ახალგაზრდა აგრონომი

 აირჩიე აგრონომის პროფესია, არგე შენს ქვეყანას!

ახალგაზრდა აგრონომს ოთარ პავლიაშვილს ხეხილის ბაღის მოვლა-პატრონობა ბავშვობიდან უყვარდა. 10 წლის იყო, ნერგი პირველად რომ დაამყნო და შედეგმა ძალიან გაახარა. სკოლის დამთავრებისას პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია. გადაწყვეტილი ჰქონდა, მომავალი მეხილეობისთვის დაეკავშირებინა… 2007 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში, აგრონომიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.


ოთარი ფიქრობს, რომ მეხილეობის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნის ეკონომიური სიძლიერის, ასევე ქართველი გლეხობისთვის, ვინაიდან საქართველოში მოწეული ხილი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მისი გასაღების პრობლემაც ნაკლებია და თან ჩვენი ხილი ბევრად გემრიელი და არომატულია, ვიდრე — უცხოეთიდან შემოტანილი.

„თეორიული და პრაქტიკული სწავლის შემდეგ დარგის მიმართ ინტერესი უფრო გამეზარდა. ამ დროს ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში ვაშლის ბაღი შენდებოდა, სადაც ახალგაზრდა აგრონომი სჭირდებოდათ. გავიარე გასაუბრება და „ქართული ხილის კომპანიაში” აგრონომად დავიწყე მუშაობა.  ინტენსიური ვაშლის ბაღი 14 ჰექტარზე თითქმის უკვე გაშენებული იყო. იმავე წელიწადს 17 ჰა-ით გავზარდეთ ბაღის ფართობი. ნერგების უდიდესი ნაწილი იტალიიდან ჩამოვიტანეთ, მცირე კი ადგილობრივ ბაზარზე შევიძინეთ. ერთწლიანი და ორწლიანი ნერგების სხვლა-ფორმირება მაშინვე დავიწყეთ. ეს ჩემთვის ერთგვარი პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებაც იყო და პირველი ნაბიჯებით მივყევი ამ ბაღის განვითარებას. მეხილეობაში დაავადებებსა და მავნებლებზე კონტროლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიური დაკვირვებით და შესაბამის ვადებში წამლობის ჩატარებით არანაირ ჩავარდნას არ ჰქონია ადგილი“, — იხსენებს ახალგაზრდა აგრონომი, რომლისთვისაც ეს სფერო დღითიდღე უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება. თითქმის ყოველდღე ამჩნევს სიახლეს, რაც განვითარებაში ეხმარება.

ოთარის თქმით, თეორიულ სწავლას უმნიშვნელოვანესი როლი უკავია, თუმცა, პრაქტიკული გამოცდილებით უფრო ახლოვდები საქმესთან და ადვილდება შემდგომი მუშაობა.

„პირველ წელს გასხვლა უფრო მიჭირდა და მეტი ფიქრი მჭირდებოდა, რომელი ტოტი მომეცილებინა ნერგისთვის, მაგრამ დღეს ამას თითქმის ერთი შეხედვით ვაკეთებ, ისე გამიჯდა გონებაში. როცა ამ ფართობის ბაღში გიწევს მუშაობა, თავისთავად პრობლემები და წინააღმდეგობები ბევრია. თუმცა, შრომის, ცოდნისა და მონდომების შემთხვევაში ყველა წინააღმდეგობა დაძლეული იქნება.“

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ჰოლანდიიდან, ვაგენინგენის უნივერსიტეტიდან საქართველოში ჩამოსულმა აგრონომებმა ქართველი აგრონომებისა და ფერმერებისთვის ტრენინგები ჩაატარეს, რამდენიმე თვის შემდგეგ კი ჰოლანდიაში პრაქტიკული კურსებზე მიიწვიეს. აღნიშნულ ტრენინგს ოთარიც დაესწრო და მოხარულია, რომ საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავა.

„ბევრი საინტერესო სიახლე შევიტყვეთ ვაშლის ბაღის მოვლა-მოყვანის მიმართულებით. რადგან ჩვენს ქვეყანაში ინტენსიურ ბაღს დიდი ისტორია არ აქვს, ამ მხრივ ბევრ პრობლემებს ვაწყდებით. მაგალითად, არის შემთხვევები როცა ზოგიერთი ქიმიკატი არ არის საქართველოში დარეგისტრირებული და მის შემოტანას ვერ ვახერხებთ. კარგი იქნება, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამას მეტ ყურადღებას დაუთმობს”.

ახალგაზრდა სპეციალისტი ურჩევს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, ვისაც ჯერ არ აქვს არჩეული პროფესია ან ფიქრობს სოფლის მეურნეობის კუთხით სწავლის გაგრძელებას, აუცილებლად ძირეულად გაეცნონ ამ დარგს და არასოდეს ინანებენ, თუკი თავის ცოდნას აგრონომიას დაუთმობენ და იქნებიან მომავლის აგრონომები.

„მეტი მეხილე, მევენახე, მებოსტნე… არა მარტო ჩვენს ქვეყანას განავითარებს და მათ ფინანსურად უზრუნველყოფს, ასევე ნაკლებად გაიყიდება ქართული მიწები უცხოელებზე და მას ადგილზე გამოუჩნდება მზრუნველი, რაც დღეს უდიდესი პრობლემაა და მომავალში ერთიათად იჩენს თავს.

მიწასთან მუშაობა არ არის მარტივი, თუმცა, ეს პროფესია არის დასაქმებული მომავლის გარანტი და „სარფიანი“ შემოსავლის წყარო. მე რომ ახლა ვირჩევდე პროფესიას, აუცილებლად აგრონომიას ავირჩევდი და არასოდეს ვინანებდი. კარგად და საფუძვლიანად სწავლა არის გარანტი ყველა სირთულისა თუ წინააღმდეგობის დაძლევისა, ამიტომ არ უნდა დაიზაროს ადამიანმა განათლების მიღება და შემდგომ ამით თავადვე იქნება კმაყოფილი“, — აღნიშნავს ოთარ პავლიაშვილი.

თეონა ნოზაძე,

ასოციაცია „მომავლის ფერმერი“