ლიმონის ინფექციური დაავადება მალსეკო, ანუ ხმელა
ლიმონების ხმელა, ანუ მალსეკო, რომელსაც იწვევს სოკო Phoma tracheiphila, პირველად აღწერილი იქნა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, ფაუსეტის მიერ საბერძნეთში, კუნძულ ხირსზე 1894 წელს, ხოლო 1900 წელს „პოროსული“ დაავადების სახელწოდებით კუნძულ პოროსზე. შემდეგ კი თანდათანობით ეს დაავადება აღმოჩენილი იქნა კუნძულ კვიპროსზე, პალესტინაში, თურქეთში (1933 წელს) და სწრაფად მოედო ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში არსებულ ციტრუსოვანთა ნარგავებს.
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკებში ლიმონის დაავადება — მალსეკო ციტრუსოვანთა ნარგავებში პირველად გამოჩნდა 1940-1941 წლებში აჭარაში -ციხისძირის ყოფილ საბჭოთა მეურნეობაში, მოგვიანებით კი ქობულეთისა და მახარაძის ყოფილი მეურნეობისა და კოლმეურნეობების ციტრუსოვანთა ნარგავებში, 1952 წლიდან აღნიშნული დაავადება გავრცელდა აფხაზეთშიც. აღნიშნული დაავადების საქართველოში გავრცელების შესახებ არსებობს მოსაზრება, თითქოსდა იგი შემოჰყვა ციტრუსოვანთა სარგავ მასალას, რომელიც შემოტანილი იქნა იტალიიდან. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით სანამ საქართველოში აღნიშნული დაავადება დაფიქსირდებოდა, მანამდე გავრცელებული იყო თურქეთში საქართველოს მოსაზღვრე ვილაიეთებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეცნიერთა ჯგუფის ვარაუდით დაავადება გავრცელდა თურქეთიდან, თუმცა, ზუსტი ცნობები ამის შესახებ არ მოგვეპოვება. საქართველოში მალსეკომ ისე მოიკიდა ფეხი, შეიძლება ითქვას, რომ ლიმონის ნარგავები მთლიანად გაანადგურა, გარდა მეიერის ლიმონისა, ვინაიდან ლიმონი მეიერი გამძლე აღმოჩნდა აღნიშნული დაავადების მიმართ, რაც მისი გენეტიკური თავისებურებებით არის განპირობებული. დაავადება შემდგომ წლებში ისე სწრაფად გავრცელდა, რომ მოედო მთელ აჭარას, გურიას, სამეგრელოს და აფხაზეთს.
ლიმონის ინფექციური ხმობა ანუ მალსეკო ტრაქეომიკოზული დაავადებაა, სოკო Phoma tracheiphila იჭრება მცენარის გამტარ სისტემაში, როგორც ჰაერიდან, ასევე ნიადაგიდან, იცნობა სოკოს მიცელიუმით ანუ სოკოს გუმისებრი ნალექით, მექანიკურად წყდება ფესვებიდან ფოთლებისაკენ წყლის მიწოდება. ამავე დროს სოკო გამოყოფს ტოქსინებს, რომლებიც წარმოადგენენ ნივთიერებათა ცვლის პროდუქტს პატრონ მცენარესთან ურთიერთდამოკიდებულებისას, რის შედეგადაც იწყება მცენარის მოწამვლა.
დაავადების გარეგნული ნიშნები პირველ რიგში მჟღავნდება მოზვერა ანუ ახალგაზრდა მოუმწიფებელ ყლორტებზე. დაავადების პირველი ნიშანია ფოთლების ქლოროზულობა (გაყვითლება) და ცვენა. ხის შერხევისას ფოთლები ადვილად ცვივა, როგორც ყუნწიანად, ასევე უყუნწოდ. სიყვითლე ფოთლის ფუძის მხარეს უფრო შესამჩნევია, ვიდრე წვეროს ნაწილში. ფოთლების ცვენის შემდეგ ყლორტებზე წარმოიქმნება მოყავისფრო-ნაცრისფერი ლაქები, რომლებიც იზრდებიან ყლორტის გარშემო, რის შედეგადაც წვეროს ნაწილიდან ფესვის მიმართულებით ყლორტი იწყებს ჭკნობას.
დაავადების გაძლიერებისას იგი გადადის მთავარ ტოტებზე და ვრცელდება მთელს შტამბზე. დაავადებული ყლორტის გასწვრივ და მის გარდიგარდმო განაჭერზე შეიმჩნევა ქსოვილების მოწითალო-ნარინჯისფერი შეფერვა, რაც დაავადების უტყუარი დიაგნოსტიკური ნიშანია. მერქნის ასეთი შეფერვა კარგად ჩანს ჯერ კიდევ ცოცხალ ყლორტზე, გამხმარ ნაწილზე კი ეს შეუმჩნეველია. ძლიერ დაავადებულ ხეზე დაავადება ნაყოფზეც გადადის, რის შედეგადაც ნაყოფი იწყებს ცვენას. დაავადების სრული იდენტიფიკაციისათვის აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა (სოკოს გადათესვა საკვებ არეზე).
სოკოს მიცელიუმი ვითარდება მცენარის მერქანში და გამტარ ჭურჭლებში, კარგად განტოტვილი უფერული ჰიფების სახით. ინფექციის გავრცელებისათვის დიდ როლს თამაშობს სოკოს პიკნიდიალური ნაყოფიანობა, მასში განვითარებული სპორებით, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენენ. ჩვეულებრივ სოკოს განვითარება ზამთრის პირობებში მიმდინარეობს და ახასიათებს პერიოდულობა. მისი პირველი ნიშნები ვლინდება გაზაფხულის დასაწყისში (მარტი-აპრილი), შემდეგ თანდათან კლებულობს და ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს (300C) სოკოს განვითარება მთლიანად წყდება, შემოდგომაზე კი კვლავ პროგრესულად ვითარდება. მთელი ვეგეტაციის პერიოდში მიმდინარეობს სოკოს ნაყოფიანობის შექმნა და შესამჩნევია დაავადების ახალი კერები.
მალსეკოსათვის ისევე, როგორც სხვა ინფექციური დაავადებებისათვის არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ მის გავრცელებასა და მავნეობას. ესენია: ჰაერის მაღალი ტენიანობა (65-90%), ტემპერატურა (18-280C), ლიმონის ჯიშების მიმღეობა, ინფექციური საწყისის არსებობა. ზამთრის ყინვებისაგან და ქარისაგან დაზიანებულ მცენარეებში ინფექციის შეჭრა ხდება წვეროს ტოტებიდან.
ფიტოპათოლოგებმა ლ. ყანჩაველმა და ქ. გიკაშვილმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში დაავადება მალსეკო ლიმონის ისეთ მცენარეებზე გამოვლინდება, რომელიც ინტენსიური ზრდით ხასიათდება და კარგად განვითარებული წვეროს ტოტები გააჩნია, რადგან ასეთ მცენარეს ადვილად აზიანებს ყინვა, ქარი, მზის რადიაცია, რომელთა ზეგავლენით მცენარე სუსტდება. სოკო სახლდება განსაკუთრებით მოზვერა ტოტებზე. ასეთი ყლორტები ხასიათდება ფაშარი ქსოვილებით, რომლებიც ადვილად ზიანდებიან დაბალი ტემპერატურით და ქარებით. პირველ რიგში ზიანდება ისეთი ლიმონის ხეები, რომლებიც არ არიან დაცული ქარსაფარით. ასეთ ხეებზე დაავადების პირველი სიმპტომები შესამჩნევია იმ მხრიდან, საიდანაც ქარის ზეგავლენას განიცდის, ვინაიდან ქარი იწვევს ლიმონის ეკლების საშუალებით ფოთლების მექანიკურ დაზიანებას, ასეთი დაზიანებული ადგილები კი საუკეთესო ხელშემწყობი ფაქტორია ინფექციის წარმოსაქმნელად. გარდა ამისა ქარი ხელს უწყობს სოკოს სპორების გავრცელებას. იქ, სადაც ლიმონის ნარგავები შერეულია სხვა სახეობის ციტრუსებთან და დაცულია როგორც ქარების, ასევე ყინვების ზემოქმედებისაგან, დაავადება ნაკლებად იჩენს თავს. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე სასუქების შეტანის ვადებს, ვინაიდან გვიან შეტანილი სასუქი მცენარის ზრდა-განვითარებას ახანგრძლივებს, რის გამოც ყლორტი ვერ ასწრებს მომწიფებას და დაბალი ტემპერატურით ადვილად ზიანდება, რის შედეგადაც მასში ადვილად იჭრება სოკოს სპორები.
მიუხედავად მრავალი წლის გამოკვლევებისა მალსეკოს წინააღმდეგ ბრძოლის რადიკალური ღონისძიებები ჯერჯერობით დადგენილი არ არის არც ჩვენთან და არც საზღვარგარეთის ლიმონის მწარმოებელ ქვეყნებში. ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა ეკუთვნის მხოლოდ სელექციას მალსეკოგამძლე ლიმონის შერჩევასა და ახლის გამოყვანაში.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში ლიმონის დაავადება მალსეკო მოისპო საქართველოში, რადგანაც თითქმის მთლიანად განადგურდა მკვებავი მცენარეები: უნიკალური ლიმონის ჯიშები „ქართული“ თავისი კლონებით (№54; №212, უეკლო), ვილაფრანკა, ლისბონი, კომუნე, ჯენოა და სხვები. გადარჩა მხოლოდ აჭარა-გურიაში, ისიც მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე ერთეული ეგზემპლარების სახით.
დღეს კვლავ არის საშიშროება იმისა, რომ დაავადება მალსეკო კვლავ გავრცელდეს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, რადგანაც სოკო Phoma tracheiphila კვლავ შემოჰყვა საზღვარგარეთიდან შემოტანილ ლიმონის სარგავ მასალას, რომელიც გაშენებულია ჩაქვის სადემონსტრაციო ნაკვეთზე. ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო. თუკი გამოვლინდება მალსეკოსათვის დამახასიათებელი პირველადი სიმპტომები რომელიმე ჯიშის ლიმონის მცენარეზე, საჭიროა მისი ამოღება ნიადაგიდან და მათი ადგილზე დაწვა. ამასთანავე, დაუშვებელია აღნიშნული ნაკვეთიდან ლიმონის ნერგების გატანა და მისგან ახალი პლანტაციის გაშენება. მართალია მალსეკო ძირითადად სპორებით მრავლდება და ვრცელდება, თუმცა, დაავადების გავრცელება შესაძლებელია ვეგეტაციური გზითაც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მყნობის დროს კვირტი არ იქნას აღებული დაავადებული მცენარიდან, აგრეთვე არ მოხდეს დაავადებულ საძირეზე საღი კვირტის მყნობა, ვინაიდან დაავადება თავისუფლად ვრცელდება ვეგეტაციური გზით გამრავლების დროს.
ცისანა ქაშაკაშვილი, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი,
ნელი ხალვაში, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“