დარგებივეტერინარია

ცოფი საშიში დაავადებაა!

ცოფი უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. ისტორიული ცნობებით, ადამიანთა ცოფით დაავადების შემთხვევები პირველად პირველ საუკუნეშია აღწერილი.

ბოლო წლებში საქართველოში ცოფის ეპიზოოტური სიტუაცია ძალზე არასახარბიელოა. წლეულს საქართველოში ამ დაავადების გამოვლინების შემთხვევები ცხოველებში — მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ღორებში, ძაღლებსა და კატებში 3-4 ჯერ არის გაზრდილი. იყო ადამიანის სიკვდილიანობის შემთხვევაც.

ცოფით დაავადების მიმართ ეპიზოოტური ვითარების მკვეთრი გაუარესება იმანაც გამოიწვია, რომ დაბალი ზონის რაიონებში ჩაის პლანტაციები ტურებისა და მელიების მომრავლების ადგილად გადაიქცა, ისინი კი დაავადების წყაროს წარმოადგენენ. ეს მონაცემებიც საკმარისია იმისათვის, რომ ცოფის საშიშროება გავითავისოთ და მოვერიდოთ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ცოფით დაავადების ყველა შემთხვევა სიკვდილით მთავრდება, სიფრთხილე და პროფილაქტიკა კი ამ დაავადებისაგან თავის დაცვის სრულ გარანტიას იძლევა.

ცოფი ცხოველებისა და ადამიანების მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც  ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით ხასიათდება და სიკვდილით  მთავრდება. დაავადება თითქმის ყველა კონტინენტზეა რეგისტრირებული.

ცოფის გავრცელების ძირითადი წყარო მაწანწალა ძაღლები, კატები და გარეული ცხოველებია (ტურა, მელა, მგელი, მაჩვი და სხვა). დაავადება  ავადმყოფი ცხოველის მიერ დაკბენით, დაკაწვრით და დადორბვლით გადაეცემა.

ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე (3-6თვე) გრძელდება.

გამოვლინების მიხედვით  ცოფის სხვადასხვა ფორმებს არჩევენ, მაგრამ ცხოველებში ძირითადად აღგზნებით ანუ შმაგი ან წყნარი, დამბლისთვის დამახასიათებელი ფორმით მიმდინარეობს. შმაგი ფორმის დროს ცხოველს დასაწყისში ქცევის ცვალებადობა ემჩნევა, ძაღლი პატრონს ზედმეტად ეალერსება, თანდათან ეკარგება მადა, ერთბაშად აღიგზნება, შფოთავს, უყეფს გარშემო საგნებს, ყლაპავს უცხო სხეულებს (ხის ნაჭრებს, ქვას, მიწას და სხვა). დაბმული ძაღლი ცდილობს აიწყვიტოს და გაიქცეს, ისწრაფვის წინ, თავს ესხმის ძაღლებსა და სხვა ცხოველებს, კბენს ადამიანებს, შემდგომში ეწყება კრუნჩხვითი შეტევები, ქვედა ყბისა და საყლაპავი კუნთების დამბლა. ხრინწიანი ხმით ყეფს ან ყმუის, დორბლი სდის, თვალები უსისხლიანდება, გუგები უვიწროვდება ან უფართოვდება, რაც ცხოველს განსაკუთრებულ ვერაგულ გამომეტყველებას აძლევს. ჭამას და წყლის დალევას ვერ ახერხებს, დამბლით სტადიაში ცხოველი გამხდარი და დაუძლურებულია, თვალები ღრმად აქვს ჩავარდნილი, ბალანი აბურძგნილი, ქვედა ყბა ჩამოშვებული, დორბლი სდის გაძლიერებით, ყლაპვა არ შეუძლია, კარგავს მოძრაობის უნარს, რაც სრული სიდამბლით მთავრდება. ცხოველი 7-10 დღეში იღუპება.

ცოფის წყნარი ფორმა უფრო მწვავედ მიმდინარეობს. ადრევე იწყება დამბლისთვის დამახასიათებელი მოვლენები. აღგზნება თითქმის არ ვლინდება ან ძალზე სუსტად გამოიხატება. დაავადება იწყება სახის კუნთებისა და ნერვების დამბლით, სწრაფად ვითარდება ქვედა ყბის სიდამბლე, რასაც ნერწყვის უხვი დენა ახლავს. წყლისადმი შიში ყოველთვის არაა გამოხატული. 5-7 დღეში ავადმყოფი ცხოველი კვდება. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ღორი უფრო ხშირად შმაგი ფორმით ავადდებიან. კატებში დაავადება დაახლოებით ისევე მიმდინარეობს, როგორც ძაღლებში. ცოფზე დიაგნოზი კლინიკური და ეპიზოოტოლოგიური მონაცემების მიხედვით, საბოლოოდ კი ლაბორატორიული გამოკვლევებით ისმება. ვეტერინარულ ლაბორატორიაში ცოფზე გამოსაკვლევად პოლიეთილენის ორმაგ პარკში კარგად შეფუთული  ცხოველის (ახალი მკვდარი) თავი უნდა გაიგზავნოს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ  ცოფის დაავადება გარანტირებულად ავიცილოთ?

უწინარეს ყოვლისა ცხოველებთან (განსაკუთრებით ძაღლი, კატა) ურთიერთობისას პირადი ჰიგიენა უნდა დავიცვათ; მოვარიდოთ ბავშვები ცხოველებთან თამაშს, არ შევინახოთ აუცრელი ძაღლი, კატა, დაავადების რაიმე ნიშნების შემჩნევისთანავე მოვახდინოთ ცხოველის იზოლაცია (მოვათავსოთ ცალკე) და ამის შესახებ ვეტერინარს ვაცნობოთ. იზოლირებულ ცხოველებზე 7-10 დღის განმავლობაში ვეტერინარული დაკვირვება წარმოებს. დაკბენის ან დაკაწვრის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მივმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.

ცოფთან ბრძოლა დღეს არა მარტო ცხოველთა ინფექციური პათოლოგიის მნიშვნელობის, არამედ  თანამედროვე ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემასაც წარმოადგენს.

ძაღლებს, რომლებიც იმყოფებიან ორგანიზაციების, დაწესებულებების, კორპუსების ეზოებში და არიან მეთვალყურეობის ქვეშ, გაუკეთდეთ საიდენტიფიკაციო საყელოები, რაც მიგვანიშნებს ვიცოდეთ, რომ ძაღლი აცრილია და საშიში არ არის.

ასევე საჭიროა მოსახლეობაში ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ახსნა-განმარტებითი მუშაობის გაძლიერება. ამ საქმეში ფართოდ უნდა ჩავაბათ ვეტერინარიისა და მედიცინის სამსახურის მუშაკები. გამოვიყენოთ ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებები: სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში  ყურადღება გავამახვილოთ ცხოველებისა და ადამიანის საერთო  (ზოოანთროპონოზურ) დაავადებებზე, განსაკუთრებით — ცოფზე.

ცოფთან ბრძოლა ერთი რომელიმე უწყების (თუნდაც, ვეტერინარიის და მედიცინის) საქმე არ არის, ყველა ეს ღონისძიება  ერთიანად, კომპლექსურად  უნდა განხორციელდეს, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების კონტროლით, ვინაიდან ამ კომპლექსში თუნდაც ერთი, რომელიმე რგოლის უგულებელყოფა  გატარებულ  ღონისძიებებს  არაეფექტურს გახდის. მინდა, ვთხოვო ყველას: ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, ამ საქმით დაინტერესებული ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებს ყურად იღონ, რომ ცოფი საშიში ავადმყოფობაა, გაფრთხილება და პროფილაქტიკა იოლი საქმეა და არც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო მათი უგულებელყოფა საბედისწერო შედეგებამდე მიგვიყვანს. ჯერ კი, მოსახლეობის ნომერ პირველ ამოცანად კვლავ სიფრთხილე რჩება.

სულიკო ბერიძე, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი,