ქართული ხორბლის მემკვიდრეობა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები
საქართველოს პარლამენტში ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ქართული ხორბლის უძველესი ჯიშები, მათი შენარჩუნება და წარმოებაში დაბრუნება ქვეყნის აგრარული სექტორისთვის არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, არამედ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებისა და დარგის საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის ინიციატივით გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული უძღვებოდა. მასში მონაწილეობდნენ ქართული ხორბლისა და პურის წარმოების სფეროში მომუშავე ფერმერები და მეწარმეები, ასევე დარგობრივი და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი საქმიანობის გამოცდილება, დარგში არსებული საჭიროებები და ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იუნესკოს მიერ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალების“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენებას.
სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქართული ხორბლის ისტორიული, კულტურული და გენეტიკური მემკვიდრეობის ეკონომიკურ ღირებულებად გარდაქმნის ხელშეწყობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომერციული განვითარების პროცესში შენარჩუნდეს ქართული ხორბლის ავთენტურობა, ხარისხი და ჯიშური თვითმყოფადობა.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ხორბლის უძველესი ქართული ჯიშების გამრავლების, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მათი უფრო აქტიურად დანერგვისა და პოპულარიზაციის საკითხებზე.
„ვისაუბრეთ ხორბლის უძველესი ქართული ჯიშების გამრავლების, მათი წარმოებაში უფრო ინტენსიურად დანერგვისა და პოპულარიზაციის საკითხებზე. ეს ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული სიმდიდრეა, რომელსაც მსოფლიო აღიარებს. ქართული ხორბლის მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნა საერთო საქმეა. ამ პროცესის საფუძველი დარგში მომუშავე ადამიანების გამოცდილება, საჭიროებები და ერთობლივი მოქმედება უნდა იყოს“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.
შეხვედრის მონაწილეები ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ქართული ხორბლის მემკვიდრეობის ეკონომიკურ რესურსად გარდაქმნა მხოლოდ უძველესი ჯიშების შენარჩუნებით ვერ მიიღწევა. ამისთვის აუცილებელია მათი სათესლე მასალის გამრავლება, ფერმერულ მეურნეობებში დანერგვის ხელშეწყობა, მოსავლის გადამუშავება და ადგილწარმოშობასა თუ ხარისხზე დაფუძნებული ბაზრის განვითარება.
მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა ამ პროცესის კოორდინაციის მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება გახდეს. მთავარი გამოწვევა კი ქართული ხორბლის კულტურული ღირებულების რეალურ შემოსავალთან დაკავშირებაა – ისე, რომ მემკვიდრეობა მხოლოდ ისტორიულ სიმბოლოდ არ დარჩეს და ფერმერისთვისაც ეკონომიკურ სარგებელს წარმოადგენდეს.

