აგრარული განათლებამემცენარეობა

ტუნგის ხე  (Aleurites)

ტუნგის ხე ეკუთვნის რძიანასებრთა (Euphorbiaceae)  ოჯახს და ალეურიტეს (Aleurites) გვარს. ამ გვარში ხუთი სახეობა შედის:

1.A. molucana – ლუმბანგი ანუ სინათლის ხე, რომელიც მხოლოდ აზიის ტროპიკულ რაიონებში გვხვდება;

2.A. trisperma – ბაგილუმბანგი ანუ რბილი ლუმბანგი, რომელიც წარმოშობით ფილიპინის კუნძულებიდანაა;

3.A. Fordii – ჩინური ტუნგის ხე, რომელიც გავრცელებულია ჩინეთის ცენტრალურ და ჩრდილო ნაწილში;

4.A. Montana – მთის ტუნგი გავრცელებულია ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში და ნაკლები ყინვაგამძლეობით ხასიათდება;

5.A. cordata – იაპონური ტუნგის ხე, წარმოშობით სამხრეთ იაპონიიდან;

ამგვარად, პირველი ორი სახეობა ტროპიკული წარმოშობისაა, ხოლო უკანასკნელი სამი – სუბტროპიკული. ჩამოთვლილი ყველა სახეობიდან ჩვენში კარგადაა გავრცელებული ჩინური და იაპონური ტუნგის ხე, როგორც უფრო ყინვაგამძლენი და ამასთანავე მაღალხარისხოვანი ზეთის შემცველნი.

ჩინური ტუნგის ხე (Aleuries Fordii Hemsl) – საშუალო სიდიდის ფოთოლმცვენი ხეა 8-10 მეტრამდე სიმაღლის, სუსტად კომპაქტური გადაშლილი ვარჯით, ტოტების აშკარად გამოსახული იარუსისებრი განწყობით. ქერქი ღია რუხი ფერის, გლუვი, მერქანი თეთრი, ფხვიერი აგებულების, ახალგაზრდა ყლორტები მწვანეა, ფოთლები მორიგეობითი, მარტივი კიდემთლიანი, მომრგვალო-ოვალური ან გულისებრი ფორმის გრძელი ყუნწით, ახალგაზრდა მცენარეზე ფოთოლი ხშირად დანაკვთულია, მუქი მწვანე ფორმის. ფოთლის ფირფიტის ფუძესთან ზედა მხარეზე ორი, იშვიათად სამი, მეჭეჭისმაგვარი ჯირკვლები ვითარდება, რომელთაც ჰიდატოდებს უწოდებენ. ფიქრობენ, რომ ჰიდატოდები ხელს უწყობენ მცენარის ტრანსპირაციას და ამავე დროს ყვავილგარეთა სანექტრის როლს ასრულებენ. ჩინური ტუნგის ფოთოლზე ჰიდატოდები მჯდომარეა, მომრგვალო და ბრტყელი ფორმის, აგურისებრ-წითელი ფერის, რჩება ფოთლის ჩამოცვენამდე.

ჩინური ტუნგის ყვავილები ჩვეულებრივ მტევნისებრ საგველას ფორმის კენწრულ ყვავილებად არის შეკრებილი. ყვავილედში ყვავილების რაოდენობა ცვალებადობს ფორმების მიხედვით 2-3-დან რამდენიმე ათეულამდე. ჩინური ტუნგის ნაყოფი კოლოფს წარმოადგენს, ნაყოფის ფორმა და ზომა მეტად ცვალებადია. უფრო ხშირად მომრგვალო ფორმის, საშუალო ან მსხვილი ზომისაა. ნაყოფი ჩვეულებრივ 5-ბუდიანია, იშვიათად 3-6 ბუდიანი. მწიფე ნაყოფი მომწვანო-წითელია, მშრალი ნაყოფი კი მურა ფერისაა. ნაყოფის პერიკარპიუმი სქელია, ხორკლიანი ან გლუვი ზედაპირის მქონე. თესლი მსხვილია 2-3 სმ სიგრძის, ნახევრად კვერცხისებრი, ორი მხრიდან შებრტყელებული ლებნები ორია, რძისებრი თეთრი, მწვანე, მომშხამველი.

 

ჩინური ტუნგის თესლის აღმოცენების უნარი 60-70%-ს არ აღემატება, იაპონური ტუნგის კი 80%-ს აღწევს, თესლის გაღივებისათვის ჰაერის ოპტიმალურ ტემპერატურად 25-300C ითვლება. აღმოცენების უნარს თესლი 1-2 წელს ინარჩუნებს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგი ძლიერ ეცემა და პრაქტიკულად უვარგისი ხდება.

ტუნგის ახალგაზრდა აღმონაცენი ძლიერ სწრაფი ზრდით ხასიათდება, განსაკუთრებით ჩინური სახეობის. დატოტვას ტუნგის ხე ძირითადად მეორე წლიდან იწყებს, მსხმოიარობას კი მე-2-3 წლიდან, სრულ მსხმოიარობაში ის 7-8 წლის ასაკში შედის.

ჩინური ტუნგის ვეგეტაცია ადრე გაზაფხულზე (მარტის პირველი ნახევარი) იწყება და გრელდება გვიან შემოდგომამდე. მისი ვეგეტაციის პერიოდის ხანგრძლივობა საშუალოდ 280-290 დღეს შეადგენს. მას ჩვენს სუბტროპიკულ რაიონებში საშიშროება ექმნება შემოდგომის ნაადრევი და გაზაფხულის ნაგვიანევი ყინვებისაგან.

ჩინური ტუნგის ჰაერმშრალ თესლის გულში ცხიმზეთის შემცველობა 50-55%-ის ფარგლებშია. მისი ზეთი ხასიათდება განსაკუთრებით სწრაფი შრობით და სხვა ძვირფასი თვისებებით.

იაპონური ტუნგის ხე ანუ ზეთის ხე (Alleurites Kordata R.) – 10 მ-მდე და მეტი სიმაღლის იზრდება. ჩინურ ტუნგთან შედარებით საკმაოდ უხვად დატოტვილი და კომპაქტური ვარჯი აქვს. ტოტები უფრო ხშირად მორიგეობითაა განწყობილი, რუხი ფერის, შემოდგომით მურაფერს ღებულობს. ფოთლები მოყვანილობით ძალიან ჰგავს ჩინურ ტუნგისას, ოღონდ შედარებით მცირე ზომისაა, ყუნწიც უფრო მოკლე აქვს.  ჰიდატოდები ჩინური ტუნგის ფოთლებისაგან განსხვავებით ყუნწიანია, მოთავსებულია ფოთლის ფირფიტის ძირში, უფრო ხშირად ორი, ჰიდატოდები ღია მწვანე ფერისაა, თვით ჰიდატოდები კი შეფერილია წითლად ანუ აგურისფრად. ყვავილი აგებულებით და შეფერვით ძლიერ წააგავს ჩინური ტუნგისას, მხოლოდ უფრო მცირე ზომისაა. ყვავილები შეკრებილია საგველისებრ ყვავილედებად, ჩინურ ტუნგთან შედარებით უფრო გრძელი და ფარჩხატი აგებულების მტევნებად. იაპონური ტუნგის ნაყოფი დაკუთხული შებრტყელებული წიბოებიანი კოლოფია, შედარებით თხელი პერიკარპიუმით, უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე ჩინური ტუნგის ნაყოფი. თესლი მომრგვალო ფორმისაა, გლუვი, ლებნები რძისებრ თეთრია, შხამიანი.

ტუნგის ორივე სამრეწველო სახეობას კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა ახასიათებს. იგი შედგება მთავარი ღერძისა და გვერდითი ფესვებისაგან. მთავარღერძა ფესვი მალე კარგავს თავის სახეს და ხის ფესვთა სისტემის ძირითად ნაწილს ჩონჩხისებრი ფესვები შეადგენს. ფესვების ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად გავრცელების ხასიათი დიდად არის დამოკიდებული ნიადაგურ პირობებზე. კარგად განვითარებულ, ზომიერად ტენიან ღრმა ნიადაგებზე ფესვები 1,5-2 მეტრს და მეტ სიღრმესაც აღწევს, მაგრამ ძირითადად ფესვთა სისტემის გავრცელება რადიალურია.

იაპონური ტუნგის ხე სქესობრივი დიფერენციაციის მხრივ შეიძლება იყოს სამი ტიპის:

1. ერთბინიანი, როდესაც ერთ ხეზე ვითარდება მდედრობითი და მამრობითი ყვავილები;

 2 ორბინიანი, როდესაც ერთ ხეზე მხოლოდ მდედრობითი ყვავილი ვითარდება;

3. ორბინიანი, როდესაც ერთ ხეზე მხოლოდ მამრობითი ყვავილები ვითარდება. იაპონური ტუნგი ყვავილობას იწყება ფოთლების გაშლის შემდეგ მაისის შუა რიცხვებიდან და აგრძელებს მას ივნისის ბოლომდე.

ტუნგის ორივე სახეობის ყვავილობა თითქმის თანაბარი ხანგრძლივობით მიმდინარეობს, იგი 20-25, იშვიათად, 30-35 დღემდე გრძელდება. ცალკეული ყვავილი კი 2-7 დღის განმავლობაში ყვავილობს. ყვავილობისას ტუნგის ცალკეულ ფორმებში შემჩნეულია დიქოგამიის მოვლენა, კერძოდ პროტეროგინია, როდესაც მდედრობთი ყვავილები რამდენიმე დღით ადრე მწიფდება და იშლება, ვიდრე მამრობითი ყვავილები. ჩინური ტუნგისათვის ეს მოვლენა შედარებით ნაკლებ შესამჩნევია. ტუნგის ორივე სახეობის ყვავილების განაყოფიერება ხდება როგორც თვითდამტვერვით, ისე ჯვარედინდამტვერვის შედეგად. ტუნგის ხე ტიპიური ენტომოფილური მცენარეა.

ტუნგის ხე ბუნებრივად, ხანმოკლე სიცოცხლის მცენარეა, მაგალითად, ჩინური ტუნგის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალო 30-35 წლის ფარგლებშია, იაპონურის კი – 50 წლამდეა. უნდა ითქვას, რომ ტუნგის ორივე სახეობის ცხოველუნარიანობა და სამეურნეო ეფექტიანობა დიდად არის დამოკიდებული ეკოლოგიურ პირობებზე, მათ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებთან შესატყვისობაზე და აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსის ხასიათზე.

საქართველოს ტერიტორიაზე პირველად ტუნგის მცენარე იაპონიიდან შემო-ტანილია 1896 წელს პროფ. კრასნოვის ექსპედიციის მიერ; იგი  გაუშენებიათ ჩაქვის საუფლისწულო მამულში. 1932 წელს აჭარაში შემოუტანიათ ჩინური ტუნგის მცენა-რეები და კარგი შედეგი მიუღიათ. აქედან გავრცელდა დასავლეთ საქართველოს რაიონებში, სამეგრელო – ზუგდიდი, სენაკი, გურია – ოზურგეთი, აფხაზეთი – გალში, ე.ი. ტენიან სუბტროპიკულ რაიონებში. ქობულეთში მუშაობდა ტუნგის ზეთის გადა-მამუშავებელი ქარხანაც, მაგრამ გარდამავალ პერიოდში დაიხურა.

ტუნგის კულტურას ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონ-და და უნდა ექნეს მომავალშიც. მან ჩაის და ციტრუსოვან კულტურასთან ერთად, თავის დროზე დიდი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ტუნგის პლანტაციის 1,0 ჰექტარზე 10 ტონაზე მეტი ნაყოფის მიღება შეიძლება. გარდა მაღალი რენტაბელობისა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ტუნგის პლანტაციაში ნაყოფის შეგროვება და გარჩევა გვიან შემოდგომაზე მიმდინარეობს, მაშინ, როცა სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დამთავრებულია; ტუნგის მცენარე ადრე ყვა-ვილობს, ამიტომ მეფუტკრეობისათვის მეტად მნიშვნელოვანი კულტურაა.

პლანტაციის გასაშენებლად ნიადაგის შერჩევისას, უნდა გაითვალისწინონ, რომ ტუნგის კულტურა მაღალ სამეურნეო ეფექტს მხოლოდ ხელსაყრელ გარემო პირო-ბებში იძლევა. ჩინური ტუნგი უფრო ყინვა და გვალვაგამძლეა, ვიდრე იაპონური. ის მოითხოვს ხანგრძლივ სავეგეტაციო პერიოდს. ტუნგის ვერც ერთი ფორმა ვერ იტანს ნიადაგის ჭარბტენიანობას. ჩინური ტუნგისათვის უნდა გამოვყოთ ნაკვეთები ზღვიდან შედარებით დაშორებულ რაიონებში, ხოლო იაპონური ტუნგისათვის კი ზღვის სანაპირო ზოლი, უფრო ტენიანი კლიმატით და რბილი ზამთრით.

ტუნგის გასაშენებლად გამოყოფილ ნაკვეთზე ნიადაგი უნდა იყოს წყლისა და ჰაერის კარგად გამტარი, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, ღრმა სახნავი ფენის მქონე, სუსტი მჟავე რეაქციით. საუკეთესოდ ითვლება წითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ტუნგი შეიძლება გაშენდეს ვაკე რელიეფის სუსტად და საშუალოდ გაეწერებულ ნიადაგებზეც, თუ ზამთრის კრიტიკული ტემპერატურა 9-120 ჩ-ზე უფრო დაბლა არ ეცემა.

ტუნგის გასაშენებლად ნაკვეთის დაგეგმვა ხდება სწორკუთხოვანი წესით, ხოლო 80 მეტად დაქანების ფერდობებზე კონტურული წესით. გაშენების ორივე შემთხვევა-ში ხეებს შორის უნდა დავტოვოთ შემდეგი მანძილები: მწკრივებში ჰორიზონტალის გასწვრივ 4,0 მეტრი და მწკრივთა შორის 7,0 მეტრი; ერთ ჰექტარზე 360 ხე ეტევა.

ტუნგის დასარგავად ორმოების ამოღებას ვიწყებთ დარგვამდე 10-15 დღით ადრე, ერთი მეტრი სიგანით და 20 სმ სიღრმით. თუ ნიადაგი ღარიბია, დარგვის წინ ორ-მოში შეიტანება 8-10 კგ გადამწვარი ნაკელი, აირევა მიწასთან და ორმო შეივსება 2/3 –ზე. ტუნგის რგვას ვაწარმოებთ ვეგეტაციის დაწყებამდე გაზაფხულის მოსალოდნე-ლი საშიში ყინვების გავლის შემდეგ – 15 მარტიდან პირველ აპრილამდე. ნერგი ჯან-საღი უნდა იყოს. ჩინური ტუნგისათვის (ფორდისათვის) ნერგი სიმაღლით 40 სმ-ზე მეტი უნდა იყოს, ხოლო იაპონური (კორდატასათვის) _ 30 სმ-ზე მეტი. მთავარი ღერძა ფესვის სიგრძე არ უნდა იყოს 20-25 სმ-ზე ნაკლები, რომელსაც უნდა ჰქონ-დეს კარგად განვითარებული გვერდითა ტოტები.

ტუნგის ნაყოფის უხვი და  და მყარი მოსავლის მიღება დიდადაა დამოკიდებული პლანტაციებში სასუქების გამოყენებასთან, ამასთან, აუცილებელია ტუნგის პლანტაციის ყოველი ნაკვეთის დამუშავება ჩატარდეს ინდივიდუალურად, ნიადაგის ნაყოფიერების, ასაკის, მდგომარეობისა და მოსავლიანობის გათვალისწინებით. ტუნგის კულტურისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანულ სასუქებს – ნაკელს, ტორფ-კომპოსტს, კონცენტრირებულ ტორფ-მინერალურ სასუქებს და ტუნგის გადამუშავების შედეგად მიღებულ შერეულ კომპოსტებს. ორგანული სასუქები არა მარტო საერთო მოსავალს ზრდიან, არამედ იზრდება ნაყოფის ზეთიანობა და მისი ხარსხიც. ნაკელის ან მისი შემცველის ყოველწლიური დოზა 3-5 წლიანი პლანტაციებისათვის დადგენილია ჰექტარზე 11 ტ (ერთ ხისთვის 30 კგ), 6-10 წლიანი ასაკისათვის – 15 ტ (ერთ ხისთვის 40 კგ), 10 წლიანი და უხნესი ნარგაობისათვის – 18 ტ (ერთ ხისთვის 50 კგ). ნაკვეთებზე, სადაც სიდერატები ითესება, ორგანული სასუქების დოზა იცვლება სიდერატების განვითარების მიხედვით, მათი ჩახვნის მომენტისათვის. ორგანული სასუქები შეაქვთ ნიადაგის საზამთრო-საგაზაფხულო დამუშავების ვადებში.

ტუნგის პლანტაციაში აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი  სასუქების გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება აგრეთვე პლანტაციის ასაკი.

ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, ხოლო აზოტიანი სასუქებიდან ამონიუმის სულფატი, შეაქვთ ერთხელ თებერვალ-მარტში, ამონიუმის გვარჯილა კი  ორჯერ: დოზის ნახევარი – ყვავილობის დაწყებამდე 15-20 დღით ადრე და მეორე ნახევარი ყვავილობის დამთავრებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 15 ივნისისა. ტუნგის მოსავლის აღებას აწარმოებენ, როდესაც ნაყოფი მომწიფდება და ბუნებრივად ჩამოცვივა. ამ დროს ნაყოფი მურა ფერისაა.

საქართველოს დასავლეთ რაიონებში იაპონური ტუნგის ნაყოფი, ჩვეულებრივ, შუა სექტემბრიდან შუა ოქტომბრამდე მწიფდება, ხოლო ჩინურის _ ოქტომბრის ბოლო დეკადიდან დეკემბრის მეორე დეკადამდე. ხშირად, თუ ტუნგის ნაყოფებმა სრული მომწიფება დააგვიანა და ხიდან არ ჩამოცვივდა, მათ ტექნიკური სიმწიფის დროს ჩამობერტყავენ, რა დროსაც ტექნიკურად მომწიფებულ ნაყოფებთან ერთად მოუმწიფებელი ნაყოფებიც ცვივა ძირს. ამ შემთხვევაში საჭიროა ნაყოფების აკრეფისას ცალკე გადაირჩეს ტექნიკურად დამწიფებული ნაყოფები და  ისინი ცალკე ჩაბარდეს მრეწველობას. მოუმწიფებელი ნაყოფები კი ცალკე უნდა გადამუშავდეს. ტუნგის ნაყოფები შეკრების შემდეგ ადგილზე უნდა გადამუშავდეს. მათ პირველად გადამუშავებას კოლოფიდან თესლის განთავისუფლება შეადგენს, რაც ნაყოფის გაშრობის შემდეგ ჩვეულებრივი მანქანებით, ე. წ. დეკორტიკატორებით წარმოებს. მისი ნაყოფები შეგროვების შემდეგ ადგილზე უნდა გადამუშავდეს. მათი პირველადი გა-დამუშავება კოლოფიდან თესლის განთავისუფლებაა, რაც ნაყოფის გაშრობის შემდეგ ჩვეულებრივი მანქანებით წარმოებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთსა და იაპონიაში, ტუნგის ნაყოფების პირველადი გადამუშავება წარმოებს ღია ცის ქვეშ მათი გაშრობის შემდეგ, რასაც ხელს უწყობს იქ შემოდგომის მშრალი ამინდები. საქართველოს დასავლეთ რაიონებში, როგორც ცნობილია, შემოდგომით ხშირი და უხვი წვიმები იცის, რის გამო ტუნგის ნაყოფების გაშრობა ღია ცის ქვეშ შეუძლებელი ხდება. ამიტომ საჭიროა ტუნგის ნაყოფების გაშრობა დახურულ შენობაში ხდებოდეს ხელოვნურად გამთბარი ჰაერის ზეგავლენით, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

კოლოფიდან განთავისუფლებული თესლი ქარხანაში იგზავნება, სადაც მას ნა-ჭუჭს ნაწილობრივ აცლიან და გათავისუფლებული თესლის გულს სპეციალურ წის-ქვილით ფქვავენ, რის შემდეგაც წნეხის საშუალებით ზეთს ხდიან. ტუნგის ზეთი მოყვითალო ფერისაა და გამჭვირვალე, მას ჰერმეტულად დახურულ ლითონის ჭურჭლებში ათავსებენ, რომ ჰაერზე არ დაიჟანგოს და ისე აგზავნიან ლაქსაღებავ საწარმოებში, ლაქებისა და სხვა ნაწარმთა დასამზადებლად.

რეზო ჯაბნიძე-სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმ დოქტორი, პროფესორი.

ნანა ჯაბნიძე-სმმ აკადემიური დოქტორი, პროფესორი