აგროსიახლეები

აგროქიმიური გიგანტები გერმანიას ტოვებენ — სექტორი კრიზისშია

გერმანიის ქიმიურ მრეწველობას რთული პერიოდის გადატანა უწევს. ბაზრის ერთ-ერთმა მთავარმა ექსპერტმა, დოქტორმა ოლაფ ზინკემ, გერმანულ პორტალ Agrarheute-ში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში დეტალურად განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მსხვილი აგროქიმიური მწარმოებლები, მათ შორის Bayer და BASF, თანდათანობით აუქმებენ საწარმოო ობიექტებს და გადიან ქვეყნიდან.
გერმანიის ქიმიური ინდუსტრია, როგორც საწარმოო ბაზა, ფაქტობრივად კარგავს კონკურენტუნარიანობას. ამის შედეგად კი წარმოება გადადის საზღვარგარეთ — უპირველესად ჩინეთსა და აშშ-ში. „შეიძლება დადგეს დრო, როცა გერმანელ ფერმერებს ყველა სახის სასუქისა და პესტიციდის საზღვარგარეთ შეძენა მოუწევთ“, – წერს ზინკე.

დოქტორ ზინკეს თქმით, გერმანიის ქიმიური მრეწველობის ასოციაციის (VCI) 2025 წლის ნახევარწლიური ანგარიში მკაფიოდ მიუთითებს არსებულ კრიტიკულ მდგომარეობაზე. საინვესტიციო კლიმატი ქვეყანაში საგრძნობლად გაუარესებულია. მაღალი ენერგეტიკული ხარჯები, მშენებლობისა და წარმოების ინვესტიციებზე ბეგარებისა და მოსაკრებლების სიმძიმე, ბიუროკრატიული დაბრკოლებები და რეგულაციების ხშირი ცვლილებები, ყოველივე ეს ინვესტიციების შემცირებას იწვევს.

სამი წლის განმავლობაში გერმანიაში მოქმედი ქიმიური კომპანიების 40%-მა ინვესტიციები შეამცირა. იმავდროულად, აშშ-სა და ჩინეთში პირიქით, ზრდა ფიქსირდება. კვლევები აჩვენებს, რომ კომპანიების უმრავლესობა სწორედ ამ ქვეყნებში გეგმავს ახალ ინვესტიციებს.

ქიმიური მრეწველობის კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევაა შეკვეთების შემცირება – VCI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, ასოციაციის წევრი კომპანიების 40%-ი პრობლემაზე მიუთითებს. საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვა მხოლოდ 80%-ს შეადგენს, რაც ზარალიან ზღვარზეა და ეს ტენდენცია უკვე მესამე წელია გრძელდება.

VCI-ის პრეზიდენტი მარკუს შტაილემანი განმარტავს: „2025 წლის პირველ ნახევარში ჩვენი ინდუსტრიის მიერ წარმოებული პროდუქცია 15%-ით ნაკლებია 2018 წლის კრიზისამდელ მაჩვენებლებზე. ყველა ძირითადი სექტორი უკუსვლის ფაზაშია. სამწუხაროდ, არ გვაქვს ნიშნები, რომ წლეულსაც მდგომარეობა გაუმჯობესდება“.

ბევრმა კომპანიამ უკვე გამოაცხადა საწარმოების დახურვისა და თანამშრომელთა შემცირების შესახებ. ქვეყნის ეკონომიკა ზედიზედ მესამე რეცესიას განიცდის. VCI განმარტავს: „გერმანია ძალიან ძვირია ბიზნესის გასაწევად — ამას იწვევს ბიუროკრატიის სიმძიმე, მაღალი გადასახადები, არაკონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ტარიფები, მაღალი ხელფასები და ძვირი ნედლეული“.

2025 წელს არც ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტები და არც VCI-ის წევრი კომპანიების უმრავლესობა არ ელოდება ეკონომიკურ აღმავლობას. საწარმოების დახურვა და ინვესტიციების უცხოეთში გადატანა რეალობად იქცა. ამას ემატება გაკოტრებული წარმოებების რაოდენობის ზრდა.

მაგალითად, 2025 წლის მაისში კომპანია Bayer-მა ფრანკფურტის ქარხნის დახურვაზე გამოაცხადა. მსოფლიოს უდიდესმა ქიმიურმა მწარმოებელმა BASF-მა ნაწილობრივ დახურა თავისი მთავარი ოფისი ლუდვიგსჰაფენში. Dow Chemical, მეორე უდიდესი ქიმიური კომპანია მსოფლიოში, 2027 წლის ბოლოს დახურავს ქარხანას ბოილენში (ლაიპციგის მახლობლად), ასევე ქლორ-ტუტე და ვინილის წარმოებას. ეს გადაწყვეტილება 550 სამუშაო ადგილს შეეხება.

მიუნხენის ეკონომიკურმა ინსტიტუტმა Ifo წლის დასაწყისშივე გააკეთა პროგნოზი, რომ ქიმიურ მრეწველობაში შეკვეთების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს. მათივე შეფასებით, გერმანული ქიმიური ინდუსტრია კარგავს პოზიციებს როგორც ევროპულ, ისე გლობალურ ბაზარზე. ამ ფონზე ექსპორტის პერსპექტივებიც საგრძნობლად შემცირდა.

Ifo-ს ანალიტიკოსების თქმით, დონალდ ტრამპის სავაჭრო ტარიფების პოლიტიკა დამატებით ტვირთად აწვება გერმანულ ექსპორტს, რაც ბევრ კომპანიას აიძულებს შემდგომი ოპტიმიზაცია მოახდინოს — მათ შორის თანამშრომელთა შემცირებითა და წარმოების უცხოეთში გადატანით.

 

წყარო: www.agrarheute.com
ავტორი: დოქტორი ოლაფ ზინკე