ქვევრის ერთ-ერთი დასახელების შესახებ
ჩვენს ქვეყანაში ქვევრი, როგორც უნიკალური საღვინე ჭურჭელი, არაერთი ტერმინით იყო სახელდებული. დღევანდლამდე ქვევრის რამდენიმე, მეტ-ნაკლებად განსხვავებულმა სახელწოდებამ მოაღწია, ხოლო მიზეზთა გამო ჩვენს ყოფიერებაში ამ სახის ჭურჭლის მხოლოდ 2-3 სახელიღა გვხვდება: ქვევრი, ჭური და იშვიათად ქოცოც. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახელი ქვევრი დღევანდელ ქართულ ენაში ამ ჭურჭლის საერთო ლიტერატურულ ტერმინად გვევლინება. თუმცა, არც ამ უკანასკნელის სინონიმებით მოხსენიებაა რაიმე დარღვევა და პირიქითაც კი!
ქვევრის სინონიმთა მრავალფეროვნება ქართული ენის სიმდიდრეზე და ჩვენს ქვეყანაში ღვინის კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს. ჩვენამდე მოღწეულ ტერმინთაგან, რითაც ეს ჭურჭელია სახელდებული, ზოგიერთი ქვევრის დანიშნულებაზე მიანიშნებს, ზოგიც მის ზომაზე და სხვ. უნდა ვივარაუდოთ, რომ შორეულ წარსულში ჭურჭელ ქვევრს უფრო მეტი სინონიმი და სახელდება ექნებოდა, მაგრამ, როგორც აღინიშნა, ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმეა მოღწეული.
გარკვეულ ცნობებს ქვევრის სახელების შესახებ სულხან-საბას სიტყვის კონაში ვხვდებით: „…ხოლო ესე ჭური, საცავი ტყბილისა, განიყოფებიან, რამეთუ დიდთა ეწოდებიან ქვევრი და მისსა შემდეგსა — ყვიბარი და მისსა უმცროსსა — ქოცო, არამედ ყოველივე ჭური არს…“.
ცოტა ქვემოთ კი ვკითხულობთ:
„…ჭური არს კეცთაგან ჭურჭელი: ქვევრი, ყვიბარი, ქოცო, ხალანი, დერგი, ლაგჳნი, ლაგჳნარი და მისთანანი…“
ძველთაგანვეა გავრცელებული ტერმინები, რამაც დღევანდლამდე მოაღწია, ესენია: ქვევრი, დედაქვევრი, ჭური, ყვიბარი, ქოცო, დერგი, ლაგჳნი, ლაგჳნარი, ქვიბარი, ქუბარი, ლაგვანი, ლახუტი, ჩასავალი, ხალანი და საზედაშე ქვევრი, იგივე ზედაშე. ხოლო ერმ. ნაკაშიძე კიდევ ერთ საინტერესო ტერმინს ახსენებს — „ბორკილიანი ქვევრი”, რაც შემდგომი კვლევის საგანია.
ორი სიტყვით შევეხოთ, მაგალითად ტერმინ „ჩასავალს“. ეს ტერმინი საკმაოდ გვიან გაჩნდა. საქმე ის გახლავთ, რომ თავდაპირველი ქვევრების მოცულობა მცირე იყო. ყოველი შემთხვევისათვის საუბარია იმის შესახებ, რომ უძველესი ქვევრების მოცულობა 2, ან 3 ტონას ნამდვილად არ შეადგენდა (თუმცა გვხვდება გამონაკლისებიც, მაგალითად „სამადლოს ქვევრი“, ძვ. წ. IV საუკუნის ტონანახევრიანი ჭურჭელი…). ჩვენი ისტორიის გარკვეულ პერიოდში და სავარაუდოდ გვიანდელი შუასაუკუნეების შემდგომ ეპოქაში ჩვენს ქვეყანაში ღვინოზე მოთხოვნილება გაიზარდა. ეს ყველაფერი გამოწვეული უნდა იყოს არა მხოლოდ ღვინის შიდა მოხმარების გაზრდით, არამედ ღვინით ვაჭრობის განვითარებითაც. ეს გარემოება, ცხადია, გაზრდიდა ვენახების ფართობებსაც. ამ პროცესებმა თავდაპირველად ბუნებრივად მარნებში ქვევრების რაოდენობა გაზარდა, რასაც გარკვეულწილად მეორე მხრივ მარნის მასშტაბებიც უნდა შეეცვალა. არ არის გამორიცხული, რომ გაცილებით დიდი მოცულობის მარნისათვის შესაბამისი სახელდება არსებულიყო მაშინდელ ყოფაში, რომელ საკითხსაც ცოტა ქვემოთ კვლავ შევეხებით. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა განსაკუთრებით დიდი მოცულობის ქვევრების აუცილებლობა. ჩვენმა საღვინე ჭურჭელმა — ქვევრმა მანამდე არნახული მასშტაბები შეიძინა. მზადებოდა: 1, 2, 3… 8 ტონიანი და უფრო დიდი მოცულობის ქვევრებიც კი… ასეთი გიგანტი ქვევრებისათვის, რაღა თქმა უნდა, განსხვავებული იქნებოდა გამოსაწვავი ქურის ზომაც. ამგვარ, სრულიად განსხვავებული მოცულობის ჭურჭელს, ცხადია, რაიმე განსხვავებული სახელი უნდა დარქმეოდა და ასეც მოხდა. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ ქვევრში მრეცხავი მის გასარეცხად შიგნით უნდა ჩასულიყო, მას „ჩასავალი“ ეწოდა.
ამჯერად კი ჩვენ გვინდა მოკლედ შევჩერდეთ ქვევრის კიდევ ერთს სახელდებაზე, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი. ამის შესახებ ჩვენ გარკვეული ცნობები მოვიძიეთ წიგნში — „ქართული სამართლის ძეგლები“, თბილისი 1970 წ. ტომი Ш, გვ. 132. (საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები). ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო პროფ. ი. დოლიძემ. გთავაზობთ მცირე ამონარიდებს ხსენებული წიგნიდან:
„წესი და განგებაი უცნობი მონასტრისაი” (1191 — 1212 წწ.)
„…და წინამძღურისაი ესრეთ განჩენილ არს საწინამძღრონი ადგილნი და გლეხნი და ზუარნი და ვენახნი და სხუაჱ მოსავალი ეგრეთვე ჰქონდეს, ვითარ ესენი… განმგეცა იკლებდა და ჩიოდა, ვითა: პატრონისა და ლაშქართა და სტუმართათვის ესე მოსავალი არა ეყოფის; და ამისათვის ეგრეთვე ბოლნისს საღვინე დავდევით“…
„…და გი… არს დიდთა და სრულთა მონასტერთაჱთა მის ღვინისაგან პირველად საბისკვი… რლთნი ჭურნი აღივსებოდიან და მერმე სხუანი, რავდენიცა ეგებოდეს. საბაბილოი ჭური დღეობასა წაიგებოდეს, ვითა მოსახმარებლად სახ[ე]მსო იყოს; და საკვირაოი ჯუარ-ამაღლებითგან ვითა წესი და პასექთაისაჱ მოგცემდეს. და ვითა წინამძღვარსა აქამდინ პატრონნი ღმრთისა სწორნი ლაშქარნი, სტუმარნი დიდნი და მცირენი გაისტუმრებიან, ეგრეთვე აწ გაისტუმრებოდენ. და რაიცა დააკლდებოდეს პატრონისა ლაშქართა და სტუმართათვის, აქაჱთ წაეგებოდეს პური და ღვინოი…“
მოცემულ ტექსტში არაერთი საინტერესო ადგილი შეგვიძლია ამოვიკითხოთ. კერძოდ ის, რომ წერილის სათაურში აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში და კერძოდ კი დოკუმენტში ნახსენებ ადგილას — ბოლნისში, (ან მის მახლობლად) საღვინე ჭურჭლად არა ქვევრი, არამედ ჭური მოიხსენიება. თუმცა, როგორც ცნობილია ტერმინი „ქვევრი“ „ჭურთან“ შედარებით გაცილებით ახალგაზრდაა. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის ცნობით ტერმინი ქვევრი, როგორც ამ სახის ჭურჭლის საერთო ქართული სახელი, საქართველოში ხვ საუკუნის შემდგომ პერიოდში უნდა იყოს დამკვიდრებული. ასევე საინტერესოა ბოლნისთანვე დაკავშირებული ფაქტი — „ბოლნისს საღვინე დავდევით“… თუ დოკუმენტის შინაარსს დავაკვირდებით — „განმგეცა იკლებდა და ჩიოდა ვითა პატრონისა და ლაშქართა და სტუმართათვის ესე მოსავალი არა ეყოფვის…“ სწორედ ამის გამო ბოლნისში „საღვინე დავდევით“-ო. აქ უთუოდ იმაზე უნდა იყოს საუბარი, რომ საგანგებოდ აშენებული მარანი დიდი მასშტაბებისა იყო, რადგან ამ მარანში დაყენებული და შენახული ღვინო ლაშქართაც ჰყოფნოდათ. არ არის გამორიცხული, რომ ამგვარი მასშტაბების მქონე შენობისათვის „საღვინე“ დაერქმიათ. აქედან გამომდინარე შესაძლოა „მარანი“ და „საღვინე“ განსხვავებული ტერმინები იყოს. ამის შესახებ მოვიშველიებთ აკად. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას. ივანე ჯავახიშვილი. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი ვ. თბილისი 1986.გვ. 651. § 2. მარანი ანუ საღვინე სახლი: საბას განმარტებით, მარანი „საღჳნე სახლი“ იყო, მაგრამ ეს განმარტება მხოლოდ იმდენად არის სწორი, რამდენადაც მარანში მართლაც ღვინოს აყენებდნენ. მაგრამ მაინც მარანი და საღვინე მეღვინეობის სხვადასხვა მოთხოვნილებისათვის ყოფილა განკუთვნილი, რა თქმა უნდა, მსხვილ მეურნეობაში.
თუმცა ჩვენს ძირითად ინტერესს ზემოთ მოყვანილ მოკლე ამონარიდში ნახსენები ტერმინი — „საბაბილოჱ ჭური“ წარმოადგენს.
ცხადია საინტერესოა თავად ტერმინ — „ბაბილოს“ განმარტებაც, რისთვისაც ჩვენ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებს მივმართეთ:
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ახალი რედაქცია) თბილისი 2008 წ. გვ. 935: ბაბილო — 1. ტყის ვაზი, უსურვაზი. 2. (კუთხ.) მაღლარი ვაზი.
წიგნნი ლექსიკონნი. თბილისი 1979 წ.თეიმურაზ ბაგრატიონი, გვ. 26: ბაბილო — გინა მაღლარი ვენახი, ტყეთა დიდ-დიდთა ხეთა ზედა შეშვებულნი, იქმნებიან ვაზნი მრავალ ყურძნოვანნი.
ქართულ-რუსული ლექსიკონი. დავით ჩუბინაშვილი, თბილისი1984 წ. გვ. 90: ბაბილო — რქა ვაზთა ან სხვათა ნერგთა, ნორჩი, შიჴალი.
ლექსიკონი ქართული. სულხან-საბა ორბელიანი. თბილისი 1991წ. გვ. 87 : ბაბილო — მაღალი ვენახი.
როგორც ვნახეთ ტერმინი „ბაბილო“ ხეზე აშვებული ვაზის სახელწოდებას წარმოადგენს. ეს ტერმინი დღემდე შემოინახა, მაგალითად ქართული ენის გურულმა დიალექტმა, რომელ მხარეშიც „ბაბილო“ ხეზე აშვებული ვაზის აღმნიშვნელი ტერმინია დღემდე.
ზემოთმოყვანილ ტექსტს ძირეულად განიხილავს აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილიც. გთვაზობთ ტექსტისა და ტერმინების მისსავე განმარტებას:
ივანე ჯავახიშვილი. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი ვ. თბილისი 1986. გვ 633.
-
საღჳნე
„ბოლნისსა საღჳნე დავდევით ისე, ხოლო ქარცებით ხუარბალი მოვიდოდეს და ბოლნისსა ღჳნოჱ მოიღების“ . ამ მოტანილი „ღჳნისაგან პირველად საბ[აბილო ჭურ]ი, საკჳ[რაო შემომწი]რველთანი ჭურნის აღივსებოდიან და მერმე სხუანი, რავდენიც ეგებოდეს“. ამ ღვინის დახარჯვის შესახებ განსაზღვრული იყო, რომ „საბაბილოი ჭური დღეობასა წაიგებოდეს, ვითა მოსახმარებლად საჵ[ა]მსო იყოს, და საკჳრაოი ჯუარამაღლებითგან. ვითა წესი[და]პირი საქმეთასაჲ მოგცემდეს“-ო.
-
საბაბილო ჭური, საკვირაო, შემომწირველთა და „სხუანი ჭურნი“
„ამ დებულებიდან ცხადი ხდება, რომ სოფელში ყურძნის დაწურვის დროს პირველად მარანში „საბაბილოჱ ჭური“ უნდა აევსოთ, შემდეგ საკჳრაო, ანუ „შემომწირველთა ჭურნი“ და „მერმე სხუანი ჭურნი“, ე.ი. სულ ბოლოს არაშემომწირველთა ვენახებითგან შემოსულისათვის. საბაბილო ჭურის რაობას მისი სახელივე ამჟღავნებს: რაკი ბაბილო მაღლარი ვაზის ძველი სახელი იყო, ცხადი ხდება, რომ საბაბილო ჭური ის ქვევრი უნდა ყოფილიყო, რომელშიც მაღლარი ვაზის ყურძნის დაწურული ტკბილისაგან (ან დურდოსაგან გ.ბ.) ღვინოს აყენებდნენ და ინახავდნენო“, აღნიშნავს ივ. ჯავახიშვილი.
რამდენად შეიძლება, რომ აღნიშნული ტერმინი-„საბაბილოჲ ჭური“ ქვევრის ერთ-ერთ სახელად ჩაითვალოს, ეს ალბათ განხილვის საგანია, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ თავად ტერმინი შინაარსობრივად საკმაოდ საინტერესოა. მეორე მხრივ, თუკი ქვევრის ერთ-ერთ სახელად ტერმინი „საზედაშე ქვევრი“ გვევლინება, მაშინ „საბაბილოჱ ჭური“, ესე იგი „საბაბილო ქვევრი“, ალბათ მაინც უნდა ჩაითვალოს ქართული უნიკალური საღვინე ჭურჭლის — ქვევრის ერთ-ერთ სახელად. მაგალითად, საზედაშე ქვევრის სახელდება წარმოსდგა იქიდან, თუ რისთვის არის განკუთვნილი ყურძენი, რომელიც იწურება მასში და რა სახის ღვინო უნდა დაყენდეს ამ ყურძნიდან. ესე იგი, ამ შემთხვევაში საუბარია არა იმაზე, თუ რა ფორმა და ზომა აქვს ამ სახელდების ქვევრს, როგორც ეს, მაგალითად „ჩასავალის“ შემთხვევაშია, არამედ მხოლოდ მის დანიშნულებაზე. ფაქტობრივად იგივე სურათს ვხედავთ საბაბილო ჭურის/ქვევრის შემთხვევაშიც… ცხადია, ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომლის ამონარიდიც ჩვენ ზემოთ შემოგთავაზეთ, ყველასათვის გაურკვეველი ტერმინი არ ჩაიწერებოდა და დოკუმენტის შემდგენელი შეეცდებოდა, იმდროინდელ საქართველოში მეტ-ნაკლებად გავრცელებული და დამკვიდრებული სიტყვები ეხმარა, ესე იგი დოკუმენტი ყველასათვის გასაგები ენით დაეწერა.
თუ ამ მოსაზრებას დავეყრდნობით, მაშინ ამონარიდში მოტანილი ტერმინი „საბაბილოჱ ჭური“ მაშინდელი საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ტერმინი უნდა ყოფილიყო, რომლითაც ჩვენი საღვინე ჭურჭელი — ჭური/ქვევრი იყო სახელდებული.
გიორგი ბარისაშვილი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“