აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, პირველადი წარმოების კომპონენტი და თანადაფინანსების პირობები
პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში.
პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო” “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში.
პროგრამის მიზნები:
• პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა;
• არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;
• მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
• ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების შექმნის ხელშეწყობა;
• საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
პროგრამის კომპონენტები:
პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.
• პირველადი წარმოების კომპონენტი – ინდივიდუალური ფერმერების, რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
• გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი – მოქმედი/ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
პროგრამის პრიორიტეტები:
პროგრამის განხორციელების მიზნობრივი გეოგრაფიული არეალია:
საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი შემდეგი თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის გარდა.
* შენიშვნა აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქ.თბილიში 30 წლამდე ახალგაზრდებსა და მდედრობითი სქესის წარმომადგეელ ბენეფიციარებზე,რომელთაც სურთ თანადაფინასების მიღება ყვავილების სასათბურე მეურნეობის მოწყობის/რეალიზაციის მიზნით.
პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტების ფარგლებში დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები:
* შენიშვნა შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნარგავებით შემოღობვა(ე.წ. მწვანე შემოღობვის უზრუნველყოფა).
• ხურმა;
• ვაშლი;
• ატამი;
• ბოსტნეული;
• დაფნა;
• თაფლი;
• კენკროვანი კულტურები;
• თაფლოვანი კულტურები;
• კაკალი;
• ყვავილების კულტურები.
პირველადი წარმოების კომპონენტი
თანადაფინანსების პირობები:
- პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების – 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – 60% -ს;
- პირველადი წარმოების მიზნობრიობით, პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალური ფერმერებისთვის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული პირებისთვის (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის) არაუმეტეს 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 70%-ს კოოპერატივში პაის სახით შეტანილი აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.1–10 ჰა მიწის ნაკვეთი, არაუმეტეს 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, კოოპერატივზე გასაცემი თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება კოოპერატივების წევრების რაოდენობის შესაბამისად, წევრზე არაუმეტეს 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
დაფინანსების მიზნობრიობა:
• არსებული ან/და ახალი ბაღების განახლება/გაშენება – ნიადაგის მართვის ტექნოლოგიების დანერგვა, თანამედროვე სარწყავი სისტემებით (სარწყავი სისტემის მოწყობა დაიშვება არაუმეტეს 10 ჰა-ზე) ახალი ბაღების გაშენების შემთხვევაში:
ა) კენკროვანი კულტურები (გარდა მარწყვისა) –0.1 ჰა-დან 1 ჰა-ის ჩათვლით;
ბ)მრავალწლიანი კულტურები (გარდა თაფლოვანი და დაფნის კულტურებისა) –0.5 ჰა-დან 1 ჰა-ის ჩათვლით;
• საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება;
• ორგანული და კონსერვაციული სოფლის მეურნეობა;
• სასათბურე მეურნეობების მოწყობა/განახლება:
- სათბურის გათბობის და კლიმატის შემქმნელი სისტემის (მათ შორის სისტემის
მაკომპლექტებელი ელემენტები) შეძენა ან/და არსებულის განახლება; - სათბურის ლითონის კონსტრუქციის შეძენა ან/და არსებულის განახლება;
- სათბურის გამჭვირვალე საფარის შეძენა ან/და არსებულის განახლება;
- სათბურის თარო-სტელაჟის შეძენა ან/და არსებულის განახლება;
- შპალერის მოსაწყობი მასალების (მავთული, კაუჭები და სხვ.) შეძენა;
- სასუქის რეზერვუარის და შემრევი აპარატურის შეძენა;
- მულჩირებისათვის პოლიეთილენის სამულჩი ფირის შეძენა;
- ტენის, ტემპერატურის საზომი ხელსაწყოების შეძენა;
- სავენტილაციო სისტემის მოწყობა ან/და არსებულის განახლება;
- სარწყავი სისტემის და შესაბამისი რეზერვუარის შეძენა ან/და არსებულის განახლება;
•სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობის შეძენა (ახალი არაუმეტეს 75 ცხენისძალიანი ტრაქტორის შეძენა);
• მწვანე ნარგავებით შემოღობვისა და ქარსაცავი ზოლის მოწყობა;
• თაფლის წარმოების თანადაფინანსება ხორციელდება შემდეგი მიზნობრიობებით:
- თაფლოვანი კულტურების გაშენება;
- ფიჭის ასათლელი (მათ შორის დანა ელექტროგამაცხელებლით) დანადგარის შეძენა;
- ცვილის სადნობის (ელექტრონული, ორთქლზე პრესის სისტემით) შეძენა;
- რეფრაქტომეტრის (თაფლში ტენიანობის განმსაზღვრელი) შეძენა;
- თაფლის საწურის შეძენა;
- თაფლის შესანახი ავზების (მათ შორის ფიჭის ანათლის ავზი) შეძენა;
- ფიჭის საბეჭდი დანადგარის შეძენა;
- ფუტკრის სკების გადასატანი ლაფეტის შეძენა.
• ყინვისაგან დამცავი სისტემების შეძენა;
• მოსავლის პირველადი დამუშავება/გადამუშავებისათვის საჭირო დანადგარების შეძენა;
• სეტყვისგან დამცავი ბადეებით უზრუნველყოფა;
• მოსავლის პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა (სამაცივრე მეურნეობა, მშრალი საწყობი).
თაფლოვანი კულტურების გაშენების შემთხვევაში, ბენეფიციარმა, გარდა პროგრამით განსაზღვრული დოკუმენტაციისა, უნდა წარმოადგინოს ცნობა სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან“ გასაშენებელი კულტურის თაფლოვან კულტურასთან შესაბამისობის შესახებ, ასევე ერთ ჰექტარზე გასაშენებელი/დასათესი კულტურის ნერგების/სათესლე მასალის დასაშვები მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობის შესახებ.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდესშემდეგ კრიტერიუმებს:
• პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი);
• სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართობი ერთ პირზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.1 ჰა -ს და არაუმეტეს 10 ჰა -ს ან უნდა ფლობდეს სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს;
• სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით თანადაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს წვდომა განახლებად სარწყავ წყალთან.
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორი/მოტობლოკი) ან/და იმპლიმენტების/ინსტრუმენტების შესყიდვის შემთხვევაში ბენეფიციარი უნდა ფლობდეს (საკუთრებაში ან/და იჯარით სახელმწიფოსგან) სასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთს 0,1 ჰა-დან 25 ჰა ჩათვლით.
- კომერციული იურიდიული პირის შემთხვევაში (გარდა პროგრამით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) არ დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა (ტრაქტორი/მოტობლოკი) და იმპლიმენტების/ინსტრუმენტების შეძენა.
- თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• შევსებული განაცხადის ფორმა;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში – დირექტორის);
• ცნობა მიწის დამუშავების ან/და სარწყავი წყლის წვდომის შესახებ, გაცემული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ (აღნიშნული მოითხოვება თუ წარმოდგენილი განაცხადით გათვალისწინებულია სარწყავი სისტემის მოწყობა ან/და ახალი მრავალწლიანი/ერთწლიანი კულტურის ბაღის გაშენება);
• ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
• ცნობა სსიპ „შემოსავლების სამსახური“-დან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
• მიწის ნაკვეთის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა);
• იჯარის ხელშეკრულება (სახელმწიფოსთან გაფორმებული იჯარის შემთხვევაში, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ „საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო სააგენტოში“);
• სსიპ “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს” მიერ გაცემული მოწმობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შესახებ;
• თანამონაწილეობის თანხის ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი).
• ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები;
შენიშვნა – ცალკეული განაცხადის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია სააგენტოს მიერ მოხდეს დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა. დოკუმენტაციის წარმოდგენა ხორციელდება განაცხადის დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე.
თანადაფინანსების მიღების ეტაპები:
• განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოდგენა;
• განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის დამუშავება;
•თანადაფინანსების კომიტეტზე წარდგენა თანადაფინანსების დამტკიცების მიზანშეწონილობის დასადგენად;
• თანადაფინანსების დამტკიცების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმება;
• თანადაფინანსების გაცემა.