მცირე მარნებისთვის ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდება სავალდებულო იქნება, თუმცა უფასოდ
ღვინის ხარისხის კონტროლისა და მომხმარებელთა დაცვის მიზნით, საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების ახალი წესი ამოქმედდება.
რეგულაცია მიზნად ისახავს პროდუქციის ფალსიფიცირების პრევენციას, მისი წარმოშობისა და ხარისხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ბაზარზე გამჭვირვალობის გაზრდას.
მცირე მარნებისთვის ახალი მოთხოვნა დამატებით ფინანსურ ტვირთს არ შექმნის – ისინი ნიშანდების საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.
მისი განმარტებით, მცირე მარნებისთვის ნიშანდება სავალდებულო იქნება, თუმცა აღნიშნული მომსახურება მათთვის უფასო იქნება.
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს დამტკიცდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ნიშნის ფორმა.
ახალი რეგულაციის თანახმად, ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანი წარმოდგენილი იქნება დაცული მატერიალური ფორმით, რომელზეც განთავსდება QR კოდი და უნიკალური ნომერი. ეს მექანიზმი პროდუქციის იდენტიფიცირებისა და მისი მიკვლევადობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
QR კოდის დასკანერებით მომხმარებელს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია სასმლის დასახელების, კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატისა და თავად ნიშნის სტატუსის შესახებ.
ახალი წესი 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
სავალდებულო ნიშანდების სისტემის დანერგვა ალკოჰოლიანი სასმლის ბაზარზე კონტროლის გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი ეფექტიანად განხორციელება ხელს შეუწყობს ფალსიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლას, ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების მიმართ მომხმარებელთა ნდობის განმტკიცებას. მცირე მარნებისთვის ნიშანდების საფასურის გაუქმება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მწარმოებლების საქმიანობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

