აგრარული განათლებარეგიონებირუბრიკები

ახალგაზრდა ფერმერი ფრანგული გამოცდილებით

საქართველოში სოფლის მეურნეობას ახალი ტექნოლოგიების მცოდნე ახალგაზრდა პროფესიული კადრები ჰაერივით სჭირდება. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა შეიძლება გაცვლითი  (სტაჟირების) საერთაშორისო პროგრამების საშუალებით, რაც ხშირად სცილდება  აგრარულ დარგის საზღვრებს, წარმატებული აგრობიზნესის და მეწარმის ჩამოყალიბების საწინდარი ხდება. ამას რასაკვირველია ხელს უწყობს ფერმერებისა და მეცნიერების, პრაქტიკოსების და მკვლევარების სინერგია და მათი თანამშრომლობა, სადაც აგრარული კომპანიები და მეცნიერები ერთად ქმნიან ახალ სასურსათო სისტემებისა და ტექნოლოგიებს.

ამ გადასახედიდან გვინდა მოგითხროთ „ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ (AFRD) პარტნიორი ქვეყნის, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სტაჟირების და გავლით მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამაში (Service des échanges et des Stages agricoles dans le monde, SESAME) მონაწილე ასოციაციის წევრის,  ახალგაზრდა ფერმერ ილია ბერიძის ფრანგული და შვეიცარიული გამოცდილების ისტორიაზე.

ილია ბერიძე საქართველოს ისტორიული მხარის,  მესხეთის ულამაზეს კუთხეში  დაბა ასპინძაში 1977 წლის  21 ოქტომბერს დაიბადა და აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლება თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში, საგადასახადო საქმის სპეციალობით მიიღო, გავლილი აქვს სასწავლო კურსები და ტრენინგები სარძეო მეცხოველეობისა და მომშენებლობის საკითხებში. მისი ჰობი სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების შესწავლა და სამამულო წარმოებაში დანერგვაა. განსაკუთრებით მოგზაურობა იტაცებს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

_ რატომ დაინტერესდით სოფლის მეურნეობით, ვეკითხები  ილიას?

_ მშობლები სამსახურეობრივი მდგომარეობის მიუხედავად მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას ეწეოდნენ, ბავშვობიდან ვაკვირდებოდი მათ მუხლჩაუხრელ შრომას, ასევე პაპა და ბებო ჩემთვის საუკეთესო მაგალითის მომცემი და მასწავლებლები იყვნენ და მეც მათ მაგალითზე გავიზარდე.

 _ აგრარული განათლება  და პრაქტიკული გამოცდილება სად შეიძინე? 

_ აგრარული განათლება  შვეიცარიაში, კანტონ გრაბუნდენში ოთხთვიანი  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მივიღე. შვეიცარიაში გავიარე მეცხოველეობის ძირითადი კურსები, სადაც სტაჟირების დროს საშუალება მქონდა პერიოდულად მევლო შვეიცარიის სოფლის მეურნეობის უმაღლეს სკოლაში _ პლანტაჰოფში და ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად გავცნობოდი სოფლის მეურნეობის უახლოეს ტექნოლოგიებს, ინოვაციებს და მათ მიღწევებს.

ასევე ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მათი როგორც ალპური მეცხოველეობის ტრადიციული გამოცდილება, მერძევეობის, შვეიცარიული ყველის ტექნოლოგიები, კვების და გენეტიკური აღწარმოების საკითხები.

იმის გამო, რომ ფერმერები საქართველოშიც, საფრანგეთშიც და სხვა ქვეყნებშიც კონსერვატორები არიან, ამიტომ საფრანგეთში ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საჩვენებელ-სადემონსტრაციო მეურნეობებს და ფერმებს, გამოფენა-გაყიდვებს, სადაც ფერმერებს შეუძლიათ საკუთარი თვალით ნახონ, როგორც მიღწეული შედეგები, ისე პროდუქტები, დააგემონონ ის, უშუალოდ გაეცნონ ამ სიახლეების თუ ტექნოლოგიების ავტორებს და გაესაუბრონ მათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიღწევების საკუთარი თვალით ნახვა და აღქმა საქართველოს ფერმერებისთვის, ცალკეული გამონაკლისების გარდა, თითქმის მიუღწეველია, არადა სწორედ ასეთ გაცვლით, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს, დროის მცირე მონაკვეთში, შეუძლიათ ცოდნის გადაცემა, რაც მე შევძელი ამ პროგრამების ფარგლებში.

_ როგორ მოხვდით ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის (AFRD) და საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სტაჟირების და გავლით პროგრამის მსოფლიო ორგანიზაციის (Service des échanges et des Stages agricoles dans le monde, SESAME) პროგრამაში?

_ შვეიცარიაში სტაჟირების ვადის ამოწურვის შემდეგ, დავინტერესდი სხვა ქვეყნების  გაცვლითი პროგრამებით. საქართველოს ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის (AFRD), რომლის წევრიც 2003 წლიდან გახლდით, წარმატებით გავიარე ახალგაზრდა ფერმერთა და სტუდენტთა სტაჟირების კონკურსი, შემარჩიეს (Service des échanges et des Stages agricoles dans le monde, SESAME) პროგრამის სტაჟიორად საფრანგეთში გასაგზავნად, რომელთა პარტნიორი და წარმომადგენელი საქართველოში 2000 წლიდან „ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციაა“.

ჩემი შვეიცარიული გამოცდილებით და ახალი შემართებით 2005 წელს  ერთი წლით გავემგზავრე საფრანგეთში, კერძოდ ქალაქ ბეზანსონთან ახლოს მდებარე სოფელში – ARC-SOUS-CICON, სადაც  საუკეთესო ფერმერული გამოცდილება და ცოდნა მივიღე. მათ ტრადიციებსა და წესებთან ერთად  ფრანგული ენაც შედარებით უკეთ შევისწავლე.

ჩვენგან განსხვავებით ფრანგი ფერმერები და კოოპერატივის წევრები ხშირად აწყობდნენ სხვადასხვა ფესტივალებს და კონკურსებს, გამოფენა-გაყიდვებს, სადაც ადგილობრივ ფერმერებს გამოაქვთ თავიანთი წარმოებული საუკეთესო ახალი პროდუქტები, ახალ სერვისებს ან ინოვაციებს აცნობდნენ ერთმანეთს.

ჩემი მასპინძელი ფერმერი საფრანგეთის ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ჯიშის მოშენებას მისდევდა, როგორიცაა „მონტბელიარდი“, რომელიც ძირითათად ბაგურ შენახვაზე ჰყავდათ, თუმცა უცვლიან მოციონს, გაჰყავთ საძოვარზე, რაც ცხოველის ჯანმრთელობისთვისაც კარგია და  რძესაც არომატულსა და გემრიელს ხდის.

საქართველოს პირობებს მონტბელიარდის ჯიში შესანიშნავად შეეგუება. იმის გამო,  რომ ჰოლშტეინის ჯიშის ძროხებს მხოლოდ ბაგური შენახვის პირობებში ინახავენ და ისინი ვერ ეგუებიან მოციონს, საძოვარზე გადარეკვას, ამიტომ მათთან შედარებით მონტბელიარდი მთიანი რეგიონის ფერმერული მეურნეობისთვის საუკეთესო ჯიშია.

სტაჟირებას გავდიოდი ARC-SOUS-CICON-ში ადგილობრივ ფერმერ დომინიკ პურსელოტთან, რომელსაც იმ დროისთვის საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში 60 სული მეწველი ფური ჰყავდა. ამას გარდა ზრდიდა 25 სულ ერთ წლამდე და 45 სულ 2-3 წლის მოზარდსაც. ასევე ოჯახს ჰქონდა საუკეთესო საოჯახო სასტუმრო, სადაც დასასვენებლად ჩამოდიოდნენ, როგორც საფრანგეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნებიდან.

მეც ყოველ საღამოს ჩვენს ადგილობრივ სტუმრებთან და ტურისტებთან ერთად მიწევდა ვახშმობა, უცხოელებიც და ფრანგებიც ვერ მალავდნენ გაოცებას, თუ როგორი საუკეთესო ურთიერთდამოკიდებულება გვქონდა მე და ბატონ დომინიკ პურსელოტს ერთმანეთის მიმართ.

_ სწავლის პერიოდს როგორ გაიხსენებდით?

_ იმის მიუხედავად  რომ მანამდე საზღვარგარეთ სწავლის და ცხოვრების მქონდა გამოცდილება, საფრანგეთში თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგანაც გამართულად არ ვიცოდი ფრანგული ენა. მაგრამ ენას მალევე ავუღე ალღო, ორ თვეში უკვე საკმაოდ გამართულად ვლაპარაკობდი ფრანგულად და სწავლაც და სტაჟირებაც ბევრად სახალისო გახდა.

ჩემი უშუალობის და გულახდილობის გამო, სტაჟირების დროს ძალიან ბევრ წარმატებულ ადგილობრივ ფერმერს, მეწარმეს, სოფლის მცხოვრებს  და თავად იმ სოფლის მერსაც დავუახლოვდი. ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ მათთან ურთიერთობისას, მიღებულ გამოცდილებას და რჩევებს, რაც ძალზე გამომადგა შემდგომ საქმიანობასა და კარიერაში.

_ მაინც რა გამოცდილება და ცოდნა მიიღეთ საფრანგეთში სტაჟირების დროს?

_ საფრანგეთში სტაჟირებისას საკმაოდ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება შევიძინე, როგორც მსხვილფეხა პირუტყვის მოვლის, ასევე მათთვის დაბალანსებული საკვების დამზადებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის მხრივ.

ყველის მიმართ  ფრანგების დამოკიდებულება ყველამ იცის. ფრანგულ ყველის იმიჯი და ფენომენი მეცხოველეობის სწორად დაგეგმვით, სწორ მენეჯმენტით, ვეტერინარიის, ჰიგიენისა და ჯიშური მახასიათებლების სწორი დაგეგმვით, ყველა ამ საჭირო ღონისძიებების განხორციელებით, რაც საბოლოოდ საუკეთესო ხარისხის ყველის მომზადებისა და მომწიფების საფუძველი ხდება.

გაგახსენებთ შარლ დე გოლის ცნობილი გამონათქვამს:  „როგორ რთულია მართო ქვეყანა, რომელსაც 300-მდე სახეობის ყველი აქვსო?

ასევე საფუძვლიანად შევისწავლე სასოფლო სამეურნეო ტექნიკასთან და აღჭურვილობასთან მუშაობა: როტაციული სათიბი სისტემის მართვას, თივის შრობის ტექნოლოგიას, სათიბი ნაკვეთების საგაზაფხულოდ მომზადებას, პოლიეთილენის პარკებში სილოსის დამზადებას, თანამედროვე კვების ტექნოლოგიების საფუძველზე პირუტყვის პროდუქტიულობის და ეფექტიანობის  ზრდის და მათი გენეტიკური აღწარმოების საკითხებს.

განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ჩვენი მასპინძელი ორგანიზაციის (Service des échanges et des Stages agricoles dans le monde, SESAME) საქართველოს ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის მუდმივი თანადგომა და კავშირი, გამოხატული ყურადღება ნებისმიერი საჭირბოროტო საკითხის გადაჭრის დროს.

_ დღეს რას საქმიანობთ,  როგორ გამოგადგათ საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება?

_ ჩვენი საოჯახო მეურნეობის გარდა, ამჟამად დასაქმებული ვარ საბანკო სფეროში, კონკრეტულად ვმუშაობ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ ბორჯომის ფილიალის მმართველის პოზიციაზე. აღსანიშნავია ის რომ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ყოველთვის მეხმარებოდა და მეხმარება, როგორც კარიერულ ზრდაში ასევე მომხმარებლებთან, ძირითადად კი ჩვენს ფერმერებთან და რიგით ადამიანებთან უშუალო ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიც კი, რადგან ჩემი ყოველდღიური სამსახურეობრივი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება აგრო ბიზნეს, აქ დასაქმებულ ადამიანებს, მათ ყოველთვის ვუზიარებ ცოდნას ახალ ტექნოლოგიებზე, მიღებულ გამოცდილებაზე. ვგრძნობ რომ მათთვისაც საინტერესოა იმ ადამიანთან  ურთიერთობა, რომელმაც სულ ახლახანს მიიღო საზღვარგარეთ, მათაც ბევრი რამ აინტერესებთ, მეც ვპასუხობ, სწორედ ეს გამოცდილება მეხმარება ფერმერებისთვის ბიზნეს გეგმების, საფინანსო-საკრედიტო საკითხების მოგვარებაში.

ერთ სახალისო ამბავსაც გავიხსენებ: საფრანგეთში სტაჟირებაზე გამგზავრების წინ, იმის გამო რომ (Service des échanges et des Stages agricoles dans le monde, SESAME) –ს მიერ წარმოდგენილი მოწვევისა და დოკუმენტაციის საფუძველზე ვითხოვდი საფრანგეთის ერთ წლიან ვიზას, საფრანგეთის საკონსულოს კულტურის განყოფილების ატაშემ ჩემთან გასაუბრება მოითხოვა, აინტერესებდათ რა დონეზე ვფლობდი ფრანგულ ენას. იმის გამო, რომ ფრანგული ენის შესწავლისთვის სათანადოდ ვერ მოვიცალე, რაც პროგრამის აუცილებელი მოთხოვნა იყო, ცოტაც ვიზარმაცე, კულტურის ატაშემ მომთხოვა ბიოგრაფია ფრანგულად მომეყოლა, თან დამერწმუნებინა, რატომ მსურდა საფრანგეთში წასვლა და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება. ამის გაგონებაზე წამოვდექი ფეხზე და ვუთხარი, რომ მე ამ ყველაფერს სამწუხაროდ ფრანგულად ვერ ავუხსნიდი, რადგანაც არ შემეძლო ფრანგულად გამართულად ლაპარაკი და ვუთხარი რომ, გერმანულად დაველაპარაკებოდი, რადგან ამ ენას საკმაოდ კარგად ვფლობდი და გერმანულად ვუთხარი რომ, აღარ მინდოდა საფრანგეთში წასვლა და ამ პროექტში მონაწილეობის მიღება და ვთხოვე რომ ჩემი საბუთები დაებრუნებინათ უკან, ატაშემ გაკვირვებულმა შემომხედა, მთხოვა რომ დამეწყო ფრანგულად და თუ ვეღარ შევძლებდი, გამეგრძელებინა გერმანულად. დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში ვუყვებოდი გერმანულად თუ რატომ მსურდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება და რა მოლოდინები მქონდა საფრანგეთში სტაჟირების შემდეგ. როდესაც კიდევ რამდენიმე კითხვაზე ხან ინგლისურად გავეცი პასუხი, ხან გერმანულად, ხოლო ფრანგულში გამიჭირდა, ვუთხარი: კარგით რა? ინგლისურად გიპასუხეთ, გერმანულად გიპასუხეთ, ფრანგულად გამიჭირდა, ფერმერი ვარ თუ პოლიგლოტი მეთქი. რაზეც გულიანად იცინა, ფეხზე წამოდგა და მითხრა, _ რასაც ახლა გეტყვი, იმედი მაქვს, არ გეწყინება: ან ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხარ ან კიდევ ძალიან სულელი, სამი წელიწადია საფრანგეთის საკონსულოს კულტურის განყოფილებას ვხელმძღვანელობ და ესეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია, რომ ადამიანს, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე ფრაზა იცის ფრანგულად, შეძლო უცხო ენებზე დავერწმუნებინე, რატომ სურს საფრანგეთში ჩასვლა და ცოდნის გაღრმავება. ხელი ჩამომართვა, წარმატება მისურვა და მითხრა, რომ დადებით დახასიათებას მაძლევდა და მიწევდა რეკომენდაციას საკონსულოში გრძელვადიანი ვიზის მისაღებად… ამით ჩემში კიდევ ერთხელ დაინგრა მითი ფრანგების გულცივობაზე. დიდი მადლობა მათ ამ შესაძლებლობისთვის.

_ როგორ გეგმები გაქვთ და რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?

_  შვეიცარიიდან ჩამოვიტანე მცირე გაბარიტიანი სათიბელა (რადგან ჩვენი ჩვენი მეურნეობის რელიეფისთვის მეტად ეფექტიანია),  რომლის მეშვეობითაც დღემდე თავის დროზე ვამზადებ ჩვენი მეურნეობისთვის ხარისხიან თივას, რაც მეხმარება მსხვილფეხა პირუტყვის პროდუქტიულობის გაზრდაში, როგორც, ხარისხიანი რძის წარმოების ისე პირუტყვის სუქებაში.  საფრანგეთშიც ფერმერების უმრავლესობას არ აქვთ თივის საშრობები. ამის ერთ საინტერესო ფაქტს გავიხსენებ, ეს ჩვენ ფერმერებსაც გამოადგებათ. ერთხელ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის თივა დავამზადეთ, მაგრამ სათანადოდ გაშრობა ვერ მოვასწარით და უამინდობის გამო ნოტიო თივის დაბინავება მოგვიწია. რადგან თივა სასურველ კონდიციამდე გამომშრალი არ იყო, ორ დღეში დაიწყო ჩახურება და დალპობა. ძალიან გავნერვიულდი, სხვას რომ  თავი დავანებოთ, ჩემი შრომა მენანებოდა. ბატონ დომინიკს ვუთხარი: თივა გვიფუჭდება, საერთოდ არ ნერვიულობ და რაშია საქმე მეთქი? მან კიდევ სრულიად აუღელვებლად მითხრა, რომ ამ პრობლემას ჩემი დახმარებით მოაგვარებდა თუ დავეხმარებოდი და თივაზე ერთად დავთესავდით (მოვაყრიდით) ჩვეულებრივ ტექნიკურ მარილს. ეს ყველაფერი დიდი გულმოდგინებით გავაკეთეთ და მეორე დღეს უკვე იგრძნობოდა რომ პრობლემა გვარდებოდა და ჩემს კითხვაზე თუ რატომ გავაკეთეთ ასეთი რამ,  დომინიკმა  მითხრა, რომ ზამთარში თავადვე გავცემდი დასმულ კითხვაზე პასუხს (თავად არ სურდა ჩემთვის მზა პასუხის მოცემა). მართლაც, დადგა ზამთარი და ის თივა ისეთივე ხარისხიანი აღმოჩნდა, როგორიც კარგად გამომშრალ-დაბინავებული თივა, რის გამოც, რამოდენიმე დღე, კვლავ გაკვირვებული ვიყავი. ბატონი დომინიკი კი ამ ყველაფერს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა და წუთებს ითვლიდა თუ მე როდის ამოვხსნიდი ამოცანას. რამდენიმე ხნის შემდეგ ვეუბნები:  მე ამოვხსენი ეს მოვლენა, რომ გამოუმშრალ (სველ) თივაზე დაყრილი მარილი თანდათან ჩადნა და ჩახურებული თივა გააშრო. მივხვდი, როგორც დამარილებული ხორცი არ ფუჭდება და შრება, მარილმა თივაზეც ანალოგიურად იმოქმედა. ამის გამგონე ბატონი დომინიკი სიხარულით ცას ეწია, მთელ „კოოპერატივს” და სოფელს მოსდო ჩემი პასუხი „დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორ პასუხს გამცემდი”. ეს ყოველივე იმიტომ მოვყევი, რომ ჩვენთანაც ხშირია მსგავსი შემთხვევები და დაბინავებული თივის ხელახლა დაშლა- გაშრობა გვიწევს. მას შემდეგ, ვისაც მე ვიცნობ და მიჯერებს, აღარ გვაქვს მსგავსი პრობლემები, რადგან საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნულ ფრანგულ მეთოდი უტყუარ შედეგს იძლევა.

ასპინძაში თავიდან ძალიან უკვირდათ ჩემი ასეთი ქმედება, მაგრამ ვინც დამიჯერა, ყველა კმაყოფილი დარჩა. ასევე აქტიურად ვიყენებ ხბოების რძით კვების ტექნოლოგიასაც, როდესაც 3 თვეში შესაძლებელია 100 კილოგრამამდე წონამატს მიაღწიო და შესაბამისად, საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეძლო მათი გაყიდვა.

აგროტურიზმი ძალზე საინტერესო ბიზნესია, მითუმეტეს ვარძია-რაბათის მიმართულებით, რაშიც საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, მაგრამ ეს ცოტა სამომავლო გეგმებია, თუმცა ნამდვილად დავიწყებ მის ხორცშესხმასაც.

მარიამ გოგინაშვილი,

თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრაციის მაგისტრატურის სტუდენტი

2