სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესი და სტანდარტები რეგიონულ სანერგე მეურნეობებს გააცნეს
ხარისხიანი და სერტიფიცირებული სარგავი მასალა მრავალწლოვანი კულტურების მაღალმოსავლიანობისა და აგრობიზნესის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისა და დარგში თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების სამსახურის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სამუშაო შეხვედრები გამართეს.
ამ ეტაპზე სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხობის, სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ხონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მოქმედ სანერგე მეურნეობებს ეწვივნენ.
შეხვედრების მთავარ თემას სარგავი მასალის სავალდებულო სერტიფიცირების მოთხოვნები და პროცედურები წარმოადგენდა. სპეციალისტებმა სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებს დეტალურად განუმარტეს პროდუქციის მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად საჭირო დოკუმენტაციის წარმოების წესები.
თეორიული ნაწილის გარდა, სამუშაო პროცესი პრაქტიკულ შეფასებასაც მოიცავდა: ექსპერტებმა ადგილზე შეისწავლეს მეურნეობებში არსებული ვითარება და შეაფასეს, რამდენად შეესაბამება წარმოებული სარგავი მასალა CAC კატეგორიისთვის (Conformitas Agraria Communitatis) დადგენილ სტანდარტებს. ფერმერებთან ერთად ასევე განიხილეს სერტიფიცირების პროცესში წამოჭრილი პრაქტიკული გამოწვევები და ხარისხიანი ნერგის წარმოებისთვის აუცილებელი აგროტექნიკური პირობები.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სანერგე მეურნეობების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სერტიფიცირების სისტემის ხელშეწყობაზე მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ქართულ ბაზარზე მაღალი ხარისხის, ჯიშობრივად სუფთა და ჯანსაღი სარგავი მასალის ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც საბოლოოდ ადგილობრივი ფერმერების კონკურენტუნარიანობასა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

