ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდება – ახალი რეგულაცია 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება
ალკოჰოლიანი სასმლის ხარისხის კონტროლი, წარმოშობის დადასტურება და ბაზარზე მისი მიკვლევადობის უზრუნველყოფა აგროსასურსათო სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
საქართველოში ამ მიზნით ახალი რეგულაცია დამტკიცდა, რომელიც სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდებას ითვალისწინებს.
სიახლის მიზია პროდუქციის ფალსიფიკაციის პრევენცია, მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდას და ბაზარზე ნდობის გაძლიერება.
რა ინფორმაციას მიიღებს მომხმარებელი QR კოდის საშუალებით?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2026 წლის 4 ნოემბრის №2-458 ბრძანებით დამტკიცდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა.
ახალი რეგულაციის მთავარი მიზანია ალკოჰოლიანი სასმლის იდენტიფიცირება, პროდუქტის სრული მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის მის შესახებ სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, სავალდებულო ნიშანდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება ალკოჰოლიანი სასმლის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებაში.
მისი განმარტებით, ახალი სისტემის დანერგვა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დარწმუნდეს შეძენილი პროდუქტის წარმომავლობასა და შესაბამისობაში, ხოლო პროდუქციის სრული მიკვლევადობა გააძლიერებს კონტროლის მექანიზმებს.
დამტკიცებული წესის თანახმად, ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანი დაცული მატერიალური ფორმის იქნება და აღჭურვილი იქნება QR კოდითა და უნიკალური ნომრით.
QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია:
-
პროდუქტის დასახელებისა და კატეგორიის შესახებ;
-
მწარმოებლის ვინაობის შესახებ;
-
შესაბამისობის სერტიფიკატის თაობაზე;
-
პროდუქტის ლოტის შესახებ;
-
ნიშნის მოქმედი სტატუსის შესახებ.
როგორ განხორციელდება ნიშანდების პროცესი?
ნიშანდების პროცესი ღვინის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება. ელექტრონული პლატფორმა უზრუნველყოფს ალკოჰოლიანი სასმლისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვას, შენახვასა და კონტროლს.
ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს პროდუქციის გადაადგილებისა და იდენტიფიცირების პროცესის გამჭვირვალობას, გაამარტივებს ინფორმაციის გადამოწმებას და გააძლიერებს ფალსიფიცირებული პროდუქციის გამოვლენის შესაძლებლობას.
ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების სისტემის დანერგვა ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ბაზრის გამჭვირვალობისა და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგულაცია მომხმარებელს პროდუქტის შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, მიკვლევადობის გაძლიერება ხელს შეუწყობს კეთილსინდისიერი მწარმოებლების ინტერესების დაცვას და ქართული ალკოჰოლიანი სასმელების მიმართ ნდობის განმტკიცებას.
ახალი წესი 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

