სანაშენე საქმიანობა საფუტკრეში – ძლიერი და პროდუქტიული ოჯახების შერჩევის საფუძველი
მეფუტკრეობის მდგრადი განვითარებისთვის მხოლოდ ფუტკრის ოჯახების რაოდენობის გაზრდა საკმარისი არ არის.
ნაკლებ მნიშვნელოვანი არ არის მათი პროდუქტიულობის, სიცოცხლისუნარიანობისა და სასარგებლო მემკვიდრეობითი თვისებების გაუმჯობესება.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფუტკრის სანაშენე საქმიანობა, რომელიც საუკეთესო თვისებების მქონე ოჯახების გამოვლენას, შერჩევასა და მომდევნო თაობებში ამ თვისებების შენარჩუნებასა და განმტკიცებას ითვალისწინებს.
რას ეფუძნება ფუტკრის სანაშენე შეფასება?
ფუტკრის სანაშენე შეფასება სხვა შინაური ცხოველებისგან განსხვავებულ მიდგომას ეფუძნება. ამ შემთხვევაში ფასდება არა ცალკეული ინდივიდი, არამედ ფუტკრის მთელი ოჯახი, როგორც ერთიანი ბიოლოგიური და სამეურნეო ორგანიზმი. შეფასებისას გათვალისწინებულია როგორც დედა ფუტკრის, ისე მუშა ფუტკრების წვლილი ოჯახის საერთო პროდუქტიულობასა და სიცოცხლისუნარიანობაში.
მაგალითად, თაფლის მაღალი პროდუქტიულობა, ძირითადად, მუშა ფუტკრების საქმიანობასა და მათ გენეტიკურად განპირობებულ თვისებებზეა დამოკიდებული. ამასთან, დედა ფუტკრის კვერცხდების ინტენსივობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახის რაოდენობრივ ზრდაზე, სიძლიერესა და განვითარების ტემპზე.
სანაშენე საქმიანობა მხოლოდ დედა ფუტკრის გამოყვანას არ გულისხმობს. იგი მოიცავს ფუტკრის ოჯახების სისტემურ შეფასებას, საუკეთესო სანაშენე თვისებების მქონე ოჯახების გამოვლენას, მათ შერჩევასა და მიღებული შედეგების შემდგომ ანალიზს.
რა მახასიათებლები ფასდება სანაშენე შერჩევისას?
ფუტკრის სანაშენე შერჩევისას რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოიყოფა:
– ქცევითი თვისებები – ფუტკრის თვინიერება, აგრესიულობის დაბალი დონე და ნაყრობისადმი მიდრეკილება. ეს მახასიათებლები მნიშვნელოვანია როგორც მეფუტკრის შრომის უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის, ისე საფუტკრის ეფექტიანი მართვისთვის.
– პროდუქტიულობა – თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების შეგროვების უნარი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოჯახის მიერ ნექტრისა და ყვავილის მტვრის შეგროვების ინტენსივობასა და თაფლის დაგროვების შესაძლებლობას.
– სიცოცხლისუნარიანობა – დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეობა, ზამთარგამძლეობა, ოჯახის სიძლიერე და სეზონის განმავლობაში განვითარების უნარი.
სანაშენე შეფასებისას მნიშვნელოვანია ფუტკრის ოჯახების შესახებ მონაცემების სისტემატური აღრიცხვა და ანალიზი. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა, შერჩევა მხოლოდ მეფუტკრის პირად გამოცდილებასა და სუბიექტურ შეფასებას კი არ დაეყრდნოს, არამედ კონკრეტულ სამეურნეო მაჩვენებლებსა და მრავალწლიანი დაკვირვების შედეგებს.
სამეცნიერო კვლევების როლი სანაშენე საქმიანობაში
ფუტკრის სანაშენე საქმიანობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. სამეცნიერო ცოდნისა და კვლევების საფუძველზე ცენტრი ხელს უწყობს ფუტკრის პოპულაციების შეფასებას, მათი ბიოლოგიური და სამეურნეო მახასიათებლების შესწავლასა და სანაშენე თვისებების გაუმჯობესებას.
ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფუტკრის პოპულაციების შესწავლა და მათი ღირებული მემკვიდრეობითი თვისებების შენარჩუნება. მიზანმიმართული სანაშენე შერჩევა საშუალებას იძლევა, მომდევნო თაობებში განმტკიცდეს ისეთი მახასიათებლები, რომლებიც კონკრეტულ ბუნებრივ და კლიმატურ პირობებში ფუტკრის ოჯახის წარმატებულ განვითარებას განაპირობებს.
ფუტკრის სანაშენე საქმიანობა მეფუტკრეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. პროდუქტიული, თვინიერი, დაავადებების მიმართ გამძლე და ზამთარგამძლე ოჯახების მიზანმიმართული შერჩევა ხელს უწყობს როგორც საფუტკრის ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას, ისე ადგილობრივი ფუტკრის გენეტიკური რესურსების დაცვას. შესაბამისად, სანაშენე საქმიანობის განვითარება მხოლოდ ცალკეული მეფუტკრის ინტერესს არ წარმოადგენს – იგი მთლიანად დარგის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

