აგროსიახლეები

სოია, რომელიც ძროხის რძის ცილას გამოიმუშავებს – ახალი ბიოტექნოლოგიური მიმართულება

ამერიკული ბიოტექნოლოგიური სტარტაპი Mozza Foods სოიის ისეთ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ხაზს ქმნის, რომლის მარცვალშიც ძროხის რძის მთავარი ცილა – კაზეინი წარმოიქმნება. კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი ტექნოლოგია ყველისა და სხვა რძის პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო ცილის მიღებას მნიშვნელოვნად გააიაფებს.

კალიფორნიულმა ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა Mozza Foods-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ძროხის მონაწილეობის გარეშე მიღებული რძის ცილის ბაზარზე გასატანად. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექციის სამსახური (APHIS) კომპანიის მიერ შექმნილი სოიის გენეტიკურად მოდიფიცირებული ხაზის – MF 1786-1-ის – რისკების წინასწარ შეფასებას ასრულებს. დოკუმენტი ფერმერების, მეცნიერებისა და საზოგადოების განხილვისთვის მზადდება.

თუ მარეგულირებელი ორგანო კულტურის უსაფრთხოებას დაადასტურებს, სოიის ეს ხაზი „რეგულირებადი ობიექტის“ სტატუსს დაკარგავს და მისი კომერციული მოყვანა აშშ-ის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე შესაძლებელი გახდება.

რატომ არის საჭირო კაზეინი?

მცენარეული ყველის თანამედროვე შემცვლელების მთავარი პრობლემა ისაა, რომ სოიის, ბარდისა თუ თხილის ჩვეულებრივი ცილები რძის კაზეინის ფიზიკურ თვისებებს ვერ იმეორებს. სწორედ კაზეინი განაპირობებს ყველის ისეთ მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიცაა გაცხელებისას დნობა, გაწელვა და სტრუქტურის შენარჩუნება. მის გარეშე მცენარეული ნედლეულისგან დამზადებული ყველი ხშირად არ დნება სათანადოდ, პიცაზე არ იწელება და ადვილად იფშვნება.

ბოლო დრომდე ცხოველური ნედლეულის გარეშე ნამდვილი კაზეინის მიღების ერთ-ერთი ძირითადი გზა ზუსტი ფერმენტაცია იყო. ამ ტექნოლოგიის დროს გენეტიკურად მოდიფიცირებული საფუარი ან ბაქტერია სპეციალურ ბიორეაქტორებში ცილას გამოიმუშავებს. თუმცა ასეთი საწარმოების აშენება ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს.

Mozza Foods-მა განსხვავებული გზა აირჩია — ე.წ. „მოლეკულური მიწათმოქმედება“. კომპანიამ ბიორეაქტორის ფუნქცია თავად სოიას მიანიჭა. ამ შემთხვევაში მცენარე მზის ენერგიასა და უკვე არსებულ სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურას იყენებს, რაც, კომპანიის შეფასებით, ცილის წარმოების თვითღირებულების შემცირებისა და მისი ჩვეულებრივი ძროხის რძის ფასის დონემდე მიყვანის შესაძლებლობას ქმნის.

როგორ შეიქმნა „რძის ცილის“ მწარმოებელი სოია?

სოიის მარცვალში სრულფასოვანი რძის ცილის წარმოქმნა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მცენარეში მხოლოდ ერთი გენის გადატანა.

ძროხის რძეში კაზეინის მოლეკულები ცალ-ცალკე არ არსებობენ. ისინი ერთიანდებიან რთულ, სფეროსებრ სტრუქტურებად — მიცელებად, რომელთა ფორმირებაშიც კალციუმის ფოსფატის ხიდები მონაწილეობს. სწორედ ეს მიცელები უზრუნველყოფს რძის შედედებას ყველის დამზადების პროცესში.

ამ პროცესის სოიის მარცვალში გასამეორებლად Mozza Foods-ის მეცნიერებმა მრავალსაფეხურიანი გენეტიკური მოდიფიკაცია განახორციელეს. მათ კომპიუტერულად დააპროექტეს და სინთეზურად შექმნეს დნმ-ის მონაკვეთები ძროხის კაზეინის ოთხი ტიპის წარმოსაქმნელად. ამასთან, დაამატეს ძროხის სპეციალური ფერმენტის – FAM20C კინაზის – გენი. ეს ფერმენტი ცილებთან ფოსფატური ჯგუფების დაკავშირებისთვისაა საჭირო, რაც კაზეინის მიცელების ფორმირებას უწყობს ხელს.

გენეტიკური ინფორმაციის მცენარეულ უჯრედებში გადასატანად ნიადაგის ბაქტერია Agrobacterium გამოიყენეს. მკვლევრებმა საჭირო გენეტიკური ინსტრუქციები პლაზმიდებში მოათავსეს და ელექტრული იმპულსის დახმარებით ბაქტერიაში შეიტანეს. ეს ბაქტერია ბუნებრივად ფლობს მცენარეულ უჯრედებში საკუთარი დნმ-ის გადატანის უნარს.

მკვლევრებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ხუთივე უცხო ცილის მცენარეული უჯრედის ერთსა და იმავე უბანში მოხვედრა. ამისთვის მათ ცილები განვითარებადი თესლის ჩანასახში არსებულ ცილოვან მარაგსაცავ ვაკუოლებში მიმართეს. ეს უჯრედული სტრუქტურები ბუნებრივად მდიდარია კალციუმისა და ფოსფატის იონებით, რაც კაზეინის მიცელების ფორმირებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

გარდა ამისა, მეცნიერებმა გამოიყენეს ე.წ. „გენების დამუნჯების“ ტექნოლოგია. მისი მიზანი სოიის საკუთარი სათადარიგო ცილების, გლიცინინისა და კონგლიცინინის – წარმოქმნის შემცირება იყო. ამ გზით მცენარეული უჯრედის რესურსები კაზეინის სინთეზისკენ მიმართეს.

რა უპირატესობა ექნება ახალ ტექნოლოგიას?

კაზეინის მოლეკულების მიცელებად გაერთიანება მხოლოდ ბიოლოგიური ამოცანის გადაწყვეტა არ ყოფილა. ამან ტექნოლოგიური უპირატესობაც შექმნა.

ცალკეული კაზეინის მოლეკულები ზომით სოიის საკუთარ ცილებს დიდად არ განსხვავდება, ამიტომ მათი ერთმანეთისგან გამოყოფა საწარმოო პროცესში რთული და ძვირი იქნებოდა. თუმცა მსხვილი კაზეინის მიცელები უფრო მარტივად გამოიყოფა მცირე ზომის სოიის ცილოვანი ფრაქციებისგან ტანგენციალური მიკროფილტრაციის მეთოდით.

ამ პროცესისთვის შესაძლებელია სტანდარტული სამრეწველო დანადგარების გამოყენება, რომლებიც რძის გადამამუშავებელ საწარმოებში უკვე ფართოდ არის დანერგილი. შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიის დანერგვას შესაძლოა არსებული საწარმოო ინფრასტრუქტურის გამოყენებაც გაუადვილოს.

როდის გამოჩნდება პროდუქტი ბაზარზე?

ამჟამად სოიის ხაზი MF 1786-1 აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში რეგულირებისგან გათავისუფლების პროცედურას გადის. სანამ კულტურა მარეგულირებელი ორგანოს ზედამხედველობის ქვეშაა, მისი დათესვა მხოლოდ მკაცრად იზოლირებულ საცდელ ნაკვეთებზე შეიძლება.

კომერციული წარმოებისთვის კომპანიამ მარცვლეულის კონტროლის სისტემა GrainTrack-იც შეიმუშავა. მისი დანიშნულებაა, თავიდან აიცილოს „ყველის სოიის“ შემთხვევითი შერევა ჩვეულებრივ საკვებ ან სასურსათო სოიასთან.

თუმცა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ კულტურის მოყვანაზე ნებართვის გაცემა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მისგან მიღებული კაზეინის შემცველი პროდუქტების გაყიდვა ავტომატურად იქნება შესაძლებელი. ყველის, იოგურტის ან ცილოვანი სასმელების წარმოებისა და ბაზარზე განთავსებისთვის კომპანიას სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამმართველოს (FDA) უსაფრთხოების ცალკეული შეფასების გავლა და პროდუქტის ეტიკეტირების საკითხის მოგვარება მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ კაზეინი სოიის მარცვალში წარმოიქმნება, მისი ქიმიური სტრუქტურა ძროხის რძის კაზეინის იდენტურია. შესაბამისად, ასეთი ცილის შემცველ პროდუქტებზე რძის ალერგენის არსებობის შესახებ შესაბამისი გაფრთხილება უნდა განთავსდეს.

Mozza Foods პირველი კომერციული პარტიების ბაზარზე გატანას 2028 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

ახალი შესაძლებლობა აგროსექტორისა და კვების მრეწველობისთვის

Mozza Foods-ის პროექტი აჩვენებს, როგორ შეიძლება ბიოტექნოლოგიამ ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო კულტურა ახალი დანიშნულებით გამოიყენოს. სოია ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მცენარეული ცილის წყაროა, არამედ რძის ცილის წარმოების ბიოლოგიური პლატფორმაც.

თუ ტექნოლოგია კომერციულად წარმატებული აღმოჩნდება, შესაძლოა შეიქმნას ახალი ბაზარი სპეციალიზებული სოიის მოსაყვანად, ხოლო რძის გადამამუშავებელ საწარმოებს კაზეინის ალტერნატიული წყარო გაუჩნდეთ. თუმცა ამ ეტაპზე პროექტი ჯერ კიდევ მარეგულირებელი შეფასებისა და ტექნოლოგიური განვითარების პროცესშია. მისი რეალური ეკონომიკური ეფექტიანობა და პროდუქციის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა მხოლოდ კომერციული წარმოების დაწყების შემდეგ გამოჩნდება.