აგროსიახლეები

ოზონ-აირის სადეზინფექციოდ გამოყენება მეფრინველეობაში

დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიები, ვირუსები და მრავალი სახის მავნე მიკროორგანიზმები უდიდეს ზარალს აყენებენ მთელ ცოცხალ სამყაროს. ადამიანმა დიდი ხნის წინ ისწავლა მათ წინააღმდეგ მოქმედება და სხვადასხვა საშუალებით წარმატებით ინარჩუნებდა და ინარჩუნებს დადებით ბალანსს.

მავნე მიკროორგანიზმებთან ბრძოლის კარგი საშუალება ყოველთვის იყო ქლორი, რომელიც წარმატებით ებრძოდა და დღემდე ებრძვის მრავალი სახის ბაქტერიასა და ვირუსს, მაგრამ აქვს უარყოფითი თვისებაც: გამოყენების შემდეგ უკვალოდ არ ქრება და კიდევ დიდხანსაა აქტიური, ანუ, თუ პირველ შემთხვევაში მავნე მიკროორგანიზმებს ანადგურებს, შემდეგ ეტაპზე ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს ადამიანისა და ცოცხალი ფლორის ჯანმრთელობაზე.

ქლორით დეზინფექცია განსაკუთრებით მავნებელია ადამიანთა თავშეყრის ადგილებისა და ცხოველ-ფრინველთა ფერმების დეზინფექციის დროს, რადგან აქ, გარდა ზრდასრული პირუტყვისა, არის მოზარდი ცხოველ-ფრინველი, რომელთა ჯანმრთელობისთვის ქლორის გავლენა არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე დაავადებათა გამომწვევი მავნე მიკროორგანიზმები.

ითვალისწინებდა რა ქლორის მავნე გავლენას ცოცხალ ორგანიზმებზე, მეცნიერება ყოველთვის მუშაობდა და მუშაობს ისეთი ალტერნატიული პრეპარატების შექმნაზე, რომელთა ზემოქმედება ვირუს-ბაქტერიებზე ქლორზე აღმატებული იქნებოდა, ხოლო ფლორა-ფაუნაზე და ეკოლოგიაზე მავნე გავლენა საგრძნობლად შემცირებული. მეცნიერება დღეს გვთავაზობს ცოცხალი ორგანიზმებისათვის სრულიად უხიფათო საშუალებებს: „წყალბადის ზეჟანგს“ და „ოზონ-აირს“, რომლებიც ქლორზე რამდენიმე ასეულჯერ ძლიერმოქმედი საშუალებებია, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ლიკვიდურები არიან და ნაშთად არ რჩებიან. დღეს მთელი მსოფლიო წარმატებით იყენებს ორივე ამ პრეპარატს, როგორც ეკოლოგიურად სუფთა და მაღალეფექტურ სადეზინფექციო საშუალებას. სამწუხაროდ, საქართველო აქაც გამონაკლისია და, მიუხედავად იმისა, რომ თსუ-სთან არსებული „ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“ 10 წელზე მეტია ვიბრძვით იმისათვის, რომ ოზონ-აირი და ოზონირებული წყალი სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყანაში გამოსაყენებელი სადეზინფექციო პრეპარატების ჩამონათვალში შეიტანოს, დღემდე ვერაფერს მივაღწიეთ. პარადოქსია პირდაპირ: ქვეყნის ყველა აფთიაქში წარმატებით იყიდება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი, როგორც მადეზინფიცირებელი საშუალება, მადეზინფიცირებელ საშუალებათა ჩამონათვალში კი არ შედის, ანუ აკრძალულია მისი გამოყენება ქვეყანაში?

ზემოთ დასახელებული ჩვენი ინსტიტუტი წლებია წარმატებით იკვლევს ოზონის გამოყენების პერსპექტივებს სოფლის მეურნეობაში და ამზადებს მაღალეფექტურ ოზონოგენერატორებს. დღეისათვის დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა ოზონირებული წყლის მევენახეობა-მეღვინეობაში, ასევე სოფლის მეურნეობის სხვა კულტურებზე გამოყენების კუთხით. რაც შეეხება ოზონ-აირისა და ოზონირებული წყლის მეცხოველეობა-მეფრინველეობაში გამოყენებას, მართალია, ამის გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ ამ წერილით მკითხველსა და დარგის მესვეურებს მინდა ამ მიმართულებით მსოფლიოს გამოცდილება გავაცნო, იმ იმედით, რომ იქნებ საქართველოშიც გატყდეს ნავსი და ვინმემ მოინდომოს მსოფლიო გამოცდილების საკუთარ წარმოებაში დანერგვა, რაშიც ჩვენ, ინსტიტუტის თანამშრომლები, დიდი ენთუზიაზმით დავეხმარებით.

მსოფლიოს მეფრინველეობას დიდი გამოცდილება აქვს მეფრინველეობაში ოზონისა და ოზონირებული წყლის გამოყენების კუთხით. არაა მეფრინველეობაში მიმართულება, სადაც ოზონ-აირი და ოზონირებული წყალი არ გამოიყენებოდეს, ამიტომ ერთ წერილში ყველა ამ მიმართულების გაშუქება არ მოხერხდება. დასაწყისისათვის კი რამდენიმე იმ მიმართულებას შემოგთავაზებთ, რომელიც ადვილია განსახორციელებლად, ხოლო სარგებელს დიდს მოიტანს:

იმ კვერცხების ოზონით დამუშავება, რომლებიც ინკუბაციისთვისაა განკუთვნილი, საგრძნობლად ამაღლებს მიღებული წიწილების პროცენტულ რაოდენობას და გაცილებით ჯანმრთელი ფრინველი მიიღება, რომელთა დაცემის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს პროცედურა ფაბრიკაში შემდეგნაირად უნდა ჩაატაროთ: კამერაში, სადაც საინკუბაციო კვერცხია მოთავსებული, ოზონოგენერატორი იმ ანგარიშით უნდა ჩაურთოთ, რომ კამერაში ოზონ-აირის კონცენტრაციამ 5-15 მგ/მ³-ს მიაღწიოს და ასეთ ოზონირებულ კამერაში კვერცხი 8-12 სთ-ით უნდა გააჩეროთ. ეს პროცედურა 3-5 დღის შემდეგ უნდა გაიმეოროთ. შედეგად კი კვერცხის კედლებზე 2-3-ჯერ შემცირებული მავნე მიკროფლორა იქნება, ასევე წიწილების გამოჩეკვის რაოდენობა 5-12%-ით გაიზრდება და, რაც მთავარია, ჯანმრთელი კვერცხიდან ჯანმრთელი წიწილები იჩეკება, რომელთა დაცემის პროცენტი საგრძნობლად მცირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საინკუბაციო კვერცხი თუ სუფთა არ არის, ამ შემთხვევაში მშრალი დეზინფექცია ნაკლებეფექტიანია. ამ შემთხვევაში საჭიროა სველი დეზინფექცია, ანუ კვერცხი უნდა გაირეცხოს ოზონირებულ წყალში ან წყალბადის ზეჟანგის 0,3-0,4%-იან წყალხსნარში და მერე უნდა დამუშავდეს ოზონ-აირით. კვერცხების ჩაწყობის წინ ინკუბატორის კამერა კარგად უნდა დამუშავდეს ოზონ-აირით.

ინკუბატორში წიწილების გამოზრდის მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოყენებული წყლის სისუფთავეს. წყალი, რომელიც ფრინველის სასმელად გამოიყენება, დაბინძურებულია სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმებით, ამიტომ იწვევენ ფრინველის დაავადებას და, თუ ფატალური შემთხვევები არ დადგა, წონამატი ექნება დაბალი და ქათამი დასაკლავ ფაზაში გადასვლას რამდენიმე დღით დააგვიანებს. ეს კი ტონობით საკვების გასავალს ნიშნავს, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს ფაბრიკის შემოსავალზე. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია, წყალი სარწყულებლებში მიშვების წინ ოზონით კარგად დამუშავდეს და ამის შემდეგ იქნას გამოყენებული. რადგან ოზონით გამდიდრებული წყლის ფრინველისთვის მიცემა არ შეიძლება (ოზონით დამუშავებიდან მხოლოდ 1,5-2 სთ-ის შემდეგ უნდა მიეცეს), ამიტომ ფრინველების ფაბრიკამ უნდა აიშენოს წყლის ორი რეზერვუარი და წყალი რეზერვუარებში ოზონით რიგ-რიგობით უნდა დამუშავდეს და საჭირო დროის გასვლის შემდეგ (1,5 სთ და მეტი) გამოიყენოთ. ინსტიტუტში გვაქვს დამუშავებული სისტემა, რომლის გამოყენებით ათჯერ და მეტადაა გაზრდილი ოზონის წყალში გახსნის პროცენტი, ანუ მსოფლიო ანალოგებთან შედარებით ათჯერ სწრაფად ხდება წყლის ოზონით დამუშავება და, ინტერესის შემთხვევაში, ფაბრიკისათვის სუფთა წყლის პრობლემის მოგვარება ჩვენთვის სიძნელეს არ წარმოადგენს.

მეორე დიდი პრობლემა, რომელზედაც პირდაპირაა დამოკიდებული ქათმის წონამატი და ჯანმრთელობა, საკვებია. ფრინველის საკვები შენახვის დროს, მით უმეტეს მაშინ, თუ ამისათვის სათანადო პირობები არაა (მაღალი ტენი და სიცხე), ხშირად ხდება ფრინველის საკვების გაფუჭება. ყველა იმ მავნე მიკროორგანიზმებიდან, რომლებიც საკვებში ვითარდება, განსაკუთრებით საშიშია ობის სოკოები, რომლებიც ფრინველში იწვევენ „მიკოზებს“. დღეს ფრინველის საკვების სადეზინფექციოდ ფართოდ იყენებენ ქიმიურ პრეპარატებს, როგორიცაა „წყალბადის ზეჟანგი“ და „მეთილბრომიდი“. დასახელებული პრეპარატებით ფრინველის საკვების დამუშავება ძალიან შრომატევადია (ხდება საკვების პრეპარატით დასველება), ამასთან, თვითონ რეაგენტებიც ძვირია. რაც შეეხება ოზონ-აირით საკვების დამუშავებას, პროცესი ძალიან მარტივია: ოზონ-აირიც ადგილზე იწარმოება და ფაქტიურად უფასოა, ანუ ყოველი ტონა საკვების დეზინფექცია რამდენიმე ლარი ჯდება. სუფთა საკვები კი ჯანმრთელი ფრინველია და მისი მქკ გაცილებით მაღალია, ვიდრე დაავადებული საკვების შემთხვევაში. ჩვენთან, ინსტიტუტში, დამუშავებული გვაქვს ფრინველის საკვების როგორც მცირე პარტიების, ისე რამდენიმე ათეული ტონის ერთდროულად დამუშავების ახალი წესი და ამ კუთხითაც შეგვიძლია ნებისმიერ მსურველს დავეხმაროთ.

რა საკვირველია, რაც მეტ პროცესს შეიმსუბუქებს და გაიიაფებს მეფრინველეობის ფაბრიკა, მით ნაკლები დაუჯდება ფრინველის ხორცის წარმოება, მაგრამ სამრეწველო პროცესებს შორის, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული ფრინველის წონამატთან, ეს სუფთა წყალი და ხარისხიანი საკვებია, რომლებიც პირდაპირ არიან დამოკიდებული ფრინველის ჯანმრთელობასთან, ჯანმრთელი ფრინველი კი სწრაფადაც იზრდება და არც ზედმეტი ხარჯებია საჭირო მათი ჯანმრთელობის გამოსასწორებლად. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ოზონით დამუშავებული კვერცხის შენახვის დრო ორმაგდება, ამიტომ აუცილებელია კვერცხის საწყობების ოზონით კვირაში 1-2-ჯერ დამუშავება.

ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დროა ქართველმა მეურნემაც ისწავლოს სამუშაო პროცესებში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების ჩართვა, რომელთა დახმარებით ხდება სამუშაო პროცესების შემსუბუქება და წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების საგრძნობი შემცირება.

ჟორა გაბრიჭიძე, თსუ-სთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი