ალოეს მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია ოთახის პირობებში
ალოეს სამრეწველო მნიშვნელობა ძველი დროიდანაა ცნობილი. ის სითბოს მოყვარული მცენარეა, საქართველოს ტენიანი სუბტროპიკების ყველაზე უფრო თბილ რაიონებშიც კი არ შეუძლიათ ღია გრუნტში გამოზამთრება. ჩვენი მიზანია, ოთახის პირობებში შეიქმნას ალოეს ფოთლების სასარგებლო პროდუქციის მიღების შესაძლებლობა-ზამთრის პერიოდშიც კი.
ალოეს სამშობლო სამხრეთ აფრიკაა, მისი სამკურნალო მნიშვნელობა ცნობილი იყო მცხოვრებლებისათვის დიდი ხნით ადრე, ევროპელი კოლონიზატორების გამოჩენამდე. სამკურნალო მიზნით მისი გამოყენება საიდუმლო იყო, მანამდე ვიდრე ერთ-ერთმა ეს საიდუმლო არ გასცა, რაც ნათელი გახდა კოლონიზატორ დე ვიტის ოჯახისათვის, შემდგომში ყოველივე ამან განაპირობა ამ მცენარეზე მონოპოლიური უფლების მოპოვება. აფრიკიდან გავრცელდა არაბეთში, შუა აზიაში მადაგასკარზე, შავი ზღვის სანაპიროზე.
კარიბის კუნძულის მცხოვრებლები დიდად აფასებდნენ ბარბადოსის ალოეს, როგორც საოჯახო სამკურნალო საშუალებას, ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის, რომელიც აქ შემოტანილი იქნა ამერიკის აღმოჩენის შემდეგ. მცხოვრებლები მას აღიარებდნენ: ჭრილობების მკურნალობისათვის, ფოთლების წვენს თაფლთან ერთად იყენებდნენ როგორც გაციების საშუალებას.
ფარმაცევტულ მედიცინაში ალოეს წვენის მშრალ ექსტრაქტს-საბრის სახელწოდებით იცნობენ.
ალოეს გამოყენება მედიცინაში ინგლისში დაიწყეს X საუკუნიდან, ხოლო გერმანიაში XII საუკუნიდან. შემდგომ ალოეს გამოყენება ფართოდ გავრცელდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ხმელთაშუა ზღვის აუზის კანარის კუნძულებზე შემოიტანეს როგორც ბაღის მცენარე.
ჩვენს ქვეყანაში ალოე ფართოდ გავრცელებული ოთახის კულტურაა, რომლის ხალხური სახელწოდება ,,ასწლოვანა’’, ,,ჭრილობების მცენარე’’, ,,ექიმი’’, რაც მოწმობს მის ღირსების აღიარებას.
უკანასკნელ დროს დიდი პოპულარობა მოიპოვა ხალხურ მედიცინაში სამკურნალო ნარევმა, რომელსაც ამზადებენ ალოეს წვენით, თაფლით, ღვინით და ხმარობენ ტუბერკულოზის, წყლულით დაავადების, ნივთიერებათა ცვლის, სისუსტის სამკურნალოდ. ალოეს ახალი წვენი მიიღება ფოთლების დაჭრილი გამოწურვით, გამონაწურ წვენს უმატებენ კარაქს და თაფლს, მიღებულ ნარევს მიიყვანენ ადუღებამდე, დაუმატებენ ერთ ჩაის სუფრის კოვზ კაკოს. მიღებული მასა გამოიყენება ერთი სუფრის კოვზი დღეში ერთხელ.
ალოეს წვენის გარეგანი გამოყენება იძლევა დადებით ეფექტს: დამწვრობის, ანთებითი პროცესის, ჩირქოვანი დაავადებების შემთხვევაში.
ალოეს ბიოლოგიური თავისებურება
ალოე მიეკუთვნება ალოეს გვარს, შროშანისებრთა ოჯახს, მცენარე ძლიერ პოლიმორფულია, ალოეს სახეობის უმეტესობა დეკორაციული მნიშვნელობისაა.
მედიცინაში უფრო მეტი აღიარება ეკლიანმა ალოემ პოვა. საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ პირობებში ვარგისია 1-3 წლის და მეტი ხნის ალოეს ფოთლები. პროდუქტიულ მცენარეს აქვს 20-50 სმ.სიმაღლე, ტანის დიამეტრი ძირთან 0,7-2,2სმ. ქოთნებში ალოეს მცენარე აღწევს 2მ. სიმაღლეს, ასეთი მცენარე ზედა ნაწილში ხშირად შეფოთლილია, ქვემოთ დატოტვილია (შვილეულები) რომელიც გამოიყენება ვეგეტატიური გამრავლებისათვის.
ალოეს წვნიან ფოთლებს შეუძლია გაუძლოს ნულის ქვემოთ ტემპერატურის დაწევას 0,5-10 -მდე. ნიადაგის შერჩევისას უპირატესობა აქვს ნოყიერ თიხნარ მსუბუქ და საშუალო სახესხვაობის ნიადაგებს, სუსტად მჟავე, ნეიტრალური ან სუსტად -ტუტე რეაქციით.
ალოე ქოთნებში ოჯახის პირობებში შეგვიძლია გამოვიტანოთ გარეთ აპრილის ბოლოდან-გვიან შემოდგომამდე.
ჩვენში ალოე ყვავის მესამე-მეოთხე წელს. საყვავილე ყლორტების წარმოქმნა იწყება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.
ალოე სითბოსმოყვარული მცენარეა, გვიან გაზაფხულზე (მაისი) იწყებს ზრდას, ძალიან ნელა. ივლისიდან-ოქტომბრამდე მცენარის ზრდა შესამჩნევლად ძლიერდება, შემდგომი თანდათანობით შენელებით უფრო გვიან შემოდგომის პერიოდში (ოქტომბრის ბოლო).
ალოეს მოვლა-მოყვანა
ალოეს გამრავლება შესაძლებელია ვეგეტატიურად სხვადასხვა ხერხით, გადაწვენით, გვერდითი ნაზარდების დაფესვიანებით. გვერდითი ყლორტების დაფესვიანება შეიძლება ზაფხულში. საუკეთესოა დაფესვიანება მდინარის გარეცხილ სილაში. წყლით მორწყვა ხშირად დაფესვიანებამდე გრძელდება.
ერთწლიანი ალოეს გადარგვა
ალოესათვის ნიადაგი უნდა იყოს ნოყიერი, მსუბუქი, სილიანი, სადაც დაფესვიანებულ ალოეს ნერგებს გადავრგავთ და გადამწვარი წუნწუხის სასუქით მოვრწყავთ. ნერგის უკეთესი გახარებისათვის გადარგვის წინ აუცილებელია ნიადაგის კარგად მორწყვა. ალოეს მცენარის მკვეთრ ზრდას წლების მიხედვით ვამჩნევთ მეორე და მესამე წელს. ალოეს პროდუქტიულობა დამოკიდებულია მცენარის ხნოვანებაზე, ნერგის ხარისხზე, გამოზამთრების პირობებზე.
ალოეს ზრდა-განვითარებისათვის საუკეთესო ეფექტს იძლევა ორგანული სასუქის გამოყენება, რომლებიც აძლიერებს ფესვთა სისტემას და ზრდა-განვითარებას.
ქეთევან ჩიკაშუა, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი,
გიორგი სალუქვაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის
უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების
მესამე კურსის სტუდენტი