აგროსიახლეები

ადამიანთა ბინები და ცხოველთა სადგომები საქართველოში

საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია. დაბლობი ადგილები ძირითა­დად სასოფლო კულტურების  (ვაზი, ხორბალი, სიმინდი, ბოს­ტ­ნეული, ხილი და ა.შ.) მოყვანისათვის იყო გათვალისწი­ნე­ბული, რაც შეე­ხება მეცხოველეობის განვითარებას, მისთვის ბარში ადგილი თითქ­მის არ რჩებოდა. მით უფრო მაშინ, როცა მეცხოველეობის სხვადასხვა დარგის განვითარებას თვით ცხოვრება მოითხოვდა (საქართველოდან დიდი რაო­დენობით გადიოდა მეცხო­ველეობის პროდუქტები ქვეყნის გა­რეთ) და, ამასთანავე, მისი ინტენსიური განვითარებისათვის ქვე­­ყა­ნას ჰქონდა შესაძლებლობა (როცა ქართველი გლეხი მშვი­დობიანად ცხოვრობდა).

ამ დროს მეცხოველეობის განვითარებისათვის ინტენსიუ­რად იყენებდნენ მთის კალთებს, რომლებიც საკმაო რაოდე­ნო­ბით მოიპოვებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი  ქვეყნის ცხოვრებში იყო  პერიოდები, როცა ესეც არ ჰყოფნიდათ და ცხოველთა საძოვრებს მეზობელ ქვეყნებში ქირაობდნენ. ასეთი იყო, მაგალი­თად, ყიზლარის საძოვრები, აზერბაიჯანისა და საქართვე­ლოს მიმდებარე ტერიტორია. საქართველოსთ­ვის ეს იმიტომაც იყო საჭირო, რომ ერთდროულად ჩვენთან ვი­თარდებოდა მეცხოვე­ლეო­ბის სხვადასხვა დარგი _ მეცხვარეო­ბა, მესაქონლეობა (იგუ­ლისხმება მსხვილფეხა საქონელი), მე­ღორეობა, მეფრინველეობა, მეთხევეობა. მეცხოველეობის გან­ვითარების ასეთ პერიოდებში ათ­ვისებული იყო მთაგორიანი ადგილები თითქმის მთლიანად, სა­დაც კი შეიძლებოდა ცხო­ველთა მოვლა-შენახვა ან კიდევ მხოლოდ ზაფხულის გარკვე­ულ პერიოდში მათი გამოკვება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენს წინაპრებს ძალიან კარ­გად ჰქონიათ შესწავლილი მთის საძოვრები, მათი თვისებები, ბალახის რაოდენობა, თვით ცალკეული ბალახი, მისი კვებითი და სამკურ­ნალო მნიშვნელობაც კი. ზედმიწევნით იცოდნენ თითოეული სა­ძოვარი ადგილი და იცოდნენ ასევე  წელი­წადის რომელ დროს, სად უნდა წაეყვანათ და ეძოვებინათ ამა თუ იმ სახეობის ცხოველი. კარგად იცოდნენ, რომელი მთა და საძოვარი რომელი სახის ცხოველისათვის იყო უმჯობესი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სი­მაღლეებს ზღვის დონიდან ვერ ზომავდნენ, მაინც პრაქტიკული გამოცდილებითა და ალ­ღოთი იცოდნენ,  სად შეიძლებოდა ეძო­ვებინათ ძროხა, ცხვა­რი თუ თხა. ზუსტად  იცოდნენ თვის რიცხ­ვებიც კი, როდ­ის აეყვანათ საქონელი მაღალმთიან საძოვრებზე და ასევე რო­დის დაბრუნებულიყვნენ უკან. ეს ვადები ყოველთვის მტკი­ცედ იყო დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ცხო­ვე­ლი გაციებულიყო, დაავადებულიყო ან კიდევ ბარიდან გვი­ან გას­ვ­ლით დასიცხულიყო (განსაკუთრებით იქ, სადაც ძლიერსიცხიანი და ჭაობიანი ადგილები იყო).

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ასევე ზედმიწევნით ჰქონ­დათ შესწავლილი, მთის რომელ მონაკვეთზე როგორი სახის ბინა უნდა აეგოთ მსხვილფეხა საქონლისათვის, ცხვრი­სათვის, თხ­ისთვის და ა.შ. ან კიდევ როგორი ქოხი იყო საჭირო მწყემსე­ბი­სათვის როგორც საცხოვრებლად, ისე პროდუქტე­ბის დასამზა­დებ­ლად. ამის მიხედვით წინასწარ აწყობდნენ გეგ­მებს, დროის რომელ მონაკვეთში რა უნდა ეკეთებინათ.

ბინებს ცხოველებისათვის აგებდნენ იმის მიხედვით, თუ იმ საძოვრებზე როგორი ბუნებრივი პირობები იყო. ზოგან უფრო მე­ტი სიცივე იყო, ზოგან უფრო მეტი სითბო. ცხოველს კი, რო­გორც არსებულ ეთნოგრაფიულ მასალებშია მოცემული, ესა­ჭი­როებოდა დაახლოებით ერთი და იგივე ტემპერატურა. ზედმე­ტი სიცივისა­გან ის შეიძლება გაციებულიყო, ასევე ზედმეტი სითბოსგან შეხუ­რებულიყო. როცა სადგომიდან სიცივეში გა­ხუ­რებული საქონელი გამოვიდოდა გაცივდებოდა და და­ავადმყოფდებოდა.

ამასთანავე, საჭირო იყო ყველა სახის ცხოველს ჰქონოდა შესა­ბამისი ბინა როგორც ფართობით, ისე სიმაღლით. მაგა­ლითად, მსხვილფეხა საქონლისათვის უფრო მეტი მაღალი და მეტი ფარ­თო­ბის მქონე სადგომი იყო საჭირო, ცხვრისათვის – უფრო და­ბალი და კვადრატული მეტრობითაც ნაკლები და ა.შ. როგორც არ­სებული მასალებიდან ირკვევა და პრაქტიკული ცხოვრებიდან და შედეგებიდან (განვითარებული მეცხოველე­ო­ბა) ჩანს, ჩვენი წინაპ­რე­ბი ამაშიც საუკეთესოდ ერკ­ვე­ოდნენ. იმის გამო, რომ ცხო­ველები ზაფხულობით მთაში ჰყავ­დათ, იქაც ხშირად აგებდნენ ბი­ნებს. ზოგჯერ მთლიანად ოჯახს, თუ ეს ახლოს იყო სოფელ­თან (ბართან) ან ოჯახის ნა­წილს უხდებოდა საზაფხულო საძოვრებზე ცხოვრება, სადაც ამზადებდნენ რძის ნაწარმს. საქართველოს თი­თ­ქ­მის ყველა კუთხეში ვხვდებით მთის მესაქონლეობას (მეცხოვე­ლეობას). ისინი თავისი შინაარსით და ფორმით ერთმანეთს ძა­ლიან გვანან, მაგრამ ზოგჯერ განსხვავდებიან კიდეც,  რამდენადაც თითოეული შეგუებულია და შეესაბამება ადგილობრივ გარე­მო პი­რობებს (გააჩნია ბარიდან, საცხოვრებელი ადგილიდან რა მანძი­ლით არის დაშორებული მთა, რა სახის ცხოველე­ბი­სათვის არის იქ უკეთესი პირობები, როგორი საძოვრებია და სხვა). აქ მთავარი მა­ინც ის არის, რომ თითოეული მათგანი ემსახუ­რებოდა მეცხოველეობის ინტენსიურ განვითარებას, შრომის დანაკარგების შემცირებას და, ცხადია, მის რენტაბელობას.

საინტერესოა ამ მხრივ აჭარის მაგალითი. ღორჯომში, სო­ფელ ტუნაძეებში მცხოვრებ დაუდ ბერიძეს ნაბოილევზე (იგი­ვე ველიგზებ­ზე) მემკვიდ­რეობით ჰქონდა  მი­ღებული სამეურნეო ბაზა – ყიშლა. ყიშლა სოფლიდან სამ კილომეტრშია აგებუ­ლი. ის ორსარ­თუ­ლიანია. პირველი სართული ახორია (საქონ­ლის სადგომი), მეორე – ადამიანის საცხოვრებელი. შენობის ასა­გებ მასალად გამოყენებუ­ლია ფიჭვის ხე. ბაგასთან 14 სული სა­ქონელი იბმება. ახორის იატა­კიც ფიცრისაა, შუაში მიუყვება საწყლე, საიდანაც შარდი იწრიტება. საწყლის  ბოლოს კედელში გამოჭრილია პატარა სარკმელ-სანათური, საიდანაც ნაკელს ყრიდ­ნენ, ახორს სანათურის გარდა უკა­ნა კედელზე  პატარა ფანჯარა აქვს.

პირველი სართული აგებულია უხეშად დამუშავე­ბუ­ლი ხის მასა­ლისგან. ძელების ნაწილი ცუდადაა დამუშავებული, ნაწილი დახერხილია. კედელი საკმაოდ სქელია.  ადგი­ლე­ბი, სადაც ფიცრები ერთანეთს ედგმება ნაკელით არის შელ­ესი­ლი, რომ ქარი არ შევიდეს და ახორში სითბო იყოს, ახორში კა­რე­ბის გარდა, მეორე სართულიდანაც არის ჩასასვ­ლელი სპეციალური კი­ბით. სიცივეში ახორში შემოსასვლელ კარს კეტავენ და ზე­მოდან ჩადიან ღამე საქონლის დასახედად.

მეორე სართულის ფიცრები შედარებით თხელია. პირვე­ლი სარ­თულის სქელი ფიცრები დიდ დაწოლას უძლებს (მას ხომ მეორე სართულის სიმძიმე აწვება).  პირველი სართულის ჭერი უფრო მაღალია, ვიდრე მეორისა. ეს იმიტომ, რომ აქ ქარი იცის და დაბალჭერიანი ბინა უფრო თბილი იქნება, ვიდრე მაღალჭერიანი. იქვეა სხვა ბინებიც. მათ შორის ორსართუ­ლია­ნებიც და ერთსართულიანებიც. ერთ­სართულიანი ნაგებობის სამე­ურ­ნეო და საცხოვრებელი დანიშნულების სათავსებში ჰორიზონ­ტალურად იშლება _ აგებული ახორი და მის გვერდით მიდგმული საცხოვრებელი ოთახი. ახორსა და ოთახსა ცალ-ცალკე კარები აქვს. მათ შო­რის ტიხარია, რომელსაც კარი არ აქვს _ ერთ­მანეთს კარით არ უკავშირდებოდა. ასეთ ერთსართულიან ნა­გებობას უწოდებდნენ _ სამფეხიან ახორს, სამფეხიან ყიშლას ან სამ­ფე­ხიან იაილას.

ახორში საქონელს ამწყვდევდნენ, ხოლო სამფეხი (სამფე­ხი­ანი) იმიტომ ერქვა, რომ საცხოვრებელი და სამეურნეო სა­თავსები მასში ჰორიზონტალურად იშლებოდა. ისინი ერთმა­ნე­თის მიმართ სამ რიგად იყო განლაგებული – ახორის ერთ კე­დელზე მოწყობილ ბა­გასთან საქონელი იბმებოდა, მეორე მხა­რესაც ბაგაზე საქონელი ებათ. მესამე მხარე კი წარმოადგენდა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მიდგმულ საცხოვრებელ ოთახს. იყო ისეთიც, რომ ცალკე საცხოვრებელი ოთახი არ იყო მუდმივი. თვით ერთ შენობაში ერ­თი ცალკე კუთხე დათ­მო­ბილი ჰქონდა ადამიანებს საცხოვრებ­ლად.

ღორჯომის (სოფელი ტუნაძეები) მაცხოვრებლებს ხშირად ჰქონ­დათ სამი სახლი: სოფელში საცხოვრებელ ნაგებობას ეწო­დე­ბოდა ბარის სახლი. ეს ოჯახის ძირითადი საცხოვრებელი იყო, მაგ­რამ ასევე ყიშლებზე ჰქონდათ ორსარ­თუ­ლიანი ნა­გე­ბობა, მას ყიშლის სახლს უწოდებდნენ. ჰქონ­დათ ასევე იალაღებზე ორსართულიანი ნაგებობა, რომელსაც მთის სახლი ეწოდებოდა. ხშირად ორსართულიან ყიშლის სახლს და  იაილას ბინას უწოდებდნენ. როგორც ყიშლების სახლს, ისე მთის სახლს სეზონის მი­ხედვით იყენებდნენ. ხშირად, საქონ­ლის ნაწილს ყიშლებზე აზამ­თრ­დებდნენ, ხოლო იალაღებზე, ზაფხულის პერიოდში, მიჰყავდათ ყიშლებიდან და ბარში დარჩენილი ცხოველები.  სადაც ცოტა მსხვილ­ფეხა პირუტყვი იყო და ძი­რი­თა­დად სოფელში ჰყავდათ. აქ შეგვიძლია მო­ვიტანოთ გო­მეწ­რის ხეობიდან სოფელ ილურთას მაგალითი. მათ ყველა სახის საქონელი ზამთრობით სოფელში ჰყავდათ. მეწველ საქონელს ზაფხულობითაც სოფელში ინახავდნენ, ხოლო მშრალ საქო­ნელს მთაში უშვებდნენ. მას სახაროვნე ადგილებს უწოდებენ.

სოფელში საქონლის სადგომ ადგილს ბაშტე ერქვა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში  ორსართულიანი იყო. სახლის პირ­ველ სარ­თულზე შესასვლელში დერეფანი იყო, რომელიც ზემოდან აივნით იყო გადა­ხურული. აქ ზაფხულობით საქონელი ებათ  (სპე­ციალურად ჩამაგ­რებულ ჯოხებზე, თოკებით). ბაშტეს კუთხეში წნული ღობით სახბორეა შემოკავებული, ხოლო ირ­გ­ვლივ გვერდებზე ბაგებია მო­წყობილი. ბაშტედან შევდივართ საძრო­ხეში, სადაც შესასვლელი კარია გაკეთებული, სა­ძრო­ხიდან მეორე კარი შე­დის სახლში, რომელიც ადრე  სა­ცხოვრებლად გამოიყენებოდა. ის ორ ნაწილად არის გაყოფი­ლი: წინა, პატარა ადგილზე ბუხარია. საძროხე და ეს ოთახი ერთმანეთისგან კედლით არის გაყოფილი. ზამთრობით სა­ძროხეში საქონელი ჰყავდათ, ხოლო ბუხრიან ოთახში ხალხი ცხოვრობდა. ასეთი სადგომები ამ კუთხისათვის იყო დამახასიათე­ბე­ლი.

დაახლოებით ასეთივე სურათს ვხვდებით რაჭასა და ლეჩხუმ­ში. ხშირ შემთხვევაში, ორსართულიანი საცხოვრებე­ლი სახლის პირ­ველი სართულის გარკვეული ნაწილი დათმობი­ლი ჰქონდა ცხოველებს, როგორც საზამთრო ბინა. მათ ცალკე შესასვლელი  ჰქონდა. ხშირად ის რამდენიმე ნაწილი­საგან (სამი მაინც) შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთისაგან ტიხრებით იყო გამოყოფილი. მას სასაქონლეს უწო­დებდნენ. ყველა განყო­ფილებაში კედლებთან ბაგები იყო მო­წყობილი, სადაც საქონელს აბამდნენ. ამ განყოფილებებს ერთი საერთო შესასვლელი ჰქონ­და _ ერთიდან მეორეში და მე­ო­რედან მესამეში, ყველა ტიხარს თავისი გასასვ­ლელი ჰქონდა. ყველა განყო­ფი­ლებას ხის იატაკი ჰქონდა. ფიცრები ერთმანეთ­თან მჭიდროდ იყო  მიერ­თებული და დაქანებული, რათა  მათ (ფიც­რებს) შორის შარდი თავისუფლად წასუ­ლიყო ისე, რომ  ფიცრებს შორის არ გაეჟონა. ფიცრებიდან გადმოსული შარდისათვის  მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური საწრეტი, რომელითაც  გარეთ გამოდიოდა.

სასაქონლის პირველ განყოფილებაში გამწევ ძალას (ხა­რებს) აბამდნენ, რადგანაც მათი გამოყვანა, სამუშაოს გამო, ხში­რად უხ­დე­ბოდათ. მეორე განყოფილებაში მეწველი საქონელი ჰყავდათ, ხო­ლო ბოლოში ხბოები. თუ სამ განყოფილებაზე მეტი არ ჰქონ­დათ, მაშინ მშრალ საქონელს მეწველი ძროხების განყოფილებაში აბამდნენ. თუ მეტის შესაძლებლობა იყო, ასეთ შემთხვევაში  მამრი საქონელი ცალკე, მეოთხე განყოფილებაში ან მესამეში ჰყავდათ, მეოთხეში – ხბოები.

გაზაფხულზე, როცა სითბო დადგებოდა, საქონელი ღა­მით ჰყავდათ იქვე, გარეთ, სახლის პირველ სართულზე, სპე­ცია­ლურად მოწყობილ ბაგებთან დაბმული. აქ ყველაფერი ისე იყო მოწყობი­ლი, როგორც საქონლის ზამთრის სადგომში. გან­სხვავება ის იყო, რომ აქ ირგვლივ კედლები არ ჰქონდა სასა­ქონლეს. თუ სახლის პირველ სართულზე მისი მოწყობის  შესა­ძლებლობა არ იყო, ასეთ შემთხვევაში სახლის უკან აკეთებდ­ნენ გადახურულ სადგომს. ზემოდან ხურავდნენ, რომ წყალი არ ჩასულიყო, ირგვლივ კი ღია იყო. ნაკელის შეგროვება ხდე­ბოდა ცოტა ქვემოთ, საიდანაც  გაჰქონდათ ეზოში, როგორც მიწის სასუქი საშუალება.

ერწო-თიანეთში (სოფელი არტანი) მოპოვებული მასალე­ბით ხშირ შემთხვევაში ადამიანის საცხოვრებელსა და საქონ­ლის სად­გომს ერთი ჭერი ჰქონდა. საცხოვრებელი და სად­გო­მი ფიცრით იყო გადატიხრული და ერთმანეთს კარით უკავ­შირდებოდა. თუმცა შესასვლელი საცხოვრებელსა და ბო­სელს სხვადასხვა ჰქონ­და. საქონლის სადგომი  იგივე გომური იყო. მასში ჰყავდათ ყველა სახის შინაური ცხოველი, მაგრამ ყველას თავისი ადგილი ჰქონდა: გადატიხრული იყო მეწველი საქონლისათვის ცალკე, ხარებისთვის, ხბოებისთვის, ცხვრისთვის ცალ-ცალკე.

ერწო-თიანეთის სოფლების მცხოვრებლებს, ვისაც დიდი რაოდენობით ჰყავდა მსხვილფეხა რქიანი საქონელი, ჰქონდათ სამთო ქოხები (სახლები). სოფელ მაგრანეთის მკვიდრის, 80 წლის სალომე ობგაიძე-ნადირაშვილის (1973 წელი) გადმოცე­მით: „გუგუ­დაანთ ჰქონდათ სამთო სახლი, ორსართულიანი, ქვით­კირის ნაგე­ბობა, 20 მეტრი სიგრძის“. ამ შენობის მეორე სართული ფიცრის იყო. პირველი სართულზე მხოლოდ ხბოებს ჰქონდათ დათმობილი. დანარჩენი საქონელი, მათ შორის მეწ­ველიც, სახლის ახლოს შე­მო­ღობილ ბაკებში ათევდნენ ღამეს. შენობის მეორე სართულზე ოჯახი ცხოვრობდა. ასეთი სამთო სახლები მხოლოდ ზაფხულო­ბით გამოიყენებოდა.

სამთო საძოვრები ჰქონდათ ორხევის სოფელ ბუშატის მცხოვ­რებლებსაც მსხვილფეხა რქიანი პირუტყვისათვის. საძო­ვარზე ჰქონ­დათ საქონლისათვის მიწური სადგომები, რომლე­ბიც დახუ­რუ­ლი იყო ლატანებით ან პირდაპირ დაპობილი ხეებით, რომლე­ბიც შემდეგ ფოთლებით იყო  დაფარული ისე, რომ წვიმა არ ჩა­სულიყო. მას სამთო ქოხი ეწოდებოდა. ამ ქოხში ქალები იძინებდ­ნენ, ჭურჭელსა და პროდუქტებს ინა­ხავდ­ნენ, რძის პროდუქტებს ამ­ზადებდნენ. ჰყავდათ დაქირა­ვე­ბული მწყემსები, რომლებსაც ღამ­ღამობით ნაბადში გახვეუ­ლებს საქონელთან ერთად ეძინათ. ის იყო მათი საზაფხულო საძოვრები. საზამთრო საძოვრები კი რო­გორც მსხვილფეხა სა­ქონ­ლისათვის, ისე ცხვრისათვის შირაქში ჰქონ­დათ. საქონ­ლი­სათვის აქაც მიწურ სადგომებს აგებდნენ. მსხვილ­ფეხა სა­ქონ­ლისათვის აგებულ სადგომებს სა­ძრო­ხე ეწოდებოდა, ხოლო ცხვრებისთვის აგებულ მიწურებს – ფარეხი. საძროხეც და ფარე­ხიც ერთნაირად იგებოდა, მხოლოდ ფარეხი  გრძელი და დაბალი ნაგებობა იყო, ხოლო საძროხე შედარებით – მოკლე და მა­ღალი. მწყემსებისათვისაც, ასევე, მიწურ ქოხებს აგებდნენ.

ქალების შრომა მეცხოველეობაში, ძირითადად, დაკავში­რე­ბული    იყო მსხვილფეხა მეწველ საქონელთან _ რძის პრო­დუქ­ტე­ბის დამზადებასთან. ცხვარში ძირითადად მა­მაკაცები მუ­შაობდნენ. ისინი არა მარტო მწყემსავდნენ, კვე­ბავდ­ნენ და უვლიდ­ნენ ცხვარს, არამედ კიდეც წველიდნენ და რძის პროდუქტებს ამზადებდნენ. ერთ მაგალითს მოვიტან თუშების ცხოვრებიდან. ტბათანა იყო საძოვარი, რომელიც წოვა თუშებს ეკუთნოდა. აქ მსხვილფეხა საქონელი დაჰყავდათ. ტბათანას გვერდით, დასავ­ლეთ მხარეს იყო ზურისგორაც. აქაც მსხვილფეხა საქონელი დაჰყავ­დათ. შემდეგ ტბათანაში სახ­ლები დადგეს და გაზაფხულიდან, რო­ცა იქ ბალახი წამოვი­დოდა საქონელს წაიყვანდნენ და შემოდგო­მამდე იყვნენ ოჯახებით, მაგრამ აქ ძირითადად იყვნენ ქალები, მოხუცები და ბავშვები. შრომისუნარიანი კაცები კი ცხვრის მოვ­ლით იყვ­ნენ დაკავებული. ძირითადად შირაქში დაჰყავდათ ცხვა­რი. გა­ზაფხულზე ისინი გამონახავდნენ დროს, ოჯახებს ტბათა­ნაზე აიყვანდნენ, მოუმარაგებდნენ შეშას, ფქვილს და ყველაფერს, რაც საჭირო იყო და ისევ ცხვარში ბრუნდებოდნენ. იქ დასარ­ჩენად შრომისუნარიან კაცებს დრო არ ჰქონდათ. აქ ყველა საქმეს ქალი  ასრულებდა.

მხარეებში, სადაც მიწის ფართობები სოფლის მეურნეობის სხვა­დასხვა კულტურას ეკავა (ვაზი, ხორბალი, სიმინდი, ხი­ლი, ბოსტნეული…) და ცხოველებისთვის თავისუფალი ადგი­ლი აღარ რჩებოდა, მსხვილფეხა საქონელიც ცხვართან ერთად სხვადასხვა საძოვარზე ჰყავდათ. ერთ – ერთი ასეთი იყო კახეთის სოფელი ზემო მაჩხაანი. მათ საქონელი, ძირითადად შირაქში ჰყავდათ. ჰქონდათ როგორც საზაფხულო ბინა ძროხებისთვის, ისე საზამთროც. ასეთი ბინებს (ორივე) ოლეს უწო­დებდნენ. საზამთრო ბინა ჰქონ­დათ წინამხარშიცა. მთხრობელის გადმოცემით ოლე და წინამ­ხარი გაცილებით უფრო თბილი ადგილებია, ვიდრე შირაქი. თუ შირაქში ბალახი ცოტა იყო, მაშინ მსხვილფეხა  საქონელი ჩაჰყავდათ ოლესა და წინამხარში. იმათ, ვი­საც მსხვილფეხა სა­­ქო­ნელი ძირითადად საძოვრებზე ჰყავდათ, იქ მოწყობილი ჰქონ­დათ მთელი კომპლექსი, რომელსაც „ალხაჯს“ უწოდებდნენ. მთლიანად „ალხაჯი“ შედგებო­და მუდ­მივი კომპონენტებისაგან: 1. მწყემსის ქოხი, 2. საბარგული, 3. სათავსი საკვებისთვის, 4. ფარდული, 5. ფარდული ხბოე­ბი­ს­თ­ვის, 6. ხბოების ბაკი, 7. საკვებურები.

მწყემსის ქოხი ერთოთახიანი იყო, დაახლოებით 15 მ2, მი­წის იატაკით, ქოხს გვერდით მიდგმული ჰქონდა პატარა სა­თავსი, სადაც კომბინირებულ საკვებს ინახავდნენ, მარჯვენა მხარესაც ასე­თივე ფიცრული იყო, რომელიც საბარ­გულს უწოდებდნენ. ქოხის წინა მხარეს კი საზაფხულო ფარ­დული იყო. მათ კუთხეებში ჰქონდათ ბოძები, რომლებსაც თავხეები ეყრდ­ნო­ბოდა. თავხეებზე ჭოკები იყო გაწყობილი,  ფიჩხი იყო დაყრილი ისე, რომ წყალი არ ჩამოსულიყო. მის მარჯვენა მხარეს ფარდული იყო ხბოებისთვის. მას ფიცრის ლატანები ჰქონდა შემოვლებული ისე, რომ ხბოები არ გადმოსულიყვნენ. ამ ფარდულსაც ებმოდა სახბორე ბაკი. ის  გადაუხურავი იყო. ზაფხულობით ღამე ხბოები ამ თავღია ბაკებში ჰყავდათ, ხოლო მზეში ფიჩხით დახურულ ფარდულში. ფარ­დულის წინ, მოვაკებულ ადგილას მოწყობილი იყო საკვე­ბუ­რები. ძროხებს დილით საკვებურებში  კომბინირებულ საკვებს უყრიდნენ, საღამოს ჭარხალს. ასეთი იყო კამეჩების ალხაჯებიც.

პირიქითა თუშებს მშრალი მსხვილფეხა საქონელი მიჰ­ყავ­დათ იმ საზაფხულო საძოვრებზე, სადაც ცხვარს აძოვებდ­ნენ. თუ მტაცებლები (მგელი, დათვი) არ იყო, ასეთ საქონელს ცალკე მწყემ­სი არ სჭირდებოდა. მათ გაუშვებდნენ საძოვრის გარკვეულ მონა­კვეთზე თავისუფლად და ორ-სამ დღეში მოი­ნახულებდნენ, დახედავდნენ, მარილს აჭმევდნენ და ისევ ტოვებდ­ნენ. ასე, რომ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად იყო გამოყე­ნებული.

თუ სოფელში მიწის დიდი ფართობი ჰქონდა, იქვე აზამთრდებდნენ საქონელს და  რაციონალურადაც ჰქო­ნ­­დათ გამოყენებული, როგორც საკარმიდამო ეზო, ისე ის ნაგებობანი, რომლებიც სხვადასხვა სამეურნეო და­ნიშნულებას ასრულებდა. მაგალითად, ზემო რაჭის სოფელ გლო­ლას მცხოვრებ ვანო ბელაშვილს ჰქონდა ბაბუიდან მემ­კვი­დრეობით მიღებული ორსართულიანი სახლი, მისგან 15 მეტრზე დაშორებული ორსართულიანი ბოსლით, რომლის პირ­ველ სართულზე ჰყავდა მეწველი ძროხები, ხოლო მეორე სართული წარმოადგენდა საბძელს. სახლის უკან  მეორე ბოსელი ჰქონდა. აქ პირველი სართული ეკუთვნოდა ხარებს, მეორე სართული ისევ საქონლის საკვებისათვის იყო გამოყენებული. მას ცალკე ბოსელი ჰქონდა მოზარდი საქონლისათვის; თხებისა და ცხვრებისათვის ცალკე რომელიც ორად იყო გატიხრული, თხებისათვის ცალკე და ცხვრებისთვის ცალკე. ცხენებისათვის სპეციალურად თავლა ჰქონ­და აშენებული. ამ ოჯახს მთის საძოვრებზედაც ჰქონდა ბოს­ლები. ეს  დამახასიათებელი მაგალითია რაჭველი გლეხის სა­მეურნეო ცხოვრებიდან. იყვნენ  ოჯახებიც, რომელთა ორსართუ­ლიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული ზამთრობით გამოყენებული იყო საქონლისათვის. მეორე სართულზე კი ოჯახი ცხოვრობდა. ამასთანავე, სოფელ გლოლას ჰქონდა სოფლის ახლოს საძოვრები. ეს იყო გლოლას გვერდით, მარცხენა მხარეს. აქ დაჰ­ყავდათ როგორც მეწველი ძროხები, ისე ხარები, თხები, ცხვრები. მიდიოდნენ ივნისის პირველ რიცხვებში და ბრუნდებოდნენ ოქ­ტომბ­რამდე. აქ მზადდებოდა ყველი, ხაჭო, ნადუღი და ა. შ. ამ საძოვრებს სახაროს ეძახდნენ. აქ ჰქონდათ ბინები და მხოლოდ აუცილებელი მოწყობილობა რძის დამუშავებისათვის. ზოგჯერ ნა­თესავები და მეზობლები საერთო ბინებსაც აშენებდნენ, მათ სა­ცხოვ­რებელ ბინებში თავისუფლად 10 – 12 კაცი ცხოვრობდა. რაჭისთვის, როგორც საქართველოს თითქმის ყველა მთიანი კუთხისთვის, დამახასიათებელი იყო ორბინიანობა. ფშავში (უძი­ლაუ­რთა) ყველას ჰქონდა ორი სახლი ერთი საზაფხულო ძირითა­დი –  სოფელში (უძილაურში), მეორე მთის დაბალ ზოლში სა­ზამთრო სახლი _ ბოსლები. ორივე სახლი მთის ფერდობზეა. ერთი დაბლა, მეორე ზემოთ. პირველისაგან დაშორებულია ორი კოლომეტრით. საზამთრო სახლი იგივე საბოსლოა, ქვის ერთ­სართულიანი, დაბალჭერიანი პატარა ოთახი და მეორე – საკუჭნაო პროდუქტებისა და სხვა ნივთების შესანახად. მას გვერდით აქვს მიშენებული ბოსელი _ ქვის ნაგებობა და წინა მხარეს წნულით შე­ღო­ბილი საცხვარე, მოგრძო ფორმის, ორივე მხარეს კარებით. სახ­ლის გვერდით კიდევ არის მეორე საქონლის და ცხვრის სადგომი, ორად გაყოფილი, რომლის კედლები წკნელითაა შეღობილი და ნაკელით შელესილი.

დაახლოებით ასეთივე სურათია გუჯარეთის ხეობაში. სოფელ ოდეთის მცხოვრებლებს საქონელი მთაში დაუდიოდათ, სადაც ჰქონდათ საზაფხულო ბინები. მაისის შუა რიცხვებიდან იქ მი­ჰყავდათ ცხვარი, მსხვილფეხა საქონელი, ღორი.

ბინები სოფლიდან ორ კილომეტრზე იყო და სახლ-ბოსლებს ეძახდნენ. ეს იყო  ნაგებობა, რომელიც საქონლის სადგომა­დაც გამოიყენებოდა და საცხოვრებლადაც. დილით ქალები ძროხებს მოწველიდნენ, ყველს ამოიყვანდნენ და სახლში (სოფელში) ბრუნდებოდნენ, საღამოს ისევ ბინებში მიდიოდნენ. ბინებთან ღია ბაკები იყო  და საქონლის უმეტესი ნაწილი იქ ჰყავდათ.  ბაკები 15 – 20 მ დაშორებით იდგმებოდა. ის წკნელით იყო შემოღობილი. ხარი და მეწველი საქონელი ერთად ჰყავდათ, ბოჩოლები კი ცალკე. საკვები ცხვრისათვის ცალკე ჰქონდათ, საქონ­ლი­სათვის – ცალკე. ზამთარში საქონელი სოფელში ბაგურ კვე­ბაზე გადაჰყავდათ. ასეთი ვითარება იყო წითელ სოფელშიც, მათი სახლ-ბოს­ლები საქონლისთვისაც გამოიყენებოდა და ადამიანებისთვისაც. მწყემსებს იქ ეძინათ.

მცხეთის რაიონის სოფლებში მოპოვებული მასალებით შეი­ძლე­ბა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ აქ მეცხოველეობის განვითა­რება ნაკლებად იყო დაკავშირებული მთურ მესაქონლეობასთან. ძირითადად ადგილზევე ხდებოდა ცხოველთა მოვლა-პატრონობა.

მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში იყო გამოთხოვილი მთი­ელი ნინო ჩანადირ-პაპაშვილი. მისი გადმოცემით მას ქსოვრისში დახვდა ძველი სახლი, ფაქტობრივ იგივე ბოსელი ერთი კარით. ბანური დაქანებული სახურავი ჰქონდა და ზემო­დან მიწა იყო დაყრილი, იატაკიც მიწის იყო. ამ სახლში ჰყავდათ საქონელი და ხალხიც იქვე ცხოვრობდა. ადამიანთა საცხოვრებელი და საქონლის სადგომი ერთმანეთისაგან წნულით იყო გამოყოფი­ლი. შუა წნულს, კარს გამოივლიდა საქონელი და ადამიანთა სა­ცხოვრებლის კარიდან გარეთ გამოდიოდა. ნაგებობის იმ ნა­წილს, სადაც საქონელი იყო ბოსელს უწოდებდნენ, სა­დაც თვი­თონ ცხოვრობდნენ – სახლს. ბოსლის კედლებთან ბაგა იყო მოწყო­ბი­ლი, შუაში  „სანერწყული“ შარდის გამოსადენად. ამ ბოსელ­ში იმ დროს, ნინოს გადმოცემით, ჰყავდათ თორმეტი კამეჩი. შემდ­გომ­ში უფრო გაუმრავლებიათ. კამეჩები ადგილობრივ საძოვრებზე იკვებებოდნენ ან კიდევ მახლობელ ტყეებში იყვნენ გაშვებული ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

სოფელ საგურამოში ცხოვრობდა დიმიტრი უნდილაშვილი, მისი წინაპარი დუშეთის რაიონის სოფელ უნდილაანთკარიდან ჩამოსახლებულა ( დიმიტრი დაბ. 1910 წელს მისი მეხუთე თაობაა), მას ფერდობზე ცხვრებისთვის ფარეხი აუშენებია და მსხვილფეხა საქონლი­სათ­ვის – ბოსელი. მიწა იყო გა­მო­თხრილი და კედლები ქვის  ჰქონდა ამოშენებული. ზემოდან მუხის ხის კოჭები ჰქონდა და მიწით იყო დახურული.  მოუმრავლებია ცხვარიც და მსხვილფეხა საქონელიც. ყველას ადგილობრივ უვ­ლიდა.

მსხვილფეხა საქონლის სადგომებისგან (ბოსელი) ცხვრის ბინები (ფარეხი) განსხვავდე­ბო­და. თუშეთის პირობებში, სადაც მე­ცხვარეობა მაღალ დონეზე იყო,  ყველაზე დაბალ ზონაში _ დაბლობში ცხვრის საწველი ბინები ჰქონდათ გამარ­თუ­ლი. მათ ზემოთ იყო სამშრალეები (არამეწველი ცხვრისთვის), ხო­ლო ყველაზე მაღალ ზონაში საბატკნეები. ბატკნებს ურ­ჩევდნენ წყლიან ადგილს, სადაც ბუზი არ იყო, რადგანაც ის ბატკანს  ზრდაში უშლის ხელს.

სადოლე ცხვრისთვის საზამთროდ ფარეხებს აგებდნენ. მის კედლებს წკნელით წნავდნენ (ღობავდნენ), გარედან ჯერ ჭაობის ჩალას ყორუღს შემოაფარებდნენ და შემდეგ მიწას მოაყრიდნენ, რომ უფრო თბილი ყოფილიყო. კედლის ზემოდან კოჭებსა და კაკვებს გააწყობდნენ, შემდეგ ფიჩხს დააწყობდნენ, მერე ძეძვს და მიწას დააყრიდნენ,  კარგად დატკეპნიდნენ და ზემოდან ცხენის ნაკელს დააყრიდნენ (ამბობდნენ, ცხენის ნაკელი წყალს არ ატარებსო) და კვლავ დატკეპნიდნენ. ასეთ ფარეხში არც წყალი ჩავიდოდა, თბილიც იქნებოდა. ასე იგებოდა საბატკნეებიც, რომელ­თაც ჭალურებს უწოდებდნენ. ფარეხსა და ჭალურებს შორის მხო­ლოდ ის განსხვავება იყო, რომ ფარეხს მიწის იატაკი ჰქონდა, ხო­ლო ჭალურებში იატაკს აგებდნენ მცენარეების ფოთოლგაც­ლილი ღეროებით და შარდის საწრეტს უკეთებდნენ. ჭალურის წინ ბაკი (შემოღობილი ადგილი) იყო, სადაც ცხვართან ბატკანს მიუშვებდ­ნენ და აწოვებდნენ. სადოლე და საბატკნე ბინებისათვის არჩევდ­ნენ მყუდრო, თბილ, დაბალ ადგილებს, სადაც თოვლი თუ მოვა, მალე დადნება. ასეთი ადგილები იყო მლაშე ადგილები, ასევე ის ად­გილები, სადაც მზე ყველაზე მეტად უდგებოდა. კახეთში (ქიზიყი) ცხვრის დასადოლებელი ბინის გვერდზე ჰქონდათ მიწნული და მას „სამერს“ უწოდებდნენ. თოხლები კი შედარებით მაღალ ად­გილ­ზე ჰყავდათ, რადგანაც ისინი სიცივეს უფრო იოლად იტანენ.

ფარეხის აგებისას თითოეულ ცხვარზე გაანგარიშებული იყო ერთი კვადრატული მეტრი ფართობი, ამიტომ ფარეხებს იმ მოცულობით აგებდნენ, რამდენიც ცხვარი ჰყავდათ. ვისაც დიდი რაოდენობით ცხვარი ჰყავდა, მას უხდებოდა რამდენიმე ფარეხის აგება. თითოეულ ფარეხში შეიძლება დატეულიყო არაუმეტეს 500 – 1000 ცხვარი. ფარეხის სიმაღლე იმდენი უნდა ყოფილიყო, რომ კაცი იოლად გამართულიყო. იქვე იყო მწყემსის ქოხი. ეს ქოხი უკანა მხრიდან მიწაში იყო გამოთხრილი, დანარჩენი კედ­ლები მოწნული იყო. ისევე, როგორც ცხვრების სადგომს, ჩალას და მიწას მოაყრიდნენ, კედლების ზემოდან კავებს გააწყობდნენ და დახურავდნენ. ასეთ ქოხში 7 – 8 კაცი ეტეოდა (იძინებდა). ქოხ­ში შუა ცეცხლი ენთო. კედლებთან კი მწყემსები გაიშლიდნენ  ნაბდებს და მიწვებოდნენ. მთლიანად ზამთრის სამეურ­ნეო ბაზას ნადჟარს უწოდებდნენ. ადამიანთა თუ ცხოველთა სადგო­მებს აგებდნენ იმის მიხედვით, როგორი კლიმატური პირობები იყო ამა თუ იმ საძოვარზე. კერძოდ, სადაც მეტი სიცივე იყო,  რამდენადაც შეიძლებოდა, იმდენად თბილ სადგომებს აგებდნენ; სადაც ნაკლები სიცივე იცოდა, ე.ი. შედარებით მაღალი ტემპერატურა იყო, ნაკლებად თბილ ბინებს აგებდნენ. კარგად იცოდნენ, რომ შირაქსა და სამუხში ცივი ზამთარი იცის, ხოლო შირვანში – შედარებით ზამთარი ნაკლებად მკაცრია.

თუშებს (გომეწრის ხეობა) შირვანის ზამთრის საძოვრებზე ჰქონდათ ლერწმის ჩალისაგან ნაგები ცხვრის ფარეხი. ლერწამს ფარეხის ასაგებად იქვე ჭრიდნენ. ბინად  მაღლობ ადგილას შეარჩევდნენ და გარშემო არხს შემოუთხრიდნენ, რათა წყლით არ დატბორილიყო. ფარეხებს ლერწმითვე გადახურავდნენ _ ორფერ­და სახურავს უკეთებდნენ, ფარეხში წყალი რომ არ ჩასულიყო. ფარეხის გვერდებზე მიწის შემოყრაც არ უნდოდა დასათბუნებ­ლად, რადგან მლაშე ადგილებია და ბალახს მეტი ძალა აქვს. ამას­თანავე, ცხვრის გაციებისაც არ ეშინოდათ. ასეთ ფარეხებს აკე­თებდნენ გამშრალი  და სადოლე ცხვრებისათვის, მხო­ლოდ საბატკნეებს  გვერდებზე მიწას შემოუყრიდნენ დაახლოებით ნა­ხევარი მეტრის სიმაღლეზე, რომ სიცივე დაეჭირა და ფარეხში არ შესულიყო.

სამუხის საძოვრებზე მლაშე ადგილებიც ბევრია და ლერწმის ჩალაც მრავლად იშოვება, მაგრამ ლერწმის ფარეხები მაინც არ გამოდგება, რადგან უფრო მეტი სიცივეები იცის, ვიდრე შირვანში. აქ ლერწმის ღეროებს მხოლოდ საბატკნეებს უგებდნენ იატაკზე.

თუშეთში, სოფელ კოკლათის ზემოთ არის საძოვარი ფართო­ბი _ ჯავახე. ეს არ არის მაღალი ადგილი. ჯავახეს საძოვარზე აგებულია ბინა, რომელიც დამახასიათებელია ასეთი სიმაღლის ად­გილებისათვის. ბინა ხის მასალითაა ნაშენები. ჩასობილია ხის ძელები, რომელზედაც გადებულია ჭოკები. ჭერიც ასევე ძელებს ეყრდნობა, მასზეც გადებულია შედარებით წვრილი ხის ძელები, ხოლო ზემოდან შიფერითაა დახურული. კედლებიც ფიცრისაა. ბინას გვერდით, ორივე მხარეს ხის ტახტები აქვს მოწყობილი. იქ საკმაოდ დიდი ფართობია და ორ ნაწილადაა გაყოფილი _ ბინის უკანა მხარეს ყველის გუდები და სხვა ინვენტარია           დალაგებული; წინა მხარეს კი კერაა მოწყობილი და სარქალი იძინებს. კერასთან მწყემ­სები იყრიან თავს და სადილობენ. ბინის წინა მხარეს გამოსასვ­ლელია და ქვის ფილებითაა მოგებული. იქვე, გარეთ დასობილია კაპებიანი ხეები, ტყავების, კალტის ტომრების და სხვათა ჩამოსაკი­დებლად. აქვე იწურება რძე, კეთდება ყველი, იჩეხება შეშა და ა.შ. ბინას ორი ბაკი აქვს. ერთი წნული ღობით,  მეორე ბაკი სწორი ხის ძელებითაა შემოკავებული. მისი იატაკი მიწი­საა. პირველში მრგვალი ხის ძელებია მოგებული. მასში ცხვარი მო­საწველად შეჰყავთ წვიმიან ამინდში, რომ არ ატალახდეს. მეორეში კი ცხვარს მშრალ ამინდში წველიან. როგორც  ვხედავთ, ცხოველთა ბინების აგების დროს გათვალისწინებული იყო ყველა ნიუანსი, რაც დაკავშირებულია საძოვრის ხასიათზე _ რა სიმაღლეზე იმყოფებოდა, რომელი სახის, ასაკისა და რა რაოდენობის ცხოვე­ლისათვისაა გათვალისწინებული, როგორი სახის ბალახი იყო, რამდენ ხანს შეიძლებოდა იქ ცხოველის ყოფნა, სა­ზაფხულო იყო თუ საზამთრო ეს საძოვარი. ყოველივე აღნიშნული, შეიძლება ითქვას, მეცნიერულ დონეზე იყო გათვლილი.

გათვალისწინებული იყო, ასევე, ცხოველთა მთაზე აყვანის ან ჩამოყვანის დროს სად უნდა შეჩერებულიყვნენ, სად და რამდენ ხანს ეძოვებინათ ან დღე-ღამეში დაახლოებით   რამდენი კილომეტრი უნდა გაევლო მსხვილფეხა სა­ქო­ნელს თუ ცხვარს. ისიც კი გაანგარიშებული  იყო, სად რა  შე­ფერხებებსა და წინააღმდეგობებს შეიძლება ჰქონოდა ადგილი (მტაცებელ ცხოველთა, ყაჩაღთა თავდასხმა, ქურდობა ან კიდევ სტი­ქიური მოვლენები _ ძლიერი წვიმა, სეტყვა, მეწყერი, ზვავი, ძლიე­რი ქარი). ამგვარი მოსალოდნელი შემთხვევისათ­ვის ისინი წინასწარ იყვნენ მზად. მაგალითად, ძლიერი წვიმის, სეტყვის ან ქარის დროს რომელ ადგილებში უფრო ნაკლები სა­შიშროება არსებობდა და სად გაეჩერებინათ ამ დროს საქონელი და სხვა.

გზაში ორი კაცი მიჰყვებოდა რვიდან თორმეტამდე ცხენს. დილიდან წამოსული მგზავრი „ორჯერ ჩამოხდიდა“ ტვირთს ცხე­ნებს საძოვართან: ერთი შუადღისას, მეორედ – საღამოთი. ასეთ ადგილს „საბინაო ადგილს“ ეძახდნენ.

ვფიქრობთ, ინტერესს არ იქნება მოკლებული, თუ შედარების მიზნით, მოვიყვანთ მაგალითს, მეზობელ ჩრდი­ლოეთ ოსეთში როგორი სახის ბინები ჰქონდათ ცხოველებისათვის.

ვლადიკავკაზის 1964 წლის ეთნოგრაფიული ექსპედიციის მასალებიდან:

75 წლის ხაზბოტ ციცქიევი უამბობს ექსპედიციის წევრებს: საცხოვრებელი სახლის და კოშკის პირველი სართული გამოყე­ნებული იყო საქონლის სადგომად. სახლს გვერდით მიდგმული ჰქონდა „სარაი“, რომელსაც ასევე საქონლის სადგომად იყენებდნენ.

ჰქონდათ „სარაი-ფი“. აქ  ჰყავდათ ისეთი საქონელი, რომელიც სიცივეს ვერ უძლებდა. სარაი – ოთახში ჰყავდათ ისეთი ცხოველები, რომ­ლებიც სიცივეს იტანდნენ – ცხენები, მუშა საქონელი. სარაი დაყოფილი იყო ტიხრებით: ძროხებისთვის, ხბოე­ბისთვის, ცხენებისთვის და ა.შ. მას ეწოდებოდა „ჯელი“. ზაფხული­სათვის ჰქონდათ ღია სადგომები საქონლისათვის. ის შემორა­გული იყო  სახლიდან 15 – 20 მეტრზე.

ამავე ექსპედიციის მიერ სოფელ ხართში მოპოვებულ მასა­ლებში ვკითხულობთ: ხაჯიმურატ დოლაკოვს ჰქონდა საზაფხუ­ლო სადგომები როგორც საქონლის, ისე ცხვრისთვის.  იქ, სადაც მგლის ეშინოდათ შემო­ღო­ბილი იყო, სხვაგან კი ღია. ჰქონ­დათ აგრეთვე ქვისგან აგებული სადგომი, რომელსაც „ჯი­ღუტს“ უწოდებდნენ. „სარაი – ფი“ ჰქონდათ მსხვილფეხა საქონლი­სა­თ­ვის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. ცხვრებისთვის სადგომი სახლიდან 40 – 50 მეტრზე.

1967 წლის ეთნოგრაფიული ექსპედიციის მასალებიდან:  ქურ­თათის ხეობა. ბოსელი, რომელიც ქაზიევებს ეკუთვნით, ქვის­გან არის ნაგები, ხსნარის გარეშე. სახურავი  ბრტყელია, ბანიანი, პი­რით დასავლეთისაკენ და გრძელი მართკუთხა მოყვანილობის. ზედა მხარე ეყრდნობა მთის ფერდობს. ფერდობი ჩამოსწო­რე­ბულია და კედელი მიშენებული. კარებთან მიწა მოსწორებულია და ტერასებადაა გამაგრებული. ქვედა მხარეს ორი მეტრი სი­მაღ­ლის ქვის კედელია, რათა ბოსლის კარებთან მიწა არ ჩამოინ­გრეს. ზედა მხარესაც მიჰყვება კედელი, რათა ზემოდან  მიწა არ ჩამოზვავდეს. ზედა გვერდზე კედელთან მოწყობილია ნაკელის დასაყრელი ადგილი. ბოსლის ჭერი ეყრდნობა ბოძებს. ზედა კედელთან აქვს ხუთი ბოძი, ქვედა  გვერდით კედელთან – ექვსი, შუაშიც სიგრძეზე მიჰყვება ხუთი ბოძი. ბოძებზე სიგრძეზე გადებულია მრგვალი ხის კოჭები, მასზე კი გადებულია შედარე­ბით წვრილი განივი კოჭები, განივ კოჭებზე თავხეები, რომ­ლებიც ერთმანეთზე მჭიდროდაა მიწყობილი. თავხეებზე აწყ­ვია ლასტები, რომლებიც ზემოდან მიწითაა დატკეპნილი. ბოს­ლის იატაკი მიწისაა. მას მხოლოდ ზედა, წინა მხარეზე აქვს და­გებული ფიცარი. ეს ადგილი მეწველი ძროხისთვისაა განკუთვნი­ლი. ბოსელს სამი პატარა ფანჯარა აქვს. ბოსელი შუაზე გაყო­ფილია ისე, რომ ერთი მხარე მეორეს არ უკავშირდება. ორივეს ცალ-ცალკე აქვს კარი, ერთს – დასავლეთით, მეორეს – უკანა მხარეს.

ბოსლის პირველი ნაწილი დაყოფილია განყოფილებებად. კარის მარცხნივ მოწყობილია პატარა ბაგა, სადაც ერთ სულ საქონელს აბამდნენ. იქვე, ზედა მხარეს არის დიდი განყოფი­ლება, რომელსაც ფიცრის იატაკი აქვს და ზედა კედელთან მთელ სიგრძეზე გაკეთებულია ბაგა. ეს განყოფილება ეთმობა ძროხებს და ხარებს. ის იზოლირებულია კედლებით და აქვს კარი. ბოსლის ზედა მხარე, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი ერთი იატა­კია­ნია, მეორე – მიწიანი. ერთი ეთმობოდა მეწველ და მუშა საქო­ნელს, მეორე – მშრალსა და მოზარდს. ქვედა მხარეს კარებთან მო­წყობილია პატარა ბაგა, სადაც ერთი სული საქონელი ე­ტეო­და. მის უკან ორი პატარა განყოფილებაა. ისინი განკუთვნილია ცხვრებისა და ხბოებისთვის. ბოსლის მეორე ნაწილი დატიხრული არ არის განყოფილებებად. აქვს ერთი ბაგა ზედა კედელთან, მეორე – ქვედა კედელთან და ერთიც – კუთხეში. საქონლის სადგომად  გამოიყენება, აგრეთვე, კარების წინ მდებარე ფართობი, რო­მელიც ბოსლიდან გამოყოფილია წნული კედლითა და კარით.

სადგომის მოწყობილობა _ ჩვეულებრივ ცხვრის სადგომი გა­მარ­თუ­ლია  მთის ძირას, ვაკე ადგილზე, ხევის ახლოს. აქვეა ქოხი და ბაკი. ქოხი მეცხვარეების საცხოვრებელია; ის ქვის ყორის ერთთვლიანი ორფარდულიანი შენობაა, სიგრძით დაახ­ლო­ებით 5 მეტრი, სიგანით – 4 მეტრი, სიმაღლით შუაზე – 1,7 მეტრი, გვერდებზე – 1,25 მეტრი. წინა მხარე ნაწილობრივ ღიაა. კარიც აქეთ აქვს. სიგრძის შუა ხაზზე უდგას ორი ბოძი; ამ ორ ბოძსა და უკანა ყორეზე გადებულია საყავრე; მასზე აწყვია ყავრები ორფერდულად (დაქანებით ორ მხარეზე), ყავრებზე დაფენილია არყის წიწკი (ტოტები), მის ზემოდან ხავსი და სულ მაღლა – მიწა. იატაკი მყა­რია.

ქოხის წინ, გვერდით ყორესთან გამართულია კერია. აქ დევს ორ კუთხიანი ქვა ქვაბის დასადგმელად. ცოტა მაღლა ყორეში დატანებულია გრძელი ჯოხი, რომლის ნაწი­ლი კერიაზეა გადებული. მას ქვაბის დასაკიდებლად იყენებდ­ნენ. კერიის გასწვრივ ყავრებს ზემოდან აწყვია სიპი ქვები. ქოხის უკანა ნაწილში არის ტახტი ყველის გუდების დასაწყობად. ის გა­მარ­თულია ბოძებზე დაყრდნობილი ხეებისა და წკნელისაგან. ზემოდან დაფენილია არყის ხის ფოთოლი ან ბალახი.

ქოხში არის მეცხვარის ჭურჭელი: ხონი – თაბახი კალტის გასა­ზელად; ქიტები – ღრმა კოვზები, ხის ჯამები საჭმელისათვის, ცუ­ლი.

ქოხის გარეთ არის ხოხი (მაგარი ფოლადი) ქვამარილის დასა­ფქ­ვავად, ე.ი. დასანაყად, ის სწორპირიანია. ქოხის წინ, დაახ­ლოე­ბით ხუთ მეტრზე ბაკი ჰქონდათ. ის იყო არყის ან ცირცლის მანით და წნელით შეღობილი ადგილი ცხვრის მოსაწ­ველად. კარი ერთ მხარეს აქვს. ბაკთან არის ფიჭვის ხისგან გაკეთებული ნიჩაბი; ნიჩბით ბაკს ასუფთავებდნენ. ბაკს, საჭიროების მი­ხედვით, აკეთებდნენ. თუ ბევრი ცხვარი ჰყავდათ დიდ ბაკს „მარ­თავდენ“, თუ ცოტა – პატარას.  ქოხის  წინ, ნაპირის ხაზზე დგას ორი ჩხა, ე.ი. კაპიანი ხე ჩარჭობილი მიწაში. მასზე გადებულია სწორი ჯოხი. მასზე ფენდნენ ყველის საწურავ ტილოებს, პარკებს, მასზევე კიდებენ დაკლული  საქონლის ხორცს.

ჯემალ სვანიძე,

ლევან თორთლაძე