ციტრუსოვანთა მეწლეობის პრობლემა და მსხმოიარობის რეგულირება ნაზარდებისა და ყვავილების ნორმირებით
საქართველოში ციტრუსოვანი კულტურების სამრეწველო მნიშვნელობით გავრცელებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. ამჟამად მეციტრუსეობის დარგი შედარებით დაკნინებულია და სხვა უფრო რენტაბელური ხეხილოვანი კულტურებით (თხილი, ზეთისხილი) მიმდინარეობს მისი ჩანაცვლება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ციტრუსოვანთა ნაყოფი მნიშვნელოვნად გამოირჩევა დანარჩენი ხეხილისგან, ვინაიდან დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს, პექტინოვან ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებს. მათგან ამზადებენ სხვადასხვა სამრეწველო ნაწარმს: ნატურალურ კონცენტრატებს, მარმელადებს, ცუკატებს, მურაბებს, უალკოჰოლო სასმელებს, სპირტს, ლიმონის მჟავას და ა.შ. მეციტრუსეობის ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემას მეწლეობა წარმოადგენს, რაც დარგს არარენტაბელურს ხდის. როგორც ცნობილია, მეწლეობის დროს მცენარე ერთ წელს უხვად მსხმოიარობს, მეორე წელს იძლევა ან ძალიან მცირე მოსავალს ან საერთოდ არ მსხმოიარობს. არის შემთხვევა, როცა მცენარე რამდენიმე წელს ზედიზედ მსხმოიარობს, მაგრამ შემდეგ თითქოსდა ისვენებს და ასევე რამდენიმე წელი უნაყოფოა ან ძალიან მცირე მოსავალს იძლევა. მეწლეობის გამომწვევ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანია მცენარის ზრდის ბიოლოგიური თავისებურება. როგორც ცნობილია, ციტრუსები მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან რამდენიმე (1-3 წელი) წელში. ასაკის მატებასთან ერთად მოსავლიანობა იზრდება სრული მსხმოიარობის ფაზაში შესვლამდე, შემდგომ წლებში კი მცირდება სანაყოფე ტოტების ზრდის ინტენსივობა, რაც იწვევს მოსავლიანობის პარიოდულობას. ციტრუსოვანი მცენარეები უხვყვავილიანობით ხასიათდება, თუმცა საბოლოო გამონასკვის პროცენტული მაჩვენებელი მეტად დაბალია, დაახლოებით — 10-12%. ერთ-ერთი ფაქტორი, რაც მეწლეობაზე ახდენს გავლენას, სწორედ აღნიშნული მოვლენაა.
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ციტრუსოვან მცენარეთა ნაზარდებისა და ყვავილების ნორმირებით რეგულარული მსხმოიარობის მიღწევა და მოსავლიანობასთან დაკავშირებული პრობლემის შემცირება. ექსპერიმენტი ჩატარდა ციტრუსოვან მცენარეთა გენეტიკისა და სელექციის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში. ვიკვლევდით მცენარის როგორც მიწისზედა. ასევე მიწისქვედა ნაწილებს. ნიადაგში ორგანული და არაორგანული სასუქები აგროწესების სრული დაცვით შევიტანეთ. გამოვიყენეთ პრეპარატი ”ბიორაგი”, რომელიც ვეგეტაციურ ორგანოებზე შევასხურეთ, აღვრიცხეთ და შევისწავლეთ ფენოლოგიური ფაზების მიმდინარეობა: ყვავილობა, ციტრუსოვანი მცენარეების სხვადასხვა ტოტებისა და ნაზარდების ბიომორფოლოგია, მსხმოიარობის უნარი, მოსავლიანობა. ექსპერიმენტის განხორციელებისას მასობრივი ყვავილობის პერიოდში ყვავილების ვაწარმოეთ ყვავილები ნორმირება 25%, 50%, 75%-ის გამოხშირვით, ხოლო ნაზარდების ნორმირებას ვაწარმოებდით ნაზარდების გასხვლით, ვეგეტაციის დაწყებამდე ასევე 25%, 50% და 75%-ით. ვარჯის სხვადასხვა სახის ნაზარდების დინამიკის შესწავლამ საშუალება მოგვცა შეგვემუშავებინა მსხმოიარობის რეგულირების ტექნიკა, კერძოდ სუსტი, წვრილი და მცირემოსავლიანი ნაზარდები მდებარეობს ვარჯის შიგნით, კენწერულ ტოტებზე და ორი სავეგეტაციო ნაზარდის (ორწლიანი) ტოტის პირველ ნაწილზე. ისინი იძლევიან წვრილ და არასტანდარტულ ნაყოფებს.
დადგინდა, რომ ყველაზე მსხვილ ნაყოფს იძლევა ერთნაყოფიანი და ცალკეულ ნაყოფიანი ნაზარდები, ხოლო სასარგებლო გამონასკვის მაღალი %-ით, მსხვილი და უხვი ნაყოფებით ხასიათდება მსხვილი ნაზარდები. გასხვლისას ნაზარდებთან ერთად ვარჯს სცილდება ფოთლების დიდი რაოდენობა, რითაც უმჯობესდება ასიმილაციის მექანიზმი და ვარჯის განათებულობა. ცდის მიმდინარეობისას ვსხლავდით სუსტ და წვრილ ტოტებს და პარალელურად ვაწარმოეთ ყვავილების ნორმირება, ძლიერ და უხვყვავილიან ტოტებზე ვაცილებდით ყოველ მეორე ყვავილს, ან ყოველი ოთხიდან ვტოვებდით ერთს.
შედეგებმა გვაჩვენა, რომ ნორმირებულ ხეებზე არასტანდარტული ანუ მცირე ზომის ნაყოფები არ განვითარდა, ან მათი რაოდენობა იყო ძალიან მცირე მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი უხვი მსხმოიარობისას არასტანდარტული ნაყოფების რაოდენობა დაახლოებით 35-40 %-ს შეადგენდა.
ამრიგად, დადგინდა, რომ ციტრუსოვანთა რეგულარული მსხმოიარობის მისაღწევად კარგ შედეგს იძლევა სუსტი და ნაკლებმოსავლიანი ნაზარდების გასხვლა, ხოლო ყვავილების ნორმირების მონაცემებით შეგვიძლია შევამციროთ არასტანდარტული ნაყოფების მიღების შესაძლებლობა და ზუსტად განვსაზღვროთ მოსავლის პროგნოზი.
ნინო ყიფიანი,
სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“