დარგებიმებაღეობარეგიონები

ადგილობრივი ვაშლის ჯიშების გაშენება მესხეთში და რამდენიმე მათგანის დახასიათება

მესხეთი განთქმულია მაღალხარისხოვანი ხილით. ამ მიმართებით, საქართველო სამართლიანად დგას კონტინენტური მეხილეობის კლასიკური ქვეყნების გვერდით.

მესხეთი, თავისი მაღალი მდებარეობის მიუხედავად, გამოირჩევა ზაფხულის პერიოდში მაღალი ტემპერატურული რეჟიმით. თვის საშუალო ტემპერატურა ივნის-ივლისში 20,5_26,7 გრადუსამდეა, ხოლო აგვისტოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 39-40 გრადუსსაც აღწევს.

ეს ვითარება უნდა აიხსნას შემდეგით-მესხეთი წარმოადგენს ქვაბულს, რომელიც მაღალი ქედებითაა შემოფარგლული-სწორედ ეს განაპირობებს ზაფხულის ასეთ მაღალი ტემპერატურას. ზამთარი კი მესხეთში მკაცრი იცის – დიდი ყინვებით.

კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მესხეთში ხეხილის ბაღები მეტწილად ფერდობებსა და ტერასებზეა გაშენებული, რაც ბაღებს ძლიერი ყინვებისაგან იცავს. მესხეთში ატმოსფერული ნალექები, თვეების მიხედვით, არათანაბრად მოდის, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით- მაისში და ივნისში, შედარებით მცირეა ნალექების რაოდენობა ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში.

ნალექების ასეთი განაწილება ხელს უწყობს მეხილეობის განვითარებას. ზამთრის თვეებში ნალექი შედარებით მცირეა, თოვლის სახით მოსული ნალექი ქმნის თოვლის საბურველს, რომელიც მარტის მე-3 დეკადაში დნობას იწყებს.ზაფხულის პერიოდში, გვალვის (მისი საშუალო ხანგრძლივობა 128 დღეა) ზემოქმედებით ნიადაგები ადვილად კარგავენ წყალს და შრებიან, რაც საფრთხეს უქმნის კულტურულ მცენარეებს.

ამის გამო მესხეთში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხელოვნურად მორწყვას ნიადაგში წყლის სასურველი რეჟიმის შესაქმნელად. მესხეთში ხეხილის ბაღები განლაგებულია მდინარეების: მტკვრის, ფოცხოვის, ურავლის, აბასთუმნისწყლის, ქვაბლიანის ხეობებში. ასევე მეხეთის ცნობილ დაბა-ქალაქებსა და სოფლებში (აწყური, კლდე, მუსხი, ურაველი, სხვილისი, ვალე, ახალციხე, ადიგენი, უდე, არალი, ხიზაბავრა, ასპინძა, ძველი რუსთავი და სხვ.)

სოფლებში შედარებით დიდი ფართობების ხეხილის ბაღები აქვთ. საკმაოდ დიდი ხვედრითი წონა, აგრეთვე, აქვს ერთეულ, ანუ გაფანტულ ნარგავებს, რომლებიც ძირითადად გვხვდება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე. მესხეთის ზონაში წარმოებული პროდუქციის 84% თესლოვანი ხილია, 13% _ კურკოვანი, 2,0% _ კაკლოვანი.

მესხეთში ბაღის გაშენება

მესხეთში ბაღის გაშენება შეიძლება როგორც შემოდგომით, ასევე ადრე გაზაფხულზე. საბაღედ სასურველია შეირჩეს სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი მსუბუქი და საშუალო თიხნარი ნიადაგები.

საბაღე ნაკვეთის ნიადაგის დამუშავების წინ უნდა შევიტანოთ 20_30 ტ/ჰა გადამწვარი ნაკელი. მოხვნის შემდეგ ნიადაგი უნდა მოსწორდეს და დაიგეგმოს. კულტურების მიხედვით კვების არეები სხვადასხვაა.

მცირე ზომის ფართობებზე ვაშლის გასაშენებლად კვების არე უნდა მიეცეს 7X6 ან 7X7 მეტრი. ორმო ამოღებულ უნდა იქნეს მსუბუქ ნიადაგებზე 50X50 სმ-ზე, ხოლო მძიმე ტიპის ნიადაგებზე – 50X80 სმ-ზე.

დარგვისას ყოველ ორმოში უნდა ჩაიყაროს 10_12 კგ ნიადაგთან არეული გადამწვარი ნაკელი და ჩაირგას ნერგი. დარგვისას უნდა მიედგას სარი და კარგად მოირწყას. დარგვის შემდეგ ნამყენის შტამბი უნდა გადაიჭრას 60_70 სმ-ის სიმაღლეზე.ხეხილის ბაღის გაშენების შემდეგ, სავეგეტაციო პერიოდში ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს.

გასარწყავებული ფართობების სიმცირის გამო, ხეხილის ნარგაობაში რიგთაშორისებში შეიძლება დაითესოს პარკოსანი კულტურები (ლობიო, სოია, ბარდა, ცერცვი, მუხუდო), ან ბოსტნეული კულტურები _ ხეხილის რიგიდან 0,5_1,0 მ-ის მოშორებით. ხეხილი სავეგეტაციო პერიოდში უნდა მოირწყას 4_5 ჯერ, საუკეთესო საშუალებაა, თუ რიგთა შორის დავთესავთ სიდერატებს და ყვავილობის პერიოდში ჩავხნავთ.

ნერგის დარგვის შემდეგ ხის შტამბზე ყველა კვირტიდან მივიღებთ წლიურ ნაზარდებს, შემდეგი წლისათვის წვერიდან 4_5 ყლორტის გარდა, ყველა ნაზარდი უნდა მოსცილდეს.

მომდევნო სავეგეტაციო წლებში საჭიროა მცენარეების რეგულარული სხვლა. ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ატმის ხეებზე ყველა ნაზარდი უნდა დამოკლდეს. სხვლის დროს ჭრილობა უნდა გაკეთდეს ბოლო კვირტთან ახლოს, ოდნავ დახრილად, და აუცილებლად მოსცილდეს ჩახშირებული და დაზიანებული ტოტები. გასხვლა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, ასევე გაზაფხულზე.

ეკოლოგიური პროდუქციის წარმოებისას დაუშვებელია ხეხილის ბაღში მინერალური სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების გამოყენება. უნდა შევიტანოთ ორგანული და ბიოორგანული სასუქები (გადამწვარი ნაკელი 2_3 წელიწადში ერთხელ, ჰექტარზე 15 _20 ტ; წინასწარ დამზადებული კომპოსტი), კარგი იქნება, თუ ნიადაგის დამუშავების წინ შტამბის ირგვლივ მოვაბნევთ ნაცარს.

ეკოლოგიური პროდუქციის მისაღებად ხეხილის ბაღებში კატეგორიულად იკრძალება ქიმიური პესტიციდების გამოყენებაც. აუცილებელია ხეხილის ბაღებში ყოველწლიურად სანიტარიული ღონისძიებების გატარება: შტამბისა და დედა ტოტების ჩამოფხეკა, ანასხლავისა და სხვადასხვა ნარჩენების ბაღის ტერიტორიიდან გატანა და სპეციალურად მოწყობილ ადგილზე დაწვა.

სასურველია ადრე გაზაფხულზე კირხსნარით შტამბის (ფესვის ყელიდან ვარჯამდე) შეთეთრება. ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით, დაშვებულია ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდების გამოყენება. მავნებლების წინააღმდეგ უნდა ვიხმაროთ ბიოპრეპარატი “ნემაცალი” ან სხვადასხვა მცენარეების (ხახვი, ნიორი, ჭინჭარი, წიწაკის, კაკლის ფოთლების) ნაყენი.

ბუგრების წინააღმდეგ კარგია მცენარე შხამას ფესურების ნაყენი, ნივრისა და სარეცხის საპნის ხსნარი. სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ _ ბორდოს სითხე, ტიმორექსი, კუპროქსატი, კოსაიდი და ყვითელი გოგირდი.

ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ სპეციალისტებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოიკვლიეს და გაამრავლეს ვაშლის 30-მდე (ჯორცხვირა; თათენა; აბილაური; რაკრაკა; რძე ვაშლა; მესხური ბანანი; მეფის ვაშლი; ხვინწა; სობა; შაქარნაბადა; თურაშაული; მზის სხივი; სუფრის სილამაზე; უდურა; მინაძისეული; ხრუსტალა; ერბოვაშლი; ტკბილი ვაშლი; მსუქანა; მამულო და სხვ.) და მსხლის 10-მდე ჯიში (ნენე მსხალი; ზამთრის გულაბი; ყაბაყარმუდი; ინჟირა; თავრიჯული და სხვ.).

აქვე გთავაზობთ რამდენიმე ჯიშის მოკლე დახასიათებას
აბილაური

აბილაური _ მესხური წარმოშობის ადგილობრივია ჯიშია. მესხეთში ფართოდაა გავრცელებული _ ადგილობრივ ვაშლის სხვა ჯიშებთან შედარებით, ყველაზე მეტი ხვედრითი წონა აქვს.ხე ძალიან ძლიერი ზრდისაა, აქვს განიერ-პირამიდული ვარჯი, ხშირი დატოტვა, ძლიერ საძირეზე მე-10_12 წელს შედის მსხმოიარობაში. 25_30 წლის ხე იძლევა 400-კგ მოსავალს, ხოლო ცალკეული ხეები _ 1000 კგ-საც. ტრანსპორტირებისას არ ზიანდება. საშუალო პერიოდის მოყვავილე ჯიშია, ავადდება ქეცით.

პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის მეორე დეკადაში, მოიხმარება დეკემბრიდან, საწყობში ძლებს მაისამდე. ნაყოფი საშუალო ზომისაა (5,1X6,2 სმ), მომრგვალო-მობრტყო ფორმისა, სწორი ზედაპირით. ნაყოფის კანი თხელი, ნაზი და პრიალაა. ფერი ძირითადად მოყვითალოა, სრულ სიმწიფეში მზის მხარეზე ალისფერია. კანს აყრია ჟანგისფერი ლაქები და ცვილისფერი ფიფქი, რბილობი თეთრი, ბამბისებრი კონსისტენციისა, წვნიანობა, გემო და არომატი საშუალოა.

დადებითი თვისებები: უხვი მსხმოიარობა, კარგი ტრანსპორტაბელურობა და დიდხანს შენახვის უნარი.

უარყოფითი თვისებები: გვიან შედის მსხმოიარობაში, ავადდება ქეცით, ნაყოფი შედარებით მდარე გემოსია.

მამულო

მამულო _ ადგილობრივი წარმოშობის ჯიშია, ფართოდაა გავრცელებული მესხეთში, განსაკუთრებით ასპინძის რაიონში. იზრდება მაღალი ტანის ხე, ივითარებს მაღალ და განიერპირამიდულ ვარჯს, ახასიათებს ხშირი დატოტვა, ძლიერ საძირეზე მსხმოიარობაში შედის მე-7_9 წელს, სრულად მსხმოიარე 400 კგ მოსავალს იძლევა. იშვიათად 600 კგ-საც აღწევს. მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლეა, კარგი ტრანსპორტაბელურია, იკრიფება სექტემბრის ბოლოს, მოხმარება მალევე შეიძლება, ინახება აპრილამდე.პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო ზომისაა (6,5 _6,5 სმ), მომრგვალო კვერცხიებრი, სწორი ზედაპირით, მცირე ჟანგიანი ლაქებით, კანი თხელი და მკვრივია, პრიალა, ყვითელი ფერისაა. სრულ სიმწიფეში თითქმის მთლიანად შეფერილია მუქწითლად, რბილობი თეთრი, საშუალო სიმკვრივისაა, ტკბილი, წვნიანი, არომატული.

დადებითი თვისებები: უხვმოსავლიანია, მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლეა, საუკეთესო გემოს არ კარგავს, ინახება დიდი ხნის განმავლობაში. პერსპექტიული ჯიშია.

უარყოფითი თვისებები: ნაკლებად ტრანსპორტაბელურია.

მეფის ვაშლი/შაჰ-ალმა

მეფის ვაშლი _ მესხეთის ადგილობრივი წარმოშობის საკმაოდ გავრცელებული ჯიშია. საქართველოს სხვა რეგიონებში არ გვხვდება. ხეს ახასიათებს ძლიერი და მომრგვალო ვარჯი ხშირი დატოტვით. სრულ მსხმოიარობაში შედის, ძლიერ საძირეზე, მე-8_10 წელს, საშუალო მოსავალი _ 300კგ.

რძე ვაშლაკდჯფლაკსჯდფლკჯასდფკლ;ჯ

ტრანსპორტირებისას დაბეჟილი ადგილები შავდება. მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლეა, მცირედ ზიანდება ქეცით. იკრიფება სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში, მოხმარება ნოემბრიდან, კარგი შენახვის პირობებში მარტამდე ძლებს.

პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი მომრგვალო-წაგრძელებულია (6,7 _6,5 სმ), ბორცვიანი ზედაპირით, ახასიათებს ჟანგიანი ლაქები, კანი თხელია, საკმაოდ მკვრივი, ძირითადად მოთეთრო-მოყვითალოა, მზის მხარეზე ნაყოფის ზედაპირის მეოთხედი ნაწილი სიგრძეზე ვარდისფერ ზოლებად არის შეფერილი, აყრია ჟანგიანი ლაქები, თეთრი წითელარშიანი კანქვეშა წერტილები მცირე აქვს, რბილობი თეთრია, მკვრივი, მოტკბო-მომჟავო, წვნიანი და არომატიული.

დადებითი თვისებები: მიმზიდველი გარეგნობა, კარგი გემო, მაღალი მოსავლიანობა, შენახვის კარგი უნარი.

უარყოფითი თვისებები: ნაყოფი ტრანსპორტირებას ვერ იტანს.

მესხური მსუქანა

მესხური მსუქანა _ მესხური წარმოშობის ადგილობრივი ჯიშია. გვხვდება ახალციხის და ადიგენის რაიონებში. ხე ივითარებს მაღალ და განიერპირამიდულ ვარჯს, ახასიათებს ხშირი დატოტვა, მსხმოიარობა 8_10 წლიდან, სრულმსხმოიარე 300 კგ მოსავალს იძლევა.

შორ მანძილზე გადატანას ადვილად იტანს. საშუალო პერიოდის მოყვავილე ჯიშია, მავნებელ დაავადებების მიმართ გამძლეა. იკრიფება ოქტომბრის პირველ დეკადაში, მოიხმარება დეკემბრიდან, ინახება მაისამდე. პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი ლამაზია, დიდი ან საშუალო ზომისა (7,8_7,9 სმ), მომრგვალო, ოდნავ წახნაგოვანი ზედაპირით, უდიდესი დიამეტრი ნაყოფის შუაზეა; აყრია ჟანგიანი ლაქები, კანი სქელია, მკვრივი, მოყვითალო, პრიალა და ოდნავ ცხიმიანი;

ნაყოფის ზედაპირის ნახევარი იფერება ვარდისფრად-მუქი ვარდისფერი ზოლებით, ოდნავი ცვილისებრი ფიფქით, ხშირი, ყავისფერი, კანქვეშა წერტილები მკაფიოდაა გამოსახული, რბილობი თეთრია, მკვრივი, წვნიანი და არომატიანი.

დადებითი თვისებები: უხვი მსხმოიარობა, ვიტამინების მაღალი შემცველობა, შენახვის კარგი უნარი და კარგი ტრანსპორტაბელურობა.

რძე ვაშლი /სუდ-ალმა

რძე ვაშლი _ მესხეთში ფართოდ გავრცელებული ადგილობრივი წარმოშობის ჯიშია. მეხილეობის სხვა რაიონებში არ გვხვდება. ხე საშუალო სიდიდისაა. ივითარებს მომრგვალო ვარჯს, ტოტები გადაშლილი და დაშვებული აქვს, ხშირი დატოტვით, ძლიერ საძირეზე მსხმოიარობას იწყებს მე-8_10 წელს. სრულ მსხმოიარობაში ხის საშუალო მოსავალი _ 250 კგ-ია. ნაყოფი თანაბარი სიმსხოსია, გამოირჩევა კარგი ტრანსპორტაბელურობით.

მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლეა.გვიან მოყვავილე ჯიშია, წაყინვებისაგან არ ზიანდება. ნაყოფის მოკრეფის ვადაა სექტემბრის მეორე ნახევარი, ნოემბრიდან მოიხმარება როგორც ნედლი ხილი, ინახება თებერვლამდე.

პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო ზომისაა (5,0_6,0 სმ), მომრგვალო, მობრტყო, სწორი ზედაპირით, ჟანგიანი ლაქებით, კანი თხელი და მკვრივი, ბაცი მწვანე ფერის, მომწიფებისას ზედაპირის 1/3 – იფერება ვარდისფრად, ჯიშის დამახასიათებელია ცვილისებრი ფიფქი და მშრალი კანი. კარგად ემჩნევა თეთრი და ხშირი კანქვეშა წერტილები, რბილობი თეთრი, საშუალო სიმკვრივის, ფხვიერი, ტკბილი, წვნიანი, არომატული.

რბილობის ფერი და გემო რძისებრია; ამ თვისებიდან მოდის ჯიშის სახელწოდებაც.
დადებითი თვისებები: კარგი, სასიამოვნო გემო, ვიტამინების საკმაოდ მაღალი რაოდენობა.

უარყოფითი თვისებები: შენახვის ხანმოკლეობა.

შაქარნაბადა

შაქარნაბადა _ მესხური წარმოშობის ძველი ჯიშია. ფართოდ იყო გავრცელებული. ამჟამად მესხეთის ძველ ბაღებში ერთეული ძირების სახით გვხვდება.ხე ძლიერი ზრდისაა, მომრგვალო ვარჯით და საშუალო სიხშირის დატოტვით, ძლიერ საძირეზე მე-8_10 წელს იწყებს მსხმოიარობას. საშუალო პერიოდის მოყვავილე ჯიშია.

მავნებელ-დაავადებების მიმართ საკმაოდ გამძლეა.სრულ მსხმოიარობაში საშუალოდ იძლევა 250 კგ-ს, ცალკეული ეგზემპლარების მოსავალი 500კგ-ს აღწევს.იკრიფება ოქტომბრის პირველ დეკადაში, დეკემბრიდან მოიხმარება როგორც ნედლი ხილი, ინახება აპრილამდე. ტრანსპორტირებას კარგად იტანს.

პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო ზომისაა (5,3 _6,1 სმ), მომრგვალო სწორი ზედაპირით, უდიდესი დიამეტრი შუაზე აქვს, ნაყოფის ფუძე მრგვალია, ჟანგარას ლაქებით, ნაყოფის კანი თხელი და მკვრივია. ძირითადი ფერი ყვითელია, ზედაპირის 1/3 იფერება ვარდისფრად, მუქი ვარდისფერი ზოლებით, აყრია ფიფქი და ჟანგიანი ლაქები, კარგად ემჩნევა თეთრი, არახშირი კანქვეშა მრგვალი წერტილები.

რბილობი თეთრია, ფხვიერი კონსისტენციის; წვნიანობა, გემო და არომატი კარგი აქვს.დადებითი თვისებები: უხვი მსხმოიარობა, მავნებელ-დაავადებების მიმართ კარგი გამძლეობა, ნაყოფი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობის ვიტამინებს, დიდხანს ინახება, ტრანსპორტირებასაც კარგად იტანს. შეიძლება მრავლად გაშენდეს მესხეთის ბაღებში.

უარყოფითი თვისებები: გვიან შედის მსხმოიარობაში.

სობა წითელი

სობა _ მესხური წარმოშობის ჯიშია. ფართოდ იყო გავრცელებული, ამჟამად გვხვდება ერთეული ნარგაობის სახით მესხეთის ძველ ბაღებში. ხე ივითარებს დიდი ზომის ვარჯს, ვიწროპირამიდულია, საშუალო სიხშირის დატოტვით, ძლიერ საძირეზე მე-7_8 წელს შედის მსხმოიარობაში, საშუალო მოსავლიანობა სრულ მსხმოიარობაში 100 _150 კგ-ია. საშუალო პერიოდის მოყვავილე ჯიშია, ავადდება ქეცით, მოსაკრეფი სიმწიფე დგება სექტემბრის მეორე ნახევარში, მალევე მოიხმარება როგორც ნედლი ხილი, ინახება თებერვლამდე, ტრანსპორტირებას ვერ იტანს.პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო ზომისაა (6,5_6,3 სმ), გვხვდება შედარებით მსხვილი ნაყოფებიც.

ფორმა წაკვეთილ-კონუსისებრია, უსწორო ზედაპირით, ჟანგიანი ლაქებით, კანი თხელი, საშუალო სიმკვრივის, ცვილისებრი ფიფქის გადაცლისას _ პრიალებს. ძირითადი ფერი ყვითელი, მომწიფებისას მთელი ზედაპირი იფერება წითლად, არახშირი კანქვეშა თეთრი წერტილები წითელი რკალითაა და კარგად მოჩანს. რბილობი თეთრია, ფხვიერი, ტკბილი, წვნიანი, არომატული.დადებითი თვისებები: მიმზიდველი გარეგნობა, კარგი გემო, საკმაო რაოდენობის ვიტამინების შემცველობა. ბაღის მოყვარულთა ნაკვეთებისთვის საუკეთესო ჯიშია.

უარყოფითი თვისებები: დაბალმოსავლიანობა, ავადდება ქეცით, შენახვის მცირე პერიოდი, ვერ იტანს ტრანსპორტირებას.

ნანაზირი

ნანაზირი-ქართული შესატყვისია `ბებიას მსხალი~. მესხური წარმოშობის ჯიშია, მესხეთში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. გვხვდება შიდა ქართლის ბაღებშიც.

ძლიერ საძირეზე დამყნილი ხე ძლიერი ზრდისაა, ვარჯი განიერი, არახშირი დატოტვით, მსხმოიარობაში შედის 8_10 წელს. მეწლეობა არ ახასიათებს, სრულ მსხმოიარობაში საშუალო მოსავალი 230 კგ. ერთეული ხეები 600 კგ-ს აღემატება. საკმაოდ გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ. ნაყოფი იკრიფება სექტემბრის პირველ ნახევარში, მოიხმარება ნედლი ხილის სახით, ინახება 2-3 კვირა.

პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო ზომისაა (8,3 _6,4 სმ), ბოთლისებრი, ოდნავ ბორცვიანი ზედაპირით, უდიდესი დიამეტრი ნაყოფის ზედა მესამედზეა. ყუნწი ნაყოფის პირდაპირი გაგრძელებაა, შუაში მოღუნულია; ნაყოფის კანი მკვრივია, მოყვითალო, მზის მხარეზე ბაცვარდისფრადაა შეფერილი, მოყვითალო კანქვეშა წერტილები კარგად ემჩნევა მხოლოდ შეფერილ ადგილზე.

რბილობი მოთეთრო-მოყვითალოა, მკვრივია, მსხვილმარცვლიანი, წვნიანი, ტკბილი, გემრიელია.დადებითი თვისებები: სოკოვან დაავადებათა მიმართ კარგი გამძლეობა, უხვი მსხმოიარობა, კარგი გემო.

უარყოფითი თვისებები: შენახვის მცირე პერიოდი, ტრანსპორტირებას ცუდად იტანს.

ყაბაღ-არმუდი

ყაბაღ-არმუდი _ მესხური წარმოშობის მსხლის ჯიშია. საქართველოს სხვა რაიონებში არ გვხვდება. ხე საკმაოდ ძლიერი ზრდისაა, გამოირჩევა უსწორო და ხშირი დატოტვით. საზრდელი ტოტები გრძელი, რუხი, ტიტველა და თხლად აფოთლილი. ფოთლის ზედაპირი მუქი მწვანეა.

პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო ზომისაა (8,3 _5,4 სმ), უდიდესი დიამეტრი მოდის ნაყოფის ზევითა მესამედზე, ნაყოფი ოდნავ ბორცვიანია. ყუნწი გრძელია, წვრილი და მოღუნული. ყუნწი პირდაპირ არის მიმაგრებული ნაყოფის ფუძეზე ჩაუღრმავებლად. ნაყოფის ძირი ღრმაა, საშუალო სიგანის, კედლები წებოვანია. ნაყოფის კანი მკვრივია, მომწვანო-მოყვითალო, ზოგჯერ ბაცი ვარდისფერი ლოყით.

კანი გლუვია, სუსტი ცვილისებრი ფიფქით დაფენილი, მუქი მწვანე ფერის, კანქვეშა ხშირი წერტილები მკაფიოდ ემჩნევა.ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლოს _ სექტემბრის დასაწყისში, მოსავალს ყოველწლიურად იძლევა, საშუალო მოსავლიანი ჯიშია, მოიხმარება დაკრეფისთანავე, დაკრეფილი ნაყოფი 2_3 დღე ძლებს, ადგილობრივი მოხმარების ჯიშია, ყაბაღ-არმუდი გულაბის ტიპისაა, ნაყოფი ნაკლებ ტრანსპორტაბელურია.

თავრიჯული

თავრიჯული _ მესხური წარმოშობის ადგილობრივი ჯიშია. მესხეთში ფართოდაა გავრცელებული. ერთეული სახით გვხვდება საქართველოს მეხილეობის სხვა რაიონებში.ვითარდება ძალიან დიდი ტანის ხედ, ივითარებს ცოცხისებრ ვარჯს, არახშირი დატოტვით, ძლიერ საძირეზე მე-8_10 წელს შედის მსხმოიარობაში. სრულ მსხმოიარობაში ერთი ხის საშუალო მოსავალი 250 კგ-ია. ერთეულ ძირებზე _ 600 კგ. მავნებელ-დაავადებების მიმართ საკმაოდ გამძლეა.ჯიში ეკუთვნის ხეჭეჭურების ჯგუფს, იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში; მოიხმარება როგორც ნედლი ხილი; ინახება აპრილამდე.

პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო ზომისაა (6,7_5,5 სმ), მსხლისებრი ფორმის, სწორი ზედაპირით, უდიდესი დიამეტრი ნაყოფის ზედა მხარეზეა, ყუნწი სწორია, საშუალო სიგრძის და სიმსხოსი; ნაყოფის კანი მკვრივია, მოკრეფისას მოყვითალო-მწვანე, სიმწიფეში ყვითლდება, ამავე ფერის კანქვეშა წერტილები კარგად ემჩნევა.

რბილობი თეთრია, მკვრივი, მსხვილმარცვლოვანი, ხეჭეჭურისებრ ხრაშუნა, ძალზე წვნიანი, ნაკლებად ტკბილი, თავისებური არომატით.დადებითი თვისებები: ხანგრძლივი შენახვის უნარი, მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლეობა, მაღალი მოსავლიანობა და კარგი ტრანსპორტაბელურობა.უარყოფითი თვისებები: ნაყოფი შედარებით დაბალი გემური თვისებებისაა.

ავტორი: გოჩა წერეთელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.