლეობის განვითარების რისკს. ამიტომ, სადაც ეს რეკომენდებულია, საჭიროა მოქმედების განსხვავებული მექანიზმის მქონე პრეპარატების მონაცვლეობა.
მთავარი პრინციპი
ჯანმრთელი კულტურა; რეგულარული მონიტორინგი; სწორი დიაგნოსტიკა; საჭიროების შემთხვევაში მიზანმიმართული დაცვა; მდგრადი და ეფექტიანი მცენარეთა დაცვის სისტემა.
პესტიციდი ფერმერისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მაგრამ ის ვერ ცვლის სწორ აგროტექნიკას, ჯანსაღ სარგავ მასალას, ნიადაგის მართვას, მავნებლების მონიტორინგსა და ბიოლოგიური დაცვის შესაძლებლობების გამოყენებას.
მოამზადა გიორგი მაისურაძემ

