დარგებიმემცენარეობამეცხოველეობა

შემოდგომაზე თუთის გაუხეშებული ფოთლიდან არატრადიციული საკვების (ნეკერის) დამზადება

მკვლევართა მოსაზრებით მრავალმხრივი გამოყენების თვალსაზრისით თუთა ერთ-ერთი პირველია.
საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობა თუთის სასარგებლო თვისებებს სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა სფეროში აქტიურად იყენებდა.

საქართველოს დამპყრობლები ხალხის დამონებასა და ქვეყნის ეკონომიკურ გაჩანაგებას თუთის ნარგაობის გაჩეხვით ცდილობდნენ.

ისლამური სამყარო თუთის თაყვანისცემის ტრადიციით გამოირჩევა. მეაბრეშუმეობის ცნობილი მკვლევარის ს. სალიმდჟანოვის თქმით, თუთის ნაყოფი ისეთივე აუცილებელია ტაჯიკებისათვის, როგორც ბრინჯი — ჩინელისათვის, კარტოფილი — რუსისათვის და ა.შ.

საქართველოში, განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოში (ასპინძა, ადიგენი, ახალციხე) თუთის მრავალმხრივი გამოყენების მდიდარი ტრადიცია არსებობს. გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოში 320 ცენტნერი საექსპორტო თუთის თესლი მზადდებოდა, ძირითადად მარნეულის (შულავერი) — 83%, ლაგოდეხის, ხობის, გურჯაანის, სენაკისა და აბაშის რაიონებში.

დღეს ჩვენ არ შევეხებით თუთასთან დაკავშირებულ მთავარ დარგს, ამჯერად შემოდგომაზე თუთის გაუხეშებული ფოთლის მეცხოველეობაში (არატრადიციული) საკვებად (ნეკერი) გამოყენების შესაძლებლობასა და ეკონომიკურ ეფექტიანობაზე მოგითხრობთ.

საშუალოდ, როგორც ცნობილია, 1000 ტონა აბრეშუმის ცოცხალი პარკის საწარმოებლად საშუალოდ 20 ათასი ტონა ქორფა ფოთოლი იხარჯება. შემოდგომაზე ზრდასრული გაუხეშებული ფოთლების საერთო მასა გაცილებით მეტია, ვიდრე ქორფა ფოთლებისა, რომელიც უქმად იკარგება.

ჩვენი გაანგარიშებით, შემოდგომაზე გაუხეშებული 20 ათასი ტონა ფოთლის საერთო მოცულობის 40% რომ დავამზადოთ, 8 ათას ტონა ნედლეულს მივიღებთ, რაც 4 ათასი ტონა (50%) მშრალი ნივთიერების ანუ 2,7 ათასი ტონა (0,68%) სრულფასოვანი საკვები ერთეულის ტოლფასია. საქმეში ჩაუხედავი კაცისთვისაც ნათელია ქვეყნის მეცხოველეობის საკვები ბალანსის გასაუმჯობესებლად ეს რასაც ნიშნავს.

მოტანილი მასალების ანალიზიდან ჩანს, რომ შემოდგომაზე გაუხეშებული ფოთოლი სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით მარტო მდელოს თივას კი არ აჭარბებს, არამედ სამყურას და იონჯას შესაბამის მაჩვენებლებსაც კი 20,4 – 20,5%-ით აღემატება.

შემოდგომაზე თუთის გაუხეშებული ფოთლის მეცხოველეობაში საკვებად (ნეკერი) გამოყენების მიზნით პირველად დაზვერვითი სამუშაოები გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში აჭარაში, ქედის რაიონის სოფ. მერისში დაიწყო. შეისწავლეს ნეკერის დამზადების (რცხილა, წიფელი, ცაცხვი) ტრადიციები, ცხოველთა კვების წესი, საიდანაც საკვების ბალანსის მკაცრი დეფიციტის შევსების საქმეში მისი როლი განისაზღვრა.

ნეკერის დამზადების ტრადიციული წესების გაცნობის შემდეგ შემოდგომაზე თუთის გაუხეშებული ფოთლის ქიმიური შედგენილობის შესწავლა 1997 წელს მეაბრეშუმეობის ს/კ ინსტიტუტის ქიმიურ ლაბორატორიაში დაიწყო.

ლაბორატორიას მართალია მეცხოველეობისათვის საკვების წარმოებასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა, მაინც საყურადღებო მასალების მოპოვება მოხერხდა. სახელდობრ, შემოდგომაზე გაუხეშებული ფოთლის კვებითი ღირებულება რამდენიმე დასახელების (საერთო ტენი, მშრალი ნივთიერება, უჯრედანა, ნედლი ცხიმი, საერთო შაქარი, საერთო აზოტი, პროტეინი, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერება, ნაცარი) მახასიათებლით განისაზღვრა.

მართალია, წარმოდგენილი მასალები სრულყოფილი არ იყო, მაგრამ მაინც შესაძლებლობა მოგვეცა შემოდგომაზე თუთის გაუხეშებული ფოთლის მეცხოველეობაში არატრადიციული (ნეკერი) საკვები წარმოების დაწყების შესაძლებლობაზე გვეფიქრა.

ცხრილში მოტანილი მასალებიდან გაირკვა, რომ გვიან შემოდგომაზე ფოთლის ქიმიური შედგენილობა (დამზადების ვადების გათვალისწინებით) ერთგვარად იცვლებოდა, მაგრამ მისი გამოყენება ყოველმხრივ გამართლებულია

მთიან აჭარაში ნეკერის არატრადიციული ნედლეულის მომზადების მიზნით ქედის რაიონის სოფ. მერისში ფერმერ გ. თურმანიძის საკარმიდამო ნაკვეთზე 25 ძირი თუთის მცენარე (გრუზია, ნატა, ტრიპლოიდი) გაშენდა.

სოფელ მერისში გაშენებული ნარგაობის შემოდგომაზე თუთის ფოთლის ანალიზების საფუძველზე მიღებული დასკვნები შემდგომი მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე მიგვითითებს, რაც წარმატებით მიმდინარეობს და საუკეთესო შედეგებით დასტურდება.

ქედის რაიონის სოფ. მერისში შერჩეული თუთის ჯიშების ნაყოფის შეგროვება (განსაკუთრებით ტრიპლიტი 13) და შემოდგომაზე გაუხეშებული ფოთლებისაგან ნეკერის დამატების მიმართებით ჩატარებული სამუშაოების შედეგები მოსახლეობისათვის მიმზიდველი აღმოჩნდა.

ექსპერიმენტი ნეკერის ტრადიციული ნედლეულის (წიფელი, ცაცხვი, რცხილა) თუთის გაუხეშებული ფოთლით შეცვლა ფერმერ მევლუდ თურმანიძის საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებული მცენარეების ბაზაზე პირველად ჩატარდა. შედეგები თვალსაჩინო იყო და მეზობელი ფერმერებიც დაინტერესდნენ. მათ დახმარებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებას და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართეს.

სოფელ მერისის გამგებლის მინისტრისადმი მიმართვაში მითითებული იყო, რომ ზემო აჭარა „გამოირჩევა მცირემიწიანობით და წყლისმიერი ეროზიის მაღალი დონით, რაც მკვეთრად ამცირებს სასურსათოდ საკვები კულტურების გავრცელების შესაძლებლობას — მოსავლიანობას. ადგილობრივი მოსახლეობა მეცხოველეობის საკვები ბაზის დანაკლისის შევსების მიზნით ტრადიციულად იყენებდა ნეკერის ზამთრის პერიოდში გამოსაყენებლად”. პრაქტიკულად დამტკიცდა ნეკერის დასამზადებლად “თუთის ერთწლიანი ნაზარდი ტოტების” მაღალი კვებითი ღირსება და სიიაფე.

სამინისტრომ პრობლემის მოგვარების მიზნით დახმარებისათვის საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს მიმართა. რექტორის ნებართვით შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის პროექტის („საქართველოს თუთის გენოფონდის დაცვა; მაღალპროდუქტიული, მიკოპლაზმური დაავადებებისადმი მედეგი ჯიშების გამოყვანა, დარაიონება და გავრცელება ვერტიკალური ზონალობის გათვალისწინებით”) ფარგლებში აჭარაში, ფერმერულ მეურნეობაში გაიგზავნა თუთის ნერგები და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა დღესაც გრძელდება.

გ. ნიკოლეიშვილი, სსმმ აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ე. შაფაქიძე, სსმმ აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

თ. დალალიშვილი, სოფლ. მეურნ. აკადემიური დოქტორი.