ქვევრის ტრანსპორტირება
იქიდან გამომდინარე, რომ ქვევრის ღვინისა და თავად ქვევრის საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, როგორც საქართველოში, ისევე უცხოეთშიც, დღის წესრიგში დადგა ქვევრების შორ მანძილზე ტრანსპორტირების საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ქვევრის ერთი ადგილიდან მეორეზე, მათ შორის საკმაოდ შორ მანძილზე გადატანის საკითხი ძველი დროიდანვე იყო გადაწყვეტილი, რომელი პროცესიც ურმით ხორციელდებოდა. მაგალითად, ქართული წერილობითი წყაროებიდან ცნობილია, რომ ქსნის ხეობაში დიდი მოცულობის ქვევრები იმერეთიდან შეჰქონდათ, ხოლო ამავე ხეობიდან ადგილობრივი ოსტატების ნახელავი კახეთშიც კი გადაჰქონდათ სარეალიზაციოდ. ამგვარი მაგალითების ჩამოთვლა მრავლადაა შესაძლებელი, ხოლო ამ შემთხვევაში კი ქვევრის ტრანსპორტირების საშუალებას, რა თქმა უნდა ქართული ურემი წარმოადგენდა. ურემი გამოიყენებოდა ღვინის რუმბებით გადაზიდვის დროსაც. დროთა განმავლობაში ქართველი კაცი იმასაც დააკვირდა, რომ ქვევრის შორ მანძილზე ტრანსპორტირება ურმის განსხვავებულ ფორმას მოითხოვდა, ამიტომაც ჩვენში ზოგან სპეციალური, ქვევრის გადასატანად გათვლილი ურმები მზადდებოდა. თუმცა დრომ თავისი ქნა და ქვევრების ურმებით ტრანსპორტირება, გარდა იშვიათი შემთხვევებისა ისტორიას ჩაბარდა…
უკანასკნელ პერიოდში ქართული ქვევრით ევროპასა თუ ამერიკაშიც დაინტერესდნენ. უკვე ათეულობით უცხოელი მეღვინე ფლობს საქართველოდან გატანილი ქვევრებით გაწყობილ მარანს და ეწევა ქვევრში ღვინის დაყენებას. უცხოეთის ქვეყნებში ქვევრები საქართველოდან უმეტეს შემთხვევაში სატვირთო ავტომანქანებით გადაიზიდება. აქვე უნდა ითქვას, რომ ამისათვის მხოლოდ ერთი ხერხი არ არსებობს და ხშირად ქვევრების გადატანისას სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთ-ერთ მეთოდზე შევჩერდებით მოკლედ, რომელი მეთოდის პრინციპი ფოტოდანაც კარგად ჩანს.
ქვევრის ტრანსპორტირების შემთხვევაში ისეთი კონსტრუქციის კონტეინერი უნდა დამზადდეს, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. გასათვალისწინებელია ერთი მეტად მნიშვნელოვანი მომენტი, კონტეინერს ძირი იმგვარად უნდა გაუკეთდეს, რომ მისი მანქანიდან ჩამოღება, ან დადება შესაძლებელი იყოს „ჩამტვირთავი ტრაქტორის“ საშუალებით (იხილეთ სურათი). ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვევრიანი კონტეინერებით მანქანის ძარა ბოლომდე შეივსოს და იქ თავისუფალი ადგილი აღარ დარჩეს, რათა ტრანსპორტირებისას კონტეინერი არ გადაბრუნდეს. ამიტომ მანქანაში ჩატვირთული ქვევრიანი კონტეინერები მაქსიმალურად მჭიდროდ უნდა განთავსდეს. ქვევრი კონტეინერში ქუსლით ზემოთ უნდა ჩაიდოს.
გიორგი ბარისაშვილი, მცხეთა, 2014 წ. ჟურნალი „აგრარული საქართველო“ 05 (37)