კორდიანი მინითესლბრუნვა
მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ნიადაგების ბუნებრივი ნაყოფიერება ნათესბალახიანი თესლბრუნვების, სიდერაციის და ორგანული სასუქების გამოუყენებლობის გამო კრიტიკულ ზღვრამდეა მისული.
2003 წელს შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა: ,,საქართველოს ნიადაგების დაცვა და ნაყოფიერების ამაღლება’’. პროგრამის შესაბამისად (ავტორებმა: ნ. კაკაბაძე, ა. სარალიძე) შემუშავდა (გამოგონება. საქართველოს პატენტი p-2847) მინდვრის კულტურების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების, ნიადაგების ეროზიის მინიმუმამდე შემცირების და ბუნებრივი ნაყოფიერების დაჩქარებული ამაღლების ახალი ტექნოლოგია – კორდიანი მინითესბრუნვა.
აღნიშნული თესლბრუნვის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბოსტნეულის და მინდვრის კულტურების მცენარისათვის დადგენილი კვების არის ფარგლებში იყოფა ნიადაგის ფართობი ორი თანაბარი ზომის მინიმინდვრებად, რომელთაგან პირველი მინიმინდორი მუშავდება და მასზე იწარმოება ბოსტნეული და მინდვრის კულტურები, ხოლო მეორე მინიმინდორზე შენარჩუნებულია ბუნებრივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება და ვითარდება ბუნებრივი ბალახები ან ნიადაგის დამუშავების გარეშე ითესება მრავალწლიანი მარცვლოვან-პარკოსანი ბალახების ნარევი, რომელთა თიბვა ტარდება მოტობლოკით, ცელით, ნამგლით ბალახების დათესლებამდე და ბოსტნეულის და მინდვრის კულტურების პროდუქციის ფორმირებამდე. ორ წელიწადში ნიადაგის გაკორდების შემდეგ წარმოებს მინიმინდვრების მონაცვლეობა, იხილეთ სქემა.
მინიმინდვრების ზოლის სიგანე დამოკიდებულია კულტურების ბიოლოგიურ და აგროტექნოლოგიურ თავისებურებებზე. ის შეიძლება იყოს 140, 160, 180 სმ სიგანის, რაც ემთხვევა მანქანა-იარაღების ლიანდს. უმეტესი კულტურებისათვის ეფექტურია 160 სმ.
მინითესლბრუნვის მოწყობა შეიძლება 5 გრადუსამდე დახრილობის ფართობზე. ნაკვეთის გაწმენდის და მოსწორების შემდეგ ყოველი 160 სმ სიგანის ზოლში მუშავდება 80 სმ ზოლი მოდიფიცირებული პრვნ 1.5 და პრვნ 2.5 ა მარკის გუთან-კულტივატორით ან მოტობლოკით. დამუშავებულ მინიმინდორზე თავსდება სათოხნი კულტურების ორი მწკრივი ერთმანეთისაგან 70 სმ დაშორებით ისე, რომ თითოეული მწკრივი მეორე მინიმინდვრის ბალახის ნაპირა მწკრივიდან დაშორებუ-ლი იყოს 15 სმ-ით ისე, რომ თოხნა-კულტივაცია ჩატარდეს 100სმ სიგანის ზოლზე. ბალახნარევის თესვა წარმოებს დაუმუშავებელ ზოლში 60 სმ სიგანის ზოლად.
კორდიანი მინითესლბრუნვის ძირითადი ღირსება მარტო ის კი არ არის, რომ პროდუქციის წარმოების გადიდებასთან ერთად შენარჩუნებული ნიადაგის ნახევარი ფართობის ბუნებრიობა, რაც უზრუნველყოფს ეროზიის უსაფრთხოებას, არამედ მესამე წლიდან, ყოველწლიურად შესაძლებელია ნიადაგების დამუშავება და მინერალური სასუქების გარეშე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება მხოლოდ ნაკორდალსა და ამობრუნებულ კორდზე-ნაბალახარზე. ეს განაპირობებს ნიადაგის ნაყოფიერების დაჩქარებულ ამაღლებას. ამ მხრივ მას ანალოგი არ გააჩნია.
ნატო კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი.