სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ტრანსცხიმების კვლევის შესაძლებლობებს გააძლიერებს
სურსათში ტრანსცხიმების შემცირებისა და მათი კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტებთან თანამშრომლობს. ლაბორატორიას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში WHO-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჟოაო ბრედა ეწვია.
ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტის მთავარი მიზანი სურსათში ტრანსცხიმების განსაზღვრის ლაბორატორიული მეთოდების დახვეწა და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებაა. საერთაშორისო ექსპერტები ლაბორატორიის სპეციალისტებთან ერთად იმუშავებენ კვლევის მეთოდების ოპტიმიზაციასა და შესაბამისი პროფესიული და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებაზე.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსის, მარინა ღვინჯილიას განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში სურსათში ტრანსცხიმების შემცირების პროცესის ეფექტიანი კონტროლისთვის.
„ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში სურსათში ტრანსცხიმების შემცირების მიმართულებით. საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც აუცილებელია ტრანსცხიმების შემცირების პროცესის ეფექტიანი კონტროლისთვის“, – აღნიშნა მარინა ღვინჯილიამ.
ტრანსცხიმების შემცირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მათი ჭარბი მოხმარება ზრდის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის განსაზღვრას, შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებსა და ამ პროცესის მუდმივ მონიტორინგს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ჟოაო ბრედას განცხადებით, ტრანსცხიმების მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკების შემცირება მოითხოვს უწყებათაშორის თანამშრომლობასა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარებას.
მისივე შეფასებით, საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო სასურსათო გარემოს შექმნას.
ვიზიტის დასკვნით ეტაპზე მხარეებმა სამუშაო შეხვედრების შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებები განსაზღვრეს.

