აგროსიახლეები

„აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერები  გაზრდილ თანადაფინანსებას მიიღებენ.   
ცვლილებების თანახმად, თუ დაზღვევის ობიექტი მდებარეობს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სააგენტოს თანადაფინანსება 70%-ის ნაცვლად 75%-ით განისაზღვრება.

ასევე, პროგრამაში შესული ცვლილებით, სადაზღვევო კომპანიას საშუალება ეძლევა მეტად ოპერატიულად და ზუსტად შეაფასოს დაზარალებულთა რაოდენობა და ზარალის ხარისხი, შეამციროს იმ შეტყობინებების რაოდენობა, რომელიც არ მოითხოვს რეაგირებას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს  ისეთ სადაზღვევო  რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და  საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ფერმერებსა და აგრობიზნესში ჩართულ პირებს დააზღვიონ მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან.  აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება და მისი პირობები პერიოდულად  იცვლება,  რაც  მისი გრძელვადიანი მდგრადობის წინაპირობაა.

„აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.rda.gov.ge